The labor movement was the principal force that transformed misery and despair into hope and progress.
Martin Luther King Jr.
მშრომელთა მოძრაობები იყო ის პრინციპული ძალა, რომელმაც სიდუხჭირე და სასოწარკვეთა იმედად და პროგრესად აქცია.
მარტინ ლუთერ კინგი
ბოლო დროს, პოპულისტური პოლიტიკური ძალების აღზევებისა და რადიკალური მემარჯვენე მოძრაობების მზარდი პროგრესის ჟამს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა დემოკრატიის ისტორიული განვითარების გააზრება.
სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული პროცესების აღქმა, როგორც მედიაში ასევე აკადემიურ წრეებშიც, მხოლოდ იურიდიულ და არა პოლიტიკურ ჭრილში მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის პოსტ-საბჭოთა ნეოლიბერალური ეკონომიკური განვითარების გამო არის განპირობებული. თუმცა, სინამდვილეში ყველაზე მთავარი დემოკრატიული, იურიდიული ინსტრუმენტი კონსტიტუციაც კი, პირველ რიგში, პოლიტიკური მნიშვნელობისაა და ამ კუთხით საჭიროებს გააზრებას.
დღესდღეობით, საქართველოში არსებული საზოგადოერივი ჯგუფები პრაქტიკულად მოწყვეტილნი არიან პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის პროცესს, რომელიც თავის მხრივ ჩვენთვის გაუგებარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აქტორების მონაწილეობით მიმდინარეობს. თუმცაღა, ისტორიულად დემოკრატია არასდროს არ შექმნილა სხვადასხვა ინსტიტუტების „ზემოდან“ გამართვით, არამედ ყოველთვის საზოგადოებიდან მომდინარე პროცესი გახლდათ.
ამასთანავე, დემოკრატიის ისტორიული პროცესის დიალექტიკური გააზრებისას, ვხვდებით, რომ ტრადიციული ძალაუფლების სისტემებთან ბრძოლის კუთხით, განსაკუთრებულად იკვეთება მშრომელთა მოძრაობების როლი. არაერთი მეცნიერული კვლევა ცხადყოფს, რომ ისტორიულად ქვეყნებს შიგნით ძალაუფლების დანაწილების ფორმებმა განაპირობა დემოკრატიული ბრძოლებისა და განვითარების პროცესი. მაგალითად, ისეთ სახელმწიფოებში, რომლებიც წლების განმავლობაში კოლონიური მმართველობის ქვეშ მოექცა ან გამოირჩეოდა მუშათა მოძრაობების სიმწირით, დემოკრატიული განვითარების დონეც დაბალი იყო. (Huber et al., 1992)
ისტორიის განმავლობაში, ავტოკრატიული რეჟიმები არასდროს ნებაყოფლობით არ თმობდნენ ძალაუფლებას. ისინი იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ პოლიტიკური ბრძოლა, მხოლოდ მაშინ როდესაც ჩაგრული ჯგუფები ახერხებდნენ მობილიზებას და დემოკრატიულ პროცესებში ჩართვას. მაშასადამე, ძალაუფლების ბალანსი და დემოკრატიული განვითარების დონე სამოქალაქო საზოგადოებაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებენ დაქვემდებარებული ჯგუფები (მათ შორის მშრომელთა მოძრაობები) ორგანიზებას.
1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, რომლის მთავარი ლოზუნგი გახლდათ – თავისუფლება, ძმობა, ერთობა – სწორედ დაბალი სოციალური კლასების ფეოდალურ ნარჩენებზე გალაშქრების ისტორიული მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის რევოლუციას საკმაოდ დიდი მსხვერპლი და რეპრესიები მოჰყვა, ის მაინც ითვლება მონარქიული მმართველობის მოშლისა და რესპუბლიკის დაარსების მთავარ ისტორიულ მოვლენად.
1812 წლის ლუდიტების აჯანყების შესახებ ცნობები ჩვენამდე ხშირად დამახინჯებულად არის მოსული. მათ ხშირად არასწორად მოიხსენიებენ, როგორც მოდერნიზაციის მტრებს, რომლებიც ტექნოლოგიურ პროგრესს ეწინააღმდეგებოდნენ. რეალურად ლუდიტები იყვნენ მუშათა მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც შრომით პირობებსა და თავისუფალი ბაზრისაგან მათი უფლებების დაცვას მოითხოვდნენ. ლუდიტების აჯანყება გახლდათ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ბრიტანეთის მუშათა მოძრაობების კოლექტიური ორგანიზების შექმნის პროცესში.
განუზომელია მუშათა მოძრაობების დამსახურება ხმის უფლების მოპოვების მხრივ ევროპაში. 1890 წლის საყოველთაო მუშათა გაფიცვამ, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ბელგიის ქალაქებში ხმის უფლების მოთხოვნით, შედეგი გამოიღო. ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობდა შვედეთშიც.
1870-იან წლებში, გერმანიაში, მაშინდელ პრუსიის სამეფოში, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონით დადგენილ მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში მოხვდებოდნენ და შესაბამისად გადასახადსაც მეტს იხდიდნენ. სწორედ ამ ისტორიული ფაქტის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ჩამოყალიბდნენ იმდროინდელი სოციალური მოძრაობები დემოკრატიულ ძალად.
მშრომელთა წინააღმდეგობის ისტორია წლების განმავლობაში ფართოვდებოდა და ამ დინამიური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები გახლდათ მშომელთა საჯარო სივრცეზე ხელმისაწვდომობა, მათი სოციალური კავშირების გაფართოება და ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, რაც დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
1980-იანი წლების ნეოლიბერალური ტალღის შემდეგ, მიზანმიმართულმა ეკონომიკურმა პოლიტიკებმა, საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს პროფესიული კავშირებისა და მუშათა მოძრაობების არსებობას. სამწუხაროდ, საქართველომაც თავის თავზე იწვნია პოსტ-ინდუსტრიული საბაზრო ფუნდამენტალიზმისა და დერეგულაციის პოლიტიკების ზეგავლენა ჩვენს სოციალურ ყოფაზე. Human Rights Watch-ის 60 გვერდიანი ანგარიში „არც ერთი წელი სიკვდილის გარეშე “, მხოლოდ მცირედით აღწერს იმ უბედურებას, რაც მშრომელთა მიმართ, მთავარი დემოკრატიული მექანიზმის – ადამიანის უფლებების – უხეში დარღვევის კუთხით ხდება ჩვენს ქვეყანაში.
პოსტ-ინდუსტრიულ და განვითარებად ქვეყნებში, სადაც არაფორმალური შრომითი ბაზრის წილი დიდია, მშრომელთა მოძრაობები გაფანტული და დასუსტებულია. შესაბამისად, ძნელია მათი საერთო მიზნის გარშემო მობილიზება. მათ შორის, საქართველოში საზოგადოებრივი ჯგუფების მსგავსი არაორგანიზებულობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხის პოლიტიკური პროცესებისაგან მოწყვეტისა. სწორედ, ამიტომ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები არამდგრადია და სახალხო ლეგიტიმაციის დეფიციტს განიცდიან.