როგორ გავიგოთ, რას ფიქრობენ რუსები უკრაინაში ომის შესახებ? – რატი შუბლაძე

By | ბლოგი

„Der Krieg ist das Gebiet der Ungewißheit; drei Vierteile derjenigen Dinge, worauf das Handeln im Kriege gebaut wird, liegen im Nebel einer mehr oder weniger großen Ungewißheit. Hier ist es also zuerst, wo ein feiner, durchdringender Verstand in Anspruch genommen wird, um mit dem Takte seines Urteils die Wahrheit herauszufühlen.“

– Carl von Clausewitz: Vom Kriege

ომის ნისლი

ომის ნისლს გაურკვევლობისა და შეცდომების გამოწვევა არამხოლოდ ბრძოლის ველზე შეუძლია. იგი არანაკლებ ართულებს სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელთა სამუშაოსაც, რომლებიც ცდილობენ გაზომონ, შეაფასონ და აღწერონ საზოგადოების  მოსაზრებები. მათ წინაშე მდგარი პირველი დაბრკოლება სოციალურ მეცნიერებებში არაერთხელ აღწერილი “rally ’round the flag” ეფექტია. იგი აღწერს სიტუაციას, რომლის დროსაც მთავრობები, პოლიტიკური ლიდერები თუ სამხედროები ომის, საგანგებო მდგომარეობების ან ფორსმაჟორული მოვლენების დროს, მოკლევადიან პერსპექტივაში, მარტივად ახერხებენ საზოგადოების კონსოლიდაციასა და უპირობო მხარდაჭერის მიღებას. აღნიშნული ფენომენი რელევანტურია თითქმის ყველა ტიპის პოლიტიკური სისტემისთვის და, პირველად, 1970-იანი წლების აშშ-ში (ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას) აღწერეს, როდესაც სწავლობდნენ ამერიკელი პრეზიდენტების მხარდაჭერას სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს. რუსული საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა ზოგადად უკრაინის, ხოლო, 2022 წლის 24 თებერვლიდან კი, სამხედრო ოპერაციების შესახებ კიდევ უფრო რთული სხვა ფაქტორის გამოც ხდება. ეს დამატებითი ფაქტორი დაკავშირებულია საზოგადოებრივი აზრის კვლევის თავისებურებებთან,  აგრეთვე, სამართლებრივ და პოლიტიკურ შეზღუდვებთან, რომლებიც მხედველობაში უნდა მივიღოთ მოსახლეობის გამოკითხვების შედეგების ანალიზისას. ამ ბლოგში ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტორებზე, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ და რომელთა პრიზმაშიც უნდა დავინახოთ ნებისმიერი მონაცემი და ამ მონაცემის ინტერპრეტაცია. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რუსეთში: როგორ ტარდება და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევების ტრადიცია დაკავშირებულია 1960-იანი წლების შედარებით ლიბერალიზაციასთან და სამოციანელთა თაობის მცდელობებთან ჩაეტარებინა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სპეციალისტთა მთელი თაობა, რომელმაც სათავე დაუდო დღეს არსებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიას (ლევადა-ცენტრი, ვციომი და ა.შ.). ამ მცირე ისტორიული ექსკურსის მიზანი არა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ისტორიის მოყოლაა (რაც, ზოგადად, საინტერესოა თემაა), არამედ იმის ჩვენება, რომ ძირითადი და ტრადიციული ორგანიზაციების წინარეისტორია, მეთოდოლოგიური მოსაზრებები და აკადემიური ბაზისი, მეტწილად, ერთნაირია. გამოკითხვები, ძირითადად, მსგავსი მეთოდოლოგიით ტარდება და შედეგებს შორის განსხვავების ძიება სხვა, უფრო დეტალურ ნიუანსებში უნდა ვეძებოთ. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს რუსეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც, ხშირად, სწორედ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე არის შესაძლებელი რეალურად შეფასდეს მთავრობისა და ხელისუფლების წამყვანი პირების (პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ა.შ.) საქმიანობა. საჯარო პირების ნდობის მაჩვენებლები ხშირად ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროდაც კი ითვლება, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგები, დროთა განმავლობაში, ნაკლებად მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ხდება. ასე მაგალითად, ვლადიმერ პუტინის რეიტინგის ყოველი ცვლილება განხილვისა და განსჯის საგანი ხდება და რეიტინგის ცვალებადობის მიხედვითაც ცდილობენ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებების ახსნას. მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის შედეგები რუსეთში მეტია, ვიდრე უბრალოდ მოსახლეობის გამოკითხვა. ის ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის ლეგიტიმაციის, საკუთარი ქმედებების გამართლებისა და ხშირად პროპაგანდის წარმოების იარაღია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ  ერთი ხელის მოსმით უნდა გადავაგდოთ ყველა გამოკითხვა. მხოლოდ, უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი, გამოკითხვის ავტორისა და დამკვეთის ვინაობა.

ამჟამად, რუსულ ბაზარზე სამი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია საქმიანობს: ლევადა-ცენტრი, ვციომი (Всероссийский центр изучения общественного мнения) და ფომი (Фонд «Общественное мнение»). გარდა ამისა, დროდადრო ქვეყნდება მცირე საინიციატივო ჯგუფებისა თუ მკვლევართა მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც. ამ ბლოგში მცირედით რამდენიმე მათგანსაც შევეხებით. ზემოთ ჩამოთვლილთაგან ვციომი ყველაზე ძველი ორგანიზაციაა, რომლის მფლობელი სახელმწიფოა. ვციომის მოსაზრებები მთავრობისთვის ყველაზე მეტად სანდოა და, დე-ფაქტო, ვციომ-ს შეგვიძლია სახელმწიფოს ოფიციალური კვლევითი დაწესებულება ვუწოდოთ. ფომ-იც ამავე კალიბრის ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი დამკვეთი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. რაც შეეხება ლევადა-ცენტრს, ის რუსეთში უცხო აგენტად (Иностранный агент) არის გამოცხადებული, რაც მის საქმიანობას მნიშვნელოვნად ზღუდავს და აფერხებს. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია გამოკითხვის შედეგები უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ალბათ, გასაგები მიზეზების გამო. 

გარდა მკაფიო დაყოფისა პროსახელისუფლებო და დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციებს შორის, მონაცემების ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია ის სამართლებრივი შეზღუდვები და პოლიტიკური კონიუნქტურა, რაც თან ახლავს რუსეთში ნებისმიერ საქმიანობას. ასე მაგალითად, დღემდე რუსეთში აკრძალულია უკრაინაში მიმდინარე მოვლებებისთვის „ომის“ წოდება და ის მხოლოდ „სპეციალური [სამხედრო] ოპერაციის“ სახელით უნდა აღინიშნოს. შესაბამისად, როდესაც გამოკითხვა ტარდება ამ გარემოებების გათვალისწინებით ხდება კითხვების ფორმულირებაც. თუ ამას თან დავამატებთ რუსეთის მსგავს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ საკუთარი აზრის დაფიქსირების მოსალოდნელ შედეგებს, აგრეთვე ეგრეთ წოდებულ თვითშერჩევის ეფექტს (მაგალითად, 2020 წელს ლევადას მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხვების სანდოობა თითქმის ორჯერ მეტი იყო პრეზიდენტის საქმიანობით კმაყოფილ რესპონდენტებში, ვიდრე მის კრიტიკოსებში), სოციალური სასურველობის და ჩემ მიერ ზემოთ ნახსენებ “rally ’round the flag”-ის ეფექტს, გასაგებია უნდა გახდეს, თუ რა საზომით უნდა შევაფასოთ მიღებული შედეგები. 

რას (არ) გვეუბნება გამოკითხვის შედეგები რუსეთში

გრაფიკი 1. წყარო: ავტორის ილუსტრაცია. მონაცემთა წყაროები: Sevatna ComRes; ვციომ; ფომი; Russian Field, ალექსეი მინიალო. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პირველი შედეგები 24 თებერვლის საბედისწერო მოვლენებიდანვე მალევე გამოქვეყნდა. ფომის თანახმად (ველი – 25-27 თებერვალი), გამოკითხულთა 69% ამართლებდა დნრ-ისა და ლნრ-ის დამოუკიდებლობის აღიარებას, ხოლო 65%-ს მართებულად მიაჩნდა “უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყება”. ამ “სამხედრო ოპერაციის” მიზნებად კი ყველაზე დიდი სიხშირით “[რუსეთის] საზღვრების დაცვა” (60%), “დნრ-ისა და ლნრ-ის მოსახლეობის დაცვა” (58%) და “უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და უკრაინაში ნატოს ბაზების განთავსების ხელისშეშლა” (37%) დასახელდა. ვციომის მონაცემები დიდად არ განსხვავდებოდა ფომის შედეგებისგან – ამ შემთხვევაში „სპეციალური ოპერაციის“ მხარდაჭერა 71% იყო.  ამავდროულად, არმიის მიმართ ნდობა 84% იყო, ხოლო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა“ წარმატებულად 70%-მა შეაფასა. ამავე პერიოდში (26-28 თებერვალი) ჩაატარა გამოკითხვა დამოუკიდებელმა კომპანია Russian Field-მა, რომლის თანახმადაც ომის მხარდაჭერა (კვლავ ფორმულირებული, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ) 58.8%-ია, ხოლო, ამავდროულად, უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას 88%-მა დაუჭირა მხარი. მონაცემები საზოგადოებრივი განწყობების შესახებ რამდენიმე საინიციატივო ჯგუფმაც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მათგანია ალექსეი მინიაილო და მისი პროექტი „სურთ თუ არა რუსებს ომი“ (Хотят ли русские войны?), რომლის თანახმადაც ომის მომხრე საზოგადოების 59%-ია. აღსანიშნავია, რომ მომხრეთა შორის სახელმწიფო მედიასაშუალებებისადმი ნდობა 73%-ია, ხოლო უნდობლობა 27%. ანალოგიური მაჩვენებელი ომის მოწინააღმდეგეთა შორის კი საპირისპიროა: 85% არ ენდობა, ხოლო 15% ენდობა სახელმწიფოს მიერ მართულ მედიას

Chart

Description automatically generated

გრაფიკი 2. წყარო: ლევადა-ცენტრი

ყურადსაღებია კიდევ ორი გამოკითხვის გაანალიზებაც. ზემოთ ნახსენები  შეზღუდვების გამო (მაგ. Иностранный агент), ერთ-ერთმა სერიოზულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, ლევადა-ცენტრი, უკრაინის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მონაცემები არ გაასაჯაროვა და ამ ეტაპზე სიტუაციის ზოგადი („რუსეთში ურჩევნიათ იფიქრონ, რომ ომი არ არის“) აღწერით შემოიფარგლა.  თუმცა, ლევადამ ომის პირველ დღეს გამოაქვეყნა საინტერესო მონაცემები, რომელთა თანახმადაც ბოლო წლების განმავლობაში განუხრელად იზრდებოდა მათი რიცხვი, ვისაც მიაჩნდა, რომ უკრაინასთან ომი გარდაუვალი იყო. 22 თებერვლის მონაცემებით ამაში სხვადასხვა დოზით 45% იყო დარწმუნებული (იხ. გრაფიკი 2). ომის დაწყებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე (23 თებერვალი) რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა CNN-მაც. გამოკითხვის ველი კომპანია  Savanta ComRes-მა 7-15 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. ამ დროს რუსული საზოგადოების 50%-ს მიაჩნდა, რომ სწორი  იქნებოდა „უკრაინის პრობლემის“ (ქვეყნის ნატოში გაწევრიანების არდაშვება) სამხედრო გზით გადაჭრა. უფრო საინტერესო ამ გამოკითხვაში სხვა საკითხები გახლდათ. რუსული საზოგადოების მესამედი (36%) მიიჩნევდა, რომ მართებული იქნებოდა ძალისმიერი მეთოდებით უკრაინისა და რუსეთის გაერთიანება. იმის გათვალისწინებით, რომ წინა დებულებას უმეტესობა (43%) არასწორად მიიჩნევდა, ეს მონაცემები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აგრესიულ-მილიტარისტულ მიდრეკილებაზე მიუთითებს. 

და ბოლოს, საინტერესოა ფორს-მაჟორულ ვითარებაში და სწრაფად ჩატარებული კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგების (პირადად მე, გარკვეულწილად, სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ მიდგომის მეთოდოლოგიურ გამართულობასა და  [უფრო მეტად] აღსრულებაში) ინტერპრეტაცია. ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ მოსკოვში კვოტური შერჩევით ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომლის თანახმადაც [მოსკოვის] მოსახლეობის მოსაზრებები ომის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ასე მაგალითად, თუ 25 თებერვალს რუსეთს აგრესორად გამოკითხულთა 29% აღიქვამდა, 3 მარტს ეს რიცხვი 53% გახდა. გაიზარდა რუსეთის, როგორც კონფლიქტში დამნაშავე მხარის აღქმაც – 14%-დან (25 თებერვალი) ის  36%-მდე  გაიზარდა (3 მარტი). თუმცა საინტერესოა, რომ კოლექტიური დასავლეთის ბრალეულობის შეფასება ამ დღეების განმავლობაში დიდად არ შეცვლილა 39% 25 თებერვალს, ხოლო 34% 3 მარტს. 25 თებერვლიდან 3 მარტის კვირაში მეტ-ნაკლებად სტაბილური (ზრდის ტენდენციით) აგრეთვე ცეცხლის შეწყვეტის სურვილიც გახლდათ: 3 მარტს ამის მომხრე გამოკითხულთა 79% იყო. 

საბოლოო ჯამში, ზოგადი კანონზომიერების თანახმად, ომისადმი დადებითი სენტიმენტები და განწყობა დროთა განმავლობაში მცირდება და ნელდება. პირველ დღეებში მხარდაჭერა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მომდევნო დღეებში, როდესაც ნათელი გახდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წარუმატებლად გამოიყურებიან უკრაინის ყველა ფრონტზე და პირველი დანაკარგების შესახებაც ინფორმაციის გავრცელება დაიწყო. „ურა-პატრიოტული სულისკვეთების“ განელებას, სავარაუდოდ, უპრეცედენტო სანქციების დაწესებამაც შეუწყო ხელი. რუსეთის ქმედებების გამართლების მაღალი მაჩვენებლების დროს გასათვალისწინებელია შეკითხვების ფორმულირების (სიტყვა „ომის“ გამოყენება ამ კონტექსტში კანონით არის აკრძალული) თავისებურებებიც. როგორც ეს ალექსეი ლევინსონმა აღნიშნა, რუსებს ურჩევნიათ იფიქრონ, რომ ახლა არა ომი, არამედ „სპეციალური ოპერაცია“ მიმდინარეობს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში რუსეთის ქმედებების მხარდაჭერა უფრო მოსალოდნელი და „მორალურად გამართლებულია“.

და მაინც, (არ) უჭერენ რუსები მხარს უკრაინაში ომს?

გრაფიკი 3: „ომის წინააღმდეგ არსებული განწყობების პროცენტული განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით“, წყარო: ალექსეი მინიალოს ჯგუფი, პროექტი “Хотят ли русские войны?”.

ამ კითხვას ორი პასუხი აქვს – მარტივი და რთული. მარტივად რომ შევხედოთ, დიახ, უჭერენ. თუ ჩავუღრმავდებით, ვნახავთ რომ თითქმის ყველა გამოკითხვა წინააღმდეგობრივ პასუხებს გვიჩვენებს სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიული ჯგუფის მიხედვით და მხარდაჭერის ფენომენი რუსულ საზოგადოებაში ჰომოგენური არ არის. მაგალითად, თუ ვენდობით ალექსეი მინიალოს კვლევას, ანტისაომარი სენტიმენტები განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის, ვიდრე საშუალო და საშუალოზე მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში (გრაფიკი 3). რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო დამოკიდებულებების სიმძლავრე ახალგაზრდებს შორის შესამჩნევია Russian Field-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშიც: 18-29 ასაკობრივ ჯგუფში „საომარი მოქმედებები უკრაინაში“ უარყოფითად 49.9%-მა შეაფასა, ხოლო 60+ კატეგორიაში კი უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი მხოლოდ 21.5%-ია. ამავე კვლევის თანახმად, განათლების დონის ზრდასთან ერთად მცირდება საომარი მოქმედებების მხარდაჭერაც: საშუალო განათლების მქონე რესპონდენტებში ომს 71% მხარს უჭერს, უმაღლესი  განათლების მქონეთა შორის კი მხარდაჭერა 51.9%-ია. 

გრაფიკი 4: „სპეციალური ოპერაციის მხარდაჭერა“: ასაკობრივი ჯგუფებისა და ტელევიზიის ყურების სიხშირის მიხედვით. ვციომის მონაცემები, ალექსეი ბესუდნოვის გამოთვლები

ჩვენ აქამდე სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების მონაცემებს ვეცნობოდით. თუმცა, ზუსტად იგივე ტენდენცია არის პროსახელისუფლებო  ორგანიზაციების გამოკითხვებშიც. მაგალითად, პორტალ მედუზასთვის სოციოლოგმა ალექსი ბესუდნოვმა გაანალიზა ვციომის მონაცემები, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ფენების არაერთგვაროვან დამოკიდებულებებზე მიუთითებს. გარდა იმისა, რომ ვციომის მონაცემებით  ქალები უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს „სპეციალურ ოპერაციას“ და დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით მოსკოვსა და პეტერბურგში, გაცილებით მაღალია ანტისაომარი განწყობები, აგრეთვე გამოიკვეთა ის ფაქტორიც, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ტელევიზორს ხშირად არ უყურებენ, გაცილებით მაღალი ალბათობით უარყოფითად არიან განწყობილნი ომის მიმართ, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად უყურებენ ტელევიზორს (გრაფიკი 4).  

რომ შევაჯამოთ, მოსახლეობის უმეტესობა რუსეთში, როგორაც არ უნდა შევხედოთ, ომს ემხრობა. თუმცა ეს მხარდაჭერა არ არის მონოლითური, სუსტია ახალგაზრდებსა და ინფორმაციის ალტერნატიული (არასატელევიზიო) წყაროების მიმღებებს შორის. დიდი ქალაქების მოსახლეობა და ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ, აგრეთვე წინააღმდეგი არიან საომარი მოვლენების. თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ გამოკითხვები ომის პირველ დღეებში ჩატარდა, ფორმულირებაში აქცენტი გაკეთებული იყო არა ომზე, არამედ „სპეციალურ ოპერაციაზე“, მაშინ ამჟამად რუსულ საზოგადოებაში აგრესიულ-მილიტარისტული განწყობები დომინანტური, თუმცა შემცირებული უნდა იყოს.

გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა საკითხავი მასალები

Baker, W. D., & Oneal, J. R. (2001). Patriotism or opinion leadership? The nature and origins of the “rally’round the flag” effect. Journal of conflict resolution45(5), 661-687. 

Mueller, J. E. (1970). Presidential Popularity from Truman to Johnson1. American political science review64(1), 18-34.

Mercer, A. W., Kreuter, F., Keeter, S., & Stuart, E. A. (2017). Theory and practice in nonprobability surveys: parallels between causal inference and survey inference. Public Opinion Quarterly81(S1), 250-271.

Wang, W., Rothschild, D., Goel, S., & Gelman, A. (2015). Forecasting elections with non-representative polls. International Journal of Forecasting31(3), 980-991.

Von Clausewitz, C. (2008). On war. Princeton University Press.

Левинсон, Алексей. Как считают рейтинг. Минск: Дискурс, 2018.


რატი შუბლაძე
– GIPA-
ს სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ასისტენტ-პროფესორი.

Comments are closed.