რაღაც სათქმელი ყოველთვის იყო, არის და იქნება. სათქმელს არ უყვარს ჩარჩოები, რომელსაც ჩვენვე ვუწესებთ…

ვერანაირი დასაწყისი და ვერანაირი დასასრული და ვერანაირი გეგმა ვერ იტყვის თავის სათქმელს, თუ არ დავარღვევთ ჩვენივე საზღვრებს. საზღვრები – არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ გაიგივებული შეიძლება იყოს ადამიანის მენტალიტეტთან, რომელსაც ყველაფრის შეთხზა, ყველაფრის გამოგონება და რაც მთავარია – ყველაფრის დაჯერება შეუძლია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გონებას არ უყვარს სიმართლის გაგება, რაც არ უნდა სასარგებლო იყოს, მაინც. ყველაფერს იღონებს ოღონდ მას ნუ შეეხებით. ნუ შეეწინააღმდეგებით. დატოვეთ მარტო თავისივე რეალობასთნ. რაღაც სათქმელი ყოველთვის იყო, არის და იქნება. სათქმელს არ უყვარს ჩარჩოები, რომელსაც ჩვენვე ვუწესებთ. მაგრამ როცა ეროვნებით ხარ ქართველი, სათქმელი ვეღარ დაგელოდება, აუცილებლად გაარღვევს თავის საზღვრებს და მოედება ყველას და ყველაფერს ძირფესვიანად.

ჩვენი ცხოვრების სტილი წიგნი რომ იყოს, სადღაც აუცილებლად ექნებოდა ადგილი ივა ფეზუაშვილის წიგნს სახელად “ ბუნკერი. “ ეს არის თანამედროვე მწერლის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გასაგები ენით დახასიათებული საბჭოთა კავშირის პერიოდი, რომელმაც უხილავი, მაგრამ ძალიან მძიმე დაღი დაასვა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას. საბჭოთა კავშირის ის ბნელი დღეები ეკუთვნის წარსულს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ადამიანიც ბარდება მას. რაღაცეებს ჩვენვე ვკლავთ წარსულში, უკან ვიტოვებთ და უკეთეს ცხოვრებას თავაწეული ვუმზერთ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ის კი – აღარ. ძნელია ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რაღაც საერთო არ გაგახსენდეს დღევანდელ ცხოვრებასთან. შეუძლებელია, რადგან აზროვნებ და რადგან აზროვნებ ესე იგი ხვდები სად ვართ და რისკენ მივემართებით.

მთავარია, არ დაიჯერო, რომ სიტყვა “ბუნკერი” მართლა ბუნკერს გულისხმობს. წიგნის სათაური გაიგივებულია ისეთ მდგომარეობასთან, რომელსაც ახასიათებს რაღაც ბნელი. რაღაც არეული და მძიმე. წიგნის სიუჟეტი მნიშვნელოვანია თავისი ახსნით, რომელიც ვითარდება ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მაგრამ რაღაც ახალს, რაღაც მთავარს კი ყველა წინადადების ბოლოს გიხსნის. ბუნკერის მთავარი თვისება სიმყრალეა. სიმყრალე, რომელიც გირევს ერთ დროს დალაგებულ ცხოვრებას, რომელიც მილას და გენას ჰქონდათ…. აი, მაშინ, როცა დაქორწინდნენ. ოჯახი შექმნეს, ერთმანეთი უყვარდათ. მაგრამ აყროლდა ბუნკერი და გამოჩნდა ნამდვილი სახე ყველა პერსონაჟის. ისინი აღარც არიან და აღარც ეკუთვნიან თავიანთ თავს, ვინც აქამდე იყვნენ. თურმე ისინი ყოფილან ადამიანები ბუნებრივი მოთხოვნილებებით, სურვილებით, თუმცა ოჯახის შექმნა კი ძირითადად, აი, რის საფუძველზე მოხდა: არსებობს ასეთი ცნება “შეხარბების ინსტიტუტი,” რომელიც თუ არის ნაწილი შენი, შენ ხდები ნაწილი საზოგადოების. თუ არადა, ადამიანის თვალში არაფრად რჩები. და გენა მოდის ერევნიდან თბილისისკენ, თან მილასთან ერთად. სწორედ, იმ “დესნა დვით,” რომელიც ყველას არ ჰყავს. და კიდევ იმ “დესნა დვით,” რომელიც გოგოების გულის მოგების მთავარ მიზეზად ქცეულა. და ასე იქმნება ვითომ ნამდვილი ოჯახი, რომელიც ოცდაათი წლის შემდეგ უკვე შინაგანად განადგურებულია. დაშლილია. გენა მისტირის მოპარულ “დესნა დვას.” მილა ხვდება, რომ ისიც ადამიანია შინაგანი მოთხოვნილებებით. იტყვი, რომ მათ აქვთ ოჯახი და ჰყავთ შვილები, მაგრამ დიდიხანია ასე აღარაა. შეიცვალა ყველა და ყველაფერი. და თუ გყავდა “დესნა დვა,” ესე იგი გქონდა სახელი ყველას თვალში. დავურთოთ ისიც, რომ რაც ფასიანია, მათ შორის მიღებული ხალხის თვალში, გიბიძგებს სურვილისკენ, რომ შენც გქონდეს. რატომ? გექნება სახელი, გექნება თავდაჯერებულობა, რომ შენ ნამდვილად იმსახურებ იყო მაგარი. და ჩნდება ფიქრი – მოვიპარავ. ქვეყანაში არის სახელმწიფო. შესაბამისად, თითქოს ყველაფერია – პოლიცია, სამართალი, ხელფასები, სიმშვიდე… მაგრამ ეგ ყველაფერი ილუზიაა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. რეალურად არაფერი არ აქვთ, გარდა ფიქრისა, რომელიც არ გასვენებს, სანამ რეალობად არ აქცევ. და იპარავენ გენას “დესნა დვას.” განა იმიტომ, რომ გენას დაეზარა მისი სახლში ატანა. არა. ლიფტი არ მუშაობდა, სიმყრალეში ვეღარ ძლებდა, გაქცევა სურდა. დატოვა გარეთ და ვიღაცამ დაადგა თვალი მის “დესნა დვას.” მეორე დღეს კი “დესნა დვა “ გაქრა. და როცა ხდება პატარა დანაშაული, გეუბნებიან,რომ უნდა მიმართო სამართალს. ოღონდ ამ ქვეყანაში მხოლოდ სიტყვა სამართალი არსებობს. სხვა სამართალი არ ვიცით როგორია. იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს სახელმწიფო, რომელსაც წმინდა ცეცხლის ეშინია. ცხოვრობს საკუთარი მიზნებით, სურვილებით… კი მათაც ჰყავთ “დესვა დვა.” მათაც აქვთ სახლი და ოჯახი, მაგრამ როგორც ლაზარე ამბობს, მობეზრდა მდიდრების ცრუ სიკეთე და ყალბი ღიმილი. მობეზრდა ისედაც დაჩაგრული ღარიბების უფრო მეტად ჩაგვრა. ლაზარე დელივერზე მუშაობს. “შენ უკვეთავ ჩვენ მოგვაქვს” პრინციპით. და სახელმწიფოც ასეა მოწყობილი. გპირდება ყველაფერს, გაშრომებს, რათა შედეგს არ შეეხო, რადგან თავად სჭირდებათ. ეს ცხოვრება კი გეუბნება, რომ შენს თავში ფული ჩადე თუ გინდა, რომ ნამდვილი ცხოვრება ნახო.

ცხრა აპრილის ოცდაოთხი საათი. მილას დაბადების დღე, რომელიც არავის ახსოვს. მაინცდამაინც მილას დაბადების დღეზე აღმოჩნდა, რომ ყველას თავისი გაჭირვება აქვს, რომელზეც სდუმან. წიგნის წერისას იბადება ასეთი კითხვა – რა ქნან ქალებმა? უპირველეს ყოვლისა, დაჩაგრულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა – გენდერული ბალანსი და შევიწროვება. რაო? შევიწროვებაო? – იცინიან ხმამაღლა კაცები. არსებობს საბჭოთა კავშირის რეალობის სხვადასხვანაირი ახსნა. პირველი და მთავარი, არ არის განათლება იმ დონეზე, რომ ქალი იყოს დაცული. მეორე და მთავარი, არსებობს სახელმწიფო, მაგრამ მათი ინტერესები ფარული და პირადია. მესამე და მთავარი, ხდები ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი.  და რა ქნას მილამ, რომელიც მთელი ეს წლები იყო ოჯახის მარჩენალი. და მილა იყო ფული. და მილა იყო დახმარება. და როცა წელიწადში ერთხელაა მისი დაბადების დღე, სწორედ ამ დროს ლაზარეს სჭირდება ფული, რომელიც მილას უნდა სთხოვოს. და მაშინ კარგავს საკუთარ თავს გენა საბჭოთა კავშირისგან მიღებული მძიმე დაღით. და მაშინ არის ზემა მხოლოდ სამართლის სამსახურში ჩართული, რომ მილას დაბადების დღე არაფერია. მაგრამ ყველაფერია ცხრა აპრილი. “ 9 აპრილი, რომელიც წელიწადში ერთხელ გვახსოვს. “ ისიც იმიტომ, რომ კალენდარი უფროა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, ვიდრე წარსული ისტორია. ნებისმიერ საღად მოაზროვნე ერი წლების მანძილზე წვალობს, რათა თავისუფლების მოიპოვოს და “ბუნკერი” სწორედ ამას ხსნის, რომ არ უნდა გაჩერდე, რადგან სხვის მოპოვებულ თავისუფლების ხარჯზე ცხოვრობ. მილას და გენას რომ თავისუფლება ჰქონოდათ… მათ რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შეეძლოთ…

მაგრამ უნდა გჯეროდეს. უნდა იცოდე, რომ საქართველოსნაირ ჯოჯოხეთშიც ხდება გამონათებები. რომ თუ აზროვნებ, ესე იგი იცი ვინ ხარ და სად ხარ. თუ ფიქრობ, იცი, რომ შენ სჭირდები მომავალს ჩვენსას, რომელიც იცვლის რეალურ სახეს.

  “შენადა, დღევანდელი დღისგან რა ისწავლეო?”

კესო თოდაშვილი

ფსიქოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი

Comments are closed.