ვანო ცერცვაძე & გიორგი თურქია: კრიზისი – ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის

By | ბლოგი

კორონა ვირუსის პანდემია და საყოველთაო კარანტინი, რომელმაც დღეს მთელი მსოფლიო მოიცვა, გარდა ჯანმრთელობისა, დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანებისა და ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობას. მსგავსი მოვლენები საზოგადოებაში ასოცირდება ნეგატიურ მოვლენებთან, თუმცა თუ ჩავუღრმავდებით დავინახავთ, რომ საყოველთაო კრიზისები ცვლილებების და გარდაქმნების წინაპირობად გვევლინება. ცვლილებებისა და გარდაქმნების გარეშე კი სამყაროს შემდგომი კეთილდღეობა და განვითარება წარმოუდგენელია. კრიზისი საზოგადოებას ორ ალტერნატივას სთავაზობს, ან საზოგადოება კნინდება და იღუპება, ან ხდება გარდაქმნა – ახალ რეალობასთან ადაპტირება და კეთილდღეობის ზრდა. ცალსახაა რომ ამ არჩევანში გამოსავალი ერთია: ცვლილებები და გარდაქმნა.

ისტორიული გამოცდილებაც აჩვენებს, გრძელვადიან  პერიოდში მიმდინარე კრიზისი აუცილებლად იწვევს ახალი პროცესების ინიცირებას. ყოველი გლობალური გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა, კაცობრიობის მიერ გამოყენებული იყო ცვლილებებისა და  გარდაქმნებისთვის: მეოცე საუკუნის “ისპანკას” ეპიდემიამ ევროპულ ქვეყნებს უბიძგა ეროვნული ჯანდაცვის სისტემების ჩამოყალიბებისკენ, ამერიკაში დიდმა დეპრესიამ შექმნა ეკონომიკური დაგეგმვის ახალი მოდელი, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ბრეტონ ვუდსის კონფერენციაზე საფუძველი დაედო მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდის საქმიანობის კონცეფციას. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, კომუნისტური იდეალების გაძლიერებამ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში განაპირობა ადამიანის უფლებების როლის წინ წამოწევა. 

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა აჩვენა სწრაფი გადაწყვეტილების, მართვის ცენტრალიზაციის, სახელმწიფოს როლის მნიშვნელობა. ამ გამოწვევის პირველი მყისიერი პასუხის შედეგად “დაიბადა” მართვის ახალი მოდელი – “დისტანციური მართვა” და ქცევის ახალი მოდელი – “სოციალური დისტანცირება”, რომლიც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე და ხელმისაწვდომობაზეა დაფუძნებული. მომდევნო ნაბიჯების სახით, კრიზისი გვაიძულებს დავფიქრდეთ მართვის პროცესებზე, ეკონომიკის მდგრადობაზე, შრომისა და წარმოების ახალ გეოგრაფიულ გადანაწილებაზე, ახალ მიგრაციულ ნაკადებზე. 

კაცობრიობა დგას სახელმწიფოების, კორპორაციების და ინდივიდების ახლებური ურთიერთობის კარიბჭესთან. თუ აქამდე ეს მხოლოდ ეჭვების და დისკუსიის საკითხი იყო, დღეს მსოფლიო შედის გაცხადებული “ციფრული ტოტალური კონტროლის” ეპოქაში, რომელის მიზანია პროცესების მართვის და შედეგების ეფექტიანობის გაზრდა. სოციალურმა ქსელებმა (ციფრულმა ტექნოლოგიებმა) უწყინარი ქორწილის სურათების დადებიდან, მიგვიყვანა მსოფლიო მასშტაბით ინდივიდის დონეზე ფიზიკურ იზოლაციამდე და სანაცვლოდ საფუძველი დაუდო ვირტუალური, ინფორმაციული გაერთიანებების შექმნას. ლიდერებად გვევლინებიან ის ქვეყნები და კომპანიები რომლებიც ფლობენ ინფორმაციულ პლატფორმებს მილიონობით და მილიარდობით ადამიანის მონაცემის შესახებ, ვისაც შეუძლია ინფორმაციის სწრაფი გავრცელება. კაცობრიობა დადგა ახალი რეალობის წინაშე – კონკურენტული უპირატესობა არა ბირთვულ იარაღზე, არამედ ინფორმაციული არხებისა და დიდ მონაცემთა ბაზების ფლობაზე გადის. დღევანდელ კრიზისში ციფრულმა ტექნოლოგიებმა მონიტორინგის მრავალი ალტერნატივა შემოგვთავაზა. ჩინეთში, მთავრობა დრონების მეშვეობით ახდენს უნიღბო ადამიანების აღმოჩენას. ევროპის ქვეყნებში, სატელეკომუნიკაციო არხებისა და სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით ხდება ადამიანების გადაადგილების მონიტორინგი. ტექნოლოგიები შესაძლებლობას იძლევა, მობილურ ტელეფონებზე დაყენდეს აპლიკაცია, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას ირგვლივ მყოფი დაინფიცირებული ადამიანების შესახებ. რეალობად იქცა ჰაქსლისა და ორუელის უტოპიურად  მიჩნეული მოდელების განხორციელება. 

რაც შეეხება ეკონომიკას, მართვის კრიზისი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ პროვოცირებულია მიწოდების ჯაჭვის არსებული მოდელით. უკვე ნათელია, რომ მომარაგების ჯაჭვში ეკონომიკა ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი  მოთამაშის (ამ შემთხვევაში ჩინეთის) იაფი მუშა-ხელის რესურსით წარმოებულ მაკომპლექტებელ დეტალებზე. დღევანდელი კრიზისი ხელს შეუწყობს ცვლილებების განხორციელებას – მაკომპლექტებლების წარმოების დივერსიფიკაციას მსოფლიოს მასშტაბით, მიწოდების ჯაჭვში შესაძლო ჩავარდნების თავიდან აცილების მიზნით.

მართალია, დღევანდელმა პანდემიამ ერთ-ერთ პირველს ტურიზმის ინდუსტრიას დაარტყა, ეს გამოწვევა შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოში ტურიზმის დარგის ცვლილებებისა და გარდაქმნისთვის. არსებული კრიზისი ქვეყანას საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს საკუთარი უპირატესობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. ვერცხლისფერი ტურიზმის მიმართულება – ხანდაზმული ადამიანების ტურისტულ ნაკადებზე ორიენტაცია. იმ სეგმენტზე, რომელსაც კორონა ვირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად შეუტია, რაც ჩვენს ქვეყანას დიდ ბაზარზე შესვლის პოტენციალს უხსნის. 

ვერცხლისფერი ტურიზმი სამ მიმართულებას მოიცავს: რეკრეაციული და დასვენების მიზნით მოგზაურობა, სამკურნალო მიზნით მოგზაურობა და ე.წ. პენსიონერი მიგრანტები. 

დღემდე საქართველოში მოგზაურობა განსაკუთრებული პოპულარობით რუს და პოსტსაბჭოთა სივრცის მაცხოვრებლებში სარგებლობს, რომელთა შორის ძირითადად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ვიზიტორები ჭარბობენ. საქართველოში ვიზიტორების 60%-ზე მეტი რეკრეაციული მიზნებით შემოდის. მოკრძალებულია სამკურნალო მიზნით შემომსვლელ ტურისტთა რაოდენობა – 1-1.5%. რაც შეეხება მესამე ჯგუფს, აქ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. 

ევროპის დემოგრაფიული მონაცემებისა და ტურიზმის მონაცემების ანალიზი აჩვენებს რომ ევროპაში იზრდება როგორც ასაკოვნების რაოდენობა, ასევე მოსალოდნელი ჯანმრთელი სიცოცხლის წლებიც. ევროპაში 65 წელს გადაცილებული ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 20%-ია (დაახლოებით 140 მლნ ადამიანი), ხოლო მათი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 20 წელია. ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ბევრი თავისუფალი დრო, ქმნის შესანიშნავ მოტივებს ვერცხლისფერი ადამიანების ტურისტულ ნაკადებად ორგანიზებისთვის. მართლაც, ბოლო წლების განმავლობაში 65 წელზე მეტი ასაკის ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მოგზაურობენ, საერთო რაოდენობის მეხუთედს შეადგენს.  

ევროპის მდიდარი ქვეყნების (ბრიტანეთი, გერმანია და ა.შ.) ვერცხლისფერ ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს მესამე მიმართულება, რომელიც დღემდე საქართველოსთვის აუთვისებელი სეგმენტია. ბრიტანელი, გერმანელი, ნორვეგიელი პენსიონერების დიდი ნაწილი ზამთრის სეზონს ევროპის სამხრეთში ატარებს. ეს ტენდენცია საკმაოდ ფართო მასშტაბებს იღებს, რასაც ხელს უწობს სამხრეთ ევროპის ქვეყნების პოპულარობა პენსიონრებში (ამ კუთხით ყველაზე მეტად ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, თურქეთის ზღვისპირეთი გამოირჩევა). 

მსოფლიო პანდემია საქართველოსთვის ტურიზმის ამ სეგმენტზე შეღწევის განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს, იმ შემთხვევაში თუ ქართულმა სახელმწიფომ გაუძლო ვირუსის შემოტევას და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტი გამოავლინა. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს წყალტუბოს, საირმის, ახტალას განვითარება. ამ მიმართულებასთან გარკვეულწილად თანხვედრაშია, მაგალითად, კორონა ვირუსის პანდემიამდე დაწყებული წყალტუბოს განვითარების საინვესტიციო პროექტი. მართალია წყალტუბო  ყოველწლიურად 100 ათას ვიზიტორს მასპინძლობს (ძირითადად აზერბაიჯანელ და შუა აზიის ტურისტებს), მაგრამ თუ საქართველო ტურიზმის ამ მიმართულებით სტრატეგიის განვითარებას აირჩევს, მაშინ ხსენებული საინვესტიციო პროექტი გაცილებით დიდ მასშტაბებს შეიძენს, რაშიც აუცილებელი გახდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. 

საქართველო თავისი ზომიერი კლიმატით, მაღალი სტანდარტების დამკვიდრების შემთხვევაში, საინტერესო გახდება ხანდაზმული ასაკის ტურისტებისთვის ხანგრძლივი ვადით საცხოვრებლად. სტანდარტების გაუმჯობესება თავის მხრივ მოიცავს მომსახურეობის მრავალი სფეროს გაუმჯობესებასაც, როგორიცაა: ჯანდაცვა, კომუნიკაცია, ტრანსპორტი, კვება, დაზღვევა, მშენებლობა, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სერვისები, უსაფრთხოება და ა.შ. თანამდევი ეფექტის სახით, ამ სტანდარტების  დაკმაყოფილება ნიშნავს ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ახალ საფეხურზე გადასვლას.

მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველო შესაძლოა ერთგვარი სტაბილურობისა და სიმშვიდის ყურედ მოგვევლინოს. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიზნად უნდა იქცეს ამ ფაქტის მონეტიზაცია. პოსტ კრიზისულ მსოფლიოში ბევრი დაკავებული ადგილი გათავისუფლდება ან სრულიად ახალი თავისუფალი ადგილები გაჩნდება და როგორც ერთ-ერთი ცნობილი ქართული ფილმის გმირი იტყოდა “ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა”… !

ვანო ცერცვაძე – GIPA-ს პროფესორი / ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ბიჰევიორისტული ეკონომიკა


გიორგი თურქია – GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი / ბიზნესის ადმინისტრირება

One Response to " ვანო ცერცვაძე & გიორგი თურქია: კრიზისი – ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის "

  1. […] [6] „ქართულ ინტერნეტში“ ამ ტენდენციის ამსახველი ბევრი პოსტი, სტატია და ბლოგი შემხვდა. მაგ. იხ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მსჯელობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსმა საქართველოსათვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შეიძლება შექმნას. „Covid-19-ის კრიზისი, როგორც შესაძლებლობა საქართველოსათვის – ქადაგიძე“. ნეტგაზეთი, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. https://netgazeti.ge/news/439854/. კობა ლიკლიკაძე, „კორონავირუსი, როგორც კონფლიქტის გადატვირთვის შესაძლებლობა?“. რადიო „თავისუფლება“, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს/ https://www.radiotavisupleba.ge/a/30536851.html ასევე იხ. მაგ. ვანო ცერცვაძე და გიორგი თურქია, „კრიზისი – ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის“. რადიო „ჯიპა“, მოპოვებულია 2020 წლის 19 აპრილს. http://blog.radiogipa.ge/?p=4676 […]

Leave a Reply