“გაუგებარია, ჰქონდა თუ არა BRICS–ს ოდესმე საერთო მიზანი სიმბოლიზმის მიღმა”

3,5 მილიარდი ადამიანი, ხმელეთის მეოთხედზე მეტი და მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით იგივე ნაწილი. ეს ყველაფერი დღეს არის “BRICS”, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს რიცხვები ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.

ბრიქსი არ არის ერთიანი ქვეყანა, როგორც პირობითად ჩინეთი, სადაც არის საკუთარი კანონები, მსგავსი კულტურა, ტერიტორია, მთავრობა და ერთი პასპორტის მქონე ხალხი.

არც სამხედრო ალიანსია, როგორც მაგალითად ნატო, რომელსაც აქვს საერთო ბიუჯეტი, მართვის ცენტრი, ჯარი, სტრატეგიული მიზნები და რა თქმა უნდა, საფრთხეები.

და ახლოსაც კი არაა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებასთან, როგორიცაა ევროკავშირი, სადაც აირჩევა ცალკე ხელისუფლება, პარლამენტი, სასამართლო, თითქმის ყველგან ღია საზღვრები და თითქმის ერთიანი ვალუტა. მაშ რა არის ბრიქსი და რატომ საუბრობენ მსოფლიო ლიდერები მასზე სულ უფრო ხშირად? რატომ შედიან მასში ახალი ქვეყნები და, რაც ყველაზე საინტერესოა, რას ელის თითოეული მათგანი ბრიქსისგან?

“BRICS არაფერს აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ან სტრუქტურული ცვლილებების მისაღწევად. უფრო მეტიც, ეს ჯგუფი საპირისპიროს აკეთებს. ჩემთვის გაუგებარია, ჰქონდა თუ არა ბრიქსს ოდესმე საერთო მიზანი სიმბოლიზმს მიღმა.

გასულ წელს, ბრიქსის სამიტამდე, ეს სტრიქონები დაწერა ბრიტანელმა ეკონომისტმა ლორდ ტერენს ჯეიმს ო’ნილმა, სამეფო ხაზინის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა.

აბრევიატურა “BRICs” სწორედ ო’ნილს ეკუთვნის. ჯერ კიდევ 2001 წელს ო’ნილმა, რომელიც იმ დროს Goldman Sachs-ის განყოფილების ხელმძღვანელი იყო, მოამზადა ანალიტიკური ჩანაწერი.

“Building Better Global Economic BRICs”

ასო S აქ ჯერ კიდევ პატარაა.

იმ დროს G7-ს ნომინალური მშპ შეადგენდა მსოფლიო ეკონომიკის 70%-ს, ხოლო BRICs-ის ეკონომიკა 8%-საც კი არ აღწევდა. (ჩინეთი – 3,5%, რუსეთი – 1%-ზე ნაკლები.)

თუ ძვირადღირებულ დასავლურ ცხოვრებას მსყიდველუნარიანობაში ვთარგმნით, უფსკრული არც ისე დიდი იქნება. G7 – 49%; ხოლო BRICs – 23%.

ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი ახალი ათასწლეულის დასაწყისში რჩებოდნენ ღარიბ განვითარებად ქვეყნებად, რომელთა ეკონომიკაც ევროპისა და აშშ-ს წარმატებული ეკონომიკების ფონზე მკრთალად გამოიყურებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ო’ნილმა მათში უკვე მაშინ დაინახა პოტენციალი. მისი პროგნოზით, BRICS-ის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეიძლებოდა 27%-მდე გაზრდილიყო.

ჩინეთი იმ წლებში ხდებოდა საქონლის მთავარი ექსპორტიორი. ინდოეთი თავისი იაფი მუშახელითა და მილიარდიანი მოსახლეობით, პერსპექტივაში, უნდა გამხდარიყო მომსახურების მიმწოდებელი. რუსეთი უზრუნველყოფდა მსოფლიოს საწვავითა და სასარგებლო წიაღისეულით. ბრაზილია – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. და აქ ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა აბრევიატურა BRIC. ჟღერადობით აგურის მსგავსი. BRICs კი უნდა გამხდარიყო ოთხი აგური მომავალი მსოფლიო ეკონომიკის საფუძველში. შემდგომში ამ სიას შეუერთდა სამხრეთ აფრიკა. მან ძალიან წარმატებულად მოარგო თავისი სახელი და დაიკავა სწორედ ის S ასო, რომელიც მანამდე მრავლობით რიცხვზე მიუთითებდა.

დრომ აჩვენა, რომ ჯიმ ო’ნილი ძალიან ზუსტი იყო თავის ვარაუდში, რაც ეკონომიკურ სამყაროში დიდი იშვიათობაა. ის ვარაუდობდა, რომ 10 წლის განმავლობაში BRICs-ს შეეძლო კიდევ 4% ჩაეკბიჩა მსოფლიო ეკონომიკისგან, დაიკავებდა რა 27%-იან წილს. და მართლაც, 2010 წლისთვის გაერთიანება თითქმის 26%-ს იკავებს, ხოლო კიდევ 10 წლის შემდეგ G7 და უკვე BRICS გათანაბრდნენ. ორივე ჯგუფის მშპ-მ მიაღწია 30%-იან დონეს. ოღონდ ბრიქსის ქვეყნებმა ეს ნიშნული ქვემოდან გაარღვიეს, ხოლო G7-მა ზემოდან . შემდეგ ეს ტრენდი შენარჩუნდა. დიდი შვიდეულის წილი განაგრძობს ვარდნას, ხოლო ბრიქსის წილი ზრდას. და აი, 20 წლის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური იყო.

ო’ნილი: “საკმაოდ აშკარაა, რომ დღევანდელი G7 განახლებას საჭიროებს და აუცილებელია BRIC ქვეყნებისთვის ადგილის დათმობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური პოლიტიკის უფრო ეფექტური ფორმირება.” (2001 წელი)

ო’ნილის ჩანაწერიდან 4 წლის შემდეგ საქმეში ერთვებიან მისი კოლეგები და კონკურენტები “Morgan Stanley”-დან, რომლებიც უშვებენ ფინანსურ ბენჩმარკს – BRICs ინდექსს. ის აერთიანებს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის საფონდო ბაზრების კაპიტალიზაციას. შედარებისთვის, თუ 2000 წელს S&P500-ში ჩადებდით ფულს, 2010 წლისთვის მოკრძალებულ 15%-ს გამოიმუშავებდით. მაგრამ თუ  ოთხეულის ინდექსზე ტრეკერებს იყიდდით, 10 წლის განმავლობაში თქვენი კაპიტალი ოთხჯერ გაიზრდებოდა.

და მხოლოდ საბაზრო ინდექსის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ BRICs იწყებს მატერიალიზებას. 2006 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პუტინმა და ლავროვმა შეკრიბეს ინდოეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები და შეთანხმდნენ ოთხმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ხოლო ცოტა ხნით ადრე პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ ამ ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებიც. აქედან დაიწყო ბრიქსის ისტორია.

ამერიკული Morgan Stanley-ის საფონდო ინდექსი გადაიქცა ნამდვილ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებად. შემდეგი 3 წლის განმავლობაში საინტერესო არაფერი მომხდარა. მხოლოდ 2009 წლის 16 ივნისს ოთხივე სახელმწიფოს მეთაურები ჩავიდნენ ეკატერინბურგში და ჩაატარეს BRICs-ის პირველი სამიტი. ამ დღიდან გაერთიანებამ სრულფასოვანი მუშაობა დაიწყო. მას შემდეგ ასეთი შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება. ერთი წლის და ექვსი თვის შემდეგ BRICs-ში გაწევრიანება ითხოვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. BRICs გახდა BRICS.

თუ 2020 წელს ბრიქსმა მშპ-ით გაუსწრო დიდ შვიდეულს, გასულ წელს წინ გავიდა ქვეყნების რაოდენობითაც. გაერთიანებას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეთიოპია, ხოლო ამ წლის დასაწყისში – ინდონეზია. თუმცა, ახალი ასოებისგან კარგი აბრევიატურის შედგენა არ გამოვიდა, ამიტომ ასეთ გაფართოებულ ვერსიას BricsPlus უწოდეს. გარდა ამისა, გამოჩნდა კიდევ პარტნიორი ქვეყნების ცნება, რომლებიც BricsPlus-ში ჯერ არ შედიან, მაგრამ მონაწილეობენ მის საქმიანობაში. ამჟამად ასეთი 12 სახელმწიფოა. მათ შორისაა რუსეთის დაუძინებელი მეგობარი თურქეთი, ასევე – ყაზახეთი, ბელარუსი და  უზბეკეთი.

თუ BRICSPlus-ის 10 წევრს დავუმატებთ ამ 12-ს, ასევე საუდის არაბეთს, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრშია, და აზერბაიჯანსა და სირიას, რომლებმაც გაწევრიანების განაცხადები შეიტანეს, მაშინ G10 გადაიქცევა G25-ად და გაუსწრებს არა მხოლოდ დიდ შვიდეულს, არამედ დიდ ოცეულსაც.

ქვეყნების რაოდენობა, ჯამური მშპ, ტერიტორიების ზომა და მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება ბევრ რამეზე მეტყველებდეს, მაგრამ ეფექტურობაზე ყოველთვის არა. ბევრი ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს. შეუძლია თუ არა ამ, თუნდაც მრავალრიცხოვან განვითარებად ქვეყანათა გაერთიანებას, ღირსეული კონკურენცია გაუწიოს განვითარებული ქვეყნების დიდ შვიდეულს?

რა უნდა ჰქონდეს ყველა პატივსაცემ საერთაშორისო ორგანიზაციას? უპირველეს ყოვლისა, მას უნდა ჰქონდეს წესდება, მეორე, შტაბ-ბინა და სამდივნო. მესამეც, მისი გადაწყვეტილებები უნდა ატარებდეს სავალდებულო იურიდიულ ძალას წევრი ქვეყნებისთვის. ამისთვის კი თავად მისი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს რაიმე ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე, მაგალითად, საერთაშორისო ხელშეკრულების, რომელიც რატიფიცირებულია ამ ქვეყნების მიერ.

როგორ დგას ეს საკითხი BRICS-ის შემთხვევაში? წესდება არ არსებობს, შტაბ-ბინა არ არის და არც იგეგმება, სამდივნოც ჯერ არ შექმნილა. BRICS-ის შექმნის შესახებ ხელშეკრულება არ გაფორმებულა, ხოლო გადაწყვეტილებებს აქვთ სარეკომენდაციო ხასიათი. თვითონ გადაწყვეტილებებიც ხშირად დეკლარაციულია.

დასკვნა: BRICS – არანაირი ორგანიზაცია არ არის, არამედ, უბრალოდ, ყოველწლიური ფორუმია, რომელზეც რამდენიმე ქვეყანა განიხილავს გლობალურ პოლიტიკას და გამოთქვამს აზრს “ყველაფერი კარგის სასარგებლოდ და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ”.

იგივე დასკვნებს აკეთებს რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორიც:

“BRICS არ წარმოადგენს საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, არამედ საერთაშორისო კვაზი-ორგანიზაციაა, ისევე როგორც არქტიკული საბჭო, შვიდეულის ჯგუფი, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ფორუმები.

წესდება, შტაბ-ბინა, საერთაშორისო ხელშეკრულებები არც G7-ს გააჩნია.

BRICS-ის არსებობის პირველ წლებში, როდესაც რუსეთი პარალელურად დიდ რვეულშიც შედიოდა, ეს ორი გაერთიანება შეიძლებოდა ჩაგვეთვალა ერთმანეთის შემავსებლად. ერთ სამიტზე რუსეთს  შეეძლო ინდოეთთან და ჩინეთთან განეხილა მათი პრობლემები და პერსპექტივები, ხოლო შემდეგ მეორეზე მიეტანა მათი პოზიცია დასავლური სახელმწიფოების ლიდერებამდე. და პირიქით, აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკისთვის რუსეთს, რომელიც მდებარეობს მსოფლიოს ორ ნაწილში, შეეძლო ყოფილიყო დასავლური სამყაროს კეთილგანწყობილი წარმომადგენელი. თითქოს, რუსეთი იმყოფება როგორც ევროპაში, ისე აზიაში, ამიტომ ერთდროულად წარმოადგენს როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს. მაგრამ 2014 წელს ეს ეპოქა დასრულდა.

და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გააძევეს დიდი რვეულიდან, დროდადრო, მაინც ისმოდა მისი დაბრუნების საკითხი. სხვათა შორის, დონალდ ტრამპი ამ საკითხში საკმაოდ თანმიმდევრულია. რუსეთის G8-ში დაბრუნების შესახებ ის საუბრობდა არა მხოლოდ წმინდა ვალენტინის დღის წინ ცოტა ხნის წინ, არამედ ჯერ კიდევ 2019 წელს.

მაშინ მსგავსი პოზიციას მხარი დაუჭირა მაკრონმაც და თქვა აი ეს სიტყვები:

“რუსეთი არის ღრმად ევროპული ქვეყანა. ჩვენ გვწამს იმ ევროპის, რომელიც გადაჭიმულია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.”

მაგრამ იმ დროს ამის წინააღმდეგი იყო კანადა, გერმანიასა და ინგლისსაც არ დაუჭერია მხარი გაერთიანების ინიციატივას. და თუ დაახლოებით ამ დროს რუსეთის მხრიდან იყო, სულ მცირე, პიარ-განცხადებები მაგიდასთან დაბრუნების შესახებ, 2022 წლის შემდეგ მსგავსი დაახლოების მოძრაობები, ასე ვთქვათ, შემცირდა.

ხოლო 2023 წლის 21 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტელეგრამში აქვეყნებს სტატიას:

“შვიდეულის ჯგუფი დეგრადირდა. ეს არის ინკუბატორი ანგლოსაქსების ხელმძღვანელობით. პანიკური შიში მრავალპოლარული მსოფლიოსა და ამერიკული ჰეგემონიის ნგრევის წინაშე აღვივებს რუსოფობიურ და ქსენოფობიურ ისტერიას. შვიდეულის ჯგუფმა აღიარა ანგლოსაქსების უპირატესობა, ხოლო მთავრობები საბოლოოდ მოწყდნენ საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს. შვიდეულის ქვეყნები ამაყობენ თავიანთი რეპუტაციით. მათი ისტორია დაკავშირებულია ჩაგვრასა და შევიწროებასთან. ჩვენს შეფასებებს იზიარებს მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობა.”

წერილში იგრძნობა “მსუბუქი” დაძაბულობა.

ის, რაც დაიწყო როგორც თანამშრომლობა, გაგრძელდა როგორც მეტოქეობა, და საბოლოო ჯამში, გადავიდა დაპირისპირების ფაზაში.

ჟურნალში “Economist” გამოვიდა სტატია აი ასეთი ხმამაღალი სათაურით:

“პუტინის გეგმა დოლარის დამხობის შესახებ”

დედოლარიზაციის თემა ჯერ კიდევ ბრიქსის პირველ სამიტზე წამოიჭრა. 2009 წლის სტატიაში ვკითხულობთ:

“რუსეთი განსაკუთრებით ცდილობდა შეემცირებინა აშშ დოლარის დომინირება, როგორც ძირითადი სარეზერვო ვალუტის, მაგრამ სამიტის შედეგების კომუნიკეში მხოლოდ ნათქვამი იყო უფრო დივერსიფიცირებული, სტაბილური და პროგნოზირებადი საერთაშორისო სავალუტო სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ.”

მაშინ მსოფლიო სხვანაირი იყო და რადიკალური ფორმულირებები შეასუსტეს ალტერნატიულ, კარგ სავალუტო სისტემამდე. მაგრამ გადის 15 წელი და ბრიქსის ლიდერები ამაზე უფრო თამამად საუბრობენ. ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა დილმა რუსევმა განაცხადა, რომ დოლარი გამოიყენება როგორც იარაღი, რაზეც ვლადიმირ პუტინმა უპასუხა:

“თქვენ თქვით, რომ დოლარი გამოიყენება იარაღად. დიახ, მართლაც, ეს ასეა. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა მათთვის, ვინც ამას აკეთებს, რადგან დოლარის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად ძირს უთხრის ნდობას ამ ვალუტის მიმართ და ამცირებს მის შესაძლებლობებს.

ფრაგმენტი პუტინის ვიდეო მიმართვიდან “ბრიქსის” ფორუმის მონაწილეებისადმი:

“ჩვენი ეკონომიკური კავშირების დედოლარიზაციის ობიექტური, შეუქცევადი პროცესი ძალას იკრებს. მიმდინარეობს ძალისხმევა ურთიერთანგარიშსწორების და სავალუტო-ფინანსური კონტროლის ეფექტური მექანიზმების შესამუშავებლად. შედეგად, დოლარის წილი ბრიქსის ფარგლებში საექსპორტო-საიმპორტო ოპერაციებში მცირდება.”

რუბლის, იუანის, რუპიის, რეალის და რენდის შეცვლა ერთიანი ვალუტით – აბსოლუტურად უტოპიური იდეაა.

2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ევროპულ ეკონომიკებს სჭირდებოდათ ფული აღსადგენად. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაბეჭდა ბევრი ახალი ევრო, და ამის წყალობით ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები, სწრაფად მოსულიერდნენ. მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი, შემოკლებით “PIGS”, ეს საკმარისი არ იყო, რადგან კრიზისი იქ უფრო ღრმა იყო, და შესაბამისად, პრობლემის გადაჭრა მეტ ფულს მოითხოვდა. ოღონდ ვალუტა ყველას ერთი აქვს. და თუ გავაგრძელებთ ევროს ბეჭდვას, ეს უკვე გამოიწვევს ინფლაციას გერმანიასა და ნიდერლანდებში. საბოლოოდ, საბეჭდი მანქანა შეანელეს, ხოლო საბერძნეთმა, ესპანეთმა და პორტუგალიამ დაიწყეს ვალებში ჩაფლობა, რათა ეკონომიკა გაეჯერებინათ ნაკლული ფულით და ის კრიზისიდან გამოეყვანათ.

შედეგი: ახალი კრიზისი, უკვე არა იპოთეკური, არამედ სავალო. კულმინაციის სახით საბერძნეთის დეფოლტი 2015 წელს და მისი, როგორც ჩანდა, გარდაუვალი გასვლა ევროზონიდან, რომელისგანაც მხოლოდ სასწაულით მოხერხდა თავის არიდება. ამ იგავის მორალი ასეთია: ერთიანი ვალუტის შემოღება შეიძლება ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკები შოკებზე მსგავსად რეაგირებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის რიგებში ბრიქსს შეუძლია აღმოაჩინოს “PIGS”, რომლის გადარჩენაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

თუნდაც, მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი ავიღოთ. მიზეზი, რის გამოც საბერძნეთი დეფოლტში ჩავარდა და კინაღამ ევროზონიდან გამოვარდა – ეკონომიკის სტრუქტურის რადიკალური განსხვავებაა წამყვანი გერმანიისგან. საბერძნეთსა და გერმანიას სჭირდებოდათ მონეტარული სტიმულირების სხვადასხვა ზომები, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა რაოდენობის ფული. მაგრამ ეს შეუძლებელია, როდესაც ორივე ქვეყანაში ერთი ვალუტაა. მაგრამ, თუ საბერძნეთი და გერმანია განსხვავებულები არიან, მაშინ რუსეთი და ჩინეთი არა მხოლოდ განსხვავებულები, არამედ პირდაპირ საპირისპირონი არიან.

რუსული ბიუჯეტი დამოკიდებულია ნავთობის ფასზე. ეს მთავარი ფაქტორია მისი პროგნოზირებისას. იქნება ნავთობი 20$-ად, და “გამარჯობა, ახალო კრიზისო”. ჩინეთი კი, პირიქით, უდიდესი ნავთობის იმპორტიორია. მისთვის ასეთი ფასი – “გამარჯობა, საჩუქარო”-ს ნიშნავს. სანამ რუსეთი კრიზისშია, ჩინეთს ეზრდება რეზერვები, ივსება ფონდები და მიმოქცევაში ზედმეტი ფულის გამო, იზრდება ინფლაციის რისკი. და პირიქით, თუ ნავთობი ძვირია, მაშინ უკვე რუსეთს მოუწევს ეკონომიკიდან ზედმეტი სავალუტო შემოსავლების ამოღება, რომლებიც ფასებს ზრდის, როგორც ეს ნულოვან წლებში კეთდებოდა. ჩინეთს კი, პირიქით, შეიძლება დასჭირდეს სტიმულირებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

მოკლედ, რაც რუსისთვის კარგია, ჩინელისთვის სიკვდილია. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთსა და ჩინეთს საერთო ვალუტა აქვთ. როდის უნდა გაიზარდოს ბეჭდვა და როდის შემცირდეს, თუ ერთი ქვეყნის კრიზისი ემთხვევა მეორეს აყვავებას, როდესაც ერთ ქვეყანაში მაღალი განაკვეთია, მეორეში ის დაბალი უნდა იყოს. ბრიქსის ცენტრალური ბანკი, თუ წარმოვიდგენთ, რომ ასეთი იარსებებს, უბრალოდ ვერ გაიგებს, რა საკრედიტო პოლიტიკა გაატაროს, მკაცრი თუ რბილი. ხოლო ნებისმიერი არჩევანი გამოიწვევს კრიზისს ერთ-ერთ ქვეყანაში. მაგრამ ქვეყნების რაოდენობა ხომ ორი არ არის და ახლა უკვე ხუთიც კი არა, არამედ ათი.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი განმარტავს:

“ჩვენ ვხედავთ ერთიანი საანგარიშსწორებო სისტემების შექმნის განხილვის შესაძლებლობას. ეს შეიძლება იყოს საანგარიშსწორებო ერთეული ბრიქსის წევრი ქვეყნებისთვის. არა ერთიანი ვალუტა, როგორც ევროკავშირში, არამედ საანგარიშსწორებო ერთეული, როგორც დოლარის ალტერნატივა, რომელშიც შეიძლება გამოისახოს საქონლის მიწოდების ღირებულება, ბენჩმარკები რაღაც საქონელზე იმისთვის, რომ არ იყოს დამოკიდებული ერთიან ვალუტაზე ან იმ საემისიო ცენტრზე, რომელიც გაუგებრად ახორციელებს ამ ფულადი ნიშნების ემისიას.”

დოლარის შეცვლაზე პრეტენზია ჰქონდა ჩინეთს. და მართლაც, 4 წლის განმავლობაში მისი გამოყენება საერთაშორისო Swift-გადახდებში ორჯერ გაიზარდა. ამ კუთხით ყველაფერი სუპერწარმატებულად გამოიყურება, მაგრამ აი, ის ჯერ მხოლოდ 2%-იდან 4%-მდე გაიზარდა.

ხოლო დოლარის გამოყენება, რომელსაც, რუსების თქმით, კრახი ელოდა, გაიზარდა, რითიც მიაღწია თითქმის ყველა ტრანზაქციის ნახევარს.

(2020 – 37,63%; 2022 – 41.48%; 2024 – 47,68%)

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც ახლაც დგას, არის ის, თუ რატომ არის მთელი მსოფლიო და კონკრეტულად ეს ქვეყნები ასე ძლიერ დამოკიდებული დოლარზე, რომელიც საერთოდ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს – შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტაა?

აშშ-ის წილი მსოფლიო საქონლის ექსპორტში შეადგენს დაახლოებით 8-9%-ს და ბოლო 10 წლის განმავლობაში მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა კიდეც. საქონლისა და მომსახურების გლობალურ წარმოებაში, ანუ მშპ-ში, შტატები კვლავ ყველაზე მეტს იწონის.

მაგრამ თუ სხვაგვარად დავითვლით, სავსებით მუშა მაჩვენებლით – მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, (GDP (PPP)) ჩინეთი უკვე ამერიკელებზე წინაა და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მათ ინდოეთიც გაუსწრებს.

მაგრამ, მაინც საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების Swift სისტემის თითქმის ნახევარი ამერიკულ ვალუტაშია, ყველა ქვეყნის ფულადი რეზერვების 59% ისევ დოლარებშია, და ბოლოს, მსოფლიო სავალუტო ვაჭრობის 88% – ესეც ამერიკული დოლარია. ანუ თუ გლობალურად რაიმე გჭირდებათ, ან სადმე ფულის ჩადება გინდათ, თქვენ 88%-იანი ალბათობით შეიძენთ ამერიკულ დოლარს, ან მინიმუმ დოლარის ფასს დაეყრდნობით.

მიაქციეთ ყურადღება, რა სწრაფად იცვლება მსოფლიო. სულ რაღაც ორი ათწლეულის წინ გლობალურ ვაჭრობაში ლიდერობენ აშშ და G7. ისინი ყიდიან პლანეტაზე ყველა საქონლისა და მომსახურების თითქმის ნახევარს, ხოლო მომავალი ბრიქსის წილი მაშინ მოკრძალებული 8%-ია, მათზე ერთად აღებულზე მეტს აწვდის მხოლოდ გერმანია.

მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მთავარი მსოფლიო გამყიდველი ჩინეთია.

აი, არის პირობითად საუდის არაბეთი, მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორი დღეს უკვე არა აშშ, არამედ ჩინეთია. არაბები ჩინეთში ყიდულობენ უამრავ ელექტრონიკას და სხვა საქონელს ათობით მილიარდი დოლარის ღირებულებით, ხოლო უკან ყიდიან ნავთობსა და სხვა წიაღისეულს კიდევ უფრო მეტი დოლარის ღირებულებით.

G7-ის წილი 20%-ით დაეცემა, ხოლო ბრიქსი პირიქით, 15%-ით გაიზრდება. მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, ყველა ამ რიცხვშია პრობლემა, მაჩვენებლები იზრდება არა იმიტომ, რომ სახელმწიფოებმა გააერთიანეს თავიანთი რესურსები კავშირში, შეიმუშავეს რაღაც ახალი სისტემა და გამოიგონეს რამე, არა, თითოეული ვითარდება ცალ-ცალკე, როგორც შეუძლია.

ხოლო ბრიქსის ერთობლივი პროექტები არ გამოიყურება ეპოქალურად. შედარებისთვის ავიღოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, შტაბ-ბინები, სხვათა შორის, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარეობენ აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში. იმიტომ, რომ ეს ორგანიზაციები ერთად, ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე შეიქმნა.

რისთვის? მსოფლიო ბანკს თავდაპირველად ეწოდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს და მაშინ ის საჭიროა ევროპისა და იაპონიის აღსადგენად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს კი ის დებს ფულს მსოფლიოს 152 ქვეყანაში.

რაში? კონკრეტულ პროექტებში სიღარიბის წინააღმდეგ, განათლებისთვის, გარემოს დაცვისთვის, მოკლედ, ყველაფერი კარგისთვის და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ.

ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია შთამბეჭდავი თანხა – 346 მილიარდი დოლარი, ყველაზე მეტი ინდოეთში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში – განვითარებად ქვეყნებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საჭიროა იმ სახელმწიფოების მთავრობებისთვის კრედიტების გასაცემად, რომელთაც პრობლემები აქვთ ფულთან დაკავშირებით. მაგალითად, დღეს უმსხვილეს მსესხებლებად ითვლებიან არგენტინა, ეგვიპტე, უკრაინა და პაკისტანი. სულ კი ქვეყნები ფონდს 112 მილიარდ დოლარს მართებენ. სხვადასხვა კრიზისის დროს სსფ-სგან სესხულობს რუსეთი 1996-ში, საბერძნეთი 2010 და 2012 წლებში, ბრაზილია 2002-ში, და ბევრი სხვა.

შეიძლება ეს კონტროლის საშუალებად ჩაითვალოს?

საიდანაა ფული? მას ფონდში შეაქვთ 190 ქვეყანა-მონაწილეს, მათი ეკონომიკების ზომის მიხედვით, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მაღალია მისი შენატანი. და ერთი მხრივ, ეს შესანიშნავი იდეაა, სახელმწიფომ ყოველთვის იცის, სად შეიძლება წასვლა და ფულის აღება, როცა ის არ გაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კრედიტები გაიცემა არა უბრალოდ ისე, არამედ პოლიტიკური მოთხოვნებით, რაღაც რეფორმების სანაცვლოდ.

ვინ აყენებს მათ? ვინ აკონტროლებს ყველაზე მტკიცედ ამ ფონდს? აშშ-სა და G7 ქვეყნებს აქვთ ხმების 41%, ხოლო თუ შევკრებთ დღევანდელ, თუნდაც გაფართოებულ ბრიქსს, 16% არ გამოვა. ცხადია, იგივე ჩინეთი, როგორც ახალი დროის მთავარი ეკონომიკური მძიმეწონოსანი, და მასთან ერთად სხვა გაზრდილი ქვეყნებიც, უკმაყოფილონი არიან თავიანთი მდგომარეობით ამ ორგანიზაციაში და სსფ-ს რეფორმას მოითხოვენ. იმიტომ რომ ხმების სტრუქტურა იქ მართლაც არ ასახავს თანამედროვე რეალობას და ჩინეთს, როგორც მსოფლიოს მეორე ეკონომიკას, ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, პირველს, სურს მეტი გავლენა.

მაგრამ იმავდროულად, ბრიქსი უშვებს ასეთი ფონდის საკუთარ ანალოგს, “განვითარების ახალი ბანკი”. თუ დავუჯერებთ ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტებს,არსებობის განმავლობაში (10 წელი) იქ დაამტკიცეს სესხები 22 მილიარდი დოლარის ოდენობით. მაგრამ, ეს არაფერია თუ შევადარებთ უკვე არსებულ სტრუქტურებს აშშ-დან.

პლუს საინტერესო დეტალი: როდესაც რუსეთის წინააღმდეგ იგივე G7 ქვეყნები სანქციებს აწესებენ, ბრიქსის კონტროლის ქვეშ მყოფი განვითარების ახალი ბანკი ასევე აჩერებს თავის რუსულ ინვესტიციებს. რატომ? რომ არ მოხვდეს სანქციების ქვეშ. და ამაშია პარადოქსი. ერთი შეხედვით, ბრიქსი არის ქვეყნების ჯგუფი, რომელთაც არ მოსწონთ დოლარის ბატონობა, მათ სურთ მრავალპოლუსიანი მსოფლიო, მაგრამ როდესაც საქმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მიდის, ყველაფერი რჩება ისევე, როგორც იყო, რადგან ბრიქსის ქვეყნებს ძალიან განსხვავებული ინტერესები აქვთ.

2017 წლის 18 დეკემბერი, “აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია” და მას პირადად აწერს ხელს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მასში ნათლად არის აღწერილი, რომ მსოფლიოში არის ოთხი ქვეყანა – ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ შტატების აყვავების ძირგამოთხრას და პირდაპირ ემუქრებიან მათ:

“ჩინეთი და რუსეთი მიმართავენ თავიანთ ინვესტიციებს განვითარებად ქვეყნებში გავლენის გაფართოებისა და შეერთებულ შტატებზე კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად. ჩინეთი ინვესტირებს მილიარდობით დოლარს ინფრასტრუქტურაში მთელ მსოფლიოში. რუსეთი ასევე გამოხატავს თავის ეკონომიკურ გავლენას საკვანძო ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურაზე კონტროლის მეშვეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ნაწილში.”

როდესაც შენ ოფიციალურად გიწოდებენ მთავარ საფრთხეს, სხვათა შორის, ეს სიტყვა ტექსტში ნახსენებია 112-ჯერ, შენ პასუხად ან ცდილობ მოლაპარაკებას, ან არა.

რუსეთისა და ჩინეთისთვის ბრიქსი, პირველ რიგში, არის მოხერხებული თავშესაფარი იმისთვის, რომ შეკრიბონ, რაც შეიძლება მეტი, დასავლეთის მიერ ოდესღაც გარიყული ქვეყანა, იმავე დასავლეთთან დასაპირისპირებლად.

გამოდის, რომ ბრიქსში ხელმისაწვდომია ფული, ფასდაკლებები ნავთობზე, გაზსა და სხვა წიაღისეულ რესურსებზე, და სანაცვლოდ არავინ ითხოვს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ბევრი ქვეყნისთვის კარგი შეთავაზებაა.

ამ ვარიანტით, სხვათა შორის, დღეს შესანიშნავად სარგებლობს ინდოეთი, სასარგებლოდ იშორებს რუპიებს რუსული ნავთობის სანაცვლოდ, ბრიქსი ხომ ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობისთვის გამოდის, დედოლარიზაცია და რამე.

მაგრამ სწორედ ინდოეთის ინტერესებში არ შედის ყველაზე მეტად ბრიქსის ანტიდასავლურ ბლოკად გადაქცევა. ამერიკული ინვესტიციების გარეშე, მილიარდიანი მოსახლეობის გამოკვება ძალზედ გართულდება, ჩინეთს კი საკუთარი მილიარდიანი მოსახლეობა ეყოფა. წლების განმავლობაში ინდოეთისთვის ყველაზე მომგებიანი პოზიცია სადღაც შუაში ბალანსირებაა, ჯერ სსრკ-სა და აშშ-ს შორის, ახლა კი აშშ-სა და ჩინეთს შორის. თვით ქვეყნის გეოგრაფია ამას ყვირის – იყო შუაში, სავაჭრო გზების გადაკვეთაზე.

და ისევ გეოგრაფიულად, რამდენი სადავო ტერიტორია აქვს ინდოეთს ჩინეთთან. ასეთი ბარგით დასავლეთთან კავშირის გაწყვეტა და მშვიდად ერთ ნავში ცურვა, სადაც ჩინეთი ჯერჯერობით მთავარი ეკონომიკური ძალაა, არც ერთხელ არ არის გონივრული გადაწყვეტილება. რადგან თუ ცალკე რუსეთი ჩინეთთან და რუსეთი ინდოეთთან – ეს არის როგორც ფაზლის დეტალები, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად ერგებიან, ერთს აქვს რესურსები, მეორეს იაფი სამუშაო ძალა, საქონელი და ტექნოლოგიები, ინდოეთი პლუს ჩინეთი, აი ასეთი სქემა არ მუშაობს. ეს ქვეყნები ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან. ასე რომ, ინდოეთისთვის მომგებიანია ბრიქსის კლუბში დარჩენა და მისი პოლიტიკურად ნეიტრალურად შენარჩუნება, ხოლო თავად ბრიქსს არ აწყობს ინდოეთის შთამბეჭდავი ეკონომიკური წონის დაკარგვა.

მსგავსი სიტუაციაა ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის, და კლუბში ახლად შემოსული არაბთა ემირატების, ეთიოპიის, ეგვიპტის, მით უმეტეს ირანის შემთხვევაშიც; ბრიქსით მათი განცხადებები უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე გარეშე. მაგალითად, ბრაზილიური და სამხრეთაფრიკული ეკონომიკები, ბოლო წლებში პლუს-მინუს ნულის დონეზე იზრდება, და სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე. მაგრამ მეორე მხრივ, ევროპელ და ამერიკელ მყიდველებზე უარის თქმაც არ სურთ.

რაც შეეხება ახლებს, რისთვის სჭირდებათ მათ ბრიქსი? არცერთი მათგანი არ არის G20-ის ან სხვა ცნობილი მსოფლიო კლუბის წევრი, ასე რომ მათი ბრიქსში მონაწილეობა ზრდის მათ საერთაშორისო სტატუსს.

ირანი აშკარად იმედოვნებს კლუბის სტრუქტურების მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას, ხოლო ყველაზე ღარიბები, როგორც გახსოვთ, სსფ-ში ყველაზე მეტად დავალიანებული ეგვიპტე და ეთიოპია, წინააღმდეგი არ იქნებიან, ისესხონ ფული ბრიქსის ბანკის მეშვეობით, ზედმეტი დემოკრატიული ვალდებულებების გარეშე.

ჭეშმარიტება, როგორც ჩვეულებრივ, ორ პოლუსს შორის მდებარეობს. ერთ მხარეს ბრიქსი – ეს არის ერთპოლარული დასავლური სამყაროს და დოლარის ჰეგემონიის მკვლელი, ხოლო მეორე მხარეს – უსარგებლო კვაზი ორგანიზაცია, რომელშიც ამხანაგი სი და ამხანაგი პუტინი თავიანთ ეგოს იკმაყოფილებენ. თუ ბრიქსს უბრალო ინტერესთა კლუბად ჩავთვლით, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იგივე ეხება დიდ შვიდეულსაც, მაგრამ რატომღაც არავინ საუბრობს მის უსარგებლობაზე. თუმცაღა, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ შვიდეულის ჯგუფი, როგორც წესი, ერთსულოვანია თავის გადაწყვეტილებებში, და მისი მონაწილეები პოლიტიკური თვალსაზრისით მსგავსნი არიან. ბრიქსში შემავალი ქვეყნების ინტერესები ხშირად პირდაპირ საპირისპიროა. ზოგიერთი ამჯობინებს თანამშრომლობას აშშ-სთან, სხვები იყენებენ მტრულ ანტიამერიკულ რიტორიკას.

არის, თუმცა, კიდევ ერთი საერთაშორისო გაერთიანება. დიდი ოცეული. ის აერთიანებს G7-ის ქვეყნებსაც, ევროკავშირსაც და BRICS-ის ხუთეულსაც. სწორედ G20-ის ფარგლებში უფრო ადვილია ბლოკებს შორის კომპრომისის პოვნა და წინააღმდეგობების გადაჭრა დიპლომატიის და არა ძალის ენით. G7-სა და ბრიქსს შორის მეტოქეობის ფონზე, რომელიც იზრდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ახალ დაპირისპირებად, დიდი ოცეული შეიძლება გახდეს ის უკანასკნელი ადგილი, სადაც ქვეყნებს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ როგორ ითანამშრომლონ და მოილაპარაკონ, როგორც ეს შეეძლოთ 15 წლის წინ.

გიორგი დუმბაძე

პოლიტიკური მეცნიერებების სტუდენტი

(https://www.goldmansachs.com/insights/goldman-sachs-research/building-better)

(https://trumpwhitehouse.archives.gov/wp-content/uploads/2017/12/NSS-Final-12-18-2017-0905.pdf)

(https://youtu.be/EVWL5D9oaE8?si=u6g8gnUfueOm5dR3)

(https://www.youtube.com/watch?v=NEZ_mjSw-KI&t=29s)

(https://youtu.be/DV9TUQ8vKC8?si=4ZXCN1_oAbVB_cme)

(https://www.project-syndicate.org/commentary/moscow-brics-summit-expanded-bloc-still-rudderless-and-ineffective-by-jim-o-neill-2024-10)

(https://www.imf.org/en/Publications/WEO/weo-database/2023/October/weo-report?c=223,924,534,922,199,&s=PPPSH,&sy=1980&ey=2028&ssm=0&scsm=1&scc=0&ssd=1&ssc=0&sic=0&sort=country&ds=.&br=1)

(https://www.msci.com/eqb/pressreleases/archive/20051206_pr.pdf)

(https://www.tatar-inform.ru/news/vladimir-putin-zayavil-cto-organizaciya-briks-ne-namerena-sozdavat-stab-kvartiru-5968058)

(https://mgimo.ru/upload/iblock/200/20074743d9c787eb5a3e76208731eb14.pdf)

(https://www.reuters.com/world/trump-says-russia-should-be-readmitted-g7-2025-02-13/)

(https://www.kommersant.ru/doc/4066301)

(https://www.reuters.com/article/us-canada-politics-g7/canada-opposes-russias-return-to-g8-official-idUSKCN1VC1ZN/?il=0)

(https://telegra.ph/G7-05-21)

Comments are closed.