კახა წიქარიშვილი: პანდემია და სისხლის სამართალი

By | ბლოგი

პანდემია ბერძნული წარმოშობისაა („pan” – ყველა და “demos” – ხალხი) და აღნიშნავს დაავადებას რომელიც გავრცელებულია რეგიონში ან მთელ მსოფლიოში. ეს სიტყვა, რომელიც ადრე მხოლოდ ტელევიზორიდან თუ გაგვიგონია ან წიგნში ამოგვიკითხავს, ყველა ჩვენთაგანისთვის აქტუალური გაჩნდა. ახალი კორონა ვირუსი – COVID 19, რომელიც პირველად გასულ დეკემბერში ჩინეთის ერთ პროვინციაში გამოვლინდა, დღეს უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით 408 პირია დაავადებული, რომელთაგან 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 დაიღუპა.

რატომ გავრცელდა ვირუსი ასე სწრაფად?

სამი მარტივი მიზეზის გამო:

1. ვირუსის გადამტანი არის ადამიანი, რომელმაც უმეტეს შემთხვევაში არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია

2. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად გადადის

3. ადამიანი, რომელიც გასულ საუკუნეში ძირითადად ფეხით ან ცხენით გადაადგილდებოდა დღეს უკვე ტრანსპორტის 240-ზე მეტი სახეობით[1] გადაადგილდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 3530 კმ/სთ[2] ს ავითარებს.  

კარგი ამბავი ის არის, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5 – 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

რა კავშირშია ერთმანეთთან პანდემია და სისხლის სამართალი.

პანდემიის შეკავება მნიშვნელოვანწილად თითოეული ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული. სისხლის სამართალი ადამიანების ქცევას არეგულირებს აკრძალვებისა და სანქციების მეშვეობით.

ინფექციური დაავადების – შიდსის გავრცელება მოცულია სსკ. 131-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ადამიანისთვის შიდსის განზრახ შეყრას (ან საფრთხეში ჩაყენებას) ან გაუფრთხილებლობით შეყრას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. სსკ. 132-ე მუხლი უფრო ზოგადი ხასიათისაა და ითვალისწინებს განსაკუთრებით საშიში სხვა ინფექციური დაავადების საფრთხის შექმნას, ან ინფექციური დაავადების შეყრას.

სსკ. 132-ე მუხლი შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა

1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;

ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მე ვარ ინფიცირებული და სხვა ადამიანს გადავდებ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებას, მაგალითად COVID 19 ?

მაგალითად ავიღოთ 5 შემთხვევა:

  1. პირველი შემთხვევა: დანამდვილებით ვიცი რომ ვარ კოვიდინფიცირებული და კონტაქტში შევედი ადამიანებთან რომ სხვას გადავდო ეს ინფექცია. ასეც მოხდა, ინფექცია ჩემიდან სხვას გადაედო.
  2. მეორე შემთხვევა: დანამდვილებით ვიცი რომ ვარ კოვიდინფიცირებული, კონტაქტში შევედი ადამიანებთან რათა სხვისთვის გადამედო ინფექცია. ჩემი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ინფექცია სხვას არ გადაედო.
  3. მესამე შემთხვევა: დანამდვილებით ვიცი, რომ ვარ კოვიდ ინფიცირებული და არ მსურს სხვას გადავდო ინფექცია, თუმცა ჩემი გულგრილი დამოკიდებულების გამო არ დავიცავი უსაფრთხოების წესები და ჩემიდან ინფექცია სხვას გადაედო.
  4. მეოთხე შემთხვევა: დანამდვილებით ვიცი, რომ ვარ კოვიდინფიცირებული და არ მსურს სხვას გადავდო ინფექცია, თუმცა ჩემი გულგრილი დამოკიდებულების გამო არ დავიცავი უსაფრთხოების წესები და შევქმენი ინფექციის გავრცელების საფრთხე, თუმცა ეს საფრთხე არ განხორციელდა და ინფექცია სხვას არ გადაედო.
  5. მეხუთე შემთხვევა:  ვვარაუდობ რომ სიმპტომების მიხედვით მაქვს COVID 19. აღნიშნულის შესახებ არ ვაცნობე სათანადო დაწესებულებებს, არ დავიცავი უსაფრთხოების წესები და ინფექცია სხვას გადაედო.

პირველ 4 კაზუსზე სამართლებრივი კაზუსი საკმაოდ ცალსახაა: ვინაიდან კოვიდ 19 მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიში ინფექციებს[3] და მისი განზრახი გადადება ან სხვა ადამიანის განზრახ საფრთხეში ჩაყენება ისჯება. შესაბამისად, პასუხს ვაგებ სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით.

რაც შეეხება მე-5 შეკითხვას, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ერთი მოსაზრება ამბობს, რომ ვინაიდან 132-ე მუხლში ტერმინი გაუფრთხილებლობა არ წერია, ამ ინფექციური დაავადების გაუფრთხილებელი შეყრა არ უნდა ისჯებოდეს. ამას ამბობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად

4. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

მეორე მოსაზრების თანახმად სსკ. 132-ე მუხლი განზრახვასთან ერთად გაუფრთხილებლობასაც გულისხმობს (იხ. ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., თოდუა ნ., სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, 2019, გვ. 205).

შესაბამისად, დადგება თუ არა მე-5 კაზუსში ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კანონის განმარტების საკითხია, რაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

იმ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმა დაარღვია იმ დაწესებულების წარმომადგენელმა, რომლებსაც სპეციალური ნორმების დაცვა ევალებათ და ამას შედეგად მოჰყვა ადამიანთა მასობრივი დაავადება, მოწამვლა ან გარდაცვალება, პასუხისმგებლობა დადგება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლით, რომელითაც ისჯება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა რასაც მოჰყვა ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა ან სიცოცხლის მოსპობა.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელსაც ჯანდაცვის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება ევალება, დამალა ინფორმაცია ქვეყანაში ან კონკრეტულ დასახლებულ ადგილას ინფექციური დაავადების გავრცელების შესახებ ის პასუხს აგებს სსკ. 247-ე მუხლით, რომლითაც ისჯება ასეთი ინფორმაციის დამალვა, თუნდაც მას არ მოჰყვეს ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი.

ბოლოს, პანდემიასთან დაკავშირებით აუცილებელია აღვნიშნოთ პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ: ამ დეკრეტის მე-8 მუხლის თანახმად დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო  მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 15000 ლარის ოდენობით, ხოლო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

პანდემია სახუმარო თემა არ არის. საბედნიეროდ, დღემდე საქართველო წარმატებით აკავებს კორონა ვირუსის მასობრივ აფეთქებას, რაც მნიშვნელოვანწილად ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტების დიდი შრომის დამსახურებაა. რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია. იმედია მდგომარეობა მალე ჩაივლის და სისხლის სამართლებრივი სანქციების ამოქმედება არ გახდება საჭირო.


შენიშვნები:

[1] https://teachwithme.com/downloads/item/3505-1453

[2] https://en.wikipedia.org/wiki/Flight_airspeed_record

[3] https://ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=be883e70-7a8e-4e06-a3c0-7fca0ef2631b

კახა წიქარიშვილი – GIPA-ს პროფესორი / სისხლის სამართალი – ზოგადი და კერძო ნაწილი

Comments are closed.