წელს ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან დავიჩაგრეთ. ევროპის ჩემპიონატი გადაიდო, ყველა ტურნირი შეწყდა. ეხლა ნელ-ნელა დაგვიბრუნდება ბუნდესლიგა და სხვა ტურნირები.
ქართული ფეხბურთის საყოველთაო დღესასწაული რომ გადაიდო, მაგ ამბავზე წინა ბლოგშიც ვისაუბრეთ. ახლაც მაჟრიალებს იმის გაფიქრებაზე, რა უნდა მომხდარიყო 29 მარტს.
დღეს 13 მაისია და ძალაუნებურად ისევ გამახსენდა ქართული ფეხბურთი, ზეიმი და განუყრელი დღესასწაული. ეს ტერმინი ერნესტ ჰემინგუეიმ პარიზის აღსაწერად იხმარა. ერთხელ თუ მოხვდი, მუდამ შენში დარჩებაო.
1981 წლის 13 მაისს ვინც მოესწრო, ეს დღე მათთვისაც განუყრელი დღესასწაულია. მაგრამ ამ ზეიმის მუხტმა შეძლო და განუყრელ დღესასწაულად იქცა მათთვისაც, ვინც ჯერ საერთოდ არ ვიყავით დაბადებულები. 13 მაისის დილას მეც გამარჯვებული ვიღვიძებ. ვუყურებ მატჩის ჩანაწერს და სიამაყით ვივსები.
დროის მანქანით მოგზაურობა რომ შემომთავაზოს ვინმემ ერთჯერადად, ძალიან ბევრ რაიმეზე დამწყდება გული, მაგრამ ზუსტად ვიცი: აუცილებლად თბილისს ვეწვევი, 1981 წლის 13 მაისის საღამოს თბილისს. და პრინციპში, არც არაფერზე დამწყდება გული:)
ეგრე წარმომიდგენია, რომ ქალაქში მთელი საღამო სიჩუმე იქნებოდა, და მუხტი, მაგარი მუხტი, მოლოდინის და იმედის, ოღონდ შიშნარევიც. საღამო უსასრულოდ გაიწელებოდა. და მაშინ, როცა ნერვები აფეთქების პირას მივიდოდნენ, მატჩიც იმ დროს დაიწყებოდა.
მთელი ქალაქი, ყველა, ისინიც, ვისაც ფეხბურთი სამაგიდო თამაში ეგონა, ტელევიზორს მიუჯდებოდა და გაინაბებოდა. მოუსმენდა კოტე მახარაძის გენიალურ რეპორტაჟს, ქალაქში არაფრის ხმა არ იქნებოდა, კოტე მახარაძის გარდა.
ქალაქი მატჩის რითმში დაიწყებდა სუნთქვას, 63-ე წუთზე კი სუნთქვას შეწყვეტტდა და მოკვდებოდა. ყველა, მთელი ქალაქი შეწყვეტტდა სუნთქვას, კომაში ჩავარდებოდა. სიკვდილი 4 წუთი გაგრძელდებოდა და კომიდან ქალაქს ვლადიმერ გუცაევი გამოიყვანდა.
გაცოცხლდებოდა ქალაქი, განაგრძობდა სუნთქვას, ადამიანის სმენას თანდათან დაუბრუნდებოდა კოტე მახარაძის ხმა. ყველა საბრძოლველად დაირაზმებოდა, სივრცით კანონებს დაარღვევდა და მთელი ქალაქი ,,რაიტშტადიონზე’’ ირბენდა. დაძაბულობა პიკს მიაღწევდა და უცებ ყველა გაერთიანდებოდა : დიდ ყუთს მიშტერებული მაყურებელი, კოტე მახარაძე და ყუთში მოძრავი ლურჯმაისურიანი რაინდები ერთნი გახდნებოდნენ. ენერგია დაგროვდებოდა, შეიკუმშებოდა, ვიტალი დარასელია გამტარი გახდებოდა, იფეთქებდა და ის ქალაქს უკვდავებას მიანიჭებდა. ყველანი, კოტე მახარაძე, ლურჯმაისურიანი რაინდები, ყუთთან განაბული ადამიანები, ყველანი, ყველანი უკვდავნი გახდებოდნენ.
ეჰ.