The test of our progress is not whether we add more to the abundance of those who have much;
it is whether we provide enough for those who have too little…
Franklin D. Roosevelt, Inaugural Address. January 20, 1937
იმისათვის, რათა სათქმელი ჩამოვაყალიბოთ, მოდით წარსულში ვიმოგზაუროთ.
კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის განვითარების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მტკივნეული ეკონომიკური შოკი 1929 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩვენთვის დიდი დეპრესიის სახელით არის ცნობილი.
ეს იყო ასევე ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ამერიკის და ალტერნატიული ეკონომიკური თეორიის განვითარების პროცესში. სწორედ, ამ მოვლენამ აიძულა ამერიკის პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომ პირველად ისტორიაში ეკონომიკური განვითარების ხედვა ინვესტორიდან ანუ ბიზნესიდან გადაეტანა – მომხმარებელზე, საზოგადოების საშუალო კლასზე.
ვინც ამ პერიოდის ამერიკას მოესწრო, იგი მოწმეა ინდუსტრიული წარმოების მასიური კამპანიებისა პრესით, ტელევიზიითა და კომერციული რეკლამების საშუალებით, რომლის აზრიც შემდეგში მდგომარეობდა: ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია ადამიანების პირად მხარჯველობით უნარზე.
ზემოთხსენებული ტრენდი არ ყოფილა უბრალო შემთხვევითობა. ამ ეკონომიკურ თეორიას საფუძველი ლეგენდარულმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინსმა ჩაუყარა თავის ნაშრომში „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“.
კეინსის იდეა, რომელიც 1930-იან წლებში ა.შ.შ.-ს მთავრობამ, ფრანკლინ დელანო რუზველტის მეთაურობით, პრაქტიკაში განახორციელა დაახლოებით შემდეგია: სრული დასაქმებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საიდუმლოს გასაღები საზოგადოების მაღალი ერთობლივი მოთხოვნაა. თუმცა იმისათვის, რომ საზოგადოების ერთობლივი მოთხოვნა იყოს მაღალი, საჭიროა მასიური მოხმარების ზრდა, რაც თავის მხრივ მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზეა დამოკიდებული.
ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ჩვენ (მომხარებელს) თუ არ გვექნება საშუალება ვიყიდოთ საქონელი, ბიზნესი უბრალოდ ვერ განვითარდება.
და მაინც, ისმის კითხვა: რა შეცვალა კეინსიანურმა ეკონომიკურმა თეორიამ 1930-იანი წლების ამერიკაში და რა გარდამტეხი პროცესის მომსწრენი გავხდით დიდი დეპრესიის კრიზისის შემდგომ?
კაპიტალისტური ეკონომიკური ისტორიის არქივებში 1950-იანი წლების ამერიკას ოქროს ხანად მოიხსენიებენ, რაც თავის მხრივ კეინსიანური რეფორმების გამოძახილია.
რუზველტის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა ა.შ.შ.-ს 33-ე პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა.
ორივე პრეზიდენტის პერიოდი გამორჩეული იყო სახელმწიფოს მხარჯველობითი სტატისტიკის მკვეთრი ზრდით ინფრასტრუქტურულ სექტორში: მილიარდობით დოლარი იქნა დახარჯული ჰესების, გზების, კაშხლების მშენებლობაში, რამაც უმუშევრობის საერთო დონის შემცირება და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდა გამოიწვია.
სწორედ ისტორიის ამ მონაკვეთს ეკუთვნის ამერიკის კონგრესის მიერ სოციალური უსაფრთხოების აქტის დამტკიცება, რომელმაც შემქნა სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკური სისტემები უმუშევრებისთვის, პენსიონერებისთვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურები სოციალური უსაფრთხოების მიმართულებით, რომელთა მთავარი მიზანი შრომითი ბაზრის მხარდაჭერა და განვითარება გახლდათ.
ზემოთაღნიშნული პოლიტიკების გატარების შედეგად ა.შ.შ.-მ მიიღო პროდუქტიულობისა და ცხოვრების სტანდარტის რეკორდული ზრდა. ამ პროცესებმა აიძულა ჰენრი ფორდი ეფიქრა, რომ მისი კომპანიის პროდუქციის საუკეთესო მომხმარებელი საკუთარივე მუშახელი იქნებოდა, რამაც განაპირობა მათთვის ხელფასების ზრდა.
გარდა სოციალური და ეკონომიკური ნაწილისა, დიდი დეპრესიის კრიზისთან ბრძოლამ პოლიტიკაში მორალური არგუმენტები შემოიტანა, რამაც განავითარა სოლიდარობის საჯარო დისკურსი. ისტორიის ამ პერიოდს ეკუთვნის ამერიკაში ძლიერი პროფესიული კავშირების შექმნა და სამუშაო ძალის კონსოლიდაცია იმ ერთი საერთო მიზნისთვის რასაც ეროვნული პროდუქციის წარმოება ჰქვია. სწორედ ამ სოციალურმა ერთობამ მოიტანა დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება ა.შ.შ.-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს.
დღეს, როდესაც ჩვენი ეკონომიკა დიდი კრიზისის საფრთხის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია კარგად გავაანალიზოთ თუ როგორ ჰპოვებს სხვადასხვა ეკონომიკური თეორიები საჯარო მხარდაჭერას ისტორიის განვითარების მანძილზე.
იქნებ ჩვენმა ქვეყანამაც შეძლოს და ეს კრიზისი განვითარების წინაპირობად აქციოს, ისევე როგორც ამერიკამ ან თუნდაც იაპონიამ შეძლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში მეიძის რეფორმების შედეგად.
იქნებ ჩვენც მოვახერხოთ და ამ კრიზისის შემდეგ მაინც შევძლოთ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა…