ნიკოლოზ აბუაშვილი: ”გაუმარჯოს კორონავირუსს – შესაძლებლობების წყაროს … დემოკრატიის მშენებლობისთვის”

By | ბლოგი

როცა ვფიქრობ, რა არის ჩვენი განვითარების მთავარი ხელშემწყობი და ამავდროულად მთავარი დამაბრკოლებელი, პირველი რაც თავში მომდის, არის ჩვენი „მეოცნებეობა“.  აშკარად კარგად შეგვიძლია ოცნება და ნათელი მომავლის დანახვა. რაც მახსენდება, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლების ოცნება ფრიად აღმგზნები იყო და მოგანდომებდა კაცს ერთი პატარა აგური თავადაც დაგედო ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. უბრალოდ, ამ ოცნებების განხორციელებაში მოვიკოჭლებდით ხოლმე. ოცნებისას გვავიწყდებოდა, რომ რეალური ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ ოცნება რეალობად გვექცია. 

ფაქტია, რომ მარტო ოცნება ვერაფერს იზამს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი რასაც გადავდგამთ, უნდა იქნას გადადგმული ჩვენი ოცნების მიღწევისკენ და ნაბიჯები, რომლებსაც არ მივყავართ ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისკენ არ უნდა გადავდგათ საერთოდ. 

კორონავირუსს გაუმარჯოს! არა იმიტომ რომ არსებობს. მისი არსებობა არაფერს ცვლის ჩვენთვის. ყველაფერს ცვლის ჩვენი რეაქცია კორანივირუსზე. კორონავირუსზე ჩვენმა რეაქციამ არჩევნების დროს დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის დემოკრატია და დემოკრატიისკენ სწრაფვა. საფრთხის წინაშე, არ „გადავდეთ“ დემოკრატია, არამედ ნიღბიანი სახით, დეზინფიცირებული ხელებითა და ანთებული გულით შევუდექით დემოკრატიის აპოთეოზის – არჩევნების – ჩატარებას. 

არჩევნების ჩატარებამდე ბევრი ვიბრძოლეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლისათვის, ანუ ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე, ჩვენ მიერ დაქირავებულ ხელისუფალთ (და ყველა ჩვენგანს) თამაშის წესები რომ განუსაზღვრონ ჩვენს მიერ არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არა ინდივიდებმა. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე მესმის, რომ ჩვენი მთავარი ლოგიკა ამ შემთხვევაში იყო ის, რომ პარტიები (ანუ ადამიანთა ჯგუფები) უფრო პასუხისმგებლიანები იქნებოდნენ ამ გზაზე და ოცნების რეალობად ქცევის უფრო ოპტიმალურ გზას მოძებნიდნენ, ვიდრე ინდივიდები. მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა ამ აზრს და მჯერა თუ არა კოლექტიური პასუხისმგებლობისა, დავუშვათ, რომ ეს მოსაზრება თავად ჭეშმარიტებაა.

ალბათ, ამ მოცემულობაში თითოეული ჩვენგანის ინტერესი უნდა იყოს, რომ ძლიერი პარტიები იყვნენ პოლიტიკურ ველზე, რათა უფრო დაჟინებით და სწრაფად წავიდეთ ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევისკენ. ეს აზრი უკვე მრავალი წელია (არ შევცდები, თუ ვიტყვი ათწლეულებია) ტრიალებს საქართველოში, მაგრამ რეალობა ძალიან გასხვავდება ამ ოცნებისაგან. გვყავს ძალიან ბევრი თითო-ოროლა-კაციანი პარტია (რომელთა ხნოვანება ათეულ წლებს ითვლის) და ძალიან ცოტა ძლიერი პარტია (რომელთა ასაკი მნიშვნელოვნად მოკრძალებულია). რა არის ამის მიზეზი?

სიღრმისეულ ანალიზზე არ მექნება პრეტენზია, მაგრამ შემთხვევით ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არაა, თუ როგორ ვაფინანსებთ ჩვენ (საზოგადოება) პოლიტიკურ პარტიებს?! არ დავიწყებ მსჯელობას, უნდა ვაფინანსებდეთ თუ არა საერთოდ. უბრალოდ, დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე, სადღაც და როდესღაც, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებით უპრიანი იქნებოდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რათა ისინი გაძლიერებულიყვნენ და პოლიტიკურ ველზე ერთმანეთს დაჭიდებოდნენ ჩვენი კეთილდღეობისათვის. ვის ვის და ჩვენ ნამდვილად არ გვესწავლება, რომ დავითისა და გოლიათის ჭიდაობა, შეიძლება ამაღელვებელი იყოს ეპოქალური თვალსაზრისით, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამგვარი დაპირისპირება კარგი ვერაფერი მოცემულობაა ქვეყნის განვითარებისთვის. 

ეს სავარაუდოდ გვესმის, მაგრამ სისტემა, რომლითაც გადავწყვიტეთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, აშკარად აჩვენებს ჩვენ „კარგ“ მეოცნებეობას, იმ კუთხით, რომ მზად ვართ გავიღოთ რესურსი იმგვარი ინსტიტუციების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და ჩვენ „ცუდ“ მეოცნებეობას, რომ  აზრზე არ ვართ როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მუდმივად არ ვდგებოდეთ დავითისა და გოლიათის დაპირისპირების საკითხის წინაშე. არადა რა მარტივი ჩანს პრობლემის გადაწყვეტა.

ჩემი საქმიანობის სფეროდან ვიტყვი. ბიზნესში ფულს განვიხილავთ როგორც სისხლს, რომელიც ბიზნესს და მთლიანობაში ეკონომიკურ სისტემას ამუშავებს. ეს სისხლი ხომ არ გადავუსხათ სწორად პოლიტიკურ სისტემას?

ნაცვლად იმისა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ (რომელიც იდეაში უფრო ძლიერია ვიდრე სხვები და სავარაუდოდ ამიტომაც გაიმარჯვა არჩევნებში) პარტიების დაფინანსების ფონდის უფრო მეტი ნაწილი წაიღოს როგორც დღეს მიაქვს, ხომ არ ჯობს, ყველა გამარჯვებულ პარტიას (რომელიც ხმების განსაზღვრულ პროცენტზე მეტს აიღებს) თანაბრად  გავუყოთ ეს ფონდი. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ამ ფონდით იხეირებენ უფრო სუსტი პარტიები, რაც მათ უფრო ჩქარა გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ერთი ორი რაუნდი (ანუ არჩევნები) ამან შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე რომ ბევრი პარტია გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ამ რესურსთან მისასვლელად, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივით, პარტიები მივლენ იმ აზრამდე, რომ ამ თხილის ბევრზე გაყოფა არცთუ ისე მიმზიდველია და იფიქრებენ, როგორ გამსხვილდნენ და გაძლიერდნენ უფრო მეტად (ანუ ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, მონოპოლიიდან და მონოპოლისტური კონკურენციიდან გადავიდეთ ოლიგოპოლიაზე).  სავარაუდოდ ეს გზა უფრო ჩქარა მიგვიყვანს იმგვარ დემოკრატიამდე, რომელზეც ვოცნებობთ ყველა უკვე სამი ათეული წელია. თუ ასე არ გამოვა, ერთი ხეირი მაინც ექნება, რომ ეს დაფინანსება უკვე აღარ იქნება პარტიებისთვის საინტერესო და შეგვიძლია აღარ განვახორციელოთ მომავალში. ანუ აღარ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ მივყავართ ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისკენ. ჰმ, მგონი კორონავირუსმა გვასწავლა „კარგი“ ოცნება. 

მაშ, გაუმარჯოს კორონავირუსს, შესაძლებლობების წყაროს, რომ ვიყოთ უკეთესები და ავაშენოთ საოცნებო დემოკრატია.

გისურვებთ „ნეტა“ მალე გამხდარიყოს „იქნებ“

ალავერდი ვარ ჩვენი დემოკრატიის მამებთან…

თქვენი სტრატეგიული კონსულტანტი,

ნიკოლოზ აბუაშვილი – GIPA-ს პროფესორი / ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი / ბიზნეს მოდელირება და ანალიზი, მარკეტინგი


Comments are closed.