დიდი მეგობრობა შეუძლია კალამს, რომელიც იმასაც კი გათქმევინებს, რასაც შენს თავსაც კი ვერ ეტყოდი ხმამაღლა…

თავდაპირველად ვიტყვი სიტყვას, – ჩვენ გვჭირდება პრობლემა, რომ გავიგოთ რა არის ცხოვრება. და დავამატებ ერთსაც, რომ ადამიანი პრობლემის გარეშე არ არსებობს. რატომ? განა იმიტომ, რომ პრობლემა ადამიანის არსებობაშია, პირიქით, პრობლემა უარყოფითი გავლენის კვალს არ უნდა ტოვებდეს მასზე, თუმცა ადამიანებს მაინც სჯერათ, რომ ის ტანჯვაა და მეტი სხვა არაფერი. სულ ერთი წამით დაფიქრდი ცხოვრებაზე, რომლის მთელი მნიშვნელობა სიმარტივეა მისი. და მაშინ მე შენ გკითხავ თუ რაღა აზრი ექნება ცხოვრებას? შენს მოძრაობას? შენს ფიქრს? სწორედ, პრობლემაში ცხოვრება გაიძულებს ისწრაფვოდე გადარჩენისკენ, ისწრაფვოდე იმ გზისკენ, რომელიც მიგიყვანს ერთადერთ გამოსავლამდე – ფიქრი.

ბუნებრივია, რომ მეც, შენც და ყველას გვაქვს კითხვებით სავსე ფიქრები, რომლის პასუხებიც დაიარებიან სადღაც ჩვენგან ფარულად, მაგრამ თან ჩვენთან ძალიან ახლოს. შენ კი გაკისრია მისია, რომ რომელიმე პასუხს ხელი ჩაავლო და თან დაიტოვო ცხოვრების კვალდაკვალ, ხოლო კონკრეტულად რომელს აირჩევ, ეს სრულიად შენზეა დამოკიდებული. თავისუფალი ხარ. და მაინც თუ გიფიქრია, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს პასუხი ყველა იმ ქაოსის, რომელიც შენს გონებაში ასე მძიმე ტვირთივით დაიარებიან? მოდით დავიწყოთ რთული ნაწილით და დავსვათ კითხვა – რას ვაკეთებ, როცა პრობლემას ვაწყდები? სად ვპოულობ შვებას? იმედს?  ხშირად იმის გამო, რომ არ ვიცით როგორ ვიურთიერთოთ იმ მდგომარეობასთან, რომელიც ჩვენი გონებისთვს უცხოა და შეიძლება ჰქონდეს ყოველდღიური სახე, ვცდილობთ როგორმე გავექცეთ და მივატოვოთ, იქნებ როგორმე თავისითაც მოგვარდეს… მაგრამ არ შეგეშვება მანამ, სანამ არ გაიმარჯვებს შენს თავზე. დაე, ზოგჯერ ხელოვნებითაც შევებრძოლოთ ქაოსს ცხოვრებისას.

ხელოვნება – მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში საკმაოდ საინტერესოდ და სიღრმისეულად ეხმარება. თუ დავაკვირდებით, თუ ვეცდებით, რომ ლიტერატურას უბრალოდ მოვალეობის მიზნით არ გავეცნოთ, გამოფენაზე ნახატებს უბრალოდ გვერდი არ ავუაროთ, თეატრში პარტერი დაღლილი არ დავტოვოთ, სადღაც აუცილებლად აღმოვაჩენთ რაღაც საერთოს.  როგორც გალაკტიონ ტაბიძე იტყოდა: ,, ვიტანჯებოდი, მაგრამ ამ ტანჯვით გულის სიღრმეში მევე ვტკბებოდი.” შეიძლება სადმე იპოვოთ ის საერთო ემოცია, გრძნობა, განცდა, რომელიც აქამდე უცხო გეგონათ და რომელსაც სანუგეშოდ დიდიხანია ეძებდით. აი, მანდვე მიხვდები, რომ მარტო არ ხარ და თითქოს ვიღაცას შენს პრობლემაზეც წინასწარ უფიქრია.

რაც უფრო იზრდება ადამიანი, რაც უფრო იზრდება ერი, სათქმელიც უფრო მეტია. არსებობს ისტორიები, რომლებიც ადამიანებს მარტივად შეუძლიათ გადმოსცენ, გაამჟღავნონ, მაგრამ რა მოსდის ამბის იმ ნაწილს, რომელიც უთქმელი რჩება? ზოგჯერ სიტყვებიც არ კმარა იმის ასახსნელად და გადმოსაცემად, რასაც ადამიანი უყურებს და განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობა ბევრად წინ დგას, სამწუხაროდ, უკან რჩება ადამიანის შინაგანი სულიერი მდგომარეობა, რომელიც არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სამყაროსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შინაგანი ბუნების დაჩაგვრა კი მომდინარეობს იმ რეალობიდან, რომელსაც ადამიანი წლების მანძილზე იქმნის და შემდგომ ცხოვრებას აგრძელებს, მაგრამ შექმნის პროცესის დიდი ნაწილი ყალიბდება სოციუმის ფონზე. შეიძლება გყავდეს ადამიანი ბევრი, მაგრამ სანამ არ გაიგებ სიტყვებს შემდეგს, რომ ის ამ ომში, რომელსაც საკუთარ თავთან ბრძოლას ვეძახით, შენთან ერთადაა, ვერ დაიჯერებ ვერც ერთ სხვა სიტყვას მისას. კი, ბოლოს მაინც შენი თავია მთავარი მეგობარი შენი, მაგრამ ზოგჯერ სიტყვასაც აქვს ძალა დიდი. ამასობაში იზრდები და გექმნება უნებლიედ წარმოდგენა თუ როგორი სამყარო უნდა გქონდეს და არა როგორი შეიძლება რომ იყოს იგი. გექმნება განცდა, რომ მარტო ხარ, ვერაფერს აკეთებ, დახეტიალობ ყოველდღიური რუტინის გარშემო და ვერ მიდიხარ წინ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რახან არსებობს პრობლემა, იქვე არსებობს გამოსავალიც.

ხელოვნების ერთ-ერთი გზა, რომელიც უთქმელი სიტყვების დალაგებაში გზას გაგიკვალავს, არის ფურცელი და კალამი. დიდი მეგობრობა შეუძლია კალამს, რომელიც იმასაც კი გათქმევინებს, რასაც შენს თავსაც კი ვერ ეტყოდი ხმამაღლა. მთავარია ჩაიხედო საკუთარ თავში, როგორც სარკეში, და დაიწყო მოყოლა ამბისა, რომელიც გაწუხებს მუდამ. დაუსვი შენს თავს კითხვა, ნუ მოგერიდება. შინაგანად ყველა მწერლები ვართ, ყველა ჩვენ ჩვენი ცხოვრების. ზოგი ხმამაღლა მოყვება ამბავს მისას, ზოგიც კი – ვერ. და მათ ვინც ვერ ყვება, გელით ფურცელი ბევრი, კითხვებით სავსე.

ვაკვირდები ჩემს ემოციებს;

ვიხსენებ იმ კონკრეტულ მომენტს, როდესაც ტკივილი\დისკომფორტი განვიცადე;

ვუფიქრდები თუ რატომ გაჩნდა ეს ემოცია;

წერა მხოლოდ იმ პროცესის ნაწილი არ არის, რომელსაც მწერალი ახალი ლექსის თუ პოემის შექმნის დროს გადის. შენ არ გჭირდება რითმი, რომ გადმოსცე სიტყვები, შენ არ გჭირდება ფაბულა, რომელსაც გამოგონილი პერსონაჟებით გაამდიდრებ. შენ მხოლოდ გჭირდება სიტყვები, რომ გადმოსცე ტკივილი შენი. მაშინაც კი როცა გგონია, რომ არაფერს განიცდი და ყველაფერი დამთავრებულია, სიტყვები მიგიყვანს იმ პასუხამდე, რომ რაღაც კვლავ გაქვს სათქმელი. წერა – თერაპიაა, რომელიც შენი ფიქრების დალაგებაში დაგეხმარება. მას არ აქვს ჩარჩოები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა. თუ ჩანაწერების გაკეთებას დაიწყებ, არ გაგიკვირდეს, თუ გამბედაობის გადალახვა მოგიწია თავიდან. არ არის მარტივი ისაუბრო იმ განცდაზე, რომელიც ტრამვებმა დაგიტოვეს, მაგრამ ჩვენ ხომ სიმარტივეში არ ვცხოვრობთ

კესო თოდაშვილი

ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი

Leave a Reply