არავის უყვარს სრული სიმართლის მოსმენა საკუთარ თავზე. სიმართლის ლაპარაკი წარმოუდგენელია პოლიტიკაში. ისტორია ხშირ შემთხვევაში პოლიტიზირებულია და პროპაგანდას ემსახურება, ამიტომაც დიდ ისტორიულ მოვლენებზე სრული სიმართლის გაგება რთულია. მითუმეტეს რომ სრული სიმართლის მოსმენა საკუთარ თავზე არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ერებსაც არ უყვართ.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე პოლიტიზირებულია და შესაბამისად აქ სრული სიმართლის მოკვლევა ყველაზე რთულია. ამ ომის ისტორია ნახევრადსიმართლეებზე დგას.
ნაცისტურ გერმანიას 1939 წელს გაურიგდა იდეოლოგიურად მასთან ყველაზე დაპირისპირებული საბჭოთა კავშირი (ცხადია რომ საუბარია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე) და ამან ნამდვილად შეუწყო ხელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, რადგან გერმანია პაქტის წყალობით უშიშრად დაესხა თავს პოლონეთს.
მაგრამ ეს არაა სრული სიმართლე. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირი ძალიან ახლოს იყო სამმხრივ პაქტში გაერთიანებასთან. ეს პაქტი გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ შექმნეს რომლებიც მთელი მსოფლიოს გადანაწილებას აპირებდნენ. საბჭოთა კავშირიც ცხადია რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ გადანაწილებაში. მაგრამ აი ისე მოხდა, რომ სტალინმა პაქტთან მიერთების სანაცვლოდ ისეთი პირობები დააყენა რაც ჰიტლერისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირზე თავდასხმის საბოლოო გადაწყვეტილება ფიურერმა სწორედ ამ პირობებთან გაცნობის შემდეგ მიიღო.
მოკლედ, ბოროტი სტალინი მშვენივრად თანამშრომლობდა ბოროტ ჰიტლერთან. მაგრამ ესეც ნახევრადსიმართლეა. საქმე ისაა რომ სტალინი ამ თანამშრომლობაზე მხოლოდ მას შემდეგ წავიდა როცა ჩათვალა რომ ინგლისელები და ფრანგები ცდილობდნენ გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთმანეთზე წაეკიდებინათ. 1939 წლის გაზაფხულზე სტალინმა პარიზსაც და ლონდონსაც ალიანსი შესთავაზა გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ იქიდან სერიოზულ პასუხს საშველი არა და არ დაადგა.
ერთი წლით ადრე კი, როგორც ვიცით, ინგლისმა და საფრანგეთმა, მიუნხენის კონფერენციაზე ჰიტლერს ხონჩით მიართვეს ჩეხოსლოვაკია, აღმოსავლეთ ევროპის ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა. არადა, საფრანგეთს ჩეხოსლოვაკიასთან ალიანსიც კი ჰქონდა გაფორმებული. გარდა ამისა, ჩეხოსლოვაკიას ძლიერი არმია ჰყავდა და მასთან ერთად გერმანიის დამარცხება ძალიან მარტივად შეიძლებოდა.
თუკი დემოკრატიული საფრანგეთისა და ინგლისის ლიდერები ასეთ ამორალურ (და სულელურ) გარიგებაზე წავიდნენ ჰიტლერთან, რას ვთხოვთ ტოტალიტარული საბჭოთა კავშირის ლიდერს?
სხვათა შორის, როცა ჩეხოსლოვაკია რუკიდან გაქრა მისი ტერიტორიის ნაწილი პოლონეთმა მიიერთა. ანუ, არც ის იყო ბოლომდე უმანკო კრავი.
ჰიტლერმა ჩათვალა რომ სადაც ინგლისმა და საფრანგეთმა მას დემოკრატიული ჩეხოსლოვაკია ჩაუგდეს ხელში, ისინი როგორმე პოლონეთზეც (სამხედრო დიქტატურაზე) დახუჭავდნენ თვალს.
სტალინსაც იმიტომ გაურიგდა რომ აღარავის (უპირველესად ლონდონსა და პარიზში) აღარ ჰქონოდა იმედი რომ პოლონეთს მისგან საბჭოთა კავშირი დაიცავდა.
ინგლისი მოყოლებული მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ევროპაში ძალთა ბალანსს იცავდა და ლონდონში ჩათვალეს რომ გერმანიის მიერ პოლონეთის გადაყლაპვით ძალთა ბალანსი მოიშლებოდა. მაგრამ სინამდვილეში ძალთა ბალანსი მიუნხენში მოიშალა.
ჰიტლერი გულწრფელად გაოცებული იყო როცა ინგლისმა და საფრანგეთმა მას პოლონეთის გამო გამოუცხადეს ომი. მაგრამ ცხადია პოლონელები ამან ვერ დაიცვა. მითუმეტეს რომ მათ მეორე მხრიდან საბჭოთა კავშირი დაესხა თავს (პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელებისა და ბელორუსის დაცვის საბაბით).
ინგლისსა და საფრანგეთს პოლონეთისათვის გარანტია ჰქონდათ მიცემული და სადაც გერმანიას გამოუცხადეს ომი წესით საბჭოთა კავშირისთვისაც უნდა გამოეცხადებინათ ომი, მაგრამ ეს არ ქნეს. მიცემული სიტყვა დაარღვიეს?!! არა. საქმე ისაა, რომ პოლონეთთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით ინგლისსა და საფრანგეთს იგი უნდა დაეცვათ “ევროპული სახელმწიფოს” მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. საბჭოთა კავშირი კი ევროპული სახელმწიფო არააო, გადაწყვიტეს ლონდონსა და პარიზში.
სხვათა შორის, გერმანიას ომი კი გამოუცხადეს, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ფრანგების მხრიდან მცირეოდენ გაფაფხურებას თუ არ ჩავთვლით, გერმანიასთან სინამდვილეში არცერთს არ უომია და შორიდან უყურებდნენ როგორ ქრებოდა პოლონეთი რუკიდან. ამ ცირკს გერმანიაში ჯდომის ომი დაარქვეს (Sitzkrieg), ინგლისში კი სიაბანტი ომი (phony war).
ერთ წელიწადში ინგლისს სათავეში ჩერჩილი ჩაუდგა რომელიც მეორე მსოფლიო ომის მთავარ გმირადაა გამოცხადებული. თუმცა აი მას 1936 წელს ასეთი რამ აქვს ნათქვამი:
“ინგლისი რომ ომში დამარცხებული ქვეყანა იყოს მე მისთვის ჰიტლერისნაირ ლიდერს ვინატრებდი.”
მოკლედ, ალბათ გასაგებია რატომ არჩევენ ნახევრადსიმართლეს.