ოთარ მაჩაიძე: კორონავირუსი – ახალი კაზუსი „ბიზნეს“ იურისტებისთვის’

By | ბლოგი

უკვე მეოთხე თვეა, რაც მსოფლიოს ახალ რეალობაში უწევს ცხოვრება და ამ რეალობასთან ადაპტაცია Covid19-ის ფონზე. დღეის მდგომარეობით, ქვეყნების  უმეტესობაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და შეჩერებულია საწარმოების (არა მარტო) მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას სოციალური დისტანცირება და თვითიზოლაცია წარმოადგენს. Covid19-მა და მასთან ბრძოლის მექანიზმებმა ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, მთელი რიგი სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში. 

საქართველოში განსაკუთრებული სამართლებრივი სიტუაცია შეიქმნა, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის მეწარმეობის და შრომის თავისუფლება, აიკრძალა/შეიზღუდა ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, გარდა გამონაკლისებისა.[1] შესაბამისად, ქართული ბიზნესი აღმოჩნდა  სამი ალტერნატიული რეალობის წინაშე: (1) კომპანიები, რომლებსაც დროებით აეკრძალათ საქმიანობა, (2) კომპანიები, რომლებსაც მოუწიათ საქმიანობის მოდიფიცირება (მაგ. მხოლოდ მიწოდების სერვისით მუშაობა ა.შ.) და (3) კომპანიები, რომლებსაც მეტნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ საქმიანობა.

 შექმნილი სიტუაცია მეწარმეებს აყენებს კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების წინაშე, რისი გადაჭრის გზებს იურისტებისგან ელიან. ბიზნესი იურისტებისგან ყოველთვის ითხოვს გამოსავალს და არა რჩევას იმის შესახებ, რომ მათ ეკრძალებათ კონკრეტული ქმედების განხორციელება ან/და რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს. ფაქტია, რომ იურისტებს, როგორც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ასევე, მის შემდგომ ბევრ სამართლებრივ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის ისეთზე, რომელზეც მზა პასუხი არ არსებობს.

ერთ-ერთი აქტუალური კითხვა, რომელიც დღეს ბიზნესს იურისტებისგან აინტერესებს, დასაშვებია თუ არა მათი საქმიანობა და რა ფორმით/შეზღუდვებით. დღეის მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც მთავრობის #181-ე დადგენილებაში არაერთი ცვლილება შევიდა და დანართით გათვალისწინებულ იქნა იმ საქმიანობის ჩამონათვალი, რომელიც დაშვებულია შესაბამისი შეზღუდვებით,[2] შედარებით გამარტივდა იურისტების „თავსატეხი“.

მეორე კითხვა, რომელიც ბიზნესს აქტიურად აწუხებს, კვალიფიცირდება თუ არა შექმნილი ვითარება „ფორსმაჟორად“ და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს არსებულ სიტუაციას მათ მრავალმხრივ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებზე. სიტუაციის უკეთესად წარმოსადგენად,  არავისთვის იქნება უცხო თუ ვიტყვით, რომ არსებობენ კომპანიები, რომელთა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეჩერებულია, თუმცა, მეორე მხრივ მათ ყავთ დასაქმებულები, რომლის წინაშეც ეკისრებათ შესაბამისი ვალდებულებები, აქვთ სესხი წარმოების დასაფინანსებლად და დაქირავებული ფართი საწარმოსთვის, მისი ფინანსური მდგომარეობა კი ვერ უზრუნველყოფს არსებული ვალდებულებების შესრულებას.

შექმნილი სიტუაცია წარმოადგენს „ფორსმაჟორს“/“დაუძლეველ ძალას“[3] თუ არა ამაზე მზა პასუხი არ არსებობს და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს დამოუკიდებელ შეფასებას, რამდენად ახდენს არსებული სიტუაცია ვალდებულების შეუსრულებლობაზე გავლენას. საკანონმდებლო დონეზე იმ მოვლენების ჩამონათვალი, რომელიც „ფორსმაჟორად“ კვალიფიცირდება რეგლამენტირებული არ არის. რომც არსებობდეს ასეთი საკანონმდებლო ჩამონათვალი, ეს ავტომატურად ყველასთვის „ფორსმაჟორად“ ვერ შეფასდება, თუ არ დადგინდა მათი გავლენა კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე. ჩამონათვალის არ არსებობა ერთი მხრივ მეტ სამოქმედო სივრცეს ტოვებს იურისტებისთვის და მოქნილობის შესაძლებლობას გვაძლევს, ხოლო მეორე მხრივ, აჩენს ბუნდოვანებას და შესაძლოა დავის ინიცირების საფუძველი გახდეს. დავის შემთხვევაში ქართულმა სასამართლომ უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ქართული სასამართლო პრაქტიკა გვასწავლის, რომ „დაუძლეველი ძალა“ მოიცავს როგორც სტიქიურ უბედურებას, ისე საზოგადოებრივ მოვლენებს (სამოქალაქო ომი), რომლებიც არღვევენ ტრანსპორტის, სასამართლოსა და სხვა ორგანოების ნორმალური მუშაობის რეჟიმს. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი, უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა ობიექტურად შეუქცევადი უნდა იყოს, მისი შეჩერება კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებებით შეუძლებელი უნდა იყოს“.[4] მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების პირდაპირი ჩამონათვალი არ გვაქვს, სასამართლოს ამ შეფასებით მოცემული გვაქვს ობიექტური კრიტერიმები, რომელშიც შეიძლება მოერგოს არსებუ ვითარებას.

როგორ გაერკვეს ბიზნესი ამ სამართლებრივ ლაბირინთში და სამართლებრივად უპასუხოს ამ გამოწვევას? ალბათ, კვალიფიციური სამართლებრივი რჩევის გარშე ძალიან გაუჭირდებათ. ამის ნათელი დადასტურება კი იმ კომპანიების განცხადებებია, რომლებმაც „თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს“ და ავიწყდებათ, რომ შვებულება, მათ შორის უხელფასო, დასაქმებულის უფლებაა და დამსაქმებელი მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციტივით „გაუშვას“ დასაქმებული უხელფასო შევებულებაში.

რა ვურჩიოთ იმ კომპანიებს, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ?

პირველ რიგში გადავამოწმოთ ხომ არ არის სამართლებრივი „ხვრელი“, რომლიც მას საქმიანობის გაგრძელებას შესაძლებლობას მისცემს?

აუცილებლად მოგვიწევს ვიფიქროთ (ან მოვიფიქროთ) შრომითი ურთიერთობის შეჩერების/შეწყვეტის საფუძველზე, იმ პირობებშიც კი, როდესაც ასეთი ერთი შეხედვით არ არსებობს.

არც სესხის და იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გამოწვევები უნდა დაგვრჩეს პასუხგაუცემელი. აქ კი უნდა ვიფიქროთ და შევაფასოთ „ფორსმაჟორში“ ხომ არ უნდა ვეძებოთ გასაღები? და თუ ვიპოვით, იმის შეფასებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რა უნდა გააკეთოს და რისი უფლება ექნება კომპანიას, რომელიც „ფორსმაჟორულ“ გარემოებაშია.

მიხვდებოდით, რომ ეს მხოლოდ იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზე პასუხებსაც ბიზნესი აუცილებლად მოითხოვოს იურისტებისგან. იურისტებს კი ისღა დაგვრჩენია, რომ თვითიზოლირებულებმა ვებრძოლოთ Covid19-ს და მოვემზადოთ ახალი გამოწვევებისთვის.


წყაროები:

[1]საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის  #181-ე დადგენილება.

[2] საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4830610?publication=17

[3] „ფორსამაჟორის“ სამართლებრივ დეფინიციას ქართული სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და მხოლოდ ერთ მუხლში ახსენებს, ისე რომ არ არის განმარტებული რა იგულისხმება მის ქვეშ. სამოქალაქო კოდექსში „ფორსმაჟორი“ ჩანაცვლებულია ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დაუძლეველი ძალა“ და „შესრულების შეუძლებლობა“.

[4] სუსგ:  ას-1160-1080-2017, 1 თებერვალი, 2018 წელი; იხ.: http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx

ოთარ მაჩაიძე – GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მოწვეული ლექტორი სამოქალაქო სამართლის შესავალში


Comments are closed.