საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ისტორიული ნაბიჯია. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ უკვე დაიწყო ევროკავშირის გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ეს გზა არ იქნება მარტივი. ამ გზის ბოლომდე გავლისთვის საჭიროა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი ვიშრომოთ.
ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, უფრო სიმბოლური პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს შემდგომი ეტაპები.
განაცხადის შემდგომი ეტაპები:
განაცხადის შემდგომი ნაბიჯი არის ევროკომისიის შეფასება, თუ რამდენად არის საქართველო მზად, რომ იყოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. იმ შემთხვევაში, თუ ევროკომოსიის ეს შეფასება იქნება დადებითი, ამის შემდეგ გადაწყვეტილება, უნდა მიიღოს ევროკავშირის ოცდაშვიდმა წევრმა სახელმწიფომ (რაც რეკომენდაციის ხასიათს ატარებს). კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იწყება გაწევრიანების მოლაპარაკებები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს და ეს მოლაპარაკებები გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მის აღსრულებას.
მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება ევროკავშირის კანონმდებლობის 35 თავზე, საქმეში კვლავ ერთვება ევროკომისია, იდება ევროკომისიის შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ქვეყანა მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. დადებითი შეფასების შემდგომ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპის პარლამენტი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წევრი ქვეყნები ერთხმად უნდა შეთანხმდნენ შეუერთდება თუ არა ახალი წევრი ქვეყანა ევროკავშირს.
ამ გზას ჩვენ გავდივართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ეს არის უკრაინა, რომელმაც ჩვენზე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და მოლდოვა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ამ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა ერთიან პაკეტში იქნეს განხილული ამ სამი სახელმწიფოს გაწევრიანება ევროკავშირში.
ხშირად საუბრობენ დაჩქარებულ პროცედურებზე, თუმცა ეს პროცედურები ევროკავშირს არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ქვეყნის მიმართ არ გამოუყენებია. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს პირველი შემთხვევა, რომელსაც ევროკავშირი გამოიყენებს უკრაინასთან მიმართებით. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, ამას დრო გვიჩვენებს.
სავარაუდოდ, საქართველოს განცხადებასთან დაკავშირებით პირველი სიგნალები მარტის ბოლოსკენ უნდა მივიღოთ, რადგან ამ დროს იმართება ევროპული საბჭოს შეხვედრა. ევროპული საბჭო არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც იღებენ ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ რეალურ შეფასებებს.
საქართველოს გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას 2024 წლისათვის აკეთებდა. შესაბამისად, მოულოდნელი აქ არაფერი არ ყოფილა. კარგია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი ახლა გადავდგით, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, რომელშიც შედის ექვსი სახელმწიფო ჩვენთან ერთად. ამ ექვსიდან სამმა უკვე გააკეთა განაცხადი. მსგავსი შესაძლებლობების ფანჯარა შეიძლება ათწლეულებში ერთხელ გაიხსნას. ის გახსნილია ძალიან მოკლე ვადით. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი გამოყენება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმართოთ ჩვენი მოლოდინელი და არ ველოდოთ, რომ უეცრად მოხდება გადაწყვეტილების მიღება და ხვალ თუ არა ზეგ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი იმედგაცრუება და ასევე ძალიან კარგი ბერკეტი მისცეს ანტიევროპულ ძალებს, პრორუსულ ძალებს, რომლებიც საკმაოდ მომძლავრდნენ დღეს საქართველოში, რათა მათ ერთგვარი ნიჰილიზმი გაავრცელონ ჩვენს ქვეყანაში.
ეს არის გზა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, წლები სჭირდება. არ არსებობს ერთი კონკრეტული გზა ან ქვეყანა, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ პირდაპირ გამოვიყენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ყველა ინდივიდუალური და განსხვავებულია ერთმანეთისგან.
იხ. ვანო ჩხიკვაძის ჩართვა რადიო GIPA-ს Facebook გვერდზე – https://www.facebook.com/RadioGIPA/videos/3200704810211431
ბლოგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული ჩართვის ტრანსკრიპტს.
ვანო ჩხიკვაძე – GIPA-ს ლექტორი / კურსდამთავრებული. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.