(ნაწილი I)
ამ ბლოგის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის – წინაშე მდგარი რამდენიმე სერიოზული პრობლემის განხილვა და ამ უწყებების რეფორმების შესახებ იდეების გენერირება. ეს ბლოგი, ცხადია, ყველა პრობლემის განხილვას და მათი მოგვარების მზა რეცეპტებს ვერ შემოგთავაზებთ. მისი მიზანია უსაფრთხოების სექტორის რეფორმების შესახებ დისკუსიას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით, სტუდენტებს შორის და ის ასპექტები წამოწიოს, რომელთა შესახებ საჯარო სივრცეში ნაკლები მსჯელობა მიმდინარეობს. ბლოგის პირველ ნაწილში უსაფრთხოების სექტორის პრობლემებს განვიხილავ, მეორე ნაწილში კი – განსახორციელებელ რეფორმებს.
მართალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) და საქართველოს დაზვერვის სამსახური (სდს) ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყებებია და თითოეულს მუშაობის თავისი სპეციფიკა გააჩნია, ამავდროულად, მათ ბევრი საერთო მახასიათებელი აქვთ. ამ ორი სამსახურის რეალური საქმიანობა გაცილებით მეტად არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ერთი და იმავე საკითხების მომცველი, ვიდრე ეს კანონმდებლობაში ან საჯარო დებატებში აისახება. ეს მაძლევს საშუალებას იმ საერთო პრობლემებზე და რეფორმებზე ვილაპარაკო, რომლებიც ორივე უწყებას შეეხება.
მკითხველისთვის რომ ნათელი იყოს, სუს-სა და სდს-ს შორის მთავარ განსხვავებას განვმარტავ: პირველი კონცენტრირებულია შიდა უსაფრთხოებაზე და მოიცავს: კონტრდაზვერვას (უცხო ქვეყნის ჯაშუშების გამოვლენა და მათი საქმიანობისთვის ხელისშეშლა) და კონტრტერორიზმს (ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტერიროსტული ორგანიზაციების და მათი წევრების წინააღმდეგ ბრძოლა); მეორე უწყების მთავარი ამოცანა საქართველოს საზღვრებს გარეთ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას საფრთხეების პრევენციაში და ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება. აღნიშულ ორ სამსახურს კანონმდებლობით გაცილებით მეტი ფუნქციები აქვთ მინიჭებული, მაგრამ ზემოდასახელებული მიმართულებები მათ არსებით მოვალეობებს წარმოადგენენ.
უსაფრთხოების სექტორის სამი გამოწვევა
მთავარი პრობლემა, რომელიც სუს-ისა და სდს-ის წინაშე სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც მწვავედ დგას, არის სწორედ ძირითად ფუნქციებზე არასათანადო ფოკუსირება, უფრო თუ დავაკონკრეტებთ, ხშირად მკაფიო პრიორიტეტების არქონა. საკითხში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მკითხველი შესაძლოა შემედაოს და მკითხოს: განა, საქართველოს არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია? საფრთხეების შეფასების დოკუმენტი? კონტრტერორიზმის სტრატეგია? აქ გრძელ სიას აღარ გავაგრძელებ იმ ღია თუ დახურული დოკუმენტების სათაურების ჩამოთვლით, რომელთა დასახელებაში „სტრატეგია“, „დავალება“, „საფრთხე“ და ა.შ. არის ნახსენები და რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ამ ორი უწყების მუშაობის მიმართულებას განსაზღვრავენ.
პრობლემაც ამაშია: აღნიშული დოკუმენტები ყველაფერს მოიცავენ და ყველა რეალურ თუ ჰიპოთეტურ საფრთხესა და რისკზე ლაპარაკობენ. ისინი კლასიკური ბიუროკრატიული პოლიტიკის ნაყოფია: ყველა მონაწილე ცდილობს, თავისი იდეა თუ წინადადება აისახოს საბოლოო დოკუმენტში. ამას გარდა, ამა თუ იმ დოკუმენტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები ცდილობენ, რომ არაფერი გამორჩეთ ამქვეყნად, რათა შემდეგ მათ ვინმემ შარი არ მოსდოს. შედეგად ვიღებთ პლანეტარული, რეგიონული და ლოკალური პრობლემების შემცველ დოკუმენტებს, რომლებიც არაპრაქტიკული და გამოუსადეგარია.
როცა ფაქტობრივად ყველაფერი პრიორიტეტია, იქ არაფერია პრიორიტეტი.
აქ მივადექით უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები პირების კომპეტენციის საკითხს და უსაფრთხოების საკითხებით მათ დაინტერესებას. ხშირად, ისინი თავს არიდებენ პრიორიტეტების დასახვას და ამაზე პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას (არცთუ იშვიათად უსაფრთხოების საკითხების ზერელე ცოდნის გამო), ან ფიქრობენ, რომ პრობლემები თავისთავად ცხადია და სუს და სდს თავად განსაზღვრავენ თავიანთ პრიორიტეტებს. სპეცსამსახურების პოლიტიზაციის მცდელობის უკვე ათწლეულების პრაქტიკა კი უსაფრთხოების სექტორის პროფესიონალთა მორალს ანგრევს და ძვირფას ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს ანიავებს. ეს უკანასკნელი პრიორიტეტების აღრევის და გაბუნდოვანების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
აქედან გამომდინარე, ხშირად სწორედ უსაფრთხოების სექტორში მომუშავე თანამდებობის პირების და პროფესიონალების გადასაწყვეტი ხდება, რა არის პრიორიტეტი და რა – არა. თუმცა, გადაწყვეტილების მიღების უმაღლეს დონეზე არსებული ბუნდოვანება, არცთუ იშვიათად არარეალისტური და ქაოტური დავალებები, ქართულ სპეცსამსახურებს თავიანთი მთავარი ფუნქციების განხორციელებაში და საკვანძო მიმართულებებზე გრძელვადიან კონცენტრაციაში ხელს უშლის.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სუს-ისა და სდს-ის ეფექტურობას ამცირებს, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, გაწვრთნა და შენარჩუნებაა. ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანის დროში გაწელილი და ბიუროკრატიზირებული პროცესი ბევრ პოტენციურ კანდიდატს სპეცსამსახურებში მუშაობის სურვილს უკარგავს. აღნიშული პროცედურების გასამართლებლად ხშირად მოჰყავთ არგუმენტი პოტენციური კანდიდატების კეთილსაიმედოობის შემოწმების აუცილებლობის თაობაზე. თუმცა, საკითხში ჩახედული პროფესიონალები დამეთანხმებიან, რომ ამ სისტემის გაუმჯობესების სერიოზული რესურსი არსებობს. რაც მთავარია, დამატებითი მსჯელობის საკითხი უნდა იყოს კანდიდატების შერჩევის და შემოწმების ახალი, უფრო ეფექტური და ინოვაციური მეთოდების და პროცედურების მოფიქრება და დანერგვა.
კადრების მართვის ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ქართულ სპეცსამსახურებში სხვადასხვა კარიერულ საფეხურზე მდგომი (რეკრუტიდან მაღალი თანამდებობის პირების ჩათვლით) პირების მომზადება და გადამზადება. მართალია, ამ მხრივ გარკვეული დადებითი ძვრები შეინიშნება (კურიკულუმის განახლება, სხვადასხვა სპეციალურ დისციპლინაში სახელმძღვანელოების შექმნა, უწყებრივი ბიბლიოთეკების გამდიდრება), მაგრამ მაღალი სტანდარტების განუხრელი დაცვა, სავალდებულო და არჩევითი კურსების შეზღუდული რაოდენობა და მათი ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელი ხარისხი ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. გაცილებით რთულად არის საქმე საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელების გადამზადების თვალსაზრისით. მწყობრი და პრაქტიკული გადამზადების სქემები ამ მიმართულებით კვლავაც შესაქმნელია. არ ხდება უწყების გარეთ არსებული განათლების მიღების შესაძლებლობების სისტემური ინტეგრაცია კადრების განვითარების დაგეგმვისას. მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნება, მათთვის სათანადო ფინანსური და პროფესიული მოტივაციის მიცემა, ფაქტობრივად, ცალკეული ხელმძღვანელი პირების ლიდერულ თვისებებზეა მინდობილი.
დაბოლოს, მინდა სუს-ისა და სდს-ის ანგრიშვალდებულების ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო. ყველა სპეცსამსახურის წმიდათაწმინდას წარმოადგენს წყაროები მეთოდები. კარგი წყაროების შეძენა და ეფექტური მეთოდების დანერგვა ფული ღირს, დიდი ფული. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სპეცსამსახურების ფინანსური მენეჯმენტი და კონტროლი სხვა საჯარო უწყებების მსგავსად არ ხორციელდება. სამუშაოს სპეციფიკა არსებითად მოითხოვს მეტ მოქნილობას და ანგარიშვალდებულების განსხვავებული სისტემის შემოღებას. დაუწესეთ სპეცსამსახურებს, მაგალითად, განათლების სამინისტროს ფინანსური ანგარიშვალდებულების მოთხოვნები და, ფაქტობრივად, მათი მუშაობის პარალიზებას გამოიწვევთ. ეს ასეა საქართველოშიც და ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
თუმცა, განსხვავებული ფინანსური ანგარიშვალდებულების სისტემა და კანონმდებლობით მეტი მოქნილობის მინიჭება არ ნიშნავს ანგარიშვალდებულების გაუქმებას. არსებობს კორუფციის რამდენიმე რისკი სპეცსამსახურებში, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. პირველი, ყველაზე „უწყინარი“ მეთოდი არის ღია წყაროებიდან (მაგ. ტრადიციული და სოციალური მედია) ინფორმაციის ამოღება და საიდუმლო წყაროდან მოპოვებულად გასაღება. ეს მეთოდი განსაკუთრებით „ეფექტურია“, როცა საქმე რომელიმე ნაკლებადცნობილ რეგიონს/საკითხს შეეხება, ან როცა ინფორმაცია რომელიმე აღმოსავლურ ენაზე დაბეჭდილი გამოცემიდან არის აღებული.
მეორე მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: არაკეთილსინდისიერმა ოპერატიულმა თანამშრომელმა (არცთუ იშვიათად თავის უშუალო უფროსთან შეთანხმებით) შეიძლება ერთჯერადად მოპოვებული ინფორმაცია, რომელშიც ფული გადაიხადა, რამდენიმე ნაწილად დაჰყოს. შემდეგ, ინფორმაციის ყოველი ნაწილის სამსახურში მიტანისას დამატებით თანხების გამოყოფა მოითხოვოს, თითქოს, ამას საიდუმლო წყარო ითხოვდეს.
მე, რასაკვირველია, არ ვამბობ, რომ მსგავსი რამ ქართულ სპეცსამსახურებში ხდება. უბრალოდ, მსურს იმ რისკებზე მივუთითო, რომელიც შეიძლება ყველგან წარმოიქმნას. აღნიშული პრობლემების პრევენციას და აღმოფხვრას კი სისტემური მიდგომა ჭირდება. ამ საკითხზე და უსაფრთხოების სექტორის პოტენციური რეფორმების სხვა ასპექტებზე ბლოგის მეორე ნაწილში მოგახსენებთ.
დასკვნის მაგიერ
ამ ბლოგში შევეცადე, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წამყვანი მონაწილეების – საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის – სამი ძირითადი პრობლემა მოკლედ განმეხილა. (1) მკაფიო პრიორიტეტების არარსებობა, (2) კვალიფიციური კადრების მოზიდვის/სწავლების/შენარჩუნების გაუმართავი სისტემა და (3) სპეცსამსახურების ანგარიშვალდებულება ის პრობლემებია, რომელთა მოგვარება სახელმწიფოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობას მკვეთრად გააუმჯობესებს. რასაკვირველია, უსაფრთხოების სექტორის პრობლემები გაცილებით მრავალფეროვანი და რთულია, ვიდრე არსებული ფორმატი ამის განხილვის საშუალებას იძლევა. ჩემი მოკრძალებული სურვილია, რომ საჯარო სივრცეში ნაკლებადცნობილი, მაგრამ უსაფრთხოების სექტორისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები სამსჯელოდ გამოვიტანოთ. ამით, იმედი მაქვს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სექტორს გაძლიერებაში დავეხმარებით.
👉 იხ. ბლოგის მეორე ნაწილი: საქართველოს უსაფრთხოების სექტორი (რეფორმები).
რევაზ ბახტაძე – GIPA–ს მოწვეული ლექტორი, აქვს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.