Soulidan რადიო GIPA-ს მუსიკალური დირექტორის, თაზო ცხაკაიას ახალი ლეიბლი და არტისტის პროექტია, რომლის მთავარი შინაარსი სულიდან წამოსული მუსიკაა.
თაზო ცხაკაია არტისტისა და ლეიბლის პროექტზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. არტისტი როგორც თავისი, ისე სხვა ქართველი და უცხოელი არტისტების კომპოზიციების გამოცემას გეგმავს.
ლეიბლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის მუშაობის პროცესში GIPA-ს პროფესორი, ალექსი ჩიქოვანი იყო ჩართული. ლეიბლის ლოგოსა და artwork-ზე კი ლევან ასათიანმა იმუშავა.
”მგონია, რომ ამ ლეიბლის დაბადება არის დიდი მწვერვალისკენ დაძვრა.”
მუსიკის კეთება 11 წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად, რამდენიმე გაკვეთილი ავიღე ჩემს მეგობართან, ამის შემდეგ კი განვითარება ჩემით განვაგრძე. დაახლოებით 3 ან 4 წელია ვმუშაობ EP-ზე, რომელიც უკვე იმ ეტაპამდე მივიდა, რომ ზაფხულში უნდა გამოჩნდეს, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ამ ლეიბლის დაბადება არის დიდი მწვერვალისკენ დაძვრა.
”ალბათ არის ჩემში რაღაც, რაც პოულობს გამოსავალს, რომ ის უარყოფითი ემოციაც კი ბედნიერებად აქციოს და მუსიკით გადმოსცეს.”
მთავარი კონცეფცია სულიდან წამოსული მუსიკაა. რაც მთელი ცხოვრებაა მინდა და არ მასვენებს, სწორედ ესაა – მინდა ის ბედნიერება მუსიკაში გადმოვიტანო და ხალხს ის ემოცია გადავდო, რასაც მე ვგრძნობ. ალბათ არის ჩემში რაღაც, რაც პოულობს გამოსავალს, რომ ის უარყოფითი ემოციაც კი ბედნიერებად აქციოს და მუსიკით გადმოსცეს. მინდა ეს მუსიკა და ემოცია ხალხს ჩემი სულიდან გავუზიარო, რომ მათაც იგრძნონ ის ემოცია და ბედნიერება, რაც კომპოზიციაშია. მინდა მსმენელი ლეიბლის დახმარებით რეალურ პრობლემებს და მდგომარეობას დროებით მოწყდეს და კომფორტულ გარემოში აღმოჩნდეს, სადაც ის მის სულიერ სიმშვიდეს იპოვნის. Soulidan-ის მთავარი მამოძრავებელი სწორედ ეს იქნება. რასაც მე ვგრძნობ, რასაც მე განვიცდი და რასაც რთულ მომენტებში ჩემს თავს შევძახებ, სწორედ ის მინდა ვუთხრა ხალხს, რომ არ დანებდნენ და ბოლომდე აკეთონ ის, რაც თავად სურთ და აკეთონ Soulidan.
მინდა, რომ ყველა ის კომპოზიცია რაც დარელიზდება იყოს აზრიანი და ატარებდეს კონკრეტულ იდეას. მუსიკალურ ფრაზებში ჟღერდეს ეს შინაარსი და თავის სათქმელს ამბობდეს. სწორედ ამ იდეის სწორად გადმოსაცემად მოვედი ალექსისთან.
”ნებისმიერი კონცეფციას და სტრატეგიას, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, სწორი აღსრულება სჭირდება.’’
ალექსი ჩიქოვანი
‘’თაზო GIPA-ში ჩემი სტუდენტი იყო. როცა ლეიბლის კეთება დაიწყო, მთხოვა საქმის სრულყოფილად და გამართულად გაკეთებაში დავხმარებოდი. დრო ცოტა გვქონდა, ამიტომ მუშაობა შედარებით მოკლე მეთოდით დავიწყეთ, თუმცა ბრენდის სპეციფიკა მაინც თავიდან ბოლომდე გავიარეთ, რათა გამოსულიყო სრულყოფილი ლეიბლი და არამხოლოდ ლეიბლი, რომელიც კარგ მუსიკას ქმნის.
ლეიბლზე მუშაობის საწყის ეტაპზე, თაზომ თქვა, რომ მისი მუსიკა სულიდან და გულიდან მოდის. თავში სახელის პირველი დრაფტი “Soul Dance’’ უტრიალებდა, რაც თავისთავად არ იყო ცუდი ვერსია. თაზოს ძალიან საჭირო თვისება აქვს, სანამ რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებას, იდეას ბოლომდე უტრიალებს და სულ გეკითხება – ასე ხომ არ სჯობს? ან ასე?! ბევრი ვილაპარაკეთ და გავედით იმაზე, რომ ეს მუსიკა სულიდან და გულიდან მოდის. რატომაც არა, იყოს ქართული, ოღონდ დავწერეთ ‘’Soulidan’’.
ბრენდის კონცეფცია ესაა – სულიდან მოდის ყველაფერი. რასაც არტისტი გრძნობს, იმას გადმოსცემს. კონცეფციის შეკვრის შემდეგ, საინტერესო იყო, თუ როგორ უნდა გადმოგვეცა ეს ყველაფერი ვიზუალურად. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ყოფილიყო კლასიკური ლოგოტიპი, მხოლოდ წარწერა. თაზოს ჩაძიების შემდეგ, შევთანხმდით, რომ რაც ადამიანის სულშია ის თვალებით გამოდის და ადამიანს თუ გინდა სულში ჩახედო, ეს არის თვალებში ჩახედვა. ამ პროცესში ჩართული იყო მთავარი დიზაინერი ლევან ასათიანი. იდეის ჩამოყალიბების შემდეგ, ლოგოს ანიმაციაზე Akko Re-მ იმუშავა. შემუშავებული კონცეფცია თაზოსთვის ერთგვარი გაიდლაინი იქნება, რასაც ის უნდა მიჰყვეს. დანარჩენი უკვე აღსრულებაზეა – ნებისმიერი კონცეფციას და სტრატეგიას, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, სწორი აღსრულება სჭირდება.’’
”როგორც ადამიანს სჭირდება ჰაერი, ისე სჭირდება მუსიკოსს ახალი კომპოზიცია, ჩემი თითოეული ახალი ტრეკი თავისუფლებას და ბედნიერებას მანიჭებს.”
თაზო ცხაკაია
კომპოზიციაზე მუშაობის დროს, წინასწარ იცი რა ემოციასა და გრძნობას განახორციელებ ტექნიკურად, თუ მუშაობის პროცესში გენერირდება იდეები?
ზოგჯერ არის რაღაც შენს სულში, რაც არ გასვენებს და გიბიძგებს, რომ შექმნა რაღაც ახალი. ზოგჯერ პროცესში იბადება ბევრი საინტერესო იდეა. დღეში მუშაობის პროცესს 8-9 საათს ვუთმობ. არის მომენტები, როცა ცოტახნით უნდა მოწყდე ამ პროცესს, შეისვენო და კომპოზიციას გვერდიდან შეხედო. ყველა კომპოზიციას აქვს თავისი დრო, როდესაც სრულდება. ძალიან კარგია, როდესაც გაქვს იმის უნარი, რომ შეიგრძნო როდის არის კომპოზიცია დასრულებული. როგორც ადამიანს სჭირდება ჰაერი, ისე სჭირდება მუსიკოსს ახალი კომპოზიცია, ჩემი თითოეული ახალი ტრეკი თავისუფლებას და ბედნიერებას მანიჭებს.
პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლეიბლისა და არტისტის სახელით. Soulidan-ის ირგვლივ ძალიან ბევრი დიდი გეგმაა, რომელსაც ახლო მომავალში განვახორციელებთ.