ძნელად თუ იპოვით ვინმეს, პილატეს სახელი რომ არ გაეგოს, ადამიანის, რომელმაც ქრისტეს ჯვარცმით სიკვდილი მიუსაჯა. არადა, როდესაც ამ ისტორიას კითხულობ, პილატე „არც თუ ისე ცუდი ტიპი ჩანს“! ის არ ჰგავს პირსისხლიან ჯალათს, რომელიც ქრისტეს მოკვლის სურვილითაა შეპყრობილი. პირიქით, იგი ინტერესით ესაუბრება პატიმარს, უთანაგრძნობს და მისდამი ერთგვარ კეთილგანწყობასაც ავლენს. „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში“ – ეუბნება პილატე მღვდელმთავრებს და ცდილობს პროცესი ისე წარმართოს, რომ ეჭვმიტანილის გამართლება მოხერხდეს, მაგრამ საქმე „მთლად ვერ იჩარხება“. იესოს დასჯას სასულიერო პირები, ანუ საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვენ და მათთვის უარმა შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვიოს. პილატე კი, როგორც მმართველი, პირველ რიგში, საკუთარ პროვინციაში სტაბილურობასა და სამოქალაქო სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი რომის იმპერატორთან და თავს ხომ არ გადადებს „ვიღაც მოხეტიალე მქადაგებლის“ გულისათვის?!
პრეფექტი „გამოსავალს“ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანაში პოულობს, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს და საკითხი „პლებისციტზე“ გააქვს. ასე ვთქვათ, „საზოგადოების ფართო ფენებს“ მიმართავს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის!
- „იესო თუ ბარაბა“? – კითხულობს პილატე.
- „ბარაბა, ბარაბა“ – ისმის პასუხად!
პილატესაც რაღა რჩება? გულში კი უთანაგრძნობს იესოს, მაგრამ ერთ კაცს ქვეყანას ვერ გადააყოლებს! ჰოდა, „რაც არის არის“ და ისიც უხალისოდ, მაგრამ მაინც ასრულებს „საზოგადოების დაკვეთას“: ათავისუფლებს ბარაბას და სასიკვდილოდ სწირავს იესოს! თავად კი ხელს იბანს და ამით ხაზს უსვამს, რომ თავისი სცადა და მეტი აღარაფერი შეეძლო! არადა, რაღა თქმა უნდა, პილატეს ბევრი რამ შეეძლო და მონდომების შემთხვევაში ნებისმიერ ტუსაღს გაათავისუფლებდა, მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, არც იესოს გამო უნდოდა ვინესთან ურთიერთობის გაფუჭება და არც თავად იესო ადარდებდა იმდენად, რომ მისი გულისთვის საკუთარი „კომფორტის ზონიდან“ გამოსულიყო. ამიტომაც ტუსაღის სიცოცხლისადმი გულგრილობა და პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია.
მაშ ასე, პილატემ ხელი დაიბანა! ამის მიუხედავად, ისტორიამ მაინც მისი სახელი შემოგვინახა საშინელი განაჩენის ავტორად. არავინ ახსოვს, რა ერქვათ ადამიანებს, რომლებიც იესოს დასჯას დაჟინებით ითხოვდნენ, ასევე არავინ უწყის კონკრეტულად ვინ მისცა ხმა ბარაბას გათავისუფლებას. „ფართო საზოგადოებისათვის“ არც იმ მღვდელმათავართა სახელებია დიდად ცნობილი, რომელთაც იუდეის პრეფექტმა ანგარიში გაუწია. ცნობილია მხოლოდ პილატე, რომელსაც კაცობრიობა დღემდე მოიაზრებს იესოს ჯვარცმის განაჩენის ავტორად! გამოდის, რომ გულგრილობამ, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანამ და „ხელების დაბანამ“ იუდეის მმართველის სახელი სისხლიანი ჯალათის სინონიმად აქცია და სწორედ ის ტვირთი დააკისრა, რომლის არიდებასაც თავადვე ასე ცდილობდა!
როგორც ბევრი რამ ბიბლიაში, პილატეც სიმბოლოა და არა მხოლოდ პერსონაჟი, მისი დილემა კი ადამიანთა ყოფის შემადგენელი ნაწილი. „ხელების დაბანა“ ის ქმედებაა, რომლსაც ინდივიდიც და საზოგადოებაც ისტორიის მანძილზე დროდადრო მიმართავს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს. ამ კონტექსტში საინტერესოა, თუ რატომ გადაწყდა „პლებისციტზე“ იესოს დასჯა, მას ხომ უამრავი მიმდევარი და გულშემატკივარი ჰყავდა? სად იყვნენ ეს ადამიანები, როდესაც ხმის მიცემა მიმდინარეობდა? რატომ არ დაუჭირეს მხარი მათთვის სასურველი კანდიდატის გათავისუფლებას? ბიბლიურ ისტორიებში არსად ჩანს, რომ ეს ხალხი აქტიურობდა, რომ დაირაზმა პლებისციტში მონაწილეობისათვის, რომ მართლაც ყველაფერი სცადა და მხოლოდ ასეთი ბრძოლის შედეგად დამარცხდა! სავარაუდოდ, ასეთი რამ არც მომხდარა და მაცხოვრის დასაცავად კენჭისყრაზე მისვლით იმაზე გაცილებით ნაკლებმა შეიწუხა თავი, ვიდრე „მხარდამჭერთა სიებში“ ირიცხებოდა. სავარუდოდ მათ ნაწილს ობიეტური მიზეზის გამო არ შეეძლო მისვლა, მაგრამ ნაწილმა უბრალოდ თავი არ შეიწუხა! შეიძლება ზოგს არ უნდოდა საჯაროდ დაფიქსირებულიყო მხარდამჭერად და იესოს მოწინააღმდეგე რომელიმე მეზობელთან ან წარჩინებულთან ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდა. ზოგსაც შესაძლოა ამინდი არ მოეწონა, ან მანძილის სიშორემ დააბრკოლა, ან სულაც გაშლილი სუფრა ვერ მიატოვა, მაგრამ „ყველა გაჭირვებულის“ სადღეგრძელო შესვა და ამ სადღეგრძელოში უფალს იესოს გადარჩენაც გულწრფელად შესთხოვა! ზოგმაც, შესაძლოა, ხმის მიცემა უაზრობად მიიჩნია, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი მაინც გადაწყვეტილია! არადა, როგორც ვიცით, განაჩენი ჯერ გამოტანილი არ იყო და საზოგადოების აქტიურობას მართლაც შეეძლო ებიძგა პილატესათვის, იესო გაეთავისუფლებინა. მაგრამ, საბოლოოდ მოხდა ის, რომ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა „ხელი დაიბანა“, პლებისციტზე არ მივიდა და ამით გადაწყვეტილების მიღება სხვას მიანდო! ასეთი გულგრილობით მათ გაწირეს ის, ვინც მათთვის სათაყვანებელი იყო! გამოდის, რომ იესო მათ მხოლოდ მანამდე უყვარდათ, სანამ ეს სიყვარული მათგან არაფერს მოითხოვდა, სანამ იესოს მიმდევრობა მათი „კომფორტის ზონას“ არ არღვევდა და პასუხისმგებლობასაც არ აკისრებდა!
ახლა კი ბიბლიური ისტორიებიდან ჩვენს ყოფიერებაში გადმოვინაცვლოთ და დავიქრდეთ, რამდენჯერ აღმოჩენილა ჩვენი ქვეყანა მსგავს ვითარებაში, როდესაც გულგრილობას მისთვისაც ასევე უვნია და ზოგჯერ ჯვარცმის განაჩენიც გამოუტანია. სამშობლოც ხომ „როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“! ისიც სიყვარულს ითხოვს და ეს სიყვარული ზოგჯერ შეუთავსებელია ჩვენი „კომფორტის ზონასთან“! და აი აქ ჩვენც ერთგვარი „პილატეს დილემის“ წინაშე ვდგებით: ვიმოქმედოთ საკუთარი პრინციპებით, შინაგანი რწმენით, ღირებულებებით და პასუხისმგებლობაც ავიღოთ თუ ისე მოვიქცეთ, რომ არავის ვაწყენინოთ, „ხელი დავიბანოთ“ და შემდგომ უკვე სიტუაციას მოვერგოთ?! ჩვენს ისტორიაში ერთიც ყოფილა და მეორეც, გმირობაც საკმარისად გვახსოვს და ყვარყვარეობაც, ხოლო ჩვენი ბედი კი იმის მიხედვით წარმართულა, თუ რისთვის მიგვიცია უპირატესობა! ასეა დღესაც, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება ქვეყანა და როგორი იქნება ჩვენივე მომავალი. საქართველოში „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ (საქართველოს კონსტიტუცია; მუხ 3) ხოლო ეს წყარო რომელ მწყურვალს დააწყურებს, მხოლოდ არჩევნებით ირკვევა. დაახლოებით საუკუნის წინ ილია წერდა: “იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ – ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა…
გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ.”
უკეთესად მართლაც ვერ იტყვი! ორიოდ კვირაში საქართველოში არჩევნებია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ვის მივანდობთ საკუთარ ქვეყანას და ჩვენივე მომავალს! გვახსოვდეს, რომ თითქმის ნულოვანი ბარიერის პირობებში პარლამენტში შესვლა შეუძლია ამ ქვეყნისათვის გულანთებულსაც და მხოლოდ საკუთარი კელდღეობის მაძებრსაც, სამშობლოს მსახურსაც და ფარისეველსაც, მასაც, ვინც კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნისთვის თავს არ დაზოგავს და „სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ ურჩევნია და მასაც, ვინც განსაცდელის ჟამს „ხელს დაიბანს“ და „დათვს ბაბაიას დაუძახებს“!
ედმუნდ ბერკი ამბობდა: ერთადერთი, რაც აუცილებელია ბოროტების ტრიუმფისთვის, არის ის, რომ კარგმა ადამიანებმა არაფერი აკეთონ! (“The only thing necessary for the triumph of evil is for good men to do nothing“) მართლაც ასეა, უმოქმედობა ზოგჯერ სწორედ იმას უხსნის გზას, რაც არ მოგვწონს და რასაც შინაგანად ვეწინააღმდეგებით. ამიტომაც, 31 ოქტომბერს ნუ გამოიჩენ გულგრილობას, ნუ გადააბარებ სხვას საკუთარ მომავალს, ნუ „დაიბან ხელს“ და… მოდი არჩევნებზე!