“რატომ ვარსებობ და რამდენად მძიმეა კაცის ხელით შექმნილი განაჩენი საკუთარი თავის მიმართ”

რასკოლნიკოვი, თითქოს უბრალო ახალგაზრდა, მაგრამ სინამდვილეში სამყაროს მძიმე და  მტკივნეული ამოძახილია, გონება, სული რომელსაც ადამიანის ბუნების მწარე საიდუმლო აკავებს და სულის სიღრმეში იბადება უპასუხო კითხვა – რატომ ვარსებობ და რამდენად მძიმეა კაცის ხელით შექმნილი განაჩენი საკუთარი თავის მიმართ. დოსტოევსკისთვის პეტერბურგი არ არის უბრალოდ ქალაქი, არამედ სივრცეა, სადაც ყოველი ქუჩა, ყოველი შენობა, სართული, ყოველი სიზმარი, რომელშიც თავს იჩენს დანაშაულის ანარეკლი, ხორცშესხმულია შინაგანი განადგურების განცდით და სამუდამოდ თან სდევს მას, როგორც წყევლა აუხსნელი. რასკოლნიკოვის სამყაროში ყველაფერი ფერმკრთალია, დაბინდული, ჯანღით მოცული და ღრმად სულიერი, რომელიც ნელ-ნელა ახრჩობს და წამლავს მისი გონების ყველა კუთხესა და სულს. ვეღარ განასხვავებს სინდისსა და თეორიას, რეალობასა და აბსტრაქტს, ვეღარ არჩევს ადამიანურ ტკივილს  სისუსტისგან და ცდილობს თავი დააჯეროს, რომ განსაკუთრებული ადამიანია, მხოლოდ იმიტომ რომ სტკივა და მხოლოდ იმიტომ რომ გრძნობს, ადამიანია რომელსაც უფლება აქვს დაამხოს ზნეობრივი წესი, რადგან ეს წესი ამაოა, არავის დასდგომია სიმართლის სადარაჯოზე და ვერც ვერავინ დაუცავს საკმარისად, ვერავის ამართლებს, მათ შორის ვერც საკუთარ თავს და ამხნევებს ისე როგორც სასოწარკვეთილი სული დაყრდნობილი იმედის ბოლო ნაპერწკალზე. მაგრამ სწორედ აქ იწყება ის უხილავი და მტკივნეული დაპირისპირება, რომელსაც ვერანაირი თეორია ვერ ამართლებს, ვერანაირი სიზმარი თუ ძილის წინა ფიქრი ვერ ხსნის. ადამიანი ვერ აიტანს ადამიანის მოკვლის სიმძიმეს, როგორი ინტელექტუალურიც არ უნდა იყოს მისი განზრახვა, რამდენად მართეულიც არ უნდა ჩანდეს ეს გზა ბოლოს მაინც მოჩანს წყვდიადი. ამ მძიმე თვითრეფლექსიაში კი მისი სისუსტეა, რომელსაც გულმოდგინედ მალავს, რადგან ფიქრობს, რომ შეუძლია ჩაახშოს აუგი სული, ჩაახშოს ის ნაწილი, რომელიც ადამიანს არ აძლევს უფლებას მეორე ადამიანის სიცოცხლე განაგოს და გამოუტანოს მძიმე და უკანასკნელი განაჩენი. როცა მოქმედება სრულდება და სისხლი ღვრა რეალური ხდება, მაშინ ფიქრები ქრება და რჩება მხოლოდ სიჩუმე რომელსაც სალი კლდის დამსხვრევის ძალაც კი შესწევს თითქოს, რჩება ცივი და მკაცრი ხმა, რომელიც არ წყვეტს ჩურჩულს– დანაშაული შენია, ეს გასვრილი ხელებიც შენ გეკუთვნის მუდამ თან დაგსდევს, და შენ ხარ ის, ვინც პასუხს აგებს ამ ყოველივეზე.

     რასკოლნიკოვი არ ებრძვის მხოლოდ კანონს, ის ებრძვის ღმერთს, სამყაროს მორალურსა თუ ზნეობრივ ამაო წყობას, რომლისგანაც თავს გამონაკლისად მიიჩნევს. მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ დებს მას ბრალს, არავინ იცის არავინ იცნობს მას ისე როგორც საკუთარი თავი შინაგანი მე – მხოლოდ თავად საკუთარ თავში იწყებს ხრწნას, სულიერ გვემას, და აქ იბადება ის ძირითადი კონფლიქტი, რომელიც მთლიან რომანს დასდევს ისე როგორც წყევლა. რაც უფრო ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე გაამართლოს თავი და მოუძებნოს ახსნა, მით უფრო აწუხებს და ღრნის საკუთარ თავში ჩამარხული სიმართლე, და ეს სიმართლე არაფრით ქრება. იგი სიზმრებშიც კი მაშინ როცა მოსვენებას უნდა განიცდიდეს ადამიანი  ვეღარ ისვენებს, ქუჩაში აჩრდილად დაჰყვება და ადამიანებთან ურთიერთობაში იმ ცივ კედლად იქცევა, რომელიც მას უსაშველოდ აშორებს სხვებისგან და ხვდება იზოლირებულ გაყინულ ოთახში რომელიც აცილებს ხალხის სითბოს. ადამიანებთან კავშირიც სიყვარული და გრძნობა ეწირება მის იდეას, მაგრამ იდეაც რომ იკარგება და წყვეტს არსებობას მის სულში, ქრება ემპათიაც, ბოლოს რჩება მხოლოდ დანაშაული და არარსებული სიმართლე რომელსაც მაინც არ აქვს ახსნა. იგი ცდილობს იყოს ცივი უგრძნობი, მაგრამ მისი სისუსტე სწორედ იმაშია, რომ გრძნობს, გრძნობს და ესმის აანალიზებს და აღიქვავს სწორედ ამიტომ იტანჯება და ვერ პოულობს მშვიდ სამყოფელს გარემოში, თითქოს ნაცნობ სივრცეში განმარტოებული საკუთარ თავთან შიშით შეპყრობილი და გაურბის ყველაზე ახლოს.

სავალალო მდგომარეობასა და მძიმე გრძნობაში მოდის სონია, ნაზი ფერმკრთალი და ფარფატა ფიგურა,სინათლე, რომელიც პირველივე გამოჩენისთანვე არა როგორც მხსნელი, არამედ როგორც გატანჯულ თანამეზიარედ შემოდის მის ტკივილსა და წამებაში. ის არ არის აზრობრივი მხსნელი, თუმცა არც მკვლელია და არც მორალისტი ის უბრალოდ ადამიანი ხდება მისთვის, ნავსაყუდელი და იმედი ვინც არ ტოვებს თავისი მანკიერებისდამიუხედავად. არ განსჯის და არ კიცხავს მის საქციელს, მაგრამ მის გვერდით დგება ისე, როგორც სული რომელსაც აქვს მზაობა უკიდურესისა, თუმცა მაინც უკეთესის იმედი აქვს, სადაც კაცი მზადაა მწარე სიმართლეს ჩახედოს თვალებში სამყაროს უკუღმართობის მიუხედავად. სონია არ ცდილობს შეცვალოს რასკოლნიკოვი – მისით არის ის ერთადერთი და უცხო, უფრო რეალურია ვიდრე ყველა კანონი და განსამსჯელო. სონია უბრალოდ ატარებს იმ წმინდა და უანგარო სიყვარულს, რომელსაც არ სჭირდება სიტყვა, არც პასუხი და არ გაჩნია მოლოდინები. მხოლოდ დუმილით, სიახლოვით, სითბოთა და თანაგრძნობით შემოაქვს იმედი იქ, სადაც ყველაფერი გაყინული და უმოძრავოა.

მაშინ როცა რასკოლნიკოვი იწყებს ჩრდილებთან ცხოვრებას, როცა ცივილიზაცია და გარშემო ყოველივე ამქვეყნიური და არსებული ცხოვრება მისთვის უხილავი ხდება, მის შიგნით იბადება სხვა სამყარო – სამყარო, სადაც ყველა კითხვა უპასუხოა. სწორედ ეს არის გამოსყიდვის გზა – არა იურიდიული, არა კანონიერი, არა გარეგნული, არამედ სულიერი, რომლის გავლაც მხოლოდ საკუთარ თავთან შეხვედრით არის შესაძლებელი. როცა ბოლოს გადაწყვეტს აღიარებას, ეს აღიარება არ არის მორჩილება საზოგადოებრივ წესზე – ეს არის მარცხის მიღება საკუთარ თავთან ბრძოლაში, და სწორედ ამ მარცხში იწყება კაცის ადამიანური ქმნა, ხელახლა შობა ახალი პიროვნებისა. როდესაც უარყოფ საკუთარ გამონაკლისობას ხვდები რომ ეკუთვნი სამყაროს ისე როგორც პატარა ნაწილი ერთიანობისა და იაზრებ რომ ისეთივე ჩვეულებრივი ხარ როგორც სხვები, სწორედ მაშინ იწყებ ზრდას და განსჯას საკუთარი თავისა. სინანული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე წმინდა მდგომარეობაა, იგი იმპულსურად იქცევა აღარ გაურბის საზოგადოებას და გარშემო მყოფებს რადგან მისთვის ერთადერთი სასამართლო საკუთარი აზროვნება და შინაგანი ძახილია.

ციხე არა როგორც დასასრული, არამედ როგორც დაბადება, აი დოსტოევსკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭი. სწორედ იქ, სადაც ყველაფერი თითქოს დასრულდა, იწყება ადამიანის ნამდვილი მეტამორფოზა. სიყვარული და რწმენა, სინათლეში და ბედნიერებაში არ იბადება, არამედ წყვდიადში იშობა ასეთი წმინდა გრძნობები, სწორედ აქ იღებენ ნამდვილი იმედის სახეს. გამოსყიდვით და პატიებით ხდება არა წარსულის დავიწყება, არამედ მისი მიღება, ცოდვისა და ტანჯვის განადგურების გარეშე გაცნობიერება.

რასკოლნიკოვი საბოლოოდ აღარ არის ის, ვინც იყო და ეს არ არის არც ხსნა და არც ჩვეული ზღაპარი. ეს არის ადამიანური სიღრმისა და სიმძიმის, დოსტოევსკისმიერი ის ძირეული შეგრძნება, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ხვდება საკუთარ სისუსტეს, საკუთარ სინდისს არ გაექცევა და როცა თანაგრძნობა და სიყვარული, თუნდაც უმტკივნეულეს წერტილზე დაიბადოს, უძლიერეს ძალად იქცევა და ხდება მოტივი არსებობისა. აქ არც გმირობაა, არც ტრაგედიის თეატრი- მხოლოდ სიმშვიდე, სადაც დუმილი უფრო ხმამაღალია და ძლიერი, ვიდრე ყველა დანაშაული და ყველა სასჯელი.

ასე ჩნდება დოსტოევსკის გენიალურობა განუკიცხველი და დამაიმედებლეი, იმედის მიმცემი სულისთვის, რომელიც საკუთარ ტკივილში პოულობს სინათლეს. და ამ სინათლეს მიაქვს მკითხველთან წიგნის ყველა სიმძიმე და ტრაგედია, ყველა საშინელების ბოლოს კი რჩება მხოლოდ ადამიანი პირისპირ საკუთარი თავისა, უბრალო, შიშველი და უმალი მზერის ღირსი როგორც ახალშობილი ბავშვი.

მარიამ მუხიგულაშვილი
სოც. მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტი

Comments are closed.