ხატული თოდუა: აუმჯობესებენ თუ არა შინაური ცხოველები ფსიქიკურ ჯანმრთელობას პანდემიის პირობებში

COVID – 19 -ით გამოწვეული პანდემია ბადებს კითხვებს იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში ცხოველებთან ურთიერთობა სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის პერიოდში.

ამჟამინდელი პანდემიური სიტუაცია სტრესის გამომწვევია თითოეული ჩვენგანისათვის:  შფოთვა, ფინანსური პრობლემები,  სრული გაურკვევლობა მოვლენების ნორმალიზებასთან დაკავშირებით და ა.შ. შინაურ ცხოველებთან ურთიერთობას შეუძლია დადებითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შეამსუბუქოს ის უარყოფითი განწყობები, რომლებიც  თავს იჩენს სოციალური  იზოლაციისა თუ თვითიზოლაციის პირობებში. იმ პოზიტიურ განწყობებს, რომლებსაც ჩვენი საყვარელი ცხოველები გვიქმნიან, შეუძლიათ შეამცირონ ამ პირობებისთვის დამახასიათებელი ზედმეტი სენსიტიურობა ჯანმრთელობის მიმართ. 

COVID-19-ით გამოწვეული სოციალური დისტანცირების პერიოდში, უამრავი ადამიანი ცდილობს იყოლიოს ცხოველი. არსებობს მრავალი მოსაზრება იმის შესახებ, რომ შინაური ცხოველი ხელს უწყობს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას – ფსიქოლოგიურ კარგად-ყოფნას და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას. ამერიკაში, ვაშინგტონისა და სან ფრანცისკოს უნივერსიტეტებში, დოქტორ ლორი კოგანისა და ვენდი პაკმანის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა, ნათელს ჰფენს პანდემიის პირობებში შინაური ცხოველების გავლენას მათი მფლობელების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევის ზოგიერთი შედეგი მოულოდნელიც  კი აღმოჩნდა. მკვლევარებმა, რომლებმაც შეისწავლეს ადამიანთა და ცხოველთა ურთიერთობა, რამდენიმე თვის წინ  ჩაატარეს ონლაინ გამოკითხვა.  ივნისის თვეში მათ მიერ გამოკითხული ძაღლების მეპატრონეთა  70%  (სულ 4000  კაცი იყო გამოკითხული) ეთანხმებოდა, რომ შინაური ცხოველები დაეხმარნენ მათ პანდემიით გამოწვეული მარტოობისა და დეპრესიის დაძლევაში. მონაწილეებმა  ასევე აღნიშნეს პოზიტიური ემოციების მატება,  ცხოვრებისეული მიზნის გაჩენა და მოტივაციის ამაღლება.

შინაური ცხოველები ხელს უწყობენ ცხოვრებისეული სტრესით გამოწვეული უამრავი  უარყოფითი ემოციებისაგან დაცლას, მათ განდევნას. დიდ ბრიტანეთში ცხოველთა თავშესაფრები იტყობინებოდნენ, რომ მათ, მიმდინარე პანდემიის დროს,  რეკორდულ მაჩვენებელებს მიაღწიეს: ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში სურდათ ძაღლის ყოლა, მაგრამ სამსახურებრივი ან სხვა გარემოებების გამო უწევდათ  საკუთარ სურვილზე უარის თქმა, ამჯერად ცხოველების აყვანას ცდილობდნენ. მათმა რიცხვმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. ეს აშკარად კარგი სიახლე აღმოჩნდა ძაღლებისთვისაც, რადგან თავშესაფარში ცხოვრება საუკეთესო ვითარებაშიც კი,  მათთვის მაინც სტრესულია. ეს ფაქტი არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, თუ გავითვალისწინებთ კვლევებს, რომელთა მიხედვითაც  შინაური ცხოველების პატრონები  ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდებიან. 

შინაურმა ცხოველებმა, შეიძლება, ასევე უზრუნველყონ ღირებული ემოციური მხარდაჭერა. შინაური ცხოველის აყვანა შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო მარტო მცხოვრები ადამიანებისთვის აღმოჩნდეს.  გარდა ამისა, ძაღლებს  შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანს სტრესის შემცირებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში ფიზიკური აქტივობის გაზრდის მეშვეობით. ძაღლების პატრონთა უმეტესობას რეგულარულად გაჰყავს ძაღლი სასეირნოდ, რაც, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. პანდემიის გამკაცრებულ პირობებშიც კი, უამრავ ქალაქში, როგორც წესი, ცხოველების პატრონებისათვის  გამონაკლისს უშვებენ,  ხოლო  ისინი,  ვისაც არა ჰყავს ძაღლი, მეპატრონეებს სთხოვენ  ძაღლის გასეირნებას, რადგან დროებით მაინც შეძლონ სახლიდან გასვლა. ალბათ, სოციალურ ქსელში გინახავთ უამრავი ხუმრობა იმის შესახებ, რომ პანდემიის დროს ძაღლები უჩივიან ზედმეტ დაღლილობას, რადგან ძალიან ბევრი სიარული უწევთ. 

კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შინაური ცხოველის ყოლა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს

თუმცა, ზოგიერთი კვლევის შედეგები,  საპირისპირო აღმოჩნდა. დოქტორმა ელანა რატჩენმა იორკის უნივერსიტეტიში, დიდი ბრიტანეთის თითქმის 6000 ადამიანი გამოკითხა, რომელთა 90% -ს შინაური ცხოველი ჰყავდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ცხოველთა მფლობელებსა და არამფლობელებს შორის სხვაობა თითქმის არ შეინიშნება. უფრო ზუსტად,  შინაური ცხოველის ყოლა გვეხმარება სოციალურ იზოლაციასთან გამკლავებაში,  რომელიც   ბევრ ჩვენგანს აწუხებს პანდემიის პერიოდში, თუმცა შინაური ცხოველების გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე  ძალიან სუსტია.  უფრო  მეტიც, შინაურ ცხოველებზე ძლიერი მიჯაჭვულობა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფრო მეტ პრობლემებს იწვევს (იხ. სურათი 1.1).

სურათი:1.1

C:\Users\Khatia\Downloads\oie_transparent.jpg

დოქტორმა რატჩენმა Science Daily- ს განუცხადა:, ,მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს დასკვნა  არ  გულისხმობს რეკომენდაციის გაცემას  იმის თაობაზე, თუ რამდენად  მიზანშეწონილია პანდემიის დროს  შინაური ცხოველის შეძენა ფსიქიკური ჯანმრთელობის  დაცვის მიზნით. ჩვენ უბრალოდ ვადასტურებთ იმ უამრავი განწყობისა და ემოციური მიჯაჭვულობის არსებობას, რომელთაც მფლობელები  განიცდიან  თავიანთი საყვარელი ცხოველის მიმართ“.

ამასთან, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცხოველების სახეობიდან გამომდინარე განსხვავებულია   ცხოველთან  მიჯაჭვულობის  ხარისხი. მაგალითად, ძაღლებისა და ცხენების პატრონებს “მიჯაჭვულობის “ უფრო მაღალი მაჩვენებელი  ახასიათებთ, ვიდრე ფრინველების, თევზებისა და  ქვეწარმავლების მფლობელებს.

ასევე აღსანიშნავია ის პრობლემები, რომლებიც თვითიზოლაციის პირობებში შინაური ცხოველების მფლობელებს შეექმნათ. ეს მოიცავდა ვეტერინარული მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ცხოველების  პატრონებმა  არ იცოდნენ, ვინ იზრუნებდა შინაურ ცხოველებზე მათი  ავადმყოფობის შემთხვევაში  ან საერთოდ თუ  მოახერხებდნენ  ცხოველის გასეირნებას. ხშირი იყო   ისეთი შემთხვევები, როცა პატრონი ვერ უზრუნველყოფდა ცხოველთა კვებას. მაგრამ კვლევებიდან ჩანს, რომ შინაური ცხოველების მფლობელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავიანთი საყვარელი ცხოველი მიიჩნია ემოციური მხარდაჭერის მნიშვნელოვან წყაროდ. მაგალითად, გამოკითხულების 87% -მა თქვა, რომ მათ შინაური ცხოველები დაეხმარნენ კოვიდ სიტუაციასთან გამკლავებაში.

C:\Users\Khatia\Desktop\people-white-medical-face-mask-walking-dog_221062-330.jpg

გრძნობენ  თუ არა შინაური ცხოველების პატრონები უკეთესად თავს COVID 19- ის პირობებში?

ძაღლებს აქვთ ადამიანებთან კავშირის დამყარების განსაკუთრებული უნარი: ისინი მგრძნობიარენი არიან ადამიანის ხმის მიმართ. კიდევ უფრო დამაინტრიგებელია ავსტრალიაში დოქტორ ჯესიკა ოლივას მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც თავიანთ ძაღლებს თვალებში უყურებენ, აჩვენებენ ოქსიტოცინის, ანუ  ე.წ. “სიყვარულის ჰორმონის” დონის მატებას. ოქსიტოცინი ავტომატურად გამოიყოფა ჩვენს სხეულში, როდესაც გამოვხატავთ მზრუნველობას ან ვეხუტებით მათ, რაც იწვევს სიყვარულის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების შეგრძნების გაძლიერებას. თუმცა, ეს პროცესი ცალმხრივი როდია.  ძაღლებს და მათ პატრონებს გამოეყოფათ ოქსიტოცინის თანაბარი  რაოდენობა. შესაბამისად, ურთიერთობა ორივე მხარისთვის დადებითი ემოციების მომტანია. 

ამერიკაში, ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, შინაური ცხოველების მფლობელებისა და არამფლობელების შედარებითი კვლევებიდან ირკვევა, რომ შინაური ცხოველების  პატრონები ნაკლებად განიცდიან მარტოობას. სხვა ტიპის შინაურ ცხოველებთან შედარებით, ძაღლები განსაკუთრებით ეხმარებიან ადამიანებს  მარტოობის დაძლევაში.  რატომ?  იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურ და უპირობო სიყვარულს გამოხატავენ. ისინი ყოველთვის ბედნიერები არიან ჩვენი დანახვით. ამ უპირობო სიყვარულის საილუსტრაციოდ ასეთი შემთხვევაა მოყვანილი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ძაღლი და საუკეთესო მეგობარი შემთხვევით მანქანის საბარგულში ჩაკეტეთ.  როდესაც თქვენს შეცდომას აღმოაჩენთ, ვის უფრო  გაუხარდება თქვენი დანახვა?  ძაღლს თუ თქვენს მეგობარს? – პასუხი, რა თქმა უნდა,  ძნელი მისახვედრი არ არის (კატერინ სანდერსონი ,,ბედნიერების შესახებ“).                          

გამოყენებული წყაროები:

1. PLOS ONE– Human-Animal Relationships and Interactions during the Covid-19 Lockdown Phase in the UK. https://journals.plos.org/plosone/article/figure?id=10.1371/journal.pone.0239397.t001

2. Psychology Today – Can Pets Relieve Loneliness In the Age of Coronavirus? https://www.psychologytoday.com/us/blog/animals-and-us/202004/can-pets-relieve-loneliness-in-the-age-coronavirus

3. ScienceMag – How Dogs Stole our Hearts. https://www.sciencemag.org/news/2015/04/how-dogs-stole-our-hearts

ხატული თოდუაGIPA-ს გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსი 

Comments are closed.