ნატო ალხაზიშვილი: საფიქრალის დავიწროვება

By | ბლოგი

თითქმის ერთი თვეა არჩევანის შეზღუდვების დრო დაგვიდგა. პიროვნული თავისუფლებები იზღუდება და სახელმწიფოს როლი იზრდება. მოქალაქეები – ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად – ემორჩილებიან სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. უცნობია, რამდენ ხანს ვიცხოვრებთ ასეთ პირობებში. უცნობია, კიდევ რისი დათმობა მოგვიწევს. არავინ იცის დაზუსტებით, როდემდე გასტანს ეს ყველაფერი, რა დათმობებისთვის ვართ მზად, რა მოხდება, თუ დიდხანს მოგვიწევს ასე ყოფნა, ძალიან ხომ არ შევეჩვევით შეზღუდვებს და შემცირებულ არჩევანს? ნორმად ხომ არ მოგვეჩვენება?

ეს შეკითხვები შეგვიძლია განვიხილოთ ადამიანის განვითარების კონცეფციის ჭრილში. ეს კონცეფცია 1990-იან წლებში შეიქმნა იმ, ერთი შეხედვით, მარტივი აზრის, საფუძველზე რომ (სახელმწიფოებრივი თუ ეკონომიკური) განვითარების მთავარი მიზანი არის ადამიანი და ადამიანის განვითარებისათვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება.  ადამიანის განვითარების კონცეფციის შემქმნელის – ნობელის პრემიის ლაურეატის, ამარტია სენის განმარტებით, თავისუფლება ნიშნავს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი წვდომა იმაზე, რაც მათ ღირებულად მიჩნიათ. მოგვიანებით, ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო ადამიანის განვითარების ინდექსს, რომლის საზომად გამოყენებულია სამი მაჩვენებელი – ჯანმრთელობა, განათლება, შემოსავალი. 

შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე, რა არის ღირებული. საკმარისია თუ არა ადამიანი იყოს ჯანმრთელი, ჰქონდეს განათლება და შემოსავალი? ან რამდენად ჯანმრთელი, განათლებული და მდიდარი უნდა იყოს თავისი არჩევენის საკმარისად გასაფართოებლად?  როგორ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი არჩევანი? ან, რა არის ყველაზე ღირებული? 

სახლში გამოკეტილ ადამიანს ბევრნაირი პასუხი შეიძლება ჰქონდეს ან კითხვებზე.  შესაძლებელია, რაც პანდემიამდე ღირებულად გვეჩვენებოდა, ახლა საერთოდ აღარ იყოს მნიშვნელოვანი, ან პირიქით, რასაც ყურადღებას არ ვაქცევდით ან სრულიად ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენებოდა, ახლა აღმოჩნდა ყველაზე საჭირო და ღირებული. შეიძლება სრულიად სხვა ადამიანებად გამოვიდეთ სახლებიდან. თუმცა, ახლავე უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა დაგვხვდება როცა გამოვალთ. ჩემი აზრით, ჩვენს პანდიმიაშემდგომ ცხოვრებას დიდად განაპირობებს, შევძლებთ თუ არა დავსვათ კითხვები და მთავრობას/სახელმწიფოს ანგარიში მოვთხოვოთ მისი ქმედებების ან უმოქმედობის გამო.  

ძალიან აბსტრაქტული საუბარი რომ არ გამოვიდეს, შევხედოთ უნგრეთს – ვიქტორ ორბანი დიდი ხანია ავტორიტარულ ინსტინქტებს ამჟღავნებს და აი, 30 მარტს უნგრეთის პარლამენტმა მთავრობა საგანგებო უფლებამოსილებით უვადოდ აღჭურვა. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია – ევროკავშირის წევრი სახელმწიფო პანდემიის დამარცხების სახელით შესაძლოა ავტორიტარიზმში გადაიჭრას.

ავტორიტარული და დემოკრატიული წყობილებების ეფექტურობის შედარება არ არის ახალი თემა. ეს დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს, ახლა კი მას დაემატა საუბრები იმაზეც, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ავტორიტარული სისტემები (იხ. ჩინეთი) უფრო ეფექტურია, ვიდრე დემოკრატიული (იხ. იტალია ან ესპანეთი). ოღონდ აქ არის ერთი ნიუანსი – სწორედ ავტორიტარულ რეჟიმებს ახლავს დისკუსიებისა და კითხვების დასმის შეზღუდვა. ისევ ამარტია სენს რომ დავესესხოთ, კარგად გამართულ დემოკრატიაში ჯერ არ მომხდარა საყოველთაო შიმშილი (famine). 

ჯერჯერობით კითხვების დასმაში, დისკუსიების და სააზროვნო არეალში შეზღუდულები არ ვართ, პირად და საჯარო სივრცეებშიც, თუნდაც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეუზღუდავად შეგვიძლია საუბარი. მიუხედავად ამისა, სადისკუსიო სივრცე თითქოს მაინც იზღუდება – პანდემია, ვირუსის წარმომავლობა, მისგან თავის დაცვა, ფიზიკური გადარჩენა- მთავარი სადისკუსიო თემა ხდება. ბევრ სხვა თემას ან თავს ვარიდებთ, ან ნაკლებად გვაინტერესებს.  

არჩევანის თავისუფლებას მარტო იმით კი არ ვიზღუდავთ, რომ ნაკლებად გავდივართ სახლიდან, არამედ იმითაც, რომ საფიქრალ და სადისკუსიო თემებსაც ვავიწროვებთ. 

ნატო ალხაზიშვილი – GIPA-ს პროფესორი / მდგრადი განვითარება


Leave a Reply