რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, თუ… – თორნიკე შარაშენიძე

By | ბლოგი

ოდესღაც მოვა დრო და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას ყველა კუთხიდან გავაანალიზენ, გაარჩევენ ყველა თეორიის ჭრილში, ტონობით წიგნები დაიწერება, მათ შორის ცხადია, ბევრი სისულელეც იქნება.

სანამ ეს მოხდება მე ჩემს დაკვირვებებს გაგიზიარებთ რომელიც დაიწყო 2014 წლის თებერვალში, სწორედ იმ დღეს როცა რუსეთი ყირიმს იტაცებდა.

თბილისში ჩამოსული იყო წამყვანი რუსი პოლიტოლოგების გუნდი. მათ აქაური კოლეგები ვხვდებოდით დახურულ კარს მიღმა. მე მგონი წასულია აწი თქვენი საქმე, ძალიან დიდ ავანტიურაში გაეხვიეთ-მეთქი, ვუთხარი მათ როცა მოვიდა ინფორმაცია რომ ყირიმში რუსული ჯარი შევიდა. ვნახოთ, იყო პასუხი. ერთმა მათგანმა კი ასეთი პასუხი გამცა: თუკი ამერიკისთვის შეიძლება ერაყი, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება თუნდაც ყირიმიო.

ამერიკას სწორედ რომ ერაყი ძალიან ძვირად დაუჯდა და ამიტომ ეს არგუმენტი უსუსურად და სასაცილოდაც კი ჟღერდა. რატომ უნდა მიბაძოს ამერიკას მხოლოდ საკამათო რამეებში, მაშინ როცა ამდენი კარგი რამეც აქვს გაკეთებული?

მაგრამ 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული დრო გადიოდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა რომ რუსეთს თავისი ნამოქმედარი ჩვეულებრივად შერჩა. დასავლეთის მიერ მაშინ დადებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა, უკრაინა კი ვერაფრით აღწევდა თავს კორუფციასა და ოლიგარქატს. ჩემს თვალწინ კონფერენციებსა და სემინარებზე რუსი პოლიტოლოგები გესლიანად დასცინოდნენ ხოლმე უკრაინელებს, – ყირიმი ისე ჩაგვაბარეთ ერთი არ გაგისვრიათ, არაფერი თქვენ არ იცით და არ გამოგდითო.

ასე გრძელდებოდა მანამდე სანამ ერთ ადგილას არ გადაწყვიტეს რომ ყირიმისა და დონბასის წართმევა, დამცირება და გაღარიბება (მას შემდეგ რაც კრიზისი დაიწყო უკრაინა ლამის ყოველდღე მილიარდებს კარგავდა) საკმარისი არ იყო. ალბათ იმიტომ გადაწყვიტეს რომ არც უკრაინის აღარ ეშინოდათ და აღარც დასავლეთის. “უკრაინელები ხომ რუსები არიან,” – დარწმუნებული იყო ერთი კაცი. ანუ, რუსი რუსს წინააღმდეგობას არ გაუწევს და ტანკებს ტაშით დახვდება. დასავლეთი კი ამას რომ დაინახავს საბოლოოდ ჩაიქნევს ხელს უკრაინაზე და რუსი პოლტიკოსებისათვის “მილანში შოპინგის აკრძალვით” შემოიფარგლებოდა.

ჯერჯერობით მაინც რთულია იმის თქმა როგორ მორჩება ეს ომი, მაგრამ ის ფაქტია რომ რუსეთს ის ძალიან ძვირი უჯდება. ხოლო თუკი ომი მოსკოვის რეჟიმისათვის უკიდურესად მძიმე შედეგით დასრულდა, მაშინ გამოვა რომ რუსეთი “რუსებმა” (როგორც ეძახის უკრაინელებს ერთი კაცი) დაამხეს.

“რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, რუსეთი მხოლოდ შიგნიდან შეიძლება გატყდეს,” – თქვა იმ ერთმა კაცმა რომელსაც უკრაინა რუსეთად მიაჩნია.

თორნიკე შარაშენიძე – GIPA-ს პროფესორი / საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი


Comments are closed.