ნინო აღნიაშვილი
ბაჩო ხუროშვილი
„ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“ ალბათ ის სიტყვათა კომბინაციაა, რომელიც მკითხველს ემოციათა ნეგატიურ პრიზმაში მოაქცევს, თუმცა ეს სიტყვათა შეთანხმება არ არის დაკავშირებული მხოლოდ ნეგატიურ განცდებთან, ესაა სტატუსი, რომელიც ადასტურებს რეალურ საფრთხესთან და შედეგთან კორელაციას.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისა და ამავე სტატუსის მინიჭების შესახებ რიტორიკა ბოლო პერიოდში აკადემიურ და კვლევით სფეროში საკმაოდ აქტუალური გახდა (Byman, 2018; Wilner, 2018; Byman, 2020, Singam & Ong, 2021). მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საკითხები ყოველთვის იყო აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში და წარმოადგენდა მედია ჰოლდინგების განხილვის საგანს, ხსენებული თემების აკადემიურ დისკურსში გადატანა კვლავაც ადასტურებს ამავე საკითხების სიღრმისეულად შესწავლის საჭიროებას. ამავდროულად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოცემულ საკითხებზე მსჯელობისას განვითარდა დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა ან/და გახდება თუ არა ოკუპანტი რუსეთი „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“ ? (Kuzio, 2015; Byman, 2018).
მოცემული ცნება წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებულ სტატუსს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც, დეპარტამენტის მტკიცებით, „არაერთხელ უჭერდნენ მხარს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს”. მოცემული სტატუსის მინიჭების ინსტიტუციური ჩარჩო ეფუძნება სამ სამართლებრივ დოკუმენტს, პირველია ე.წ „Section 620A of the Foreign Assistance Act of 1961“; მეორეა, „Section 40 of the Arms Export Control Act of 1961“ და მესამეა, „The Export Controls Act of 2018“. პირველი მათგანი ეხება დახმარებათა უმრავლესობის აკრძალვას და არეალი ვრცელდება, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე. მეორე აქტი კრძალავს კრედიტებს, გარანტიებს, სხვა ფინანსურ დახმარებასა და ექსპორტის ლიცენზირებას, რომელსაც ზედამხედველობს თავად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. მესამე აქტი კი, ფოკუსირებულია ფუნდამენტურად ექსპორტის კონტროლზე.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ნახსენები აქტები არ განსაზღვრავენ ტერმინს „საერთაშორისო ტერორიზმი“, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვეხებით თავად ამ ცნების კონცეპტუალიზაციასა და დეფინიციას, რთულია დავადგინოთ, ზედმიწევნით რას მოვიაზრებთ ამ უკანასკნელში. მიუხედავად ამისა, 1961 წლის Arms Export Control Act-ის მიხედვით, ხსენებული მოიცავს ყველა აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უწყობს ბირთვული ფეთქებადი მოწყობილობების გავრცელებას და დახმარებას ბირთვული მასალის შეძენაში, აგრეთვე გულისხმობს ვინმეს/რაიმეს ხელშეწყობას, გამოიყენოს, განავითაროს, აწარმოოს, მოაგროვოს ან შეიძინოს ქიმიური, ბიოლოგიური ან რადიოლოგიური იარაღი. თავად ტერორიზმის, როგორც ცნების ამბივალენტობის პრობლემას ეხებიან ისეთი მკვლევრები, როგორებიც არიან: შმიდი, ბაიმანი, ჩასდი და შანტი. ამავდროულად, მკვლევრები მიუთითებენ ამ უკანასკნელის გაგებისა და აღქმის პრობლემის შესახებ, რაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება ქმნიდეს საკითხის პოლიტიზების, ანალიტიკური გაურკვევლობისა ან/და საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული ალტერნატივების განხორციელების საკითხებს.
„ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოზე“ საუბრისას აუცილებლად უნდა გამოიყოს სანქციების ის კატეგორიები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ეხება მას, ვინც აღნიშნულ სტატუსს მიიღებს. სანქციების ოთხი ძირითადი კატეგორია შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ფორმით : 1) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა; 2) სამხედრო დანიშნულების ტვირთებზე სრული ემბარგო; 3) საერთაშორისო მასშტაბით ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა; 4) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის კონტროლი. ამჟამად ტერორიზმის სპონსორად დეკლარირებულია 4 სახელმწიფო : კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია. ამავე სიაში თავდაპირველად იყვნენ: ერაყი, ლიბია, სამხრეთ იემენი დ სირია, შესაბამისად მათ კუბა მოგვიანებით 1982 წელს დაემატა, შემდეგი კი ირანი გახლდათ 1984 წელს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ერაყი და ლიბია აღარ არიან ხსენებული სტატუსის მატარებელნი, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკის დიზაინი ტოვებს სტატუსის მოხსნის შესაძლებლობასაც. ცხადია, რომ აღნიშნული პროცესის ადმინისტრირება მნიშვნელოვან პროცედურებთანაა დაკავშირებული. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს აშშ-ს პრეზიდენტის ცნობას კონგრესთან, რომ შეიცვალა მმართველი/ხელისუფლება ფუნდამენტურ დონეზე და შესაბამისად, შეიცვალა ძირითადი პოლიტიკური კურსი. ასევე, თუკი მთავრობა არ უჭერს მხარს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს (ბოლო 6 თვის განმავლობაში მაინც) ან/და მთავრობამ გასცა გარანტია, რომ არ დაუჭერს მხარს ქმედებებს, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტერორიზმს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ იქნეს დეტალური ანგარიში სტატუსის მოხსნის პროცედურის შესახებ და, მათ შორის, ყურადსაღებია მიზეზების იდენტიფიცირება, თუ რატომაა სტატუსის მოხსნა კონკრეტულ სახელმწიფოზე არსებითი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის.
უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს ესაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს უკრაინისათვის და მთელი დასავლური სამყაროსთვის რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარება. იმის ფონზე, რომ ამ თვალსაზრისით რეალური ბერკეტი ამერიკის ხელთაა, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს პოზიციები დღემდე არაერთგვაროვანია. როგორც ირკვევა, თავად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიღებული მოთხოვნის შესრულება არც უარყო და არც დაადასტურა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის მიერ 19 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, შტატები ყურადღებით ეცნობა და აკვირდება იმ წესებსა და პროცედურებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისათვის. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს რაიმე აქტიური დისკუსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ვხედავთ, ამერიკის პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილი სიფრთხილეს იჩენს რუსეთისათვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას. საინტერესოა დარგის ექსპერტის, რუტგერსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორისა და რუსეთ/უკრაინის ისტორიაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, ალექსანდრ მოტილის პოზიცია. მისი თქმით, სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აღიარებისათვის აუცილებელია გვქონდეს შემთხვევა, რომელშიც სახელმწიფო აქტორი (state actor) აფინანსებს/ახალისებს არასახელმწიფო აქტორის (non-state actor) ტერორისტულ მოქმედებებს. საერთაშორისო ურთიერთობების დოგმატიკაზე დაყრდნობით, სტატუსის მიმნიჭებელი კანონმდებლობის ამგვარი ინტერპრეტაცია მართლაც შეუძლებელს გახდის პროცესის იმპლემენტაციას. ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაზე, ჩვენ შესაძლოა ნაწილობრივ ვსაუბრობდეთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზეც. სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, 2014 წელს კრემლის მხრიდან დონბასის რეგიონში სეპარატისტების და მათ მიერ განხორციელებული ძალადობრივი აქტების წახალისება შესაძლებელია დაკვალიფიცირებულიყო ტერორიზმის დაფინანსებად. დღეს კი რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ კლავენ, რუსულ სამხედრო უნიფორმაში არიან გამოწყობილები, რაც მათ ავტომატურად სახელმწიფო აქტორად აქცევს. შესაბამისად, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს, მიანიჭოს ზემოთთქმული სტატუსი რუსეთის ფედერაციას, პოლიტიკურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად ჩვენ მივიღებთ სამართლებრივი ნორმის ტელეოლოგიური განმარტების საკმაოდ საინტერესო პრეცედენტსაც.
მეორე მხრივ, ისტორიული გამოცდილებები და მათზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მის ხელთ არსებულ ბერკეტს – ტერორიზმის სპონსორად აღიაროს სახელმწიფო – საკმაოდ მოზომილად იყენებს. მაგალითისათვის, ცივი ომის პერიოდშიც კი, ოფიციალურმა ვაშინგტონმა თავი შეიკავა საბჭოთა კავშირის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისგან იმის მიუხედავად, რომ „ბოროტების იმპერია“ ცალსახად აფინანსებდა ტერორისტულ დაჯგუფებებს. საყურადღებოა მიდლბერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ჯეისონ ბლაზაკის განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება არის ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადაიდგას დაუფიქრებლად და რომ საკითხი საჭიროებს ფართომასშტაბიან კონსულტაციებს.
საინტერესოა, რომ 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა რუსეთისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებას გახმაურებული საქმის – სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის გამო. თუმცაღა, დეკლარირებული მიზნები მიზნებად დარჩა, ქმედითი ნაბიჯები კი ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, არ გადადგმულა. დაისმის კითხვა – „რატომ“? 2018 წელს ეს კითხვა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც აქტიურად მუსირებდა. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა მიაკუთვნა ტერორიზმის დამფინანსებელთა სიას ამავე ქვეყნის მიერ მიერ საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, მეორე მხრივ კი, სკრიპალების მოწამვლის სკანდალურ საქმეზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. 2018 წლის 21 აგვისტოს აშშ-ს სენატის სხდომაზე (S. Hrg. 115-822) დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა დასვა საკმაოდ რიტორიკული შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა კონცეპტუალური სხვაობა იყო ამ ორ შემთხვევას შორის. პასუხად კი, აარონ უეს მიშელმა, საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპა-აზიის საკითხებში, აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება ეს იქნებოდა უკანასკნელი და უმძიმესი ზომა, ე.წ. „Ultima Ratio“, რომელიც ძალიან ფრთხილად და გააზრებულად უნდა იქნეს გამოყენებული. ერთი სიტყვით, 2018 წელს რესპუბლიკელთა პათოსი იმაზე მიანიშნებდა, რომ აშშ მის ხელთ არსებულ ამ მექანიზმს უფრო მძიმე შემთხვევებისთვის ინახავდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარება იურიდიული თვალსაზრისით საკმაოდ კომპლექსურ პროცედურებს ითვალისწინებს, ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საკითხი უფრო სამართლებრივია, ვიდრე – პოლიტიკური. სინამდვილეში კი ჩვენ სწორედ რომ პოლიტიკურ აქტთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, როცა პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, ვერ მოვახდენთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური დღის წესრიგის ნიველირებას. 2022 წლის ნოემბერში შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც ამერიკელი ხალხი კონგრესის 435 წევრს და სენატის წევრთა ერთ მესამედს აირჩევს. წმინდა პოლიტიკური ინტერესების პრიზმაში თუ დავრჩებით და საკითხს ემოციურ-ფსიქოლოგიური ასპექტებისგან აბსტრაჰირებულად შევაფასებთ, ბუნებრივია, რომ ორივე პარტია ეცდება რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის როლი ელექტორატის მოსაზიდად გამოიყენოს. ასე მაგალითად, ამჟამინდელი მოცემულობით, ორივე პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან აქტიურად ითხოვენ, გადადგან თამამი ნაბიჯი და აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად. სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ჯო უილსონმა და კალიფორნიის დემოკრატმა წარმომადგენელმა ტედ ლიუმ განაცხადეს, რომ რუსული ტერორი უნდა დასრულდეს და ამისათვის მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთი დაამატოს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიას. რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა უკრაინაში ვიზიტის შემდგომ ასევე მოუწოდა ჯო ბაიდენს, მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება და, თავის მხრივ, დაჰპირდა უკრაინის პრეზიდენტს მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებას მიზნის მისაღწევად. მათი თქმით, ამისათვის არაერთი მიზეზი არსებობს. იქნება ეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა, აშშ-ს არჩევნებში ინტერვენციის არაერთი მცდელობა თუ 2019 წელს სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აშშ-ს სენატში 9 მაისს დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალისა და რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ ინიცირებულ იქნა ორპარტიული რეზოლუცია, რომლითაც სწორედ რუსეთის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანაა მოთხოვნილი. რეზოლუცია საკმაოდ მყარ არგუმენტაციას ემყარება იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორად. ცხადია, არგუმენტებს შორის არის რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიული ომი უკრაინაში და ასევე საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესია. სია საკმაოდ ვრცელია. ასე მაგალითად: ვლადიმერ პუტინის უშუალობა ჩართულობა ჩეჩნეთის მეორე ომში, რუსეთის მიერ გროზნოში განხორციელებული მოქმედებები, 2014 წელს რუსეთის მიერ დონბასში სეპარატისტების წახალისება, 2015 წლის სირიის ომში რუსეთის ჩართულობა, რამაც არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რუსეთის მხრიდან სირიასთან, როგორც ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოსთან ამჟამინდელი თანამშრომლობაც.
თავისუფლების, როგორც უზენაესი ღირებულების პოსტულატზე აღზრდილი ხალხი, ვფიქრობთ, მოიწონებს აგრესორი სახელმწიფოს ექსპანსიონისტური პოლიტიკისთვის ამ ფორმით ხელის შეშლას. მეორე მხრივ, მოზომილი პოლიტიკა საკითხთან მიმართებით შესაძლოა უფრო მისაღები იყოს იმ ამომრჩევლისთვის, რომელთათვისაც საშინაო პოლიტიკის ჩავარდნები, მათ შორის, უპრეცედენტო ინფლაცია გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე რუსეთის ეკონომიკურ მარწუხებში მომწყვდევა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაჟღერებული მოსაზრების თანახმად, რუსეთის აღნიშნულ სიაში შეყვანა ვერ იქნება შემაკავებელი ეფექტის მქონე ვლადიმერ პუტინის აგრესიული პოლიტიკისათვის. მისი თქმით, აღნიშნული სტატუსის მინიჭება კონცეპტუალურად ითვალისწინებს სწორედ იმ ტიპის სანქციებს, რომელთა მსგავსი არაერთი პაკეტიც აშშ-მ უკვე დაუწესა რუსეთს და შესაბამისად, ეს ნაბიჯი შესაძლოა იყოს მხოლოდ „სტატუსი სტატუსისთვის“, რომელსაც რეალური და გაზომვადი შედეგები არ მოჰყვება. თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ხსენებულ სიაში შეყვანა ჯაჭვური რეაქციით დაასუსტებს მის სავაჭრო პარტნიორებსაც, რომლებიც ძირითადად ნეიტრალურ ან რუსეთის მხარდამჭერ პოზიციას იკავებენ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ამდენად, თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ეფექტურ შეკავების სტრატეგიაზე, აშშ-ს მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ მიჩნევა, მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინებით, ნამდვილად იქნება ასეთი.
დასკვნა და შეფასება
უდავოა, რომ აშშ-ს ხელთ არსებული მექანიზმი, რუსეთი ცნოს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონის მქონე ბერკეტია. მართალია, ერთი მხრივ, გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არ არსებობს ტერმინ „ტერორიზმის“ უნივერსალური განმარტება, მათ შორის, არც სამართლებრივი დეფინიცია და ეს ზრდის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლავირების საშუალებას, თუმცა აქვე პირდაპირპროპორციულად იზრდება პასუხგაუცემელ კითხვათა რიცხვი. მაგალითისათვის, რატომ შეფასდა შარლი ებდოზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად და რატომ არ უნდა ჩაითვალოს ასეთად რუსეთის მიერ ბუჩასა და მარიუპოლში განხორციელებული ქმედებები? გარდა ამისა, 2020 წელს ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფინანსებდა თალიბანს და მათთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს, ასევე, ცდილობდა ავღანელი სამხედროების გადმობირებას, მათი მხრიდან ამერიკელ სამხედროებზე შეტევების განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი ვაგნერის ჯგუფიც, რომელსაც, ფორმალურ-იურიდიულად სწორედ არასახელმწიფო (non-state) აქტორის სტატუსი აქვს და რომელიც სისტემატურად ახორციელებს ისეთ მასშტაბურ დანაშაულებს, რომელთა კვალიფიკაციაც ტერორისტულ აქტად სავსებით შესაძლებელია. მაგალითისათვის, ამ დაჯგუფებამ მიმდინარე წლის 31 მაისს მალიში სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობის აქტი განახორციელა. რაც მთავარია, ვაგნერის ჯგუფი აქტიურადაა ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომშიც. „Washington Post“-ის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, აპრილის დასაწყისში უკრაინაში დაჯგუფების 1000-მდე მებრძოლი იმყოფებოდა, „Guardian“-ის თანახმად კი, დაჯგუფების წევრებმა მიწასთან გაასწორეს კიევის ოლქის ერთ-ერთი სოფელი, მოტიჟინი, დახოცეს უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, მოტიჟინის ხელმძღვანელი და მისი ოჯახი. ცხადია, ვაგნერის ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები ნახსენებია სენატში ინიცირებულ რეზოლუციაშიც, როგორც ერთ-ერთი საფუძველი, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისა. ზემოთ მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არათუ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად, არამედ თავად რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს აღიარებისთვისაც კი არაერთი საფუძველი არსებობს, რომელთა მიზნობრივი განმარტების შემთხვევაშიც, სამართლებრივი ბუნდოვანება იოლად დაძლევადია. თუმცა, როგორც არაერთგზის აღინიშნა, პროცესის იმპლემენტაციას სჭირდება პოლიტიკური ნების არსებობაც.
მეორე მხრივ, არ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარება იქნება მხოლოდ „სტატუსი სტატუსისთვის“. პირიქით, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება დანაშაულების იმ ფართო სპექტრისა, რომელსაც აგრესორი სახელმწიფო ახორციელებს. ამასთან, მსგავსი განაცხადის წონა საკმაოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენი შეფასებით, სწორედ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად არ აღიარება იქნება დამაზიანებელი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისადმი და გაჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა: რა ინდიკატორებითაა კუბას, სირიის, ჩრდილოეთ კორეის ან ირანის მიერ განხორციელებული ქმედებები იმაზე მძიმე მასშტაბის, ვიდრე რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა განაპირობებს დიფერენცირებულ მიდგომას?
რთულია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და კიდევ უფრო რთულია იმის განსაზღვრა, როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება. მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიის ფორმირების ოფიციალური და რეალური ბერკეტი აშშ-ს ხელთაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპის სახელმწიფოების პოზიცია და ერთგვარი საერთაშორისო აღიარება. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის სეიმმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი აღიარა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ კი ლატვია-ესტონეთის პრემიერმინისტრებთან და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ერთად 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი სისტემატურად აძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვა სუვერენული სახელმწიფოების ექსპანსიის ხარჯზე და იგი სასტიკად არღვევს ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. გამომდინარე აქედან, რუსეთთან, როგორც იმპერიალისტურ და ტერორისტულ სახელმწიფოსთან, დასავლურმა სამყარომ არ შეიძლება მიმართოს „დათმობისა და დაყვავების“ პოლიტიკას. ნაუსედას თქმით, რუსეთი უნდა მოექცეს სრულ იზოლაციაში და ეკონომიკური სანქციების პარალელურად, მან პასუხი უნდა აგოს ყველა ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე. ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის ასევე გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთი აღნიშნულ სიაში უნდა იყოს შეტანილი. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც მან აღნიშნა, რომ დღესდღეობით მხოლოდ უკრაინა არ არის რუსული თავდასხმის ქვეშ. საფრთხე ემუქრება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგსა და დემოკრატიას. მეტიც, შარლ მიშელმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეაფასა, როგორც „გეოპოლიტიკური ტერორიზმი“, რაც, ვფიქრობთ, უფრო მძიმე მასშტაბის დანაშაულია, ვიდრე ერთი კონკრეტული ტერორისტული აქტის წახალისება/ორგანიზება იქნებოდა.
ჰიპოთეტურ პროგნოზებს მიღმა რეალური ფაქტებია. ფაქტია ის, რომ უკრაინაში რუსეთის ომს, რომელიც დღემდე გრძელდება, ყოველდღე ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ამ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მიღებულ იქნას ყველა შესაძლო შემაკავებელი ზომა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ დასავლური სამყარო, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი თუ ევროპა, ისე, როგორც არასდროს, უნდა იყოს ერთსულოვანი საკუთარ პოზიციაში და მხარი დაუჭიროს რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა“ სიაში შეყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ რუსეთის ექსპანსიონისტური ამბიციების მოთოკვის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის წინაშე. დასავლურ სამყაროს აქვს შესანიშნავი მომენტუმი, დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია შეცდომების არამხოლოდ აღიარება, არამედ მათზე სწავლაც. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის შეფასებას თუ მოვიშველიებთ, „დიქტატორებთან მაამებლობას არა მშვიდობასთან, არამედ ომთან მივყავართ. პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება.“
გამოყენებული ლიტერატურა:
Byman, D. L. (2018). Russia is a State Sponsor of Terrorism—But Don’t Treat It That Way’. Lawfare Blog, 30.
Byman, D. (2020). Understanding, and misunderstanding, state sponsorship of terrorism. Studies in Conflict & Terrorism, 1-19.
Hoffman, B. (2018). 1. Defining Terrorism. In Inside terrorism (pp. 1-44). Columbia University Press.
Kuzio, T. (2015). Is Russia a State Sponsor of Terrorism. New Eastern Europe, 22.
Martin, G., & Prager, F. (2019). Terrorism: An international perspective. SAGE.
Singam, K. V., & Ong, K. (2021). State Sponsored Terrorism During the COVID-19 Pandemic. Counter Terrorist Trends and Analyses, 13(3), 22-27.
Wilner, A. (2018). The dark side of extended deterrence: Thinking through the state sponsorship of terrorism. Journal of Strategic Studies, 41(3), 410-437.
ინტერნეტ რესურსები:
- https://www.washingtonpost.com/national-security/2022/04/15/zelensky-biden-russia-terrorism/
- https://www.govinfo.gov/content/pkg/CHRG-115shrg40552/html/CHRG-115shrg40552.htm
- https://www.cnbc.com/2022/04/19/us-is-taking-a-close-look-at-whether-to-label-russia-a-state-sponsor-of-terrorism-heres-what-that-means.html
- https://www.latimes.com/opinion/story/2022-03-01/russia-state-sponsor-terrorism-ukraine-invasion
- https://www.france24.com/en/live-news/20220422-japan-says-disputed-islands-illegally-occupied-by-russia
- https://www.foley.com/en/insights/publications/2022/03/the-power-tria-if-russia-state-sponsor-terrorism
- https://www.state.gov/state-sponsors-of-terrorism/
- https://www.congress.gov/bill/107th-congress/house-bill/3210
- https://www.cnbc.com/2022/04/19/us-is-taking-a-close-look-at-whether-to-label-russia-a-state-sponsor-of-terrorism-heres-what-that-means.html
- https://www.latimes.com/opinion/story/2022-03-01/russia-state-sponsor-terrorism-ukraine-invasion
- https://www.voanews.com/a/us-lawmakers-push-biden-to-designate-russia-a-state-terror-sponsor/6580968.html
- https://www.passblue.com/2022/05/31/as-russias-wagner-group-operates-in-mali-the-countrys-civilian-deaths-multiply/
- https://www.ndtv.com/world-news/us-taking-close-look-at-labelling-russia-as-a-state-sponsor-of-terrorism-report-2899312
- https://www.nytimes.com/2022/05/31/world/africa/mali-massacre-investigation.html
- https://www.nytimes.com/2020/06/26/us/politics/russia-afghanistan-bounties.html
- https://breakingdefense.com/2022/05/head-of-us-special-ops-in-africa-likens-wagner-group-to-terrorist-organization/
- https://www.theguardian.com/world/2022/may/25/wagner-group-fighters-accused-murdering-civilians-ukraine-war-crimes-belarus
- https://www.congress.gov/117/bills/sres623/BILLS-117sres623is.pdf
- https://www.aa.com.tr/en/europe/france-s-macron-defends-not-using-genocide-to-describe-russian-war-crimes-in-ukraine/2564064
- https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2022/03/01/remarks-by-president-charles-michel-at-the-extraordinary-debate-at-the-european-parliament-on-russian-aggression-against-ukraine/
- https://www.radiotavisupleba.ge/a/31746855.html
- https://twitter.com/i/broadcasts/1OdJrBLqjjlJX
- https://news.err.ee/1608621964/germany-to-reinforce-presence-on-nato-s-eastern-flank