იკო ხეცურიანი: მაკედონიამდე – ვინ და როგორ დაიწყო ფეხბურთის თამაში საქართველოში

By | ბლოგი

სულ ცოტა დრო რჩება 12 ნოემბრამდე და ქართველ გულშემატკივართა გულისცემის რითმიც ჩქარდება. ამ დღემდე ქართული ფეხბურთი უკვე 100 წელიწადზე მეტია, მოდის… ერთადერთი თამაშის მოგებაა საჭირო ფეხბურთელთა  და გულშემატკივართა თაობების ოცნების ასახდენად.

ამ მატჩზე წერა ემოციების კონტროლს მოითხოვს, რაც ცოტა არ იყოს და, საძნელო საქმე გამოდგა. ამიტომ მინდა რაც შეიძლება მოკლედ გიამბოთ თუნდაც ცოტა რამ ზემონახსენები 100 წელიწადის დასაწყისზე. იმ გარემოებებსა და კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც საქართველოში ფეხბურთი შემოიტანა. 

როგორც ვიცით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის იმპერია მსოფლიო მასშტაბით იყო გავრცელებული. აქტიურად ვაჭრობდა და ბუნებრივი რესურსების მწარმოებელ ქვეყნებთან თანამშრომლობდა. მათი გემები იდგა სოხუმში, ფოთსა და ბათუმშიც. ჭიათურაში მოპოვებული მარგანეცი ინგლისურ გემებს გაჰქონდათ. ფოთი, როგორც ჭიათურასთან ყველაზე ახლოს მდებარე პორტი, ყველაზე მეტად იყო დატვირთული ინგლისური ხომალდებით. ხომალდის ეკიპაჟი დასვენების დროს, მინდვრებზე ფეხბურთს თამაშობდა ხოლმე. ფოთელი ბავშვები ძლიერ დააინტერესა უცხოელების გასართობმა, ნელ-ნელა თამაშიც ისწავლეს და ერთხელ პაექრობაში გამოწვეული ინგლისელი მეზღვაურებიც კი დაუმარცხებიათ. 1906 წელს ფოთში ჩავიდა ნიკო ნიკოლაძის ვაჟი, გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც ჩაიტანა ბურთი და შემოიკრიბა ფოთელი ახალგაზრდები. 

გიორგი ნიკოლაძეს შეგვიძლია ქართული ფეხბურთის ,,დამფუძვნებელი მამა’’ ვუწოდოთ. სწორედ მან თარგმნა თამაშის წესები ინგლისურიდან და დაამკვიდრა ქართული საფეხბურთო ტერმინოლოგია, როგორიცაა ,,თამაშგარე’’, ,,კუთხური’’ და ა.შ. ასევე, სწორედ მისი უდიდესი ძალისხმევის დამსახურებაა თბილისსა და ფოთში პროფესიული ფეხბურთის ჩასახვა.

შედარებით ნაკლები ხომალდი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რაოდენობის ინგლისელი იყო ბათუმშიც, სადაც ე.წ. ,,ცივი დაბის’’ მინდორზე თამაშობდნენ ხოლმე. ბათუმელი ბავშვებიც დააინტერესა ამ თამაშმა. 1912 წლისთვის კი პირველი გუნდიც შეიქმნა.  1913 წლისთვის ჯერ კიდევ არაპროფესიული ფეხბურთიც კი იქცა გარკვეული ეროვნული სიამაყის თუ ერთიანობის, თუ სოციალური კლასის გამოხატულებად. შეიქმნა იქ მცხოვრებ სომეხთა გუნდი ,,არაქსი’’, ასევე გუნდი ,,სელექტიდი’’, სადაც მხოლოდ არისტროკრატთა შვილები თამაშობდენ, და ბერძენთა გუნდი ,,ოლიმპია’’. 

ფეხბურთი პარალელურად ვითარდებოდა თბილისშიც. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში სპორტსაზოგადოება ,,შევარდენის’’ წევრები გასართობად ეჯიბრებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.  1906 წელს ,,სოკოლის’’ თბილისის პრეზიდიუმის წევრის, ადოლფ ელზენგერის ინიციატივით, ჩამოყალიბდა მობურთალთა გუნდი.  1907 წლის 23 თებერვალს დაკანონდა პირველი ქართული ოფიციალური კლუბი, სახელწოდებით ,,კომეტა’’. პრობლემა ის იყო, რომ რამდენიმე წელი მხოლოდ ეს გუნდი არსებობდა და რაიმე ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იყო.  თუმცა, მალევე ზემოხსენებული ტანმოვარჯიშეთა საზოგადოება ,,სოკოლიც’’ შეუდგა ოფიციალური საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებას. გუნდები ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლებშიც.  1912 დან 1918 წლამდე იმართებოდა საფეხბურთო პირველობა თბილისის სასწავლებლებს შორის. 

1914 წელს მსოფლიო ომის დაწყებამ სპორტული ცხოვრება ჩაკლა. რაც შეეხება პირველ რესპუბლიკას, ამ წლებში სპორტული ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ცნობებია. 

კომეტა (1907 წელი)

ქუთაისში მე-20 საუკუნის დამდეგს ძალიან ცოტამ თუ იცოდა ფეხბურთის შესახებ რაიმე. 1909 წელს, თბილისიდან ექსკურსიაზე ჩასულმა ვაჟთა პირველმა და მეორე გიმნაზიებმა წარუდგინეს ქალაქს ეს თამაში. ფეხბურთის თამაში ქუთაისში გიმნაზიაში ჩაისახა და ეპიდემიასავით გავრცელდა. გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ,,საუბნოთაშორისო’’ მატჩებზე.   

საქართველოში ძალიან ძნელი საშოვნელი იყო ბურთი და ბუცები, თანაც ძვირი ღირდა. ბურთს ქუთაისელები ხელით კერავდნენ. 1911 წელს გამოიწერეს კიევიდან ქარხნის ბურთი, რამაც ძალიან გაახარა ფეხბურთელები. ძლივსძლივობით აგროვებდნენ საფეხბურთო ტანსაცმლის საყიდელ ფულს, ხანდახან გლეხებს ეხმარებოდნენ ყანის დათოხვნაში და იქიდან აღებული ფულით ყიდულობდნენ ბუცებს. ერთი ბურთი კი ყველასთვის საზიარო იყო. 

თბილისსა და შავიზღვისპირეთში ფეხბურთმა ბევრად იოლად და მალევე მოიკიდა ფეხი, ვიდრე ქუთაისში. რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. მაშინ ფეხბურთი სრულიად უცხო და ახალი თამაში იყო. ინოვაცია კი ქვეყნის საპორტო ქალაქებსა და დედაქალაქში უფრო იოლად იკიდებს ფეხს, სადაც სავაჭრო მიმოსვლის და ღიაობის გამო პროგრესი უფრო მალე აღწევს. ქუთაისი კი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის ქალაქი იყო, რომელსაც არც პორტი ჰქონდა, არც მნიშვნელოვანი სავაჭრო დანიშნულება. ფეხბურთს იმ წლებში ძირითადად უცხოელები თამაშობდნენ ხოლმე, ქუთაისი კი ულტრანაციონალური ქალაქი იყო, სადაც მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ რაოდენობას ქართველები შეადგენდნენ.

საბჭოთა ოკუპაციამდე ოფიციალური საფეხბურთო ლიგის შექმნა ვერ მოესწრო და ფეხბურთი სამოყვარულო სპორტად დარჩა. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს საფეხურთო ასოციაცია ,,ფიფა’’ ჯერ კიდეც 1904 წელს შეიქმნა და 1912 წლის ოლიმპიადის მონაწილე რუსეთის იმპერია მისი წევრიც კი იყო, იმპერიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკები ამ ორგანიზაციაში არ გაწევრიანებულან. საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის უწევდა მუხლჩაუხრელი ბრძოლა, ამიტომ საფეხბურთო განვითარებისთვის ვერ მოიცალა. თუმცა, როგორც ცნობილია, ვაკის ტერიტორიაზე იგეგმებოდა საკმაოდ დიდი სპორტული არენის აშენება.

ასევე, უნდა ვახსენოთ იუნკერი შალვა ერისთავი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა ფეხბურთს თბილისის სხვადასხვა გუნდებში და რუსეთის არმიასთან ბრძოლისას, გმირულად გარდაიცვალა ტაბახმელაში. მაღლობიდან ქართველთა შენაერთს დამიზნებულ ტყვიამფრქვევთან აირბინა, ტანით გადაეფარა და ყველა ტყვია საკუთარ სხეულზე მიიღო.

ეს იყო მოკლედ იმაზე, თუ როგორ ჩაეყარა საქართველოში საფუძველი ფეხბურთის თამაშს. ოკუპაციის შემდგომი უკვე პროფესიული ქართული ფეხბურთის საბჭოთა ისტორია კი სულ სხვა ფურცელია.

იკო ხეცურიანი – GIPA-ს კურსდამთავრებული

Comments are closed.