Maurice Jarre, Lara’s Theme from “Doctor Zhivago”
„Вы подумайте, какое сейчас время! И мы с вами живем в эти дни! Ведь только раз в вечность случается такая небывальщина“ – ორ თვეზე მეტია, რაც ეს სიტყვები ამეკვიატა, თუმცა იური ჟივაგო სულ სხვა დროს და სრულიად სხვა „არ არსებობს!“ გულისხმობდა. ასოციაციამ კი მაინც წიგნის გადაკითხვა მომანდომა და მისი პირველი ეკრანიზაციაც გამახსენა – მეორე და მესამე არც მინახავს… საერთოდ, ფილმებს დიადი წიგნების მიხედვით იმედგაცრუება უფრო მოჰყვება ხოლმე და 1965 წლის „ექიმი ჟივაგო“ ჩემთვის უპირველესად მორის ალექსის ჟარის მუსიკაა, რომლისთვისაც მან მუსიკალური „ოსკარი“ მიიღო ჯილდოდ, მისი სამი დამსახურებული „ოსკარიდან“ – მეორე…
წიგნამდე ვეღარ მივედი… ზაფხულისთვის გადავინახე. მუსიკა კი ვნახე და ვისმენ. თქვენთვის „ლარას თემა“ წამოვიღე – ორიგინალი:
და მისი ჯაზ-ვერსიაც:
“As Time Goes By” – Herman Hupfeld
ჰერმან ჰაპფელდის „As time goes by” ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა, ცხოვრების ყველა ეტაპზე, ახალგაზრდობიდან – დღემდე. ფილმიც „კასაბლანკა“, სადაც ის „დაბადებიდან“ 11 წლის შემდეგ გაჟღერდა, ძალიან მიყვარს, თავისი ჰამფრი ბოგარტით და ინგრიდ ბერგმანით. ფილმი და სიმღერა, რომლებიც პოპულარობას დღემდე არ კარგავენ… ნეტავ, კიდევ რამდენჯერ ვნახავ… მოსმენით კი, კვირა არ გავა, რომ არ ჩავრთო.
თქვენც მოუსმინეთ სემს, დული უილსონს
სიმღერის შესახებ კი უფრო მეტი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ: https://medium.com/@NoWordsNoSong/as-time-goes-by-dooley-wilson-e6cc7d26c86a
Pat Martino
ძალიან მინდა პეტ მარტინოს მოუსმინოთ, არა მარტო იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ჯაზ-გიტარისტია და არაჩვეულებრივი პედაგოგი, არამედ იმიტომაც, რომ მას შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს, ბიოგრაფია საინტერესო ადამიანისა – მდიდარი შინაგანი სამყაროთი, საოცარი ენეგეტიკით და ძლიერი პიროვნული ღერძით – Stamina-თი. მარტინოს, სამწუხაროდ, ამჟამად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ წარსულში მან ერთხელ უკვე შეძლო უმძიმესი ნევროლოგიური დაავადების დამარცხება, დაიბრუნა დაკარგული მეხსიერება და ათწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ისეთივე ვირტუოზობით ხიბლავდა მსმენელს და ისევ ისეთივე ერთგულებით გადასცემდა ცოდნას თავის მოწაფეებს. ვუსურვოთ პეტ მარტინოს ჯანმრთელობა და მოვუსმინოთ მისი ტრიოს ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერს:
Edith Piaf – “Non, je ne regrette rien”
შარლ დიუმონის და მიშელ ვოკერის 1956 წლის ეს სიმღერა, განუმეორებელი ედიტ პიაფის პირველი და ყველაზე ცნობილი შესრულებით, დღემდე პოპულარულია და თანამედროვე კინემატოგრაფს რაღაც განსაკუთრებულად იზიდავს. გავიხსენოთ, თუნდაც, ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცნებენი“ და ქრისტოფერ ნოლანის „დასაწყისი“, ერთის ფინალური ტიტრები და მეორის – საუნდტრეკი. ჩემთვის კი „არა, არაფერს ვნანობ“ პირადულადაც ღირებულია და აი, რატომ: ედიტ პიაფმა სიმღერა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პატივსაცემად ჩაწერა და მას მერე ის ლეგიონის ჰიმნადაც იქცა. ლეგიონერი იყო ბებიაჩემის ძმა, აქაზ ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასაბჭოების შემდეგ დატოვა საქართველო, თავი საფრანგეთს შეაფარა, დაიღუპა ალჟირში, „სხვის ომში“, 1955 წელს. ბებიას, და ახლა მე, მის სახსოვრად მხოლოდ რამდენიმე ფოტო და ეს ჰიმნი დაგვრჩა.
“Smile”
ამ სიმღერას წარდგენა არ სჭირდება, ყველას იცის, რომ ჩარლზ ჩაპლინმა დაწერა. უფრო ზუსტად, მელოდიაა ჩაპლინის, რომელიც, როგორც ამბობენ, პუჩინის „ტოსკას“ ინსპირაციით დაწერა 1936 წელს. სიმღერად კი უფრო გვიან, 1954 წელს, ჯონ ტერნერის და ჯეფრი პარსონსის სიტყვებმა აქციეს. პირველად ნატ კინგ კოლმა შეასრულა და მას მერე ბევრი კარგი მომღერლის რეპერტუარში იყო და არის. მაიკლ ჯექსონს ყველა სხვა სიმღერაზე მეტად უყვარდა:
ამ ვერსიასაც მოუსმინეთ, განსაკუთრებით მომწონს:
… და გაიღიმეთ! ეს „არ არსებობს!“ ჟამიც მალე გავა.