(ნაწილი II)
ბლოგის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ორი წამყვანი უწყების – საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს) და საქართველოს დაზვერვის სამსახური (სდს) – რეფორმირების რამდენიმე იდეას. ეს მოსაზრებები მსოფლიოს წამყვანი სამსახურების პრაქტიკას და ჩემს პირად გამოცდილებას ეფუძნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოყვანილი წინადადებები არც მზა რეცეპტებია, არც უცხოური გამოცდილების მექანიკური გადმოღება და არც ყოვლისმომცველი ჩამონათვალი ყველა იმ ცვლილებისა, რომელიც საჭიროა, რომ გატარდეს. მე მხოლოდ რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროებაზე მოგახსენებთ. ეს ცვლილებები წინა ბლოგში ჩამოთვლილი პრობლემების პრევენციას და უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობის გაზრდას შეუწყობენ ხელს.
ანგარიშვალდებულების, ანალიზის და კოორდინაციის ფუნქციების გაერთიანება და გარეთ გატანა. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტი ახორციელებს ზედამხედველობას სუს-ზე და სდს-ზე. ბოლო წლებში იმართება სუს-ისა და სდს-ის ხელმძღვანელების ყოველწლიური ანგარიშების მოსმენები, რომლებიც ნაწილობრივ დახურულია. რაც მთავარია, შექმნილია თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტთან არსებული „ნდობის ჯგუფი“ დეპუტატების მონაწილეობით. კანონით, სწორედ „ნდობის ჯგუფს“ ევალება „სპეციალური პროგრამების და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლი“.
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 2014-2021 წლების საქმიანობის ანგარიშები. ამ დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ სპეცსამსახურების საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი ძალზე ფრაგმენტულია. მაგალითად, 2020 წელს, „ნდობის ჯგუფმა“ ჩაატარა მხოლოდ ერთი სხდომა, სადაც განიხილა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ის ნაწილი, რომელიც საიდუმლო პროგრამებს შეეხება. ამას გარდა, „ნდობის ჯგუფმა“ იმავე წლის განმავლობაში სუს-დან და სდს-დან მიიღო თითო-თითო დოკუმენტი. დამატებით, სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ „ნდობის ჯგუფს“ გაუგზავნა თავისი საქმიანობის შესახებ სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიში. 2015-2019 წლებში კი „ნდობის ჯგუფის“ შეხვედრები საერთოდ არ გამართულა. 2021 წლის ანგარიში აღნიშნავს, რომ კომიტეტისა და „ნდობის ჯგუფის” წევრების მიერ რამდენიმე საზედამხედველო ვიზიტი განხორციელდა უსაფრთხოების და სადაზვერვო უწყებებში. ამას გარდა, კომიტეტი მონაწილეობდა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში.
აღნიშნული მშრალი ცნობებიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ საპარლამენტო კონტროლის ეს მექანიზმი არასრულყოფილია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დეპუტატებს ხშირად არც იმის კომპეტენცია აქვთ და არც იმის დრო, რომ სუს-ის და სდს-ის სპეციალური და საიდუმლო პროგრამების შესწავლა და შეფასება მოახდინონ. ამას გარდა, კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას.
თავად სუს-ისა და სდს-ის შიგნით არსებობს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტები, რომლებიც შესაბამისი უწყებების თანამშრომელთა კეთილსინდისიერებას ამოწმებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი მექანიზმია ზემოდასახელებული პრობლემების პრევენციისა და გამოვლენისთვის, რადგან ისინი თავად ამ უწყებების დაქვემდებარებაში არიან.
აღნიშული პრობლემის აღმოსაფხვრელად კარგი მაგალითებია აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტები დაზვერვის შესახებ და ამ ორი კომიტეტის აპარატები. აღნიშნული კომიტეტების წევრები და, რაც მთავარია, სპეციალურიად შერჩეული აპარატის წევრები წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ დახურულ შეხვედრებს, მოსმენებს და იღებენ სხვადასხვა ინფორმაციას სპეციალური პროგრამების შესახებ, რათა უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობა და თანხების ხარჯვის მიზანშეწონილობა შეამოწმონ.
ვფიქრობ, საპარლამენტო ზედამხედველობის და „ნდობის ჯგუფის“ მექანიზმის დახვეწის პარალელურად, ან მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სექტორის მართვის ცალკე სამსახური, ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სპეციალური დირექტორატი. აღნიშულ სამსახურს (ან დირექტორატს) უნდა ჰქონდეს სამი ძირითადი ფუნქცია: 1. სუს-ის და სდს-ის (ამ სიას შესაძლოა დაემატოს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტიც) სპეციალური და საიდუმლო პროგრამების საბიუჯეტო მონიტორინგი; 2. სუს და სდს უნდა გარდაიქმნას მთლიანად ოპერატიულ სამსახურებად, რომლებიც ადამიანური და ტექნიკური წყაროების გამოყენებით საიდუმლო ინფორმაციას მოაგროვებენ შესაბამისი მიმართულებებით. რაც შეეხება ამ ინფორმაციის შეფასებას, ანალიზს, ღია წყაროებთან შეჯერებას და საბოლოო ანალიტიკური პროდუქტების შექმნას, ამ ფუნქციას ეს ახალი სამსახური (დირექტორატი) განახორციელებს; 3. პრემიერ-მინისტრის დავალებით და მასთან რეგულარული კონსულტაციით, აღნიშნული სამსახური (დირექტორატი) უზრუნველყოფს სუს-ის და სდს-ის მუშაობის კოორდინირებას. ეს ხელს შეუწყობს სადაზვერვო და უსაფრთხოების უწყებების უკეთ თანამშრომლობას, პრიორიტეტების განსაზღვრას და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას. ეს ბრიტანული დაზვერვის საერთო კომიტეტის (Joint Intelligence Committee) და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაზვერვის დირექტორის და ეროვნული დაზვერვის დირექტორის სამსახურის ფუნქციების უხეშ ანალოგიას წარმოადგენს. მეტ-ნაკლებად მსგავსი სისტემები არსებობს ეფექტური უსაფრთხოების სისტემის მქონე სხვა ქვეყნებშიც.
ვიდრე შემდეგ საკითხზე გადავიდოდე, მოკლედ ავხსნი, რატომ უნდა იყოს ანალიზის ფუნქცია სუს-იდან და სდს-იდან გამოყოფილი. პირველი მიზეზი ისაა, რომ ორივე უწყება არცთუ იშვიათად ერთიდაიმავე საკითხებს ფარავს. ანალიტიკური ფუნქციის გარეთ გატანა ამ დუბლირებას გამორიცხავს. მეორე, გაცილებით იოლია უწყების გარეთ მყოფი ანალიტიკოსისთვის ობიექტურად გამოთქვას აზრი მოწოდებული წყაროს და ინფორმაციის ხარისხის შესახებ. წყაროების და ინფორმაციის შეფასების ერთიანი, სისტემური მექანიზმის დანერგვა ჩვენი უსაფრთხოების სექტორს მხოლოდდამხოლოდ დახვეწაში დაეხმარება. მესამე, ანალიტიკური ფუნქციის ინსტიტუციური გამიჯვნა სუს-ს და სდს-ს თავიანთ უმთავრეს ფუნქციებზე ფოკუსირებაში დაეხმარება, რაც საიდუმლო ინფორმაციის ოპერატიული მეთოდებით შეგროვება და საქართველოს ინტერესების შესაბამისად მოვლენებზე ზემოქმედებაა. გამოირიცხება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის აგენტურისგან მიღებულ ცნობებად გასაღების ცდუნება.
რომ შევაჯამოთ, ზემოდასახელებული სამი ფუნქცია ერთმანეთს ორგანულად უკავშირდება და მათი გაერთიანება უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულების, ინფორმაციის ხარისხის და უწყებრივი კოორდინაციის გაცილებით მაღალ დონეს.
ღია წყაროების ცენტრის შექმნა. თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაციის უზარმაზარი ოდენობა არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, სწორედ ღია წყაროების თარგმნა, ანალიზი და დაარქივება უნდა გახდეს სასარგებლო სადაზვერვო ინფორმაციის მიღების მთავარი საშუალება. ღია წყაროების ცენტრი შეიძლება შეიქმნას ან მთავრობის ადმინისტრაციაში, ან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზაციული ქოლგის ქვეშ. სუს და სდს კი მხოლოდ ყველაზე რთული სადაზვერვო სამიზნეების წინააღმდეგ და რისკიანი ოპერაციების ჩასატარებლად უნდა გამოვიყენოთ. სუს-თან და სდს-სთან ერთად, ღია წყაროების ცენტრის მუშაობის კოორდინაცია ახლადშექმნილი უსაფრთხოების მაკოორდინირებელი სამსახურის (ან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური დირექტორატის) მიერ უნდა განხორციელდეს.
ერთიანი ღია წყაროების ცენტრის შექმნა საკმაოდ იაფად მოგვცემს საშუალებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა გადავჭრათ: 1. სწრაფად და მინიმალური რისკით მოვიპოვოთ საჭირო ინფორმაცია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან; 2. იოლად დავიქირავოთ კვალიფიციური ადამიანები საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ხანგრძლივი პროცედურების გარეშე; 3. ცენტრის ეგიდით იოლად ვითანამშრომლოთ სამეცნიერო და ანალიტიკურ ცენტრებთან.
ზედმეტი არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ცენტრის შემთხვევაშიც პრიორიტეტულ ქვეყნებსა თუ საკითხებზე კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესია.
ეკონომიკური დაზვერვა. დღევანდელ მსოფლიოში, კრიმინალები, ტერორისტები და საქართველოს ინტერესების მოწინააღმდეგე სხვადასხვა ლეგალური და არალეგალური აქტორები საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში არიან ინტეგრირებულები. ისინი იყენებენ ოფშორულ კომპანიებს, საერთაშორისო ბანკებს, კრიპტოვალუტას, ფონდებს, კაზინოებს, არტ აუქციონებს, სპორტულ კლუბებს, საერთაშორისო საფინანსო და ლოგისტიკურ ცენტრებს თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად. აქ მხოლოდ არალეგალურ ბიზნესს არ ვგულისხმობ. მთავარი ისაა, რომ საქართველოს რეალური თუ პოტენციური მოწინააღმდეგეები თავიანთ კვალს ტოვებენ საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში. ხშირად მათი ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს მათსავე აქილევსის ქუსლს.
თანამედროვე ტექნოლოგიები, ტრადიციული და სოციალური მედია, ღია და დახურული საინფორმაციო ბაზები, ქონების, კომპანიების და ადამიანების რეესტრები, საკრედიტო სააგენტოების მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად უფასოდ ან საკმაოდ მცირე გადასახადის საფასურად სრულიად ლეგალურად ხელმისაწვდომია. საქართველოს უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურებმა უნდა შექმნან სპეციალური დანაყოფები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად და დასამუშავებლად, მათ შორის, ინფორმაციის დამუშავების ავტომატიზაციის გზით, რადგან ფინანსური და სავაჭრო ინფორმაციის მოცულობა უზარმაზარია. ამ თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უზარმაზარ პოტენციას შეიცავს. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური სისტემის შესწავლა და შესაბამის ინფორმაციაზე რეაგირება საქართველოს საშუალებას მისცემს ძალიან ბევრი საფრთხე გაანეიტრალოს და გაცილებით მძიმეწონოსან მოწინააღმდეგეებს ეფექტურად შეებრძოლოს.
უცხო ენების ცოდნა. დღეს, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, კომპეტენციის თვალსაზრისით, ორი დიდი გამოწვევა აქვს: კიბერუსაფრთხოება და უცხო ენების ცოდნა. თუ კიბერუსაფრთხოების შემთხვევაში, პრობლემა საყოველთაოდ გაცნობიერებულია და გარკვეული ნაბიჯები იდგმება კიდეც (სასურველია კიდევ უფრო მეტის გაკეთება), უცხო ენების ცოდნაზე ნაკლები მსჯელობა მიმდინარეობს. არადა, ეს სუს-ის და სდს-ის თანამშრომლებისთვის ალბათ ყველაზე კრიტიკული უნარია. აქ არ ვლაპარაკობ ინგლისური ენის ცოდნაზე, თუმცა, რასაკვირველია, კარგი ინგლისურის ცოდნა არ გვაწყენდა. უნდა ვიკითხოთ, ამ უწყებების რამდენ თანამშრომელს შეუძლია რუსულად ინფორმაციის მიღება და დამუშავება? რამდენი პროფესიონალი ფლობს კავკასიურ ენებს? ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ენებს? თურქულს? სპარსულს? არაბულს? ივრითს? ჩინურის სხვადასხვა დიალექტებს? ჰინდის? ურდუს?….
საჭიროა, შეიქმნას ამ უწყებებისთვის საერთო უცხო ენების შემსწავლელი სპეციალური სკოლა, სადაც სუს-ისა და სდს-ის თანამშრომლებს ინტენსიური კურსების გავლა შეეძლებათ. სასურველია, სკოლა ქალაქგარეთ იყოს, სადაც შესაძლებელი იქნება გარკვეული ვადით ცხოვრება და ენობრივ გარემოში „ჩაძირვა“, სადაც ნებისმიერ საკითხზე მხოლოდდამხოლოდ არჩეულ უცხო ენაზე იქნება ლაპარაკი დაშვებული. თანამშრომლებს უნდა მიეცეთ სერიოზული დანამატები (ხელფასის 15-25%) თითო უცხო ენის შესწავლის/ცოდნის შემთხვევაში. ეს დანამატები პენსიაზეც უნდა აისახოს.
ამას გარდა, მთავრობამ უნდა შეიმუშავოს მნიშვნელოვანი უცხო ენების პროგრამა, რომელიც სკოლებში და უნივერსიტეტებში წაახალისებს კავკასიური და აღმოსავლური ენების შესწავლას. ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა და წარმატება ჩვენი სამეზობლოს და მსოფლიო პოლიტიკის ახალი გავლენიანი მოთამაშეების კარგად ცოდნაზეც არის დამოკიდებული.
კიბერუსაფრთხოება. მართალია, ჩვენს უსაფრთხოების სექტორში და, ზოგადად, მთავრობაში კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა აღიარებულია, მაგრამ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და კონკურენცია კერძო სექტორთან სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს. საჭიროა ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამის შექმნა, რომელიც მათემატიკის, ზუსტი მეცნიერებების და პროგრამირების სწავლებას და სწავლას წაახალისებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის, მასწავლებელთა და ლექტორთა მომზადება-გადამზადების, ხელფასების მატების და სასკოლო კურიკულუმის სათანადოდ შეცვლის გზით; მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, უნდა დაიწყოს სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალების გამოცემა და შეიქმნას სპეციალური აპლიკაციები სკოლის მოსწავლეებისთვის; მედიამ კი აქტიური პოპულარიზაცია უნდა გაუწიოს აღნიშულ დარგებს.
ახალი კვალიფიციური კადრების გადმობირება. სპეცსამსახურების წარმატება თავიანთი თანამშრომლების ნიჭიერებაზე, მრავალფეროვნებაზე და პატრიოტიზმზეა დამოკიდებული. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელთა დიდ ნაწილს იურისტის კვალიფიკაცია აქვს. ძველი და შუა თაობის შემთხვევაში ეს ხშირად იმით არის განპირობებული, რომ საბჭოთა კავშირის დროს თუ მოგვიანებით, დამოუკიდებელ საქართველოში არსებული უშიშროების აკადემიები თავიანთ კურსდამთავრებულებს სამართალმცოდნის კვალიფიკაციას ანიჭებდნენ. თუმცა, ამ სასწავლებლების დახურვის/ტრანსფორმაციის შემდეგაც, ხშირად უპირატესობა მაინც იურისტებს ენიჭებათ. ამ პროფესიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი განათლების და კომპეტენციის მქონე ადამიანების დაინტერესება და დაქირავება. სუს-საც და სდს-საც იმდენად განსხვავებულ ადამიანებთან და ჭრელ კულტურულ კონტექსტებთან უწევთ შეხება, რომ არსებული აქცენტები იურიდიული ფაკულტეტების კურსდამთავრებულებზე შეუსაბამოა. საჭიროა ბევრი „დიდი მონაცემების“ (big data) ანალიტიკოსის, პროგრამისტის, მენეჯმენტის და აუდიტის სპეციალისტის, ლინგვისტის, ანთროპოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, მედიცინის სხვა დარგების სპეციალისტის, ბიოლოგის, ქიმიკოსის, მათემატიკოსის, სხვადასხვა კრეატიული პროფესიების წარმომადგენლის დაქირავება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვნი ასპექტია ასაკი. უნივერსიტეტის ახალკურსდამთავრებულების გარდა, საჭიროა კარიერის საშუალო და ზედა საფეხურზე მდგომი ადამიანების სხვადასხვა სექტორებიდან მოზიდვა. ისინი სუს-ს და სდს-ს თავიანთ მდიდარ გამოცდილებას, ახალ იდეებს და ფასდაუდებელ კავშირებს მოუტანენ.
საზოგადოებასთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები. ზოგადად, სპეცსამსახურებს ჩაკეტილი, ციხე-სიმაგრის კულტურა აქვთ. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და ამ უწყებების მაქსიმალური ღიაობა ოქსიმორონია. თუმცა, ფაქტია, რომ შეუძლებელია ძველი მიდგომებით და ორგანიზაციული კულტურით რომელიმე სპეცსამსახურმა წარმატებას მიაღწიოს. თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრანსნაციონალური დანაშაულის, ბიზნესის, საზოგადოებრივი მოძრაობების ეპოქაში მხოლოდ ერთი უწყება, რაგინდ კომპეტენტური და კარგად დაფინანსებული იყოს, ვერ შეძლებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას, გავლენიანი კავშირების დამყარებას და ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენას.
სუს-მა და სდს-მა უნდა შექმნან სპეციალური დანაყოფები და ფორმატები, რომლის ფარგლებში ნებაყოფლობით, პატრიოტულ და/ან პრაგმატულ საფუძველზე, ქართული სპეცსამსახურები არაფორმალურ გარემოში, ყოველგვარი საგანგებო ვალდებულებების გარეშე, შეძლებენ ქართულ ბიზნესთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო და შემოქმედებით წრეებთან საერთო დაინტერესების საკითხებზე საუბარს, პრობლემების განხილვას, რჩევების მიღებას. ამის კარგი მაგალითია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეროვნული რესურსების სამმართველო (National Resources Division). თუმცა, მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას დიდი მოთმინება, ნდობის მოპოვება, მაღალპროფესიონალური და მრავალმხრივი ინტერესებისმქონე უსაფრთხოების და დაზვერვის პროფესიონალები ჭირდება.
დასკვნის მაგიერ
ბლოგის მეორე ნაწილში შევეცადე, რამდენიმე იდეა შემეთავაზებინა მკითხველისთვის, რომლებიც, ჩემი აზრით, ქართული სპეცსამსახურების ანგარიშვალდებულებას და ეფექტურობას გაზრდის. ეს ყოველივე საქართველოს გაძლიერებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. რაც მთავარია, ჩემი მიზანი იყო, არსებულ პრობლემებსა და თუ საჭირო ცვლილებებზე, როგორც მხარდამჭერს და გულშემატკივარს მესაუბრა. გამიხარდება, თუ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გარდაქმნის და გაუმჯობესების შესახებ დისკუსია იურიდიულ კაზუისტიკას გასცდება და უფრო მრავალწახნაგოვანი გახდება.
👉 იხ. ბლოგის პირველი ნაწილი: საქართველოს უსაფრთხოების სექტორი (პრობლემები).
რევაზ ბახტაძე – GIPA–ს მოწვეული ლექტორი, აქვს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.