კლიმატის გლობალური დათბობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა. ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან ატმოსფეროში „სათბურის აირების“ მკვეთრმა მატებამ ჰაერის ტემპერატურის შესამჩნევი მატება გამოიწვია. 1880 წლიდან დღემდე ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 1.1°C-ით მოიმატა, ხოლო CO2-ის კონცენტრაცია დღეს თითქმის 18%-ით მომატებულია (IPCC, 2007). მომავალი პროგნოზებიც არასაიმედოა, 2030 წლისთვის ჰაერის საშუალო ტემპერატურა, 1750 წელთან შედარებით, შეიძლება 30C-ითაც კი გაიზარდოს. ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის დღევანდელი დონე შენარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდუსტრიალიზაციის ტემპები 3-ჯერ მაინც შემცირდება, ხოლო CO2-ის კონცენტრაციის ბუნებრივი ცვლილება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. მაგალითად, თუკი დღესვე შეწყდება ატმოსფეროში CO2-ის გამოყოფა, მისი კონცენტრაცია პრეინდუსტრიული პერიოდის დონეს ბუნებრივად მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ცვლილებები აღინიშნება წყლის ტემპერატურაშიც, მსოფლიო ოკეანის საშუალო ტემპერატურამ უკვე საგრძნობლად აიწია და 17.50C-ს მიუახლოვდა. შემაშფოთებელია გრელანდიისა და ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის დნობის ტემპიც.
გლობალური დათბობა ადამიანის მიერაა ინსპირირებული და თვითონ ადამიანის არსებობას უქმნის საფრთხეს. მოსალოდნელი კატაკლიზმები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება მრავალი ინფექციური დაავადებების გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა: რა შუაშია კლიმატის დათბობა და ინფექციური დაავადებები?
ადამიანებმა ჯერ კიდევ ადრეულ ისტორიულ ხანაში იცოდნენ, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. რომის არისტოკრატები ზაფხულს მთაში ატარებდნენ, მალარიისგან თავის დასაცავად. სამხრეთ აზიელები კი საჭმელში უფრო მეტ სუნელს -კარის უმატებდნენ ენტეროვირუსებისგან რომ დაეცვათ თავი. ისეთი ძველი დაავადების კვლავ გავრცელება, როგორიც მალარიაა პირდაპირ დაკავშირებულია გლობალური დათბობით გამოწვეულ წყალდიდობებთან და დამბებისა და წყალსაცავების უკონტროლო მშენებლობებთან. გლობალური დათბობის ერთ-ერთი შედეგია წყლის ხარისხის გაუარესება, რაც ასევე იწვევს სხვადასხვა ინფექციას და მათ შორის ქოლერასაც. ჰაერის ტემპერატურის მატება ზრდის მწერების პოპულაციების რაოდენობის , მათ კი ბევრი სხვადასხვა ინფექციის გადატანა შეუძლიათ. მაგალითად, ტროპიკებში გავრცელებული დაავადების-ყვითელი ყვავილის გამომწვევია ვირუსი, რომელიც კოღოს გარკვეულ სახეობას გადააქვს.
ადამიანი ირაციონალურად იყენებს ბუნებრივ რესურსებს, ტყეების უკონტროლო ჭრა, ცხოველებით ვაჭრობა და გადაზიდვა თვითონ ადამიანს უბრუნდება ბუმერანგივით. ცხოველები კარგავენ თავიანთ ბუნებრივ გარემოს და იძულებული არიან უფრო მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ ადამიანთან. ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოველებში 1000 -მდე ვირუსია აღმოჩენილი. ეს ვირუსები ცხოველებისთვის უვნებელია, ადამიანისთვის კი ძალზე საშიში. ადამიანების უგუნური საქციელის გამო ამა წლის იანვრიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა ბოლო დროის ყველაზე საშიში ვირუსი SARS-CoV2, ხოლო მის მიერ გამოწვეულ დაავადებას COVID -19 უწოდეს.
COVID-19 პანდემია ახლა ჩვენი რეალობაა, ახალმა ვირუსმა შეგვაშინა და სახლებში გამოგვკეტა. იმოქმედებს თუ არა ვირუსზე ზაფხულში ტემპერატურის მომატება და მზის რადიაციის ინტენსივობის ზრდა? მეცნიერებს ამ კითხვაზე ჯერ არა აქვთ პასუხი, თუმცა ფაქტია, რომ ტროპიკულ ქვეყნებში, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი მცირეა. ეს კლიმატის ბრალია თუ ტესტების უქონლობის მომავალი გვიჩვენებს.
კაცობრიობა ძალიან დიდ ფასს იხდის გარემოს ექსტენსიურიი ექსპლუატაციის გამო. ჩვენ ახლა „გადატვირთვის“ რეჟიმში ვართ. დროა დავფიქრდეთ, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.
ხათუნა გიგაური: კლიმატის გლობალური ცვლილება და ადამიანის ჯანმრთელობა: რისკები და შედეგები
ხათუნა გიგაური – GIPA-ს ასოცირებული პროფესორი/კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები
Last modified: April 7, 2020