ქეთი ავალიანი: მე, მამა და „მელოდია“

By | ბლოგი

დღეს გაღვიძებისთანავე ვიცოდი, რომ განსაკუთრებულ, სადღესასწაულო ფორმაში უნდა ვყოფილიყავი. არც თვითიზოლაცია მაწუხებს დიდად. დღეს ხომ ჯაზის დღეა. იმ ჯაზის, რომელმაც თაობებს თავისუფლება აჩუქა.

მოვირგე ყველაზე ლამაზი საყურე, წითელი პომადაც განსხვავებულად, მოქნილად და რუდუნებით გადავისვი. სარკესთან ვიდექი და ის მოხუცები გამახსენდა, 9 მაისისთვის მთელი დიდებულებით რომ იკაზმებიან და გამარჯვებას ზეიმობენ. 30 აპრილიც ერთგვარი გამარჯვებაა მამას თაობისთვის, იმ თაობისთვის, რომლებმაც ჯაზით გაიმარჯვეს მაშინდელ სტერეოტიპებზე.

იცით როგორი მუსიკაა ჯაზი? უცხო ადამიანს რომ გაიცნობ და შენი გვარის აღმოჩნდება, ძალიან რომ გაგიხარდება და შენიანი ხდება. აი, სწორედ ასეა ჯაზშიც. საკმარისია გავიგო რომ ჯაზს უსმენს, მომენტალურად ჩემიანი და ყველაზე ახლობელი ხდება. ზუსტად ასე დავმეგობრდით მე და იკო ხეცურიანი GIPA ში.

ჯაზის მოსმენა რომ დავიწყე ძალინ პატარა ვიყავი, ყველაზე კარგად მაღაზია „მელოდია“ მახსენდება, სადაც ყოველ შაბათს მივდიოდით მე და მამა და ახალ ფირფიტას ვყიდულობდით. განა ზღაპრებს არ მთავაზობდა?! მაგრამ არ მინდოდა. ის მინდოდა რაც მას. მაშინ რომ ეკითხათ ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არისო, ბილი ჰოლიდეის ვეტყოდი. ჩემი ფირფიტის ყდაზე მისი საოცარი ფოტოა და მეც სულ მინდოდა მისნაირად მქონოდა თმა და მისნაირად მომეწია სიგარეტი. სწორედ მაშინ დაიწყო ლესტერ იანგი, დიზი გილესპი, ქაუნთ ბეისი, მონკი, დევისი, ელა, ბილი, ნინა, ლუი, ტონი.

არ მიმაჩნია სწორად,მე დავიწყო იმის მოყოლა თუ საიდან დაიწყო ჯაზის ისტორია, ვინ როდის მოღვაწეობდა და ა.შ. ჯაზი ერთხელ თუ დაიწყო ადამიანში, სამუდამოდ გრძელდება.

და მაინც, იცით როგორი მუსიკაა ჯაზი? სმენისას ყველა კუნთი რომ გრძნობს არსებობას. ჩემი უფროსი მეგობარი ბაჩა, ხშირად მეუბნებოდა, რომ სტრესის მოსახსნელად ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა დაუთმო დრო, მოდუნდე და უბრალოდ იფიქრო შენს რომელიმე ორგანოზე, მაგალითად ხელზე, რომ მიხვდეს რომ არ დაგვიწყებია და ფიქრობ მასზე. რომ დავფიქრდი, ჯაზი ეგ არის, ჩართე, მოუსმინე და voila’ შენ არსებობ.

ამ საყოველთაო კარანტინში, ყველა იმაზე ვწუწუნებთ, რომ საშინლად გამოვიყურებით, რომ სასწრაფოდ გვესაჭიროება სილამაზის სალონები. მეც მაწუხებს ეს ყველაფერი,მაგრამ ჩვეულ სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ოსკარ პიტერსონის “ You Look Good To Me” ვრთავ. ის მაინც ვიცი, რომ ოსკარს თმაგაჩეჩილიც ( დალაგებული არც არსდროს მქონია) მოვწონვარ და დამიჯერეთ თქვენც მოეწონებით. აქვე ლინკსაც დავურთავ თუ დაგაინტერესებთ.

ვისაც სახლში ყოფნა მოგბეზრდათ, თან აპრილის მზიან ამინდში, ლუის და ელას „April in Paris” სათქვენოა. მოკლედ, მუსიკის ეს მიმდინარეობა ყველა გამოუვალი სიტუაციიდან მარტივად გამოგიყვანთ, მთავარია ჩართოთ!

ჰოდა ჩემი არსებობის 36 – ე წელს რომ ერთი ბანალური და პოპულარული კითხვა დამისვან, რომელ დროში და სად იმოგზაურებდიო? არც მეტი არც ნაკლები მსოფლიოს საუკეთესო უბანს, წინა საუკუნის 20-იანი წლების ჰარლემს ავირჩევდი. ზუსტად ვიცი რომელი კლუბით დავიწყებდი პარასკევ საღამოს და რომლით დავამთავრებდი შაბათ დილას, მოკლედ რომ ვთქვა Lenox Avenu-ზე დამათენდებოდა.

ხანდახან მშურს კიდეც მამასი და საერთოდ, იმ თაობის, ალბათ უფრო მძაფრი და სასიამოვნოა ის გრძნობა, როცა მუსიკის მოსმენა გინდა და ვერ უსმენ, გადიხარ ქალაქგარეთ რომ ამერიკის ხმა დაიჭირო რადიოში, ვინილებს გადამყიდველებთან ყიდულობ, თუ გაგიმართლა და შენი მეგობარი სუხიშვილებში ცეკვავს, მას ჩამოაქვს ორიგინალი ვინილი და ბედნიერი ხარ.

ახლა კიდევ რა, საწოლიდან წამოდგომაც არ გვჭირდება, ხელის ერთი მარტივი მოძრაობით, ტელეფონს ავიღებთ, ჩავრთავთ youtube-ს და ყველაფერია რაც გვინდა.

ამ საუკუნემ სწორედ ეს მოგვიტანა, გაგვიმარტივა ელემენტარული სიამოვნების მიღების გზები.

ისტორია მეორდება. „მელოდიაში“ არა მაგრამ„Dussmann” ის ჯადოსნურ მაღაზიაში ახლა უკვე ჩემ შვილებთან ერთად ვიდექი და დიდხანს ვკამათობდით მე და ნიკო, ნინა სიმონე თუ ბილი ჰოლიდეი? თინას, ასაკიდან გამომდინარე პოპისკენ უწევს გული, მაგრამ, ბუნებრივია მის ასაკში ასეც უნდა იყოს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ისევ ჯაზს მიუბრუნდება. ჩვენ, ადამიანები ხომ ასე ვართ მოწყობილნი, ბოლოს მაინც იქ ვბრუნდებით საიდანაც მოვდივართ.

ქეთი ავალიანი – GIPA-ს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი


Comments are closed.