ირინა ახობაძე: ”კოვიდ – 19 და სოციალური ქსელები”

„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“.   ეს ცნობილი გამოთქმა  იმას გულისხმობს, რომ მეგობრებს, ხშირად, მსგავსი მსოფლმხედველობა და  ქცევა ახასიათებთ. დღესდღეობით სოციალური ქსელების მომხმარებელს  ქსელში  მინიმუმ 100 მეგობარი მაინც ჰყავს. არსებობენ ისეთი მომხმარებლებიც,  რომელთა მეგობრების რიცხვი  ათიათასს ან მილიონსაც კი აღწევს.  ისინი ყოველდღიურად ქმნიან პირად ინფორმაციულ ეკოსისტემას ყოველგვარი ფორმალური ცენზურის გარეშე. არსებული პანდემიის პირობებში, როდესაც ინფორმაცია  ეპიდ-სიტუაციის მართვის ყველაზე მძლავრ  იარაღს წარმოადგენს, ვფიქრობ,  მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სოციალური ქსელების მომხმარებლების როლზე კოვიდ19-თან  ბრძოლაში.

        ეპიდვითარება და პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

ამჟამად, კოვიდ – 19 მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვირუსია. მისი უკონტროლოდ გავრცელების გამო  გლობალური პანდემიაა გამოცხადებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობს ვირუსის გავრცელების შეზღუდვას შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით და იძლევა რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს უწყობს  დაინფიცირების თავიდან აცილებას. ესენია: ფიზიკური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ყოფნისგან და მოგზაურობისგან თავის არიდება, ნიღბის ტარება, ჰიგიენური ნორმების დაცვა,  კოვიდ 19-ის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თვითიზოლაციაში ყოფნა და ა.შ.  ამ რეკომენდაციების დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი ადამიანისთვის.

ჩვენ ყოველდღიურ ინფორმაციას კორონავირუსის სიმპტომების,  სტატისტიკური მაჩვენებლების და კოვიდ-სიახლეების შესახებ   სხვადასხვა წყაროდან ვიღებთ. ძირითადი ინფორმატორები არიან:  ჯანდაცვის სპეციალისტები, პოლიტიკოსები, მასმედიის წარმომადგენლები და   სოციალური მედიის რიგითი მომხმარებლები.  ეს უკანასკნელნი ინფორმაციას სუბიექტური შეხედულებებისა და  მოსაზრებების მიხედვით ავრცელებენ. 

სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში  დადგენილია საკმაოდ ბევრი ფაქტორი, რომლებიც  აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული კომუნიკატორების მიერ,  თუ მათ სურთ, რომ  მათი სიტყვა  გავლენიანი იყოს და  ადამიანებზე სასურველი ზემოქმედება იქინიოს.  ეს წესები  საერთოა  ყველა სახის დამარწმუნებელი კომუნიკაციისათვის, მათ შორის,     ისეთი კომუნიკაციისათვის, რომელიც  ჯანმთელობისთვის  უსაფრთხო ქცევის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

სოციალური გავლენა 

ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ  სოციალური გავლენა ზემოქმედებს არა მხოლოდ  ინდივიდის ემოციებზე,  არამედ მის ქცევაზეც. სოციალური გავლენის  ერთ-ერთი ფორმა ინფორმაციული გავლენაა. ამ დროს ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც  მათ მიაწოდეს  სანდო ადამიანებმა,  სანდო ადამიანებს  კი  მიეკუთვნებიან   ექსპერტები, სპეციალისტები ან, თუნდაც, მეგობრები და ოჯახის წევრები. როდესაც რაიმე საკითხთან დაკავშირებით  არ გაგავაჩნია  საკუთარი მოსაზრება,  ჩვენ მას ვიყალიბებთ  ჩვენთვის კომპეტენტური ადამიანებისაგან მიღებულ   ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხოლო ჩვენი აზრები  დიდწილად განსაზღვრავენ ჩვენივე ქცევას.

 სოციალურმა ქსელებმა საგრძნობლად შეუწყო ხელი მასობრივ ინფორმაციულ სოციალურ გავლენას.     ამ ტიპის გავლენის მასშტაბურობის გამო,   გაჩნდნენ  ისეთი მომხმარებლები,  რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ   ამა თუ იმ  კონტენტს.  ასეთი მომხმარებლების ერთ-ერთ კატეგორიას  „ინფლუენსერებს“  უწოდებენ. „ინფლუენსერი“ შეიძლება   იყოს ცნობილი ადამიანი,  ან, სულაც, სოციალური ქსელის რიგითი მომხმარებელი, რომელსაც  მილიონზე მეტი ან მინიმუმ 500 გამომწერი მაინც ჰყავს. მათ  მაკრო და მიკრო ინფლუენსერები ჰქვიათ. ისინი სარგებლობენ ავტორიტეტით კონკრეტულ სეგმენტში და საკუთარ გვერდზე  პოპულარიზაციას უწევენ სხვადასხვა ბრენდებს და ბრენდირებულ პროდუქციას, რაც, კომპანიებს, მათ  რეალიზაციაში ეხმარება.  თანამედროვე მარკეტინგში ინფლუენსერებს დიდი პერსპექტივა აქვთ.  საზოგადოების ქცევაზე  მათი მნიშვნელოვანი გავლენის გამო,   სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა მათ  კონკრეტული მიზნებისთვისაც კი იყენებს. მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა სოციალური მედიის ინფლუენსერებთან თანამშრომლობა  კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით. სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ მათ სთხოვეს  პირად გვრდებზე NHS-ტესტების პოპულარიზაცია. საგულისხმოა, რომ ადრე, სოციალურ ქსელებში,  აქტიურად იყენებდნენ აზრის  ლიდერების გავლენას აივ ინფექციასთან და მისგან გამოწვეულ სტიგმასთან საბრძოლველად.  

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობა  ვერ იქნება ჯანმრთელობის ექსპერტი, ან, თუნდაც,  აზრის ლიდერი, საჭიროა იმის გააზრება, რომ ჩვენი, როგორიც ინფორმაციის რიგითი გამავრცელებლის  როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებულ ეპიდსიტუაციაში. ჩვენ, გარკვეულწილად, პასუხს ვაგებთ    იმ აუდიტორიის  ემოციებსა თუ ქცევაზე,   რომელიც  ეცნობა ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი  ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ იქმდე, სანამ ჩვენ სოციალურ გვერდებზე კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას გავაზიარებთ.

საფრთხის აღქმა

 საშიშროების აღქმა მეტად ინდივიდუალური და კონტექსტუალური მოვლენაა. სხვადასხვა ვითარებაში მყოფი ადამიანები თავისებურად რეაგირებენ საფრთხეზე. საფრთხის სათანადოდ შეუფასებლობამ,  შესაძლოა, დიდი ზიანი მოგვიტანოს საჭირო  ზომების მიუღებლობის გამო, თუმცა, არანაკლებ საზიანოა საფრთხის უტრირება,  მისი გაზვიადებულად აღქმა, რაც, თავის მხრივ, დეზორგანიზაციას ანუ უკუშედეგს იწვევს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ზედმეტი შიშის დროს ადამიანები უმოქმედონი ხდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ პრობლემასთან გამკლავება მათ ძალებს აღემატება. ეს კი, თავის მხრივ, შფოთვის მეტს არაფერს იწვევს.  

სოციალური ქსელებიდან  ყოველდღიურად მიღებული ინფორმაცია საგრძნობლად მოქმედებს საფრთხის აღქმაზე. სოცქსელების რიგითმა მომხმარებლებმა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციის შესაძლო გავლენა ჩვენს გარშემომყოფებზე. აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არსებულ ვითარებაში დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობ, თავი უნდა შევიკავოთ ექსტრემალური და პესიმისტური პოსტების გაზიარებისგან, რადგან ჩვენ თითოეულ სიტყვას ჰყავს გამიზნული თუ შემთხვევითი ადრესატი, რომელთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჩვენმა სიტყვებმა, შესაძლო,  უარყოფითი გავლენა იქონიონ.

           ცრუ ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები

როგორც უკვე  ითქვა, კოვიდ ინფორმატორები, ხშირად,  სოციალური მედიის რიგითი მომხმარებლები არიან.    კარგად უნდა გვახსოვდეს,  რომ სწორედ სოციალური მედიის დახმარებით ვრცელდება არა ერთი ცრუ ინფორმაცია თუ შეთქმულების თეორია კორონავირუსის შესახებ.   ამგვარი დეზინფორმაცია  ვირუსის მსგავსად   სწრაფად  ვრცელდება,  რის გამოც, ამ მოვლენას,  ინფოდემიას უწოდბენ. ცრუ ინფორმაცია,  იგივე რაც   „Fake News”, როგორც წესი იქმნება კონკრეტული მიზნების მქონე პირების ან ჯგუფების მიერ,  რომელთაც სურთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

რაც შეეხება  შეთქმულების თეორიებს, ისინი, თავისი  ბუნებით, ძალიან გვანან „ჭორებს“. ხშირად მათაც კონკრეტული მიზნების მქონე პირები თხზავენ, ზოგჯერ კი, მათი შინაარსი, უბრალოდ,  ნეიტრალური ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შეთქმულების თეორიებს  ადამიანები იჯერებენ გაურკვევლობის  თავიდან ასაცილებლად და, აგრეთვე,  იმ  „სიცარიელის“ შესავსებად, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.   მაგალითად, ერთ-ერთი  შეთქმულების თეორიის თანახმად  კორონა ვირუსი  საერთოდ არ არსებობს და განგაში ხელოვნურადაა ატეხილი. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პლატფორმა -„ინსტაგრამმა“ ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების შეჩერების მიზნით თავის მედია საშუალებაში  გარკვეული ინფორმაციის გაფილტვრის საჭიროებაზეც კი ისაუბრა.

ცრუ ამბები და  შეთქმეულების  თეორიები, უდავოდ,  ნეგატიური გავლენის მქონეა.   ისინი , ზოგჯერ, უსაფუძლო შფოთვას იწვევს, ზოგჯერ კი  ხელს გვიშლის საჭირო ზომების მიღებაში. ამ შემთხვევაში ჩვენი, როგორც ინფორმაციის მიმღების და, შემდგომში, მისი გამავრცელებლის როლი უზომოდ მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი და სხვაც არ შევიყვანოთ შეცდომაში, კარგად უნდა გადავამოწმოთ ის წყარო, საიდანაც    მივიღეთ  ინფორმაცია და დავრწმუნდეთ, რომ ის, ნამდვილად, სანდოა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია   ამ ინფორმაციის გათვალისწინება და სხვისთვის გაზიარება.  

 პრევენციული ქცევის ხელშეწყობა

ინტერნეტ კვლევის სამედიცინო ჟურნალში (JMIR Publications) გამოქვეყნებული  ნაშრომიც ადასტურებს, რომ სოციალური მედია პლატფორმების გავლენა   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს  პლატფორმები  კოვიდთან ბრძოლის    მძლავრ იარაღად გადაიქცევა, თუ მათ გამოვიყენებთ საზოგადოების  ინფორმირებისათვის კორონავირუსის შესახებ  და პრევენციული ქცევების პოპულარიზაციისათვის.

 ბრიტანეთის ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ნებისმიერი ქცევის აღძვრას სჭირდება სამი კომპონენტი:  უნარები, შესაძლებლობა და მოტივაცია. სოციალური ქსელების დახმარებით პრევენციული ქცევის მოდელირებაზე   საუბრისას ეს სამი კომპონენტი   კონკრეტული  შინაარსის მქონეა. უნარებში იგულისხმება ცოდნა,  რომელიც ადამიანებს სჭირდებათ პრევენციული ქცევის განსახორციელებლად.  ამაში   პრევენციული ქცევების დეტალური ინსტრუქტაჟის გაზიარება დაგვეხმარება  (მაგალითად, ისეთი კონტენტის დაპოსტვა, როგორიცაა  ვიდეოები იმის შესახებ, თუ როგორ აღწევს კორონავირუსი ორგანიზმში, ასევე  რისი დახმარებით და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა). უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც  ვიზუალიზაცია გვეხმარება არსებული საშიშროების უფრო ცხადად წარმოდგენაში,  ის უფრო დიდი ხარისხით განაპირობებს შესაბამისი ქცევის განხორციელებას, ვიდრე თეორიული და აბსტრაქტული ახსნა – განმარტება. შესაძლებლობაში იგულისხმებია  ყველა იმ რესურსის წინასწარი უზრუნველყოფა,  რომელიც სჭირდება ქცევის განხორციელებას. ამ   შემთხვევაში ეს იქნება პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების შეძენა. იმისთვის, რომ ადამიანებს გავუზარდოთ პრევენციული ქცევების განხორციელების მოტივაცია, სასურველია ასეთი ქცევების უფრო მიმზიდველად წარმოჩენა.   ამ მიზნით ჩვენ შეგვიძლია  საკუთარ გვერდებზე გავაზიაროთ ისეთი პოსტები, რომლებიც  მოახდენს ლამაზი პირბადეების პოპულარიზაციას  და   ხელი შევუწყოთ იმ აზრის გავრცელებას, რომ  გარდა იმისა, რომ პირბადე ვირუსისგან გვიცავს, ის, შესაძლოა,  მიმზიდველ აქსესუარსაც წარმოადგენდეს. მოდის სამყარო უკვე  ცდილობს არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებას.  ცნობილი დიზაინერები თავიანთ ახალ კოლექციებში  სხვადასხვა დიზაინის პირბადეებს გვთავაზობენ. ქართველმა მცირე მეწარმეებაც  რახანია დაიწყეს ფერად-ფერადი პირბადეებით ონლაინ ვაჭრობა. 

როგორც ამ წერილიდან  ჩანს, სოციალური ქსელები საკმაოდ ეფექტური იარაღია  არსებულ ეპიდვითარებასთან ბრძოლაში.   მათი როლი კიდევ  უფრო იზრდება დღევანდელ ვითარებაში,  როდესაც  ადამიანთა უმრავლესობა  უმეტეს დროს სახლში ატარებს და ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მოიხმარს სხვადასხვა პლატფორმას. თუკი სოცქსელების  რიგითი მომხმარებლები სწორად შევარჩევთ იმ კონტენტს, რომელსაც ჩვენს გვერდებზე  ვაზიარებთ  და შევქმნით ჯანსაღ ინფორმაციულ ველს, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ვირუსის წინააღმდეგ  ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.  

ახლა კი შევაჯამოთ, თუ რას  ურჩევენ  მეცნიერები სოციალური ქსელების   მომხმარებელებს: 

1. გავიაზროთ, რომ ჩვენი, როგორც ინფორმაციის გამავრცელებლის, როლი უდავოდ მნიშვნელოვანია. 

2. თავი შევიკავოთ  ვირუსთან დაკავშირებით პესიმისტური  კონტენტის გაზიარებისგან.

3.  დავრწმუნდეთ ინფორმაციის  სანდოობაში და მხოლოდ ამის  შემდეგ გავუზიაროთ  იგი სხვას.

4. გავავრცელოთ ვიდეო თუ  ფოტო მასალა, სადაც დეტალურად იქნება ილუსტრირებული და განმარტებული ვირუსისგან თავის დასაცავი საჭირო ქცევები.

5.  შევეცადოთ, რომ გავხადოთ პრევენციული ქცევა უფრო პოპულარული და მიმზიდველი.

ვფიქრობ, იმედის მომცემია, რომ  არსებულ  ვითარებაში, ჩვენ სახლიდან გაუსვლელად  შეგვიძლია დავიცვათ  საკუთარი და სხვების  ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა სოციალური ქსელების მეშვეობით. 

გამოყენებული  წყაროები:

https://www.simplypsychology.org/a-level-social.html?fbclid=IwAR0KC-m7rqKrpRp1-3DS0WYPvzY6yEPJ6PKIVpwahfwUAq3QD4DUOXd10io

https://online.rider.edu/blog/types-of-social-influence/?fbclid=IwAR3JNSbKpD1jhWPgtC02YD43maRnobjjkEWmXHfiJHcFvihSN7HoZLJAzKU#:~:text=The%20theory%20of%20social%20influences,levels%20of%20an%20individual%27s%20life

https://www.nature.com/articles/s41598-020-73510-5?fbclid=IwAR0p2nKMhKrZ-0xxBOATbvvYtWi8BZejSJSndu3C3yBEIxnszSgLp566Epo

https://promorepublic.com/en/blog/glossary/what-is-social-media-influencer/?fbclid=IwAR2BqBIzG5MW26iRITY61BGq_Dl6JEwPUkif1-zLp5NQ1QWE56y2oq-U2aQ

https://theconversation.com/why-the-uk-government-is-paying-social-media-influencers-to-post-about-coronavirus-145478?fbclid=IwAR3I8Y0CE_FHOlEM2h2hcLNdDp72TqZksI-c-byFb_z5SAExMDM12sR134s

https://link.springer.com/article/10.1007/s10461-020-02954-7?fbclid=IwAR1D7PjDQePc0m4PYXr2mUZKetP-7qQQd4uLpg2er7gX5KZFxl6ZIXHSE1A

https://www.bbc.com/future/article/20190520-how-your-friends-change-your-habits—for-better-and-worse?fbclid=IwAR2KRhzdyAQStAPbd9aNxlaaDh85L_gd9pWgVngBdz-tExnKmJuZ9ecw12Q

https://www.jmir.org/2020/8/e19996/?fbclid=IwAR0zzhSWwWgVNqCg0dGF8QwXH48Tb3-BCk7pGTJYZdB4pa9LIB6-UaIrFyQ

https://www.bbc.com/news/av/technology-52477361

https://time.com/5891333/covid-19-conspiracy-theories/?fbclid=IwAR1NEc-_OfvMSzhdtWh7vgNYCtfkV6wM3Q6udoGbDXo8WL3gZ60r1W5ZFFA

https://www.boehringer-ingelheim.com/covid-19/protecting-humans-and-animals/science-against-covid-19-fake-newhttps://blogs.bmj.com/bmj/2020/03/03/behavioural-strategies-for-reducing-covid-19-transmission-in-the-general-population/ .)  

s?fbclid=IwAR245VsDGT_CAOUq_CUXW4Fp2LshcnDSCc53zKyDgWv9Nh6uq0yUrCOqs4I

Comments are closed.