ადამიანის სული იშვიათად ქმნის ერთობლიობას. შინაგანად ყოველთვის ორი ძალა ებრძვის ერთმანეთს ერთი რომელიც ესწრაფვის სიმშვიდეს, მეორე კი, რომელიც მოითხოვს სიცოცხლეს, მოძრაობას და მუდმივ ქაოსს, რომ თავი ცოცხლად ან ამ სამყაროს ნაწილად იგრძნოს.
ჰერმან ჰესეს ნარცისი და გოლდმუნდი სწორედ ამ უხმო დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. ეს არ არის უბრალოდ ამბავი მეგობრობაზე, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური სურათია ადამიანის შინაგანი ბრძოლის, რომელსაც ყველა გადის ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ეს ბრძოლა ორ საწყისს შორის მიმდინარეობს, გონებასა და გრძნობას, წესრიგსა და ქაოსს, სიმშვიდესა და ვნებას შორის.
არცერთი პერსონაჟი არ არის სწორად თუ არასწორად მავალი. ორივე მათგანი, ნარცისიც და გოლდმუნდიც ადამიანური ბუნების დაპირისპირებული ნაწილებია, რომლებიც შესაძლოა ერთდროულად არსებობდნენ ერთ სულში, მაგრამ ვერასდროს ერთ სხეულში.
ნარცისი არის ის, ვინც სიტყვებსა თუ ფიქრებს აკონტროლებს, თავის მოქმედებას იმორჩილეს და ღმერთს ღრმა რწმენით ესაუბრება. იგი ბერების ტრადიციას განასახიერებს, იმ ზნეობრივ სისტემას, რომელიც ადამიანში სიჩუმეს, თავშეკავებასა და მიუღწეველ კათარზისს ამყარებს. მისთვის ცხოვრების მიზანი არის არა მიღწევა, არამედ ათვისება არა ძიება, არამედ ჭვრეტა.
ამ ფონზე გოლდმუნდი მისი საპირისპირო პოლუსია მგძნებარე სული მოგზაურობისკენ მიდრეკილი, რომელსაც არ ჰყავს ღმერთი და არც რწმენა, არ გააჩნია გეგმები და არც გონების ფარი აქვს გამომუშავებული, რითიც თავის ფიქრებს დაიცავს. გოლდმუნდს მთელი სხეულით უყვარს, მთელი გულით სტკივა და მთელი არსებობით ეტრფის სამყაროს, ოღონდ საკუთარი თავისა და მორალის ხარჯზე. ის თავს გრძნობს იმ სამყაროს ნაწილად სადაც არც ღმერთია უბრალოდ იდეა, და არც არემარე უბრალოდ ბუნების ნაწილი, იქნებ ის ქალის თბილი სხეულია, ხის მწარე სურნელი, ან იქნებ მომაკვდავი ცხოველის მზერა, სევდით აღსავსე, სიცოცხლეს რომ ეპოტინება, ან ნატიფი სახე, თიხისგან ნაზად ნაძერწი.
მისთვის ცხოვრება წამიერი და დაუნდობელია, არ ფლობს მას, ვერც მართავს, მხოლოდ ემორჩილება და მიჰყვება დინებას. სწორედ ამ ძალის უკან იმალება მისი ტრაგედია – გოლდმუნდი საკუთარ თავს ვერ იცავს. ის იმდენად ღიაა სამყაროსადმი, რომ სამყაროს სიმძიმე მისი ხორცის ნაწილად იქცევა და ნელ-ნელა იწყებს მის დამონებას. ამდენად, ჰესეს რომანში ეს ორი პერსონაჟი მხოლოდ ორი მეგობარი კი არა, არამედ ერთი მთლიანობის ორ ნაწილად გაყოფილი სულია. ეს არ არის მარტივი დილემა – ეს არის ადამიანის პიროვნების გაორმაგება, რომელიც თანდაყოლილია ყველა ჩვენგანში. ერთის გზით მიღწეული სიმშვიდე აფსურდულია მეორის გარეშე, მეორე კი ვნებებით მიღებული სილამაზეა რომელიც შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიქცეს სიმბოლოდ, თუ მის გვერდით დგას სიჩუმე.
გოლდმუნდი რომ არ დაბრუნდეს ნარცისთან, მისი გზა გაქრებოდა. ნარცისი კლდეა, მდუმარე რომელიც აუცილებლად უნდა შეუერთდეს გოლდმუნდის ხორცს, რადგან არ დარჩეს ცარიელ ტაძრად, რომელსაც არავინ მოინახულებს. მათი ურთიერთობა იმედისკენ მიმავალი გზაა, სადაც ადამიანი იაზრებს, რომ არ არსებობს სწორი მიმართულება რომელსაც უნდა გაყვე არსებობს მხოლოდ საკუთარი გზა რომელსაც თავად ირჩევ.
ეს კი ხშირად იწყება შემთხვევით, წასვლით, უარყოფით, განდგომით, მაგრამ მთავრდება შინ დაბრუნებით – არა ფიზიკურად, არამედ მორალურად, იქ სადაც შინაგანი ქაოსი პოულობს შეთანხმების გზას სულთან. ნარცისი არასდროს ცდილობს გოლდმუნდის შეცვლას, ის უბრალოდ ელოდება მას, განუსჯელად და განუკითხავად. ეს დუმილი არის სიყვარულის ყველაზე რთული ფორმა, როცა არ გინდა გადაარჩინო, გინდა უბრალოდ გვერდით გყავდეს, მისცე ნება იცხოვროს ისე როგორც სურს, რადგან ეს თუ მისი ბედნიერებაა, დაე იყოს ასეც.
ჰესეს რომანში სიყვარული არასდროს ითქმევა ხმამაღლა. ის უფრო ჩანს, სიყვარული თითოეული ხელის მოძრაობაა, მშვიდი მზერა, სიჩუმის მიღება, მოსმენა მაშინაც კი, როცა სიტყვებს აზრი ეკარგებათ. გოლდმუნდი ბრუნდება დაღლილი, გატეხილი, მაგრამ სავსე ემოციებით და თავგადასავლებით.
ის აღარაა ახალგაზრდა მოგზაური – ის მხატვარია, რომელიც აღარ ეძებს სწორ ფუნჯს ნახატის გასაგრძელებლად, რადგან უკვე იცის, რომ ცხოვრება პასუხგაუცემელი კითხვაა, ყველა შეცდომით გასმული ხაზი კი გამოცდილება. არცერთი შორი გზა და არცერთი დაუსრულებელი მოგზაურობა არ მიგიყვანს პასუხამდე, რომელის ძიებაშიც ცხოვრების დიდ ნაწილს განვლებ . მისი სხეული გადაღლილია, მაგრამ სული აღსავსე ემოციებით. ნარცისი კი უცვლელია, თითქოს არ შეუცვლია დროს, მაგრამ მის მზერაში აისახება სითბო, რომელსაც მარტოობამ და დუმილმა მისცა ძალა.
ეს შეხვედრა არ არის პატიება, არც ხსნა. ეს არის ერთიანობის აღიარება, როგორც ორ ადამიანში ასევე ადამიანის სულის სიღრმეში. ჰესე არ გვიჩვენებს იდეალურ გმირებს. ის გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ განიცდიან, იკარგებიან, ხვდებიან საკუთარ სიმახინჯეს, მანკიერებას და მაინც აგრძელებენ ძიებას იმ არსისა, რომელსაც გადარჩენა შეუძლია. ამ ძიებაში იმალება ყველა ჩვენგანი მდგარი სარკის წინ. იქნებ უფრო ხშირად ვართ გოლდმუნდი, როცა არ ვიცით, საით მივდივართ, როცა გვტანჯავს კავშირების მერყეობა და სხეულის გამოუთქმელი მოთხოვნილებები, ან თუნდაც აუხსნელი მოუსვენრობა. იქნებ ნარცისები ვართ მაშინ, როცა გვწამს ან როცა მხოლოდ ფიქრში ვეძებთ სიმშვიდეს და სიშორით ვაფასებთ თანდასწრებას. მაგრამ ყველაზე მეტად უბრალოდ ადამიანები ვართ მაშინ, როცა ვაღიარებთ ამ ორი პიროვნების თანაარსებობას და ვცდილობთ არ ავირჩიოთ მხარე, არამედ მივიღოთ ორივე. „ნარცისი და გოლდმუნდი“ ამ არჩევნის დაგმობის წიგნია. ის გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ერთი გზის მიღება, და მისი სიმწირის აღიარება და სიყვარულზე ურთიერთდაყრდნობა ქმნის ნამდვილ სულიერ წონასწორობას.
ჰესე სწორედ ამ წონასწორობის ენას ქმნის თითქოს პოეტურად, ტკივილამდე ლამაზს, მაგრამ არასდროს გატაცებულს. მისი სილამაზე იმაშია, რომ ის არ ცდილობს მოგატყუოს. ის გეუბნება პირდაპირ: ცხოვრება არ არის არც სწორი ბილიკი და არც გამართლებული, არც მუდმივი და არც უსაფრთხო. ის უბრალოდ არის მთელი თავისი სირთულით, დაბრკოლებით , სილამაზით და სისუსტით. და როცა ამას ითვისებ, შენში შებრუნდება ის თბილი დუმილი, რომელშიც ნარცისიც ცხოვრობს და გოლდმუნდიც. მხოლოდ მაშინ იწყებ შენს საკუთარ ხელოვნებას, მხოლოდ მაშინ იწყებ რეალურად არსებობას.
და მერე დგება სიკვდილი. არა როგორც დასასრული, არამედ როგორც ის წამი, როცა ყველაფერი ნათელი ხდება. როცა აღარაფერს ელოდები და მაინც იღებ იმ უძლიერეს ფიქრს, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდი. გოლდმუნდი კვდება არა იმ დროს, როცა სხეული წყვეტს მოძრაობას, არამედ მაშინ, როცა პირველად ამბობს დუმილით – მე ვეძებდი შენს გულს ამდენი წლის განმავლობაში. და ნარცისი არ ტირის. ტკივილი ბევრად უფრო უხმოდ მოდის. მის მზერაში იკითხება ყოველი მომენტი, რომელიც დაკარგეს. ყოველი სიტყვა, რომელიც ვერ თქვეს. ყოველი ჩახუტება, რომელიც ვერ მოასწრეს. მაგრამ არ არსებობს წუხილი, რადგან გულში რჩება ის, რაც ერთადერთია – იყო შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც არ გგავდა, და მაინც მთელი სული დაგიტოვა მასზე საფიქრად.
რომანი ადამიანზეა დაუცველზე, ტკივილით სავსეზე და მაინც მოსიყვარულეზე. და როცა ამ წიგნს კითხულობ, ბოლოს აუცილებლად რაღაც გტკივა, ნანობ– ან ის, რომ ვერ იყავი საკმარისად მოგზაური ისე როგორც გოლდმუნდი, ან ის, რომ ვერ გამოდექი საკმარისად მშვიდი და მორწმუნე ისე როგორც ნარცისი. მაგრამ თუ ოდნავ მაინც გრძნობ ორივეს, მაშინ სწორ გზას მიყვები რადგან ეს გზები ხშირად გადაიკვეთებიან და არ მოგიწევს მათი არჩევა არამედ მათი გათავისება და შეგუება– რომ ადამიანი, მთელი თავისი სისუსტით, ამ ორ უკიდურესობაში იბადება არ არსებობს აქ გამარჯვებული ან სწორად გაკეთებული არჩევანი. არც დამარცხებული რჩება ვინმე, არ არის გმირობა და არც სინანულის თეატრი.
არის მხოლოდ ადამიანობა – დაღლილი, მდუმარე, სევდიანი, მაგრამ სრული და სავსე. როცა ბოლოს სიჩუმე რჩება, და შენ უკვე აღარ გჭირდება ხმა რომელიც გეტყვის რომ გაიმარჯვე, აღარც ჭეშმარიტებას დაუწყებ ძებნას დასასრულის მოლოდინში და გაგახსენდება რომ ოდესღაც ორივე იყავი ჭეშმარიტებაც და დაუოკებელი ლტოლვაც
და ასე მორჩება ზღაპარი რომლის წერაც ჯერ თითქოს არც კი დაგისრულებია.
მარიამ მუხიგულაშვილი
სოც. მეცნიერებების მეორე კურსის სტუდენტი