გლობალურ მოვლენებს გლობალური ცვლილებები მოჰყვება. შედეგობრივად, ცვლილებები დადებითიც შეიძლება იყოს და უარყოფითიც. მიმდინარე პანდემია, თავისი არსით უარყოფითია, თუმცა დადებითიც ახლავს თან – გარემოს გაჯანსაღება, მეტი ზრუნვა პირად ჰიგიენაზე და დისტანციური მუშაობისთვის ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიური საშუალებების მაქსიმალური ათვისება, სამუშაოს ეფექტურად განხორციელების მიზნით.
დამსაქმებლებიც, ასევე, დასაქმებულებიც, პანდემიის დაძლევის შემდგომ, ალბათ, დაფიქრდებიან თუ რა დიდი რესურსი იკარგებოდა სამუშაოს შესრულებისას სხვადასხვა ისეთ აქტივობებში, რომელთა განხორციელებაც დისტანციურად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, სხვადასხვა ბიზნესი სხვადასხვა მეთოდის დანერგვას დაიწყებს, მეტად ოპტიმალურის და ეფექტურის. თუ ასე არ იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, ბიზნეს-პროცესების სხვა თვალით აღქმა გარდაუვალი გახდება.
დისტანციური მუშაობა მოსახერხებელია. ალბათ ახლა, ადამიანები მადლიერები ვართ თანამედროვე ტექნოლოგიების ისე, როგორც არასდროს აქამდე. მაგრამ, ამ რეალობის მხოლოდ ერთი პრიზმიდან აღქმა, დიდწილად, შეცდომა იქნება, ვინაიდან, როგორც დასაწყისში ვახსენე, ყველაფერს აქვს დადებითიც და უარყოფითიც. ასეა დისტანციურ მუშაობასთან მიმართებითაც. ამგვარი მუშაობის მეთოდის დადებითი მხარეები, ჩემი დახმარების გარეშეც, ვფიქრობ, კარგად იცით. ამდენად, მეორე მხარეზე აქცენტების გაკეთება უკეთესი იქნება. ეს არ ნიშნავს აუცილებლად უარყოფითის არსებობას, უბრალოდ, კარგი იქნება, თუ დისტანციურ მუშაობას ამ მიმართულებითაც გავიაზრებთ და მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.
ზოგადად, ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვისთვის მეტ და მეტ გამოწვევებს აჩენს. მეტად თუ ნაკლებად, ვირუსამდე, ჩართულები ვიყავით ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია. ინტერნეტს, ტელეფონს, კომპიუტერს მაქსიმალურად ვიყენებთ სხვადასხვა მიზნით – საქმისთვის, გართობისთვის, მეგობრებთან კომუნიკაციისთვის, საკვები პროდუქტების მოტანისთვის და ა.შ. იმ პირებს, ვისაც დიდად არ ხიბლავდა ციფრულ სამყაროში აქტივობა, ალბათ ახლა, სხვა გზა არ აქვს დარჩენილი.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. პირადი ცხოვრება ორი დიდი ასპექტისგან შედგება – ფიზიკური და ინფორმაციული. ეს უკანასკნელი თავისი არსით საკმაოდ სახასიათო, თავისებური და მრავალფეროვანია. თუ ჩვენი ფიზიკური სივრცის კონტროლის ბერკეტები ჩვენს ხელთაა, ინფორმაციული ასპექტი, ძირითადად, მსგავსი ეფექტურობით ვერ კონტროლდება. რას ვგულისხმობ კონტროლში? – ორ რამეს: ჩვენი პერსონალური მონაცემების კონტროლსა და იმ საშუალებების კონტროლს სადაც თავს იყრის ეს მონაცემები – ანუ ციფრულ სამყაროს.
ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. რატომ უნდა ვიზრუნოთ? ორი მიზეზის გამო: ის ჩვენი პერსონალური მონაცემია და სხვა არ იზრუნებს მათ დაცვაზე ისეთივე მონდომებით, როგორც – ჩვენ. ამდენად, თავიდან ავიცილებთ ბევრ არასასურველ შედეგს, რაც შეიძლება გამოიხატოს მონაცემების მითვისებაში, სხვადასხვა სენსიტიური მონაცემების მოტყუებით დაუფლებასა და სხვა უკანონო ქმედებებში. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ის, ვინც იყენებს ჩვენს მონაცემებს ჩვენ წინაშე არის ანგარიშვალდებული უზრუნველყოს მათი გამოყენების კანონიერება.
დისტანციური მუშაობის დროს ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს, აპლიკაციებსა და ვებ-გვერდებს, სადაც გაცემთ არა მხოლოდ ჩვენს პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად, სარეგისტრაციო მიზნებისთვის, არამედ, შემდგომ – სამუშაო პროცესში შესაძლებელია გავაგზავნოთ და მივიღოთ სხვა პირების შესახებ მონაცემებიც. ამდენად, ჩვენ ანგარიშვალდებულები ვხდებით, დაცვიცვათ სხვათა მონაცემების დამუშავების კანონიერება, რაც, მათ შორის, ნიშნავს, რომ ვიზრუნოთ უსაფრთხო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაზე.
სისტემური ხედვით, დისტანციური მუშაობის დროს მნიშვნელოვანია გამოვყოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც დაგვეხმარება მეტად გავაკონტროლოთ ციფრულ სივრცეში ჩვენი პირადი და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგად გამოყენებული მონაცემების უსაფრთხო ცირკულაცია. მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით, გთავაზობთ მონაცემთა დაცვის აქტუალურ და ჩემებურ „ოქროს შვიდეულს“, ესენია:
1. არჩევანი გავაკეთოთ სანდო პლატფორმებზე/აპლიკაციებზე/ვებ-გვერდებზე. ასეთის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თუ რამდენად გავრცელებულია აღნიშნული პლატფორმა საზოგადოებაში, როგორია საზოგადოების გამოხმაურება და შეფასება, რომელიც ხშირად, კომენტარების სახით ფიქსირდება. ასევე, დამატებით შესაძლებელია საძიებო სისტემების გამოყენებით მოვიკვლიოთ ზოგადი ინფორმაცია შერჩეული სისტემის სანდოობისა და უსაფრთხოების შესახებ;
2. გავეცნოთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას. ნებისმიერი პირი, ვინც იყენებს ჩვენს მონაცემებს იმთავითვე ანგარიშვალდებულია ჩვენს წინაშე. ეს გამოიხატება გამჭვირვალობის დემონსტრირებასა და სუბიექტის უფლებებზე ორიენტირებაში. იქამდე, სანამ აღნიშნულის პრაქტიკაში გადამოწმების საჭიროება დადგება, აუცილებელია გავეცნოთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (Privacy Policy), რომელიც პირველად შთაბეჭდილებას უქმნის მომხმარებლებს პერსონალურ მონაცემთა გამოყენებისა და სუბიექტის უფლებების რეალიზების გზების შესახებ. დამატებით, აუცილებელია მომსახურების პირობების (Terms of Agreement) გაცნობაც, რომელიც მონაცემთა დაცვის პოლიტიკის თანაბარმნიშვნელოვანი დოკუმენტია;
3. უზრუნველვყოთ სათანადო დაცვა რთული პაროლების გამოყენებით. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კომპლექსური პაროლი, შემდგარი სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით, სადაც თავს იყრის ციფრი, სიმბოლო, დიდი და პატარა ასო, და რომელიც შედგება 8-10 სიმბოლოსგან ჯამში, არის კარგი საშუალება თავიდან იქნეს აცილებული ჰაკერული თავდასხმის შედეგად პირადი ანგარიშის გატეხვა. დამატებით, მნიშვნელოვანია, არ გამოვიყენოთ ერთი და იგივე პაროლები და სხვადასხვა ანგარიშებისა თუ სისტემებისთვის შევარჩიოთ განსხვავებული კომბინაციები;
4. მონაცემთა გაზიარების კონტროლი. ინფორმაცია, რომელსაც გადავცემთ ან ვიღებთ საქმიანობის შედეგად, განხორციელებული უნდა იყოს უსაფრთხოდ. აქ დიდი ყურადღება ენიჭება სათანადო ელ. ფოსტის ან საზიარო (Cloud) პლატფორმების გამოყენებას. რაც მეტად არის ინფორმაცია სენსიტიური შინაარსის მქონე, მით მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული ამგვარი საშუალებებით მათი გაზიარების აუცილებლობა ან/და მიზანშეწონილობა. ამ შემთხვევაში, დაცვის მექანიზმად შესაძლებელია მონაცემთა კრიპტაცია იქნეს გამოყენებული;
5. ვიდეოკონფერენციების წარმოებისას მონაწილეთა პირადი ცხოვრების პატივისცემა. მნიშვნელოვანია, რომ ვიდეოკონფერენციის დროს, ტრანსლირება იყოს შემოფარგული მხოლოდ მონაწილეთა წრისთვის და მას არ უნდა ჰქონდეს ე.წ. Public სტატუსი, ანუ არ იქნეს გაზიარებული გარეშე პირებისთვის. მაგალითად, ამგვარი მეთოდის პოპულარიზებისა და წახალისების მიზნით, არ უნდა მოხდეს კომპიუტერის ეკრანის ე.წ. „პრინტ-სქრინი“ და სოციალურ ქსელებში გაზიარება, რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონფერენციის მონაწილეთაგან მოპოვებულია ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა. პირადი ცხოვრების პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ, როდესაც ეს ეხებათ ბავშვებს. ამდენად, მომხმარებლებმა ბავშვის პირადი ცხოვრების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ;
6. ვიდეოსწავლების განხორციელებისას ავტორთა უფლებების დაცვა. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში განსაკუთრებით მოსახერხებელია მსმენელთათვის ვიდეოლექციების ჩაწერა და გაზიარება. რა თქმა უნდა, აღნიშნულს ნებაყოფლობითი ხასიათი უნდა გააჩნდეს და იგი დამოკიდებული იყოს ლექტორის სურვილზე. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ნებაყოფლობითობისა უსდ-მ უზრუნველყოს ავტორთა დაცვა აღნიშნული ვიდეოლექციების მესამე პირებისთვის უნებართვოდ გამჟღავნების წინააღმდეგ. ასეთ დროს მისასალმებელია მომხმარებლისთვის ჩაწერილი ლექციის მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში ჩვენება და არა ვიდეოფაილის გადმოწერის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. მთლიანობაში, უნივერსიტეტი ეფექტურად უნდა ახდენდეს ვიდეოჩანაწერის გადაცემის პრევენციას მესამე პირთათვის, ხოლო ლექტორს ნდობა უნდა ჰქონდეს და იყოს დარწმუნებული, რომ მისი უფლებები იქნება დაცული;
7. არასოდეს მოვდუნდეთ. მონაცემთა დამუშავებისას, ბიზნეს პროცესის ეფექტური განხორციელების პარალელურად, დამმუშავებელი ორიენტირებული უნდა იყოს სუბიექტის უფლებებზე: ნებისმიერი სიახლე, პროგრამული ცვლილება ან მომსახურების წესის მოდიფიკაცია არ უნდა აკნინებდეს მომხმარებლის ინტერესებს, ამდენად, მომსახურების ხელშეკრულებასა ან მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია მათი გაცნობა.