დარჩი სახლში!
ყოველთვის, როდესაც ამ მოწოდებას ვუსმენ, ის ხალხი მახსენდება, ვისთვისაც სახლში დარჩენა მშიერად დარჩენას ნიშნავს. ამ ადამიანების პერსპექტივიდან, ალბათ, გარკვეული ცინიზმიც კია ტელევიზიით ისეთი ვიდეოების გავრცელება, რომელშიც ლამაზ, კეთილმოწყობილ სახლებში “გამოკეტილი” თანამოქალაქეები მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ან სიმღერით, ცეკვით და სხვა, “ათასგვარი სისულელით” ირთობენ თავს.
ცხადია, ამას ცუდი განზრახვით არავინ აკეთებს. ვერც ვერავინ აუკრძალავს ადამიანებს ერთფეროვანი კარანტინის დღეების გამხიარულებას. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მონეტას მეორე მხარეც აქვს. ალბათ, ამ ხალხის უმეტესობას არც უფიქრია, რას გრძნობს მისი ვიდეოს მოცქირალი ვინმე ნათია, რომელიც სილამაზის სალონში გამომუშავებაზე მუშაობდა და ახლა, ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ზის სახლში, ან ის ბებო, ადგილობრივ ბაზრობაზე ყველს რომ ყიდდა და ბაზრობა დაუხურეს. ეს სია ძალიან გრძელია – საქართველოს ეკონომიკა ხომ, ძირითადად, სწორედ ასეთ არაფორმალურ სექტორში მშრომელებზე დგას. რომელი ერთი დავასახელოთ: ძიძები, დამლაგებლები, სახლში დამხმარეები, მშენებლობის თუ სხვა სფეროს ფიზიკური მუშები.
არაფორმალურად მშრომელთა დიდ არმიას ბოლო წლებში მიემატა ე.წ. “რუხ ზონაში” დასაქმებულებიც – ისინი, ვინც დაკვეთიდან დაკვეთამდე მუშაობენ ონლაინ სივრცეში (მაგალითად, ფრილანსერები) ან რეალობაში ონლაინ პლატფორმების საშუალებით ასრულებენ დაკვეთებს (მაგალითად, ტაქსის მძღოლები, კურიერები და ა.შ.). რატომ “რუხი ზონა”? იმიტომ რომ მათ უმეტესობას გარკვეულ “სერვის კონტრაქტზე” ხელი აქვს მოწერილი, ანუ ფორმალურ სექტორში შეიძლება ჩავთვალოთ. თუმცა იმდენად რამდენადაც მათ “დასაქმების კონტრაქტი” არ გააჩნიათ, არც დაკვეთის მიმცემი აღიარებს თავს მათ დამსაქმებლად. მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ბოლტ-ში დასაქმებული მძღოლები რეგულარულად, დღეში 12-14 საათი, მუშაობენ ამ საქმეზე. ამ თვალსაზრისით, მშრომელთა ეს ჯგუფი განსხვავდება “ოჯახებში” დასაქმებული ძიძებისა და დამხმარეებისაგან, რომელთაც საერთოდ არავითარი კონრტაქტი არ გააჩნიათ, თუმცა ყველას მათ მაინც ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, აქვთ საერთო: ისინი გადასახადებს არ იხდიან!
გადასახადები კი ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. არასამართლიანი იქნებოდა, მიზერულ ანაზღაურებაზე მომუშავე ეს ხალხი გადასახადების გადაუხდელობისთვის გაგვეკიცხა. ისინი ხომ არაფორმალურ შრომას სწორედ იმიტომ ეწევიან, რომ ფორმალურ სექტორში სამუშაოები მწირია და მათი მწირი ანაზღაურების დაბეგვრა საერთოდ არაფერს დაუტოვებდა მათ სახლში წასაღებად. ამიტომაც, რჩებიან ეს ადამიანები “ჩრდილოვან ეკონომიკაში” – მათ შესახებ სახელმწიფომ ბევრი არაფერი იცის და ვერ ახდენს მათ იდენტიფიცირებას. მაგრამ ვაი, რომ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში, ეს “ჩრდილში ყოფნა” ამ მშრომელების საწინააღმდეგოდ შეიძლება შემობრუნდეს.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ განაცხადა, რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევს უმუშევრად დარჩენილებს. როგორ გავიგოთ ვინ დარჩა უმუშევარი? ამისთვის მარტივი გზა მოინახა: დავთვალოთ ისინი, ვის სახელზეც აპრილში საშემოსავლო გადასახადი არ ჩაირიცხება. თუ დამსაქმებელმა აღარ გადარიცხა საშემოსავლო ე.ი. კონტრაქტი გაწყვიტა. ცხადია, ეს ფინანსური დახმარება დიდი შვება იქნება მათთვის, ვინც სამუშაო დაკარგა. მაგრამ ჩვენს მიერ ნახსენები არაფორმალური მუშაკებისთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია – დახმარების ამ მექანიზმით სახელმწიფო მათ ვერ მოიხელთებს და, შესაბამისად, ვერც ვერაფერს შესთავაზებს.
მაშ, რა უნდა ვქნათ? რა შეიძლება იყოს არაფორმალურ სექტორში მყოფთა (მოსახლეობის უმეტესი ნაწილის) დახმარების მექანიზმი? ამ მოკლე ვადაში (კრიზისის პერიოდში) ერთადერთი გამოსავალი “უნივერსალური ტიპის შეღავათებია” – რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, ყველა შეძლებს სარგებლობას: კომუნალურების, სესხების გადავადება, გამოსახლების შეჩერება და ა.შ. ეს რაღაცით მაინც დაეხმარება არაფორმალურად მშრომელებს, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა – შემოსავლების წყვეტა – მაინც მოუგვარებელი დარჩება!
“თუ არ იმუშავებ, ფულს ვინ მოგცემს, შვილო?”
“ერთი დღეც რომ ჩავაგდო და არ ვიმუშავო, ჩემს ჯიბეს ეტყობა..”
ეს ფრაზები ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით, რომლებიც გასულ ზაფხულს კვლევის ფარგლებში ჩავწერე. მათ არც საპენსიო რეფორმა ადარდებდათ დიდად (“პენსიის ასაკამდე შორია”), არც ჯანდაცვა (“ჯანმრთელი ვარ, ექიმთან არ ვყოფილვარ კარგა ხანია”). რაც ყველაზე მეტად აღელვებდათ, ეს “მუდმივი მუშაობის რეჟიმი” იყო – “ავად გახდომა დიდი რისკია, იმ დღეებში შემოსავალი არ გექნება, დასვენება დიდი ფუფუნებაა” – აბსოლუტური უმრავლესობა წელიწადში რამდენიმე დღეს თუ იმეტებს დასასვენებლად.
ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი არაფორმალურად მშრომელთა “სხვა” ჯგუფებზეც იგივენაირად ვრცელდება. ახლა რთული წარმოსადგენი არაა, რა საფრთხეებს შეიცავს მათთვის “საგანგებო მდგომარეობა”.
ბევრი იტყვის. რომ ამ თემაზე ამდენი ფიქრი არ ღირს. გადაივლის საგანგებო მდგომარეობა და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება. იმედი მაქვს, ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, კრიტიკულია იმის გააზრება, რომ იმ ხალხისთვის, რომლებზეც ამ ბლოგში ვსაუბრობ, საგანგებო ვითარებაა ყოველთვის, როდესაც სიცხე აუწევთ, ბავშვი ავად გაუხდებათ ან რაიმე სხვა მიზეზით სამუშაოდ ვერ გადიან – იმ დღეს ლუკმა-პური სათუო ხდება, რა შეიძლება იყოს ამაზე მეტი “საგანგებო მდგომარეობა?” თუ დიდხანს გაგრძელდა ეს “მდგომარეობა”, მაშინ ვალების აღება უწევთ და მერე ამ ვალების დასაფარად იმაზე ორმაგად უფრო მეტი მუშაობა, ვიდრე მანამ, სანამ ავად გახდებოდნენ.
ზოგის აზრით, არსებული მოცემულობა არ შეიცვლება, სანამ ეკონომიკა არ განვითარდება და არაფორმალური სექტორი არ შემცირდება. მე კი, ამ ნათელი მომავლის ლოდინი და გულზე ხელის დაკრეფა ძალიან სარისკოდ მეჩვენება. პირველ რიგში, იმიტომ რომ დიდხანს შეიძლება მოგვიწიოს ლოდინი და ვინ იცის, ამ პერიოდში რამდენი სხვა “კორონა” დაგვატყდება თავს. მეორე, და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი, იმის აღნიშვნაა, რომ “რუხ ზონაში” დასაქმებულების (ე.წ. gig worker-ები) ფენომენი სწორედ რომ განვითარებულ ეკონომიკებში გაჩნდა – ამერიკა პიონერია ამ თვალსაზრისით, აქ წლიდან წლამდე იზრდება gig worker-თა რაოდენობა. გლობალიზაციის ფონზე ეს ფენომენი ფეხს იკიდებს სხვა ქვეყნებშიც, მათი ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად. შესაბამისად, საქართველოშიც, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაიზრდება.
ამბობენ, ნებისმიერი კრიზისი ცვლილებების წინაპირობაა და საშუალებას გვაძლევს ცხოვრება თავიდან დავიწყოთ. ჰოდა, იქნებ, ამ კრიზისმა სოციალური დაცვის სისტემის გადააზრებაში შეგვიწყოს ხელი, რომელსაც ახლა – ისე, როგორც არასდროს, ძირეული გარდაქმნა ესაჭიროება.