ჩემი პროფესია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიაა, რაც, როგორც წესი, კულტურისა და საზოგადოების თანამონაწილეობით, საველე კვლევას გულისხმობს. თვითიზოლაციისა და „სახლში დარჩენის“ პირობებში, ამ საქმით დაკავებულებს ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ გარეთ იშვიათი და ხანმოკლე გასვლისას ჩატარებული დაკვირვება, ონლაინ-ეთნოგრაფია და ნაცნობებ-მეგობრების მონათხრობი ამბებიღა დაგვრჩა. დაკვირვების მასშტაბს და პერსპექტივას ეს შეზღუდვა საგრძნობლად ავიწროებს – ცხადად ვიაზრებ, რომ ამ ვითარებაში, ჩემი თვალსაწიერი ხშირად ჩემივე საკუთარი სოციალური კონტაქტების წრით შემოისაზღვრება. თუმცა, იქნებ უეცრად “არსაიდან გაჩენილმა” დრომ თავსატეხის ამ მცირე ფრაგმენტებისგან სურათის პატარა ნაწილების აწყობის და ერთმანეთთან გაზიარების საშუალება მოგვცეს. მეც სწორედ ამას შევეცდები. ბლოგის პირველ ნაწილში არაფორმალურად ვყვები, როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს ჩემ უშუალო სიახლოვეს მყოფი ადამიანები, მეორე ნაწილში საჯარო სივრცის ერთ მონაკვეთს აღვწერ ეპიდემიის გარიჟრაჟზე, მესამე ნაწილში კი ვცდილობ, დაკვირვება კიდევ უფრო გავშალო და თეორიულ ჩარჩოში მოვაქციო.
- „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“
როცა „კორონა“ შემტევ ფაზაზე გადავიდა, მამაჩემმა ინტერნეტში თავისი ახალგაზრდობის მუსიკის ქავერ-ვერსიების ძებნა და მოსმენა დაიწყო; მე – შუაგზაზე მიტოვებული წიგნების კითხვას შევუდექი, „ფეისბუკის“ ანგარიში გავაუქმე და მეგობრებთან ტელეფონით ხანგრძლივი საუბრის უხსოვარი ტრადიცია ავაღორძინე; ჩემმა ძმამ სკანდინავიური ბუნების წიაღში ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმები გადმოწერა და გაგვიზიარა; დედაჩემმა კი კარადიდან ძველი, შავ-თეთრი და „სეპია“ საოჯახო ფოტოები გადმოაწყო და თუ ვინმე არაიდენტიფიცირებული ლეჩაქიანი და პენსნეიანი წინაპარი ეგულებოდა, ყველა სათითაოდ დაასკანერა კომპეტენტურ ნათესავებთან ელექტრონული ფოსტით გასაგზავნად – იქნებ იმათ მაინც ამოიცნონ, ვინ არიანო.
ჩემ ირგვლივ, თბილისში, ბევრი, ვისაც საბინაო პირობები „ერთად, მაგრამ განცალკევებით“ ცხოვრების საშუალებას აძლევდა, თვალსა და ხელს შუა დიდ ოჯახს დაუბრუნდა. ვისაც სოფლად ჰყავდა ვინმე, ან აგარაკი ჰქონდა, მალევე წავიდა და ახლაც იქ არის. საშიშროების ჟამს ადამიანები სოლიდარობის და ურთიერთდახმარების ქსელებს მიმართავენ, ძველ კავშირებს ააქტიურებენ და ზოგჯერ ახლებს ქმნიან, ჩვენს საზოგადოებაში კი სოციალური კავშირები და „უსაფრთხობის ქსელები“ პირველ რიგში, არაფორმალურობასა და ე.წ. “bonding” სოციალურ კაპიტალს – ოჯახსა და ახლო მეგობრებს ნიშნავს.[1] როცა ხმა დაირხა, “კორონა” მოხუცებისთვის არის საშიში და ახალგაზრდებს უფრო მარტივად გადააქვთო, მარტო მცხოვრებ მეგობართან მისი ექიმი მეგობარი გადავიდა საცხოვრებლად – სამსახურში ყოველდღე დადის, რისკის ზონაშია, შინ კი ხანდაზმული მშობლები ჰყავს და შეეშინდა, „რამე“ არ გადავდოო. ამ გადაწყვეტილებით ორივე ერთობ კმაყოფილი დარჩა – ჩემი მეგობარი ჰიპერსოციალურია და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას მშიერი ვეფხვის პირისპირ დარჩენა ურჩევნია, მის მეგობარს კი მშობლები ძალიან უყვარს.
ზოგის ბედი სულ სხვაგვარად წარიმართა. ჩემმა მეგობარმა, რომელმაც გაცვლითი სტიპენდია მიიღო და თებერვალში დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში დასახლდა ბიბლიოთეკაში მშვიდად მოსაკალათებლად და დისერტაციის საწერად, მარტის ბოლოს გუდა-ნაბადი აიკრა და პირველივე შესაძლებლობისთანავე თბილისისკენ გამოვარდა. მის პატარა, მთვლემარე ქალაქს, რომლის მდორე ყოველდღიურობა დიდი ხანია არაფერს აუმღვრევია, ეპიდემია თვალისდახამხამებაში მოედო. ჩემმა მეგობარმა ოთხი ქვეყნის გავლით და ხუთი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით 42 საათი იმგზავრა და ბოლოს დაღლილი, გასავათებული და კორონავირუსით დაინფიცირებულობაში ღრმად დარწმუნებული გონს რუსთავში, სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის განკუთვნილ სასტუმროში მოეგო. ჩემს მეგობარს ცალკე ბინა აქვს. პასუხისმგებელი პირები მალე დაარწმუნა, რომ კარგად მოიქცეოდა და ერთი თვე იქიდან ცხვირსაც არ გამოყოფდა და შინ წაიყვანეს. ახლაც იქ არის, „კორონას“ ნიშანწყალი არ აღმოაჩნდა და მალე თვითიზოლაციის ვადაც გასდის, მაგრამ ისეთი კმაყოფილია შინ ჯდომით, მეეჭვება, ვადის გასვლის შემდეგ იქიდან გამოვიდეს.
ჩემი მესამე მეგობარი, რომელიც ათ წელზე მეტია, მარტო ცხოვრობს, ეპიდემიის გავრცელების შემდეგ დროებით მშობლებთან დაბრუნდა. უზრუნველყოფილი, „დალაგებული“ და სხვისთვის პასუხისმგებლობაგადაბარებული ცხოვრების ყველა მომხიბვლელი მხარის გააზრებისა და აღიარების შემდეგ რამდენიმე დღეში ჩემს დინჯ და აუღელვებელ მეგობარს ისეთმა ღრმა და ყოვლისმომცველმა ეგზისტენციალურმა კრიზისმა შემოუტია, რომ იფიცება, მანქანით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის, თბილისში დაბრუნების და „ძველი ცხოვრების“ აღდგენის შემდეგ დაწესებულებას არ დავტოვებ შეუსვლელად, უნახავ მეგობრებს ყოველდღე შევხვდები და საათობით ველაპარაკები და სანამ სული არ ამომხდება, სახლში ჩემი ფეხი საერთოდ არ იქნებაო.
- „აპრილი ყველაზე სასტიკი თვეა“
მარტის ბოლოს, შუადღისთვის, სადგურთან ამოვყავი თავი. საქმე მეორე მხარეს მქონდა, იქ მოსახვედრად კი ბაზარი უნდა გამევლო. აქაურობას არცთუ ცუდად ვიცნობ – ბაღის მცენარეები ყველაზე იაფად აქ იშოვება, მარცვლეულის და ბურღულის ყიდვაც აქვე შეგიძლია და ყველა ჯურის ხალხის თვალიერება და ყურისგდებაც. პირველი, რასაც ვამჩნევ, უცნაური სიჩუმეა. ზუზუნი, ყაყანი, მძღოლებისა და ქვეითების ორთაბრძოლის ამსახველი ხმები, გინება, ხვნეშა და გაურკვეველი შორისდებულები არსად ისმის. სამაგიეროდ, „ადგილობრივი ლანდშაფტი“ ჩანს უჩვეულოდ მკაფიოდ – ნახევრად დამწვარი, ნახევრად დანგრეული და ნახევრად აშენებული შენობების ჩონჩხები, ღია ცის ქვეშ გამოტანილი თვითნაკეთი დახლები, ცოტა მოშორებით – გაუგებრობაში მოხვედრილი საცხოვრებელი სახლები, სადაც, ჩვეულებრივ, მუდმივ ხმაურს მიჩვეული ბინადრები შეყუჟულან. იქაურობა ასე ცხადად პირველად დავინახე. მერეღა ვხვდები – ხალხი არ არის და იმიტომ.
ქვევით დახლებთან კანტიკუნტად მდგარ გამყიდველებს ვხედავ. ბოსტნეულს, საპონს, საყოფაცხოვრებო ნივთებს ყიდიან. იქვე მცენარეების გამყიდველი ნაცნობი ქალებიც დავლანდე. პოლიგლოტი რამაზიც თავის პოსტზეა და მარცვლეულის ტომრებთან ეულად მდგარ ინდუს ბიჭს ბარდას უწონის. ბოსტნეულის გამყიდველ ქალს გამოველაპარაკე. მითხრა, ჩემს ქმარს ჩამოაქვს საქონელი სოფლიდან მანქანით, პამიდორიც მაქვს, კიტრიც და კარტოფილიც და ჯერჯერობით ყველაფერი გვექნებაო.
ეს მარტის ბოლოს იყო. აპრილში აგრარული ბაზრებიც დაიკეტა, არასაკვები პროდუქტით ვაჭრობაც აიკრძალა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ჩემი გამყიდველები და მძღოლები მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებში წავიდ-წამოვიდნენ, აქ ფული აღარ იშოვება. „დეზერტირების ბაზარი“ სულ მთლად დაცარიელდა, იქაური სახლების შინ შეკეტილი ბინადრები კი ალბათ აწ უკვე უჩვეულო სიჩუმისგან გაყრუებულან.
- „ეს ყველაფერი რომ მორჩება …“
ბედის ირონიით, ეპიდემიის გარიჟრაჟზე თბილისის სივრცეში „ქუჩის“ და უსაფრთხოების დისკურსების დინამიკის შესახებ ვწერდი სტატიას. ბოლო ინტერვიუ 2019 წლის ბოლოს ჩავწერე, სულ რამდენიმე თვეში კი ისეთი ამბავი ატყდა, რომ „საფრთხემ“ და „უსაფრთხოებამ“ თვალის დახამხამებაში სულ სხვა დატვირთვა შეიძინა. ჩვენს ყოველდღიურობაში მყისიერად გაჩნდა სხეულის მენეჯმენტის ახალი ნორმები და სასაუბრო კოდები, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილები, ყოველდღიურობის რიტმი, გადაადგილების სიხშირე, განრიგი, მარშრუტი, ტემპი. მედიაში თუ ქუჩაში კორონავირუსზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ისე, როგორც დამოუკიდებელ, გლობალურ აქტორზე – გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, EBRD-ს ყოფილი მთავარი ეკონომისტისა და სხვათა ავტორობით ახლახან გამოქვეყნებულ წერილში[2] „კორონავირუსისგან წამოსულ ზეწოლაზეა“ საუბარი; ცნობილი მემარცხენე ხელოვანი და პოლიტიკოსი თვლიან, რომ შესაძლებელია, „Covid-19“-მა ნეოლიბერალიზმს მოუღოს ბოლო[3], ხოლო მათი ქართველი კოლეგები ვირუსს ფეისბუკზე ხუმრობით „ამხანაგ კორონადაც“ კი მოიხსენიებენ.[4] „აქტორებისა და ქსელების“ თეორიის ერთ-ერთმა ავტორმა, ბრუნო ლატურმა კი, რომელიც მუდამ ირონიულად უსვამდა ხაზს „არა-ადამიანი“ (non-human) აქტორების აგენტობის ცხად შესაძლებლობას და პოლიტიკისა და „ბუნების“ ერთმანეთთან უწყვეტ გადაჯაჭვულობაზე საუბრობდა (Latour 2012), 2 მარტს „ტვიტერზე“ ჩინეთში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ამსახველი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა ტექსტით: „გახსოვთ, რა რთული იყო იმის აღიარება, რომ არა-ადამიანებს, მაგალითად, მიკრობებს, სრულმასშტაბიანი აქტორები – აქტანტები – შეუძლიათ იყვნენ, რომელთაც კლასიკური „სოციალური“ აქტორების მხარდამხარ, ასოციაციური კავშირების გაბმა ხელეწიფებათ? ახლა ეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული რამაა – იხილეთ ჩინეთის დაბინძურება ვირუსის ფონზე და მის გარეშე“.[5]
ლატურის მითითება, რომელიც გვახსენებს, რომ „ადამიანების სამყაროდან“ და ძალაუფლების ველიდან მიკროარსებები მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არიან „განდევნილნი“, დღეს კიდევ უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ოდესმე. თუმცა, დისკურსი სინამდვილის შესახებ სინამდვილეს ისეთივე წარმატებით ქმნის, როგორც „ფაქტები“ (Pelkmans 2003,121). როგორ წარმოვისახავთ და წარმოვქმნით „კორონავირუსიან“ ყოველდღიურობას და რით განსხვავდება ის „ჩვეულებრივობისგან“? რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით და როგორ იკვეთება ერთმანეთთან და როგორ აყალიბებს ერთმანეთს გლობალური, ნაციონალური და ლოკალური წარმოდგენები კორონავირუსის შესახებ?
კორონავირუსის ეპიდემიის გაჩაღების შემდეგ, როცა თვითიზოლაციისა და ფიზიკური დისტანცირების პერსპექტივა უკვე აშკარა გახდა, ერთ-ერთ ნიშანდობლივ ტროპად (განმეორებად მოტივად) რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის საკითხი იქცა – სოციალური ქსელებიდან, ბლოგებიდან თუ ტელევიზორებიდან „ცნობილი ადამიანები“ და სხვები სულ უფრო ხშირად გვირჩევენ, სახლში მარტო გამოკეტილებმა რა უნდა ვაკეთოთ – ზოგი ვარჯიშსა და მედიტაციას გვირჩევს, ზოგმა ჟამიანობისას წასაკითხი წიგნების სია გაგვიზიარა, ზოგმაც უფასო ონლაინკურსები თუ მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების არქივი. მარტოობაში რეფლექსია (ან მისი შესაძლებლობა) კორონავირუსის ეპიდემიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თანამდევი მოვლენაა, თუმცა, რეფლექსიას მხოლოდ განცალკევებით როდი ვეწევით. კლასიკურ ნაშრომში „ჩარჩო, ნაკადი და რეფლექსია – რიტუალი და დრამა, როგორც საჯარო ლიმინალობა“ (1979) ანთროპოლოგი ვიქტორ ტერნერი საზოგადოების კოლექტიურ რეფლექსიაზე საუბრობს. მისი თქმით, ის კოლექტიური პერფორმანსის (წარმოდგენის) ფორმას იძენს, რომელიც გამომსახველობითი ხერხების ძალზე ფართო სპექტრს მოიცავს – მათ შორის, სასაუბრო კოდებს, ჟესტებს, გრაფიკულ რეპრეზენტაციასა და სიმბოლური ობიექტებით ოპერირებას (Turner 1979,465). არნოლდ ვან გენეპის (1909) „გარდასვლის რიტუალების“ თეორიაზე დარდნობით, ტერნერი ე.წ. „ლიმინალურ ფაზაზე“ საუბრობს – შუალედურ საფეხურზე, რომელზეც ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდამავალი ადამიანი, ან მთელი საზოგადოება იმყოფება. ეს ერთგვარი მაგიური დრო-სივრცე, „ზღურბლოვანი მდგომარეობაა“, როცა ადამიანი, ან სოციალური ჯგუფი „არც აქ არის, არც – იქ“ და ორ მდგომარეობას შორის არის გაჩხერილი (ტერნერი ამ მდგომარეობას ერთგან “limbo”-ს, „განსაწმენდელსაც“ უწოდებს). ასეთი გამოცდილების წინაშე საზოგადოება დიდი ცვლილებების, მაგალითად, კოლექტიური კრიზისის დროს დგება, როცა „ნორმალურობის“ შესახებ წარმოდგენა ხშირად, რადიკალურად და ზოგჯერ, სამუდამოდ იცვლება – მშვიდობა ომად იქცევა, კეთილდღეობა – სიღატაკედ, სიჯანსაღე კი – ეპიდემიად. „ლიმინალურ დროში“ ჩვეული ყოველდღიური კატეგორიები აღრეულია, ხოლო ძველი სტატუსები ანულირდება, ან ახლით იცვლება. „საქმის კეთებას“ და გამოსავლის ძიებას კი ადამიანები ტრადიციული მოდელების ნაცვლად, ექსპერიმენტული გზებით იწყებენ და მაშინაც კი, როცა ვითარება მძიმე და გამოუვალი ჩანს, ეს ექსპერიმენტულობა ხშირად ახალი პოტენციალის, ახალი სამომავლო შესაძლებლობების ჭვრეტის დასაწყისად თუ ახალ პერსპექტივებზე მსჯელობის საგნად იქცევა.[6]
ასეთი ზღვრული, ქაოტური მდგომარეობა საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ გვახსოვს. პირად საუბრებში „კორონავირუსით“ გამოწვეულ მდგომარეობას ნაცნობები ხშირად ადარებენ „ოთხმოცდაათიანებს“ (ძირითადად, მაღაზიების წინ გაჩენილი რიგების და სურსათის დეფიციტის მოლოდინის ხსენებისას). თუმცა, „კორონავირუსის დრო“ უკვე არა ნაციონალური, ან ვიწრო ლოკალური, არამედ გლობალური ლიმინალური მდგომარეობაა.
მედიაში, ქუჩაში და ტელეფონზე ადამიანები „კორონავირუსის“ ეპიდემიაზე ისე საუბრობენ, როგორც „დროებით ანომალიაზე“ და გულისხმობენ, რომ ოდესმე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ეს ერთგვარი „გაყინული დრო“, „გაფართოებული აწმყოა“, სადაც ყველა „საქმე“ ჰიპოთეტურ მომავალში იწევს („ეს ყველაფერი რომ დასრულდება …“). „კორონას დრო“ ტერნერისეული „ლიმინალური დროა“, რომელიც „საათზე მიბმული არ არის“ (Turner 1979, 465). თუმცა, „ეს ყველაფერი“ როდის დასრულდება, ზუსტად არავინ იცის – პროგნოზი საიმედო ვაქცინის „გამოგონების“ და წარმოებაში ჩაშვების შესახებ ორაზროვანი და ბუნდოვანია. გაურკვეველია თვით ვირუსის ბუნებაც და შესაბამისად, მისი შესაძლო სტრატეგიებიც. კორონა, რომელსაც აშკარა „დამოუკიდებელ მოთამაშედ“ ვხედავთ, ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის და ზნის არის, ამიტომ დანამდვილებით არც ის ვიცით, როგორ უნდა მოვეპყროთ, ან მისგან რას უნდა ველოდეთ („ამბობენ, ადრე თუ გვიან ყველას დაგვემართებაო“, „ზაფხულში შემცირდება – ამბობენ, მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა კლავსო“, „ამბობენ, შემოდგომაზე თავიდან გააქტიურდებაო“, „ქართველებს, ეტყობა, მსუბუქი ფორმით გვემართება“ და ა.შ.). „მაგიურ დროში“, „გრძნეულების საათში“ წინასწარ განსაზღვრული არაფერია და ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.
შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, ვცდილობ, დავაკვირდე, ქცევის რა ახალი პატერნები ჩნდება “კორონას” გამოჩენის შემდეგ ყოველდღიურობის მიკროსამყაროს დონეზე. ერთ-ერთი ასეთი დაკვირვების საგანი ჩემთვის სატელეფონო, ქუჩის, ან ონლაინ საუბრების დრამატურგია გახდა. საუბრები ვირუსის ხსენებითა და თანამოსაუბრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების შესახებ შეკითხვებით იწყება („როგორ ხართ ამ საგიჟეთში ყველანი? ვინ სად ხართ?“). შუა ნაწილი ხშირად სწორედ „ეპიდსიტუაციის“ განხილვას და მის ირგვლივ მსჯელობას, უახლესი ინფორმაციისა და მითქმა-მოთქმის გაზიარებას ეთმობა (იხ. ციტატები ზევით). საუბრის დასასრული კი, როგორც „მაგიურ დროს“ შეეფერება, სხვადასხვაგვარი „დალოცვისა“ თუ „შელოცვის“ ფორმულებისგან შედგება („ჯანმრთელობას გისურვებთ!“, „ყველაფერი კარგად იქნება!“, „მალე დამთავრებულიყოს ეს ყველაფერი!“). „ლიმინალურობის გრამატიკად“ ტერნერი სწორედ ამ იმპერატიულ, ან კავშირებით კილოს ხედავს (Turner 1979, 466) – თუკი „ნორმალურ ყოველდღიურობას“ თხრობითი კილო შეესაბამება, ლიმინალურ დროში საზოგადოება საკუთარ თავს ნატვრის, სასურველი მომავლის პროექციის, „დალოცვისა“ და „შელოცვის“ ფორმულებით ესაუბრება. ნეტავ, როდის არის ის წერტილი, როცა ამის კეთებას ვიწყებთ, ან როდის ვჩერდებით და ვხვდებით პირველად, რას ვაკეთებთ (თუ ეს საერთოდ ხდება)? მე თვითონ მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როცა აფთიაქის კონსულტანტ ქალს დამშვიდობებისას „ჯანმრთელობა ვუსურვე“[7] და წამიერი პაუზის შემდეგ, ორივეს გაგვეცინა. ეს ფორმულები, ისევე, როგორც ერთი შეხედვით უსარგებლო მოქმედებები (ახალგაზრდობისდროინდელი მუსიკის მოსმენა, ქსოვა, ვარჯიში, წინაპრების ფოტოების თვალიერება) თითქოს საზღვრებმორღვეული ყოველდღიურობის სტრუქტურირებაში გვეხმარება, გაურკვევლობის გადალახვას გვიადვილებს და საფრთხის არიდების „მაგიურ გზას“ გვთავაზობს. დროთა განმავლობაში, ყოველი დღის ქსოვილს ამ ახალ რიტუალებსა და შელოცვებზე ვაგებთ, „ნორმალურობის“ შესახებ ძველი მეხსიერება კი თანდათან უკანა პლანზე გადადის.
კიდევ უფრო თვალსაჩინოა, როგორ იცვლება სხეულის მენეჯმენტის და მისი „გაფორმების“ ნორმები – ხელების ბანის დეტალური ჰიგიენური პროცედურების დაცვასთან ერთად, სავალდებულო გახდა ქირურგიული ხელთათმანებისა და პირბადეების ტარებაც. ეპიდემიის ეს აქსესუარები ქუჩაში დღითი დღე უფრო მრავალფეროვანი ხდება – მაგ. პირბადეები სწრაფად დახარისხდა სტატუსის მიხედვით. უკეთიათ როგორც სახელმწიფო დაკვეთით დამზადებული თეთრი დოლბანდის, 50-თეთრიანი პირბადეები, ისე – „დიზაინერული“ (საგანგებოდ შეკვეთილი) და თვითნაკეთი, სხვადასხვა ფერის, ფაქტურის და ზომის ნიღბები. კოლექტიური პერფორმატიული თვითრეფლექსიის განმარტებისას ტერნერს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითის სახით კარნავალი მოჰყავს (Turner 1979,477) – საჯარო დღესასწაული, სადაც სტატუსები და იდენტობები, ისევე, როგორც სოციალური წესრიგი, დროებით, ჯადოსნურად იცვლება. კორონავირუსის სევდიანი სიჭრელე ტერნერის მიერ აღწერილ ხმაურიან, თამაშით და იმპროვიზაციით სავსე მხიარულების დღესასწაულებს როდი ჰგავს, მაგრამ როცა ქუჩაში გასულს მაღაზიასთან ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერის, ფორმის და ფაქტურის ნიღბებით აღჭურვილი ადამიანები მხვდებიან, ირონიულად სწორედ კარნავალი მახსენდება.
გარდა ცოცხალი სხეულის მენეჯმენტისა, რაც ნაკლებად მტკივნეული საკითხია, კორონავირუსმა გარდაცვლილი სხეულის და სიკვდილის მართვის, სიკვდილის რიტუალების მართვის ნორმებიც ამოაყირავა.[8] Covid-19-ით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილს ახლობლები ვერ გამოემშვიდობებიან, რადგან ცხედარი მხოლოდ დახურულ ჩანთაში უნდა მოთავსდეს და სწრაფი წესით, გარდაცვალებიდან 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს.[9] მასობრივი თავშეყრის აკრძალვასთან ერთად, ამ მითითებამ სიკვდილთან დაკავშირებულ ყველა საჯარო რიტუალში მონაწილეობის შესაძლებლობა გააუქმა (პანაშვიდი, დაკრძალვა, ქელეხი). დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა დაესწრონ. თუკი „ლხინის რიტუალებში“ მონაწილეობა ნებაყოფლობითად ითვლებოდა, „ჭირის რიტუალებზე“ დასწრებას საქართველოში დღემდე არაფორმალური სავალდებულო ფორმა ჰქონდა. გარდაცვლილისათვის პატივის მისაგებად სიკვდილის რიტუალებში მონაწილეობა სოციალურად წახალისებული პრაქტიკა იყო. მიმსვლელები და დამსწრეები უკანასკნელად განასახიერებდნენ გარდაცვლილი პირის სოციალურ ცხოვრებას – ეს გაცოცხლების პერფორმანსი, ერთი მხრივ, გარდაცვლილის შესახებ მოგონებების გაცვლის, მისი ცხოვრების გახსენების პროცედურის გზით ხორციელდებოდა, მეორე მხრივ კი თითოეული დამსწრე (მაგ. ის, ვინც პანაშვიდზე მიდიოდა) გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში დაგროვილ სოციალურ კაპიტალს განასახიერებდა.[10] „კორონავირუსის“ ეპიდემიამ კი ეს ორმხრივი დაუწერელი კონტრაქტი ერთი ხელის მოსმით, გაურკვეველი დროით გააუქმა. ბევრი ხალხის ერთ სივრცეში თავშეყრა, ხელის ჩამორთმევა და გადაკოცნა, რაც სამგლოვიარო რიტუალების პროცედურებს შეადგენდა, მოცემული დროისთვის აკრძალულია. „გაყინულ დროში“ გარდაცვლილების ახლობლებს ახლა მხოლოდ ტელეფონით, ან ინტერნეტით უსამძიმრებენ.
დღითიდღე კიდევ ძალიან ბევრი რამ იცვლება – მანქანით მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ქვეითების ფეხით სიარულის სიხშირე და მარშრუტები, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ქსელების ათვისების სტატისტიკა, ინფორმაციის და სხვადასხვა რესურსებზე წვდომის მიღების სტრატეგიები, საცხოვრებელი სივრცის არჩევის კრიტერიუმები და ცენტრი-პერიფერიის დინამიკა და ა.შ. რომ აღაფერი ვთქვათ ყოველდღიურ რელიგიურობასა თუ დასაქმების სტატისტიკაზე. ვფიქრობ, ჩვენი ყურადღება ამ ყველაფრისაკენ დღესვე უნდა მივმართოთ, თუმცა ეს ცვლილებები, ცხადია, უფრო ხანგრძლივი და სიღრმისეული კვლევის საგანია.
აი, ეს ყველაფერი რომ მორჩება …
19 აპრილი, 2020
შენიშვნები:
[1]“An Assessment of Social Capital in Georgia“. Caucasus Research Resource Centers, accessed April 19, 2020. http://crrc.ge/uploads/tinymce/documents/Completed-projects/CRRC_Social_Capital_Briefing_Paper.pdf
[2] „ან ახლა, ან არასდროს – გლობალური ლიდერობა Covid-19-ის დროს / გორდონ ბრაუნი და სხვები“. ნეტგაზეთი, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. https://netgazeti.ge/news/442035/
[3] Brian Eno and Yanis Varoufakis, “Reflecting on our Post-Virus World”. Youtube video, accessed April 19, 2020.
[4] რადგან „ფეისბუკზე“ ანგარიში გავაუქმე, ამ დისკუსიების ამსახველ საჯარო ბმულს, სამწუხაროდ, ვერ გთავაზობთ.
[5] Bruno Latour (@BrunoLatour). Twitter.com, accessed April 19, 2020. https://twitter.com/brunolatouraime/status/1234491625965019136
[6] „ქართულ ინტერნეტში“ ამ ტენდენციის ამსახველი ბევრი პოსტი, სტატია და ბლოგი შემხვდა. მაგ. იხ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მსჯელობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსმა საქართველოსათვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შეიძლება შექმნას. „Covid-19-ის კრიზისი, როგორც შესაძლებლობა საქართველოსათვის – ქადაგიძე“. ნეტგაზეთი, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. https://netgazeti.ge/news/439854/. კობა ლიკლიკაძე, „კორონავირუსი, როგორც კონფლიქტის გადატვირთვის შესაძლებლობა?“. რადიო „თავისუფლება“, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს/ https://www.radiotavisupleba.ge/a/30536851.html ასევე იხ. მაგ. ვანო ცერცვაძე და გიორგი თურქია, „კრიზისი – ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის“. რადიო „ჯიპა“, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. http://blog.radiogipa.ge/?p=4676
[7] „კორონავირუსამდე“ ამ აფთიაქში კონსულტანტები, ჩვეულებრივ, ასე გემშვიდობებოდნენ: „ჯანმრთელობას გისურვებთ!“.
[8] “Infection Prevention and Control for the safe management of a dead body in the context of COVID-19”. World Health Organization, accessed April 19, 2020. https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331538/WHO-COVID-19-lPC_DBMgmt-2020.1-eng.pdf
[9] ნინო თარხნიშვილი, „საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა”. რადიო თავისუფლება. მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. https://bit.ly/2KerwY8
[10] გიორგი ნიჟარაძე, “ლეპტოპი და ჯვარი”. კრებულში: დაკარგული სივრცის ძიებაში : კულტურის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა საქართველოში.რედ. ზურაბ ქარუმიძე (თბილისი :2010), 41-65.