საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს და Kings & Generals-ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა.
Kings and Generals ან K&G – ერთ-ერთი უმსხვილესი, ინგლისურენოვანი ისტორიული იუთუბ არხია, რომელსაც 2.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. არხის ძირითადი მიმართულება ისტორიული ბრძოლების ანიმაციური ეკრანიზაცია არის, რომლებმაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები განაპირობეს.
GIPA-ს ინიციატივით Kings and Generals-თან პარტნიორობა 2022 წლის იანვარში შედგა და თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, რაც ისტორიული წყაროების, ილუსტრაციებისა და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებას მოიცავდა, დიდგორის ბრძოლის შესახებ ვიდეო დამზადდა.
GIPA-ს მხრიდან სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ:
ნიკა ხოფერია – ისტორიკოსი, GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი;
დავით გურგულია – რეჟისორი, გადაცემის ავტორი რადიო GIPA-ში;
კიწი ხარაბაძე – GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
„დიდგორის ბრძოლა არის უაღრესად რთული საკვლევი, არა რიცხვების გამო, არამედ ბრძოლის ადგილის, ტაქტიკის, მიმდინარეობის დაზუსტების მხრივ. ეს ვერსია, რომელიც Kings and Generals-მა წარმოადგინა არის სიმბიოზი წყაროების მოცემული ინფორმაციისა და სამეცნიერო ლიტერატურაში მოყვანილი ვერსიების.“ – წერს ისტორიკოსი და GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი, ნიკა ხოფერია. მისივე თქმით, ამ ვიდეომ კარგად წარმოაჩინა საქართველო შუა საუკუნეების ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის კონტექსტში, ლოგიკურად ახსნა რეგიონში ვითარების შეცვლის მიზეზები და უმთავრესად, პოპულარიზაცია გაუწია საქართველოს ისტორიას.
GIPA-სა და Kings and Generals-ის საერთო პროექტის წყალობით, უპრეცენდენტო რაოდენობის ინგლისურენოვანი მაყურებელი ქართულ კულტურასა და ისტორიას გაიცნობს. 21 საათის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს უკვე 76, 000 ნახვა და 6,000-ზე მეტი მოწონება აქვს.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, იგეგმება კიდევ ერთი პროექტი თამარ მეფისა და საქართველოს ოქროს ხანის შესახებ.