მსოფლიოს ტექნოლოგიურმა რევოლუციებმა წარმოუდგენელი გახადა ჩვენი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე. ყოველდღიურად ჩვენ არაერთი სოციალური ქსელით ვსარგებლობთ და იშვიათად თუ ვაანალიზებთ მის რეალურ გავლენას ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ცხოვრების ხარიხს, დიდწილად, ჩვენივე წარმოდგენა საკუთარ თავზე ანუ თვითშეფასება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დამეწერა ბლოგი კავშირზე სოციალური ქსელების მოხმარებასა და თვითშეფასებას შორის.
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ჩვენი „მე“ სოციალურ კონტექსტში. „მე“-ს დიდწილად განსაზღვრავს ის განსხვავებული როლები, რომლებსაც, ჩვენ, მუდმივად ვასრულებთ. მე- როგორც შვილი, მეგობარი, სტუდენტი და სხვა. როლების მორგების შედეგად ისინი რეალობად იქცევა და, დროთა განმავლობაში, ჩვენი იდენტობის ნაწილი ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა ლამაზი, ჭკვიანი, წარუმატებელი და სხვა ობიექტურობას მოკლებულია, ჩვენ თვითგამორკვევას სოციალურ გარემოში სხვა ადამიანებთან შედარების საფუძველზე ვახდენთ.მაგალითად,თუ ჩვენს ჯგუფი ჩვენზე გონიერი არავინაა, ჩვენ საკუთარ თავს ჭკვიანად მივიჩნევთ. თუმცა, მსგავსი შეფასებები, რასაკვირველია პირობითია და იცვლება სოციალურ კონტექსტთან ერთად. სოციალური იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ასევე ჩვენი წარსული გამოცდილება. განცდილი მარცხისა და წარმატების არაზუსტი კალკულაციის შემდეგ ჩვენ ვზომავთ ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარებს. ის, თუ როგორ გვაფასებენ სხვები, უფრო ზუსტად კი, ჩვენი აზრით როგორ გვაფასებენ სხვები გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.სწორედ ამიტომაა სხვების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და ბოლოს, „მე“ -ს აღქმა წარმოუდგენელია კულტურული კონტექსტის გარეშე. ყველაზე გავრცელებული მიდგომის თანახმად გამოყოფენ ორი ტიპის კულტურას: ინდივიდუალისტურს და კოლექტივისტურს. ის, თუ რომელ კულტურას მიეკუთვნება ადამიანი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის თვითაღქმასა და ზოგად ხედვებზე.
სოციალური ქსელები საჯარო თვითგამოხატულებისთვის საკმაოდ მოსახერხებელი პლატფორმაა. მათი სწორად და დოზირებულად გამოყენებამ დიდი სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს, თუმცა, როგორც სხვადასხვა კვლევის შედეგები მოწმობს,სოც ქსელებში ყოველდღიური ჩართულობა ჩვენს ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. ქვემოთ სწორედ ამაზე იქნება საუბარი.
აღიარების წყურვილი
ალბათ ყველას განუცდია ფოტოს ან პოსტის გაზიარების შემდეგ მღელვარება და შემდეგ გულმოდგინედ დაუთვლია ლაიქებისა თუ კომენტარების რაოდენობა. ამ სოციალურ უკუკავშირს იმაზე დიდი გავლენა აქვს ჩვენს თვითშებასებაზე, ვიდრე გვგონია. სოციალურ ქსელში ჩვენს გაზიარებულ პოსტზე პოზიტიურ გამოხმაურებას მხოლოდ დროებით შეუძლია აგვიმაღლოს თვითშეფასება, საბოლოოდ კი გვიჩნდება სხვების მიხედვით საკუთარი თავის განსაზღვრის ტენდენცია. შედეგად ყალიბდება მყიფე თვითშეფასება, რომელზეც საკმაოდ მარტივია გავლენის მოხდენა.
სხვებთან შედარება
ბედნიერი პირადი ცხოვრება, უნაკლო გარეგნობა, იდეალური ურთიერთობები, კარიერული წარმატება. ალბათ მსგავსი შინაარსის მესიჯებს ყოველდღიურად ვხედავთ სხვების პოსტებში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მარტივია იდეალური ცხოვრების ხელოვნურად წარმოჩენა სოც ქსელების მეშვეობით ( მითუმეტეს, თუ ფოტოშოპის ჩართულობასაც გავითვალისწინებთ), მსგავსი ტიპის მესიჯები ჩვენზე მოქმედებს და გვაფიქრებინებს, რომ არასაკმარისად კარგები ვართ, რადგან იდეალურთან შედარებისას ყოველთვის ნაკლულად აღვიქვამთ თავს.
ორმაგი ცხოვრება
სოციალურ ქსელებში ჩართულობა უკონტროლოდ იზრდება. ხშირად სოც- იმიჯის შექმნას იმდენ დროსა და ძალისხმევას ვუთმობთ, რომ რეალური ცხოვრებისთვის რესურსი აღარ გვრჩება. ვირგებთ სხვადასხვა როლს, ვცვლით პროფილის სურათს, ვიძენთ ონლაინ მეგობრებს, მაგრამ უფრო იშვიათად ვურთიერთობთ გარემოსთან ან ვატარებთ დროს საყვარელ ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობაში. აქ ჩვენი „მე“ ორ ნაწილად იყოფა: ონლაინ „მე“ და რეალური „მე“. ხშირად ონლაინ „მე“-ს ნიღაბი იმდენად მიმზიდველი და კომფორტულია, რომ რეალური „მე“ ნაკლებად მოგვწონს და არ ვაძლევთ სინათლის შუქზე გამოჩენის საშუალებას. რა თქმა უნდა, შედეგები არასასურველია და რეალურ ცხოვრებაში ადაპტაციის პრობლემებს ქმნის. ვხდებით ნაკლებად ქმედითუნარიანები, დემოტივირებულები და სოციალურად ზარმაცები.
არაერთი კვლევის თანახმად, არსებობს ძლიერი კავშირი სოციალური მედიის მოხმარებასა და თვითშეფასებას შორის. სოციალური მედიის ხშირად მოხმარება იწვევს თვითშეფასების დაქვეითებას. ამასთან, მეტ აქცენტს ვაკეთებთ თვითდაკვირვებაზე. დაბალი თვითშეფასება, რა საკვირველია, ხელს გვიშლის სრულფასოვან ცხოვრებაში, საკუთარ ვიზუალსა და იმიჯზე დიდი დოზით ფოკუსირება კი სასარგებლო სულაც არ არის. ასეთ ქცევას, ძირითადად ნარცისული ხასიათის ადამიანი ავლენს. ნარცისიზმი დადებითი კონოტაციის მატარებელი სიტყვა როდია. ბერძნულ მითოლოგიაში ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც წყალში საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა. მოგვიანებით კი სამეცნიერო ლიტერატურაში ეს სიტყვა ამპარტავანი, თავკერძა, აღიარების წყურვილით სავსე და სხვის მიმართ ემპათიის არ მქონე პიროვნების დამახასიათებელი ნეგატიური მნიშვნელობით დამკვიდრდა. ევროპული სამეცნიერო ჟურნალის კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ Facebook-ზე გატარებული ერთი საათიც კი მნიშვნელოვნად აქვეითებს ჩვენს თვითშეფასებას.
საკუთარი „მე“-ს დასაცავად შეგვიძლია სხვადასხვა მექანიზმებს მივმართოთ. პირველ რიგში, ნაკლები დრო დავუთმოთ სოც ქსელებს და დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილად ვიყენებთ მათ. ასევე მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები სხვების ლაიქებსა თუ კომენტარებთან მიმართებით, იმისათვის რომ სხვისმა აზრმა ნაკლებად განაპირობოს ჩვენი წარმოდგენა ჩვენს შესახებ. ვიცხოვროთ რეალური ცხოვრებით და ვაკეთოთ ყველაფერი, რაც ჯანსაღად აგვიმაღლებს თვითშეფასებას.