ნინო მაისურაძე, გიორგი ქურცაძე, მეგი გვილავა
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი- რა ეტაპებია გასავლელი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღნიშნულის ოფიციალური აღიარება მოახდინოს.
აღნიშნული ბლოგი მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს გენოციდის არსი და რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მაგალითზე, ხაზი გაუსვას, თუ რა ეტაპებია გასავლელი, რათა ის კვალიფიცირდეს, როგორც გენოციდი.
გენოციდის განმარტება
სიტყვა „გენოციდი“ პირველად პოლონელმა ადვოკატმა რაფაელ ლემკინმა 1944 წელს თავის წიგნში „Axis Rule in Occupied Europe“ გამოიყენა. იგი შედგება ბერძნული პრეფიქსი genos , რაც ნიშნავს რასას ან ტომს, და ლათინური სუფიქსი cide , რაც ნიშნავს მკვლელობას. ლემკინმა ეს ტერმინი განავითარა, ერთის მხრივ, ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური პოლიტიკის, მეორე მხრივ კი წარსულში მომხდარი მიზანმიმართული ქმედებების საპასუხოდ.
გენოციდი პირველად აღიარა დანაშაულად საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1946 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. დამოუკიდებელ დანაშაულად კი ის კოდიფიცირდა გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციაში (გენოციდის კონვენცია). კონვენცია რატიფიცირებულია 153 სახელმწიფოს მიერ (2022 წლის მდგომარეობით). მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) არაერთხელ განაცხადა, რომ კონვენცია განასახიერებს პრინციპებს, რომლებიც არის ზოგადი ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოები კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, კანონით შეზღუდულნი არიან იმ პრინციპით, რომ გენოციდი არის დანაშაული, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. შესაბამისად, ის წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმას (ან ius cogens ) და მისგან გადახვევა დაუშვებელია. კონვენციის თანახმად, გენოციდში ბრალდებულები გასამართლდებიან ქვეყანაში, სადაც ეს აქტი მოხდა, ან საერთაშორისო სასამართლოში.
გენოციდის კონვენციის I მუხლის თანახმად, ხელმშემკვრელი მხარეები კვლავაც ადასტურებენ ერთგულებას საერთაშორისო ნორმისადმი, რომ გენოციდი ჩადენილი – მშვიდობიანობისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არის დანაშაული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომლის აღკვეთის ვალდებულებაც მხარეებს ეკისრებათ. რებეკა ჰამილტონი, ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის ყოფილი ადვოკატი აღნიშნავს, ”სამწუხაროდ, არსებობს რეალური გათიშვა ტერმინის გენოციდის ლეგალურ გამოყენებასა და გენოციდის გაგებას შორის პოპულარულ დისკურსში.” ზოგადი გაგება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს გენოციდი, უფრო ფართოა, ვიდრე საერთაშორისო სამართლის ნორმის შინაარსი. კერძოდ, გენოციდის კონვენციის II მუხლი შეიცავს გენოციდის დანაშაულის განმარტებას, რომელიც მოიცავს ორ ძირითად ელემენტს: მენტალური ელემენტი : „მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვა ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის, როგორც ასეთი“; და ფიზიკური ელემენტი , რომელიც მოიცავს შემდეგ ხუთ მოქმედებას: ჯგუფის წევრების მკვლელობას, ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული სხეულის ან ფსიქიკური ზიანის მიყენებას, ჯგუფისთვის განზრახ, ისეთი ცხოვრების პირობების შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს, მათ ფიზიკურ განადგურებას, მთლიანად ან ნაწილობრივ; ჯგუფში შობადობის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებას, ჯგუფის წევრი ბავშვების სხვა ჯგუფში იძულებით გადაყვანას. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ აღნიშნული ხუთი მოქმედებიდან, ოთხი მათგანი აშკარად სახეზეა უკრაინაში, კერძოდ: უკრაინელი ხალხის, როგორც სამხედრო, ასევე რიგითი მოქალაქეების, მასობრივი მკვლელობა, განურჩველად სქესისა თუ ასაკისა, სერიოზული ფსიქიკური და ფიზიკური ზიანის მიყენება, ასევე, ჰუმანიტარული დერეფნების დაუშვებლობა და ისეთი პირობების შექმნა ხალხისთვის, ასევე უკრაინელი ტყვეებისთვის, რაც მიზნად ისახავს მათ განადგურებას და ბოლოს, უკრაინელ ბავშვთა რუსეთში იძულებით გადაყვანა. ასევე, იკვეთება მენტალური ელემენტისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც გულისხმობს უკრაინული ერის განადგურების განზრახვას.
გენოციდის მდგენელები და პარალელები უკრაინასთან
გენოციდი არის პროცესი, რომელიც ვითარდება ათ ეტაპად. პროცესი არ არის სწორხაზოვანი და შესაძლოა, თითოეული მათგანი ერთდროულად განხორციელდეს. ამ საფეხურების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ემთხვევა დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს. კერძოდ, არსებულ ეტაპებს წარმოადგენს:
➔ 1. კლასიფიკაცია: კონკრეტული კულტურა ახდენს კატეგორიზაციას, „ჩვენ და ისინი“ ეთნიკურობის, რასის, რელიგიის ან ეროვნების მიხედვით, როგორებიცაა: გერმანელი და ებრაელი, ჰუტუ და ტუტსი.
➔ 2. სიმბოლიზაცია: ადამიანებს ანიჭებენ სახელებს ან სხვა სიმბოლოებს, მათი ჩაცმულობის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის და დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით. მაგალითად: ყვითელი ვარსკვლავი ებრაელებისთვის ნაცისტური მმართველობის ქვეშ, ლურჯი შარფი კამბოჯაში.
➔ 3. დისკრიმინაცია: დომინანტური ჯგუფი იყენებს კანონს, ჩვეულებებს და პოლიტიკურ ძალაუფლებას სხვა ჯგუფების უფლებების უარყოფისთვის. იდეოლოგია მხარს უჭერს მონოპოლიზაციას ან ძალაუფლების გაფართოებას დომინანტური ჯგუფის მიერ. ექსკლუზიური იდეოლოგიების დამცველები ხშირად ქარიზმატულ ლიდერებად მიიჩნევიან, გამოხატავენ თავიანთი მიმდევრების უკმაყოფილებას და იზიდავენ მასების მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით იკვეთება დღეს მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის მაგალითზე. კერძოდ, ვლადიმერ პუტინი, უკრიანის წინააღმდეგ წარმოებული ომით, ახდენს საკუთარი ხალხის თვალში, ძალის დემონსტრირებას და 2024 წლის არჩვენებისთვის მათი მხარდაჭერის მოპოვებას. როგორც, ერთ-ერთი გამოცემა (Bloomberg) იუწყება, არსებული ომის პარალელურად, მისი რეიტინგი 69%-83%-მდე არის გაზრდილი.
➔ 4. დეჰუმანიზაცია: ერთი ჯგუფი უარყოფს მეორე ჯგუფის ჰუმანურობას. ამ ეტაპზე, სიძულვილის პროპაგანდა ბეჭდურ და მასობრივ მედიაში გამოიყენება მსხვერპლი ჯგუფის შეურაცხყოფისთვის. უმრავლესობის ჯგუფს ასწავლიან, რომ მეორე ჯგუფი მათი საზოგადოებისთვის უცხოსაც კი წარმოადგენს. არსებული საფეხური მკაფიოდ იკვეთება რუსულ მედიაში, კერძოდ, აქტიურად ხორცილედება დეზინფორმაცია ომის შესახებ და შეცდომაში შეჰყავთ საკუთარი მოსახლეობა ყალბი ნარატივით. ასევე, ხორციელდება უკრაინელი ხალხისა და მათი ლიდერების შეურაცხყოფა და უკრაინის, როგორც დასავლეთის მარიონეტად წარმოჩენა, რაც თითქოს რუსეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ.
➔ 5. ორგანიზაცია: გენოციდი არის ჯგუფური დანაშაული, რომელიც ყოველთვის ორგანიზებულია სახელწმიფოს მიერ, როგორც წესი, ხშირად სამხედრო ძალების გამოყენებით, სახელმწიფო პასუხისმგებლობის უარყოფის უზრუნველსაყოფად. ზოგჯერ ორგანიზაცია არის არაფორმალური ან დეცენტრალიზებული. უკრაინის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია, ორგანიზებულად ახდენს დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე, სამხედრო ძალებისა და მასმედიის ჩართულობით, რაც მას ჯგუფური დანაშაულის იერსახეს აძლევს.
➔ 6. პოლარიზაცია: ექსტრემისტები/სიძულვილის ჯგუფები იყენებენ პროპაგანდას კონკრეტული ჯგუფის საწინააღმდეგოდ. ჯგუფის მიზნობრივი მოტივები ინდოქტრინირებულია მასმედიის საშუალებით. მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, რუსული მედია საშუალებები მომართულია უკრაინისა და მისი მხარდამჭერი დასავლეთისა თუ აშშ-ს საწინააღმდეგოდ გაავრცელოს ინფორმაცია.
➔ 7. მომზადება: შემუშავებულია გენოციდის გეგმები, აძლიერებენ შეიარაღებას და იწყებენ სამხედრო წვრთნებს. ხშირად გამოიყენება ევფემიზმები თავიანთი განზრახვების შესაფარად, მაგალითად, მიზნებს მოიხსენიებენ, როგორც „ეთნიკურ წმენდას“, „განწმენდას“ ან რუსეთისა და უკრაინის მაგალითზე, ომს, როგორც „სპეცოპერაციას“. ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ „თუ ჩვენ მათ არ მოვკლავთ, ისინი მოგვკლავენ“, რაც ახდენს გენოციდის შენიღბვას, თავდაცვის მიზნით. პუტინმა უარყო უკრაინული ეროვნება და ისინი მოიხსენია ნაცისტებად, რომელთაგანაც მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა დაიცვას.
➔ 8. დევნა: მსხვერპლთა იდენტიფიცირება და გამოყოფა ხდება მათი ეთნიკური ან რელიგიური იდენტობის გამო. სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს განზრახ ართმევენ რესურსებს, როგორიცაა წყალი ან საკვები, რათა ნელ-ნელა გაანადგურონ ისინი. ბავშვებს ძალით ართმევენ მშობლებს. მსხვერპლთა ჯგუფის ადამიანის ძირითადი უფლებები სისტემატურად ირღვევა. არსებული ეტაპის დამახასიათებელი ნიშნები ნათლად გამოიკვეთა უკრაინის შემთხვევაში, მარიუპოლის, ირპინისა და ბუჩას მაგალითზე.
➔ 9. განადგურება: იწყება და სწრაფად ხდება მასობრივი მკვლელობა, რომელსაც უკვე ლეგალურად უწოდებენ “გენოციდს”. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განურჩევლად დაბომბეს დასახლებული ტერიტორიები, კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და სხვა სამოქალაქო თავშეყრისა თუ კულტურული დანიშნულების ნაგებობებს, რაც წარმოადგენს ომის დანაშაულს. მართალია, არსებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ჯერჯერობით სამართლებრივად გენოციდის კვალიფიკაცია არ აქვს მინიჭებული, თუმცა საერთაშორისო დონეზე, რიგი დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები მას გენოციდის სახელით მოიხსენებენ.
➔ 10. უარყოფა არის საბოლოო ეტაპი, გენოციდის დამნაშავეები თხრიან მასობრივ საფლავებს, წვავენ გვამებს და აშინებენ მოწმეებს. ისინი უარყოფენ, რომ ჩაიდინეს რაიმე დანაშაული, ხშირად მომხდარს მსხვერპლებს აბრალებენ და ცდილობენ დაფარონ მტკიცებულებები. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, შემდეგნაირად აფასებს: “მე მას გენოციდი ვუწოდე, რადგან უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ ცდილობს მოსპოს თუნდაც უკრაინელის იდეა. მტკიცებულებები მრავლდება.“ (The Washingon Post, 2022).
შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, ფარავს გენოციდის მიმდინარეობის ზემოთ აღნიშნულ საფეხურებს. გენოციდის მკვლევარის, გრეგორი სტენტონის მიერ შემუშავებული, გენოციდის ათი საფეხური, გვეხმარება დღეს მიმდინარე მოვლენების შეფასებაში და შესაძლოა დამხმარე წყაროდ იქცეს, არსებულ დანაშაულთა გენოციდად კლასიფიცირებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, გენოციდის გავლენიანი ორი მკვლევრის, გრეგორი სტენტონისა და ჯეიმს ვალერის მოსაზრებები არსებულთან დაკავშირებით, რომ გენოციდის დაუყოვნებლივ, ოფიციალური ცნობა ასრულებს კატალიზატორის როლს, ქმნის გადაუდებლობის შეგრძნებასა და არსებულზე დროულად რეაგირების საჭიროებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯეიმს ვალერის თქმით, არსებული პროცესის გაჭიანურება კიდევ უფრო დაამძიმებს და უარყოფით ზეგავლენას მოახდენს უკრაინელ ხალხზე (The Washingon Post, 2022).
საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოთა რეაგირება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე
რუსეთის მიერ განხორციელებულმა სასტიკმა ქმედებებმა, უკრაინის ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი და ბუჩა, ასევე რუსული მედიის დეზინფორმაციამ, რომელიც „დე-უკრაინიზაციას“ გულისხმობს, გააძლიერა დისკუსია იმის შესახებ, ახორციელებს თუ არა რუსეთი გენოციდს უკრაინაში. მართალია, იურისტებმა უნდა გადაწყვიტონ საერთაშორისო დონეზე როგორ კვალიფიცირდება არსებული დანაშაულებრივი ქმედებები, თუმცა ის ფაქტი, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, გაახმოვანა ომის შესახებ მისი შეხედულებები და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი ქმედებები ომის დანაშაულად გენოციდად მოიხსენია, კვლავაც ადასტურებს, უკრაინაში არსებული ვითარების სიმძიმეს და წარმოადგენს გზავნილს დემოკრატიული საზოგადოების მიმართ, რათა უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო განამტკიცონ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მთავრობა იშვიათად იყენებდა და იყენებს სიტყვა გენოციდს სხვადასხვა დანაშაულის აღსაწერად.
მაგალითისთვის, სულ ახლახან, მომხდარიდან ხუთი წლის შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მარტში, გამოაცხადა, რომ მიანმარის სამხედროებმა გენოციდი განახორციელეს როჰინჯა უმცირესობის ჯგუფის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ეს ეფუძნება სახელმწიფო დეპარტამენტის „ფაქტების მკაცრად დადგენისა“ და ასევე „დეტალურ დოკუმენტაციას“ დამოუკიდებელი წყაროებიდან, მათ შორის უფლებადამცველი ჯგუფებისა და მკვლევარების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
21 აპრილს, ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) ერთხმად მიიღო განცხადება უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და ომის დანაშაულების შესახებ და ასევე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მის მოსახლეობას. სეიმის განცხადებით, რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდს ახორციელებს. ლატვიის სეიმი კატეგორიულად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და უკრაინაში შეჭრას, რომელიც განხორციელდა ბელორუსის რეჟიმის დახმარებითა და ჩართულობით. სეიმის დეპუტატებმა მოიხსენიეს მრავალი ფაქტი, რუსული არმიის მიერ ჩადენილი მასობრივი დანაშაულების შესახებ, როგორებიცაა: მკვლელობები, წამება, სექსუალური ძალადობა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების ბუჩაში, ირპინში, მარიუპოლში და სხვაგან. ლატვია, როგორც გაეროს, ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ქვეყანა, რომელიც იცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის ქცევას უკრაინელი ხალხის მიმართ.
იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოხდა გენოციდი, იურისტებმა უნდა აჩვენონ გენოციდის კონვენციით დაცული ჯგუფის არსებობა, გენოციდური აქტები და განზრახვა გაენადგურებინათ მოცემული ჯგუფის ნაწილი მაინც. არსებული ელემენტები აშკარად სახეზეა უკრაინაში, რასაც აღნიშნავს სტენტონი და ხაზი უნდა გაესვას, მარიუპოლის ალყას, ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულებრივ ქმედებებს, ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანას, არაერთ გაუპატიურების ფაქტს, როგორც გენოციდის აქტების მაგალითს. ასევე სტენტონის თქმით, ”ჩვენ გვაქვს ქმედებების ძალიან მკაფიო, სისტემატური ნიმუში, რომლის მოსალოდნელი შედეგები არის ეროვნული ჯგუფის ნაწილის, კერძოდ უკრაინული ჯგუფის განადგურება.“
აღსანიშნავია, ასევე პოლონეთის პოზიცია არსებულთან დაკავშირებით. კერძოდ, ის მოითხოვს მკაცრ რეაგირებას ბოროტი ძალის უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის, განცხადებით აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს გენოციდს და მოუწოდა საერთაშორისო კომისიას გამოიძიონ დროულად ისინი. ასევე, პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ყურადღებას ამახვილებდა ბუჩაზე არსებულ მდგომარეობაზე. კერძოდ, მისი თქმით, გავრცელებული კადრები მოგვიწოდებს აღარ ვეძიოთ კომპრომისი, მეტად დავეხმაროთ უკრაინას და მოხდეს არსებული დანაშაულის შესაბამისი კვალიფიკაცია.
ასევე, შემდეგი და ამავდროულად, ერთ-ერთი პირველი სახელწმიფო, რომელიც რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს არის ესტონეთი. ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რიიგიკოგუმ, მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის, გენოციდად აღიარებას. და მეტიც, მოუწოდა სხვა ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოიქცნენ ანალოგიურად.
რაც შეეხება, ლიეტუვას, მისი პარლამენტის (სეიმა), საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებით, რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ბუჩაში, ირპინსა თუ სხვა ქალაქებში წარმოადგენს გენოციდს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ლიეტუვას სეიმას ამა წლის, 10 მაისს, ერთხმად, მიღებული რეზოლუცია, რომელიც ბოროტი ძალის სასტიკ ქმედებებს გენოციდად ცნობს და ეხება 2005 წლის რეზოლუციას ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ. კერძოდ, სეიმას თავჯდომარის მოადგილე, პაულიუს საუდარგასი, აღნიშნავს, რომ რუსეთის პოლიტიკა უცვლელია და „პუტინის რუსეთი უბრალოდ საბჭოთა კავშირის სტალინისტური რუსეთის რეინკარნაციაა“. ასევე, სეიმას მხრიდან გაჟღერდა მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნების მთავრობებისადმი, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები აღიარონ გენოციდად და ჰპოვონ სამართლიანობა უკრაინელი ხალხისთვის. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში ხაზი ესმევა სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნას (ნიურნბერგის, სიერა ლეონეს, ტოკიოს მსგავსად). სეიმა ასევე რუსეთის ფედერაციას მოიხსენიებს, როგორც ტერორიზმის სპონსორსა და უშუალოდ ტერორიზმის ჩამდენ სახელწმიფოს.
მაშინ, როდესაც ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა აშშ, ლატვია, გაერთიანებული სამეფო, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, კანადა, ბოროტი ძალის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ცნობენ გენოციდად, საინტეროსოა, საქართველოს პოზიციაც არსებულ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, საქართველო არის ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის თანაავტორი, მაგრამ, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ჯერაც თავს იკავებს რუსეთის დანაშაულების გენოციდად შეფასებისგან. შესაბამისად, საქართველომ, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულს მისცეს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება, სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდამხარ და მიიღოს შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუცია.
აქვე აღსანიშნავია, საერთაშორისო სასამართლოების როლი, რომელიც იძლევა ანგარიშვალდებულების პერსპექტივას. საერთაშორისო დონეზე გენოციდის შესახებ პირველი ნასამართლობა 1998 წელს გამოცხადდა, როდესაც რუანდის ყოფილი მერი სპეციალურ ტრიბუნალზე გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს. 2002 წელს დაარსდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მიზნად ისახავდა პირების დევნას მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის გენოციდის გამო. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა, დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესახებ და გაემგზავრა ქვეყანაში მტკიცებულებების შეგროვებაში დასახმარებლად. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო კი პასუხისმგებელია სახელმწიფოებს შორის დავების განხილვაზე. ”ეს არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჩვენ ვიხილავთ გენოციდის განხილვას,” – აღნიშნა ჰამილტონმა.
დასკვნა
ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანია, ბოროტი ძალის, მიერ უკრაინაში მიმდინარე დანაშაულებების დროულად აღკვეთა, გენოციდად კატეგორიზაცია და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მკაცრი რეაგირება, რაც მოიცავს პრობლემის სამართლებრივ გადაჭრას, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემასა და პოლიტიკური ნების გამოვლენას. როგორც, ლიეტუვას სეიმა , ზემოთ აღნიშნულ რეზოლუციაში მიიჩნევს,“მართლმსაჯულება აღსრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის სახელმწიფოს მეთაურებს, სხვა უმაღლესი დონის დამნაშავეებსა და დანაშაულის უშუალოდ ჩამდენებს დაეკისრებად პასუხისმგებლობა“. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის მხრიდან გადადგმულ მკაფიო ნაბიჯებს ბოროტი ძალის შესაჩერებლად, თუმცა დგას აუცილებლობა ჩადენილი სასტიკი დანაშაულების კვალიფიცირებისა გენოციდად. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონეზე რიგი სახელმწიფოები, რუსეთის მიერ განხორციელებულ დანაშაულებებს გენოციდად მოიაზრებენ და მხარს უჭერენ მტკიცებულებების მოძიების პროცესს, იმედს იძლევა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ შეფასდება საერთაშორისო დონეზე და მიიღებს შესაბამის პასუხს.
ბიბლიოგრაფია:
Andrukaitytė, M. B. (2022, April 7). Lithuanian MPs describe Russia’s atrocities in Ukraine as genocide. Lrt.Lt. https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/1666708/lithuanian-mps-describe-russia-s-atrocities-in-ukraine-as-genocide?fbclid=IwAR0jDXrKu6BDTo8Zn95GcZm84z29ci00l0roIy57PN57TFAN_BqFukR579M
Askew, J. (2022, April 21). “Massive war crimes”: Estonia accuses Russia of genocide in Ukraine. Euronews. https://www.euronews.com/my-europe/2022/04/21/massive-war-crimes-estonia-accuses-russia-of-genocide-in-ukraine?fbclid=IwAR2oB3AWx6VdDHHyjO8tHDfSQ-5iZCjOK6TxYY1aM5n2ZoN8CMLr1We5Dxc
- BNN. (2022, April 21). Latvian parliament officially accuses Russia of genocide of Ukrainian people. Baltic News Network – News from Latvia, Lithuania, Estonia. https://bnn-news.com/latvian-parliament-officially-accuses-russia-of-genocide-of-ukrainian-people-234107
- Determination of the Secretary of State on Atrocities in Xinjiang. (2021, January 19). United States Department of State. https://2017-2021.state.gov/determination-of-the-secretary-of-state-on-atrocities-in-xinjiang/index.html
- Herb, J. C. (2022, April 7). Polish president said it’s “hard to deny” genocide in Ukraine after images of civilians killed emerge – CNNPolitics. CNN. https://edition.cnn.com/2022/04/06/politics/andrzej-duda-poland-ukraine cnntv/index.html?fbclid=IwAR0pmOTQqHN9tEpbr3bcuAq2dBYiVjMu1XBN4SgEn0hW4hQBplvPJDgChBw
- Lietuvos Respublikos Seimas (2022, May 20). The Seimas has unanimously recognised the war waged by the Russian Federation against Ukraine as genocide of the Ukrainian people. https://www.lrs.lt/sip/portal.show?p_r=35403&p_k=2&p_t=281039&fbclid=IwAR2xPEQqAEHpTmcpLH6mqVx8MM4Om85YulH49jo6HTp7UIRK3vqUGw46PgU
- Liptak, K. C. (2022, April 13). Biden calls atrocities in Ukraine a “genocide” for the first time – CNNPolitics. CNN. https://edition.cnn.com/2022/04/12/politics/biden-iowa-genocide/index.html
- Parker, C. (2022, April 17). What is genocide, and is Russia carrying it out in Ukraine? Washington Post. https://www.washingtonpost.com/world/2022/04/17/genocide-definition-russia-ukraine/
- Stanton, G.H. (2016). The Ten Stages of Genocide. http://genocidewatch.net/genocide-2/8-stages-of-genocide/?fbclid=IwAR2EWMPne2ISUxboONnFA2r62G3VFfn9iRNRs4qKa0g1BbNBIBjlA8NSh58
- The Washington Post (2022, April 12). Biden calls Russia’s war in Ukraine a “genocide”. https://www.washingtonpost.com/politics/2022/04/12/biden-calls-russias-war-ukraine-genocide/?fbclid=IwAR2XNXvcT_9nL814gCh5uTc3OqHdKZ5fI_W7A1cd5MVGYWuFyg-BHlYCQD0
- United Nations. Genocide. https://www.un.org/en/genocideprevention/genocide.shtml