თანამედროვე მუსიკის სკოლა 303 ჰერცი და რადიო GIPA ერთობლივ პროექტს აანონსებენ. კოლაბორაციის ფარგლებში 303 ჰერცის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ რადიო GIPA-ს FM 94.3 მსმენელს საკუთარი შემოქმედება გააცნონ. სტუდენტების ერთ საათიანი დიჯეი სეტები რადიო ჯიპას ეთერში კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ოთხშაბათს 18:00 საათზე გავა.
”რადიო GIPA-ს საფუძველი ჩაუყარეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლის კურსდამთავრებულებმა. განსაკუთრებული პატივია ითანამშრომლო ახალგაზრდა გუნდთან, რომელმაც შექმნა მაღალი ხარისხის საინტერესო მედია საშუალება და მუდმივად ზრუნავს მის განვითარებაზე. სასიხარულოა, რომ სწორედ ამ მედიის მხარდაჭერით ნიჭიერი მუსიკოსები შეძლებენ საკუთარი მუსიკა ფართო აუდიტორიას გააცნონ და მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯი გადადგან. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მხარდაჭერა და თანამშრომლობა ჩვენ სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს მეტ მოტივაციას და შთაგონებას მისცემს და სამომავლოდ ერთად არა ერთ საინტერესო პროექტზე შევძლებთ თანამშრომლობას” – კოლაბორაციის შესახებ აღნიშნავენ 303 ჰერცის წარმომადგენლები.