გამარჯობა, თბილისო!
როგორ ხარ? 40 დღეა არ მინახიხარ.. მომენატრე.
რამდენი მისაუბრია შენზე, მაგრამ შენთან არასოდეს. ნუ, საჯაროდ არა – მხოლოდ ფიქრებში.
ერთხელ დავწერე, ქალაქს ენა რომ ჰქონდეს რამდენს გვეტყოდა-თქო და მერე თავად შემეშინდა ამის..
ხოდა, ახლა ამ ჟამიანობის დროს მომინდა შენთან და რადგან ვერ მოვდივარ (რა უცნაურია, თბილისში ვარ და თბილისთან ვერ მივდივარ), ვიფიქრე წერილს მივწერ-თქო.
ხომ ხედავ რა ამბავია, ქვეყანა აირია. არ ვიცით რა გვჭირს, არ ვიცით როდემდე, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე როგორ..
ამ გაუგებრობაში გაგიკვირდება და შენ ყველაზე კარგად გამოიყურები. ისეთი მშვიდი ხარ. ისეთი დაწმენდილი. ისე ღრმად ისუნთქები, ფილტვებში ვგრძნობ ჰაერის სინოტივეს. ხის თითოეული ფოთოლი შორი ხედიდან დაითვლება. რას ვიფიქრებდი „იმელის“ უკან მდგარი შენობის ნახვა თუ გამეხარდებოდა, მაგრამ დედას ვფიცავარ, პეკინიდან სარკესავით აპრიალებული „ბილტმორი“ ჩანს.
მყინვარწვერი ხომ საერთოდ… გეგონება რესპუბლიკის მოედანზე, ნაყინივით დადესო. აი, ისე, ჩემს ბავშვობაში კიროვის ქუჩის კუთხეში არსებულ სანაყინეში, პლასტმასის ფეხიან რკინის გაშლილ თეფშზე რომ გვიდებდნენ, ზემოდან გახეხილ-შოკოლად მოყრილს. მყინვარი შენგან ადრეც ჩანდა, მაგრამ გაზაფხულზე და ასეთი მკვეთრი კონტურებით არასოდეს.
თბილისო, შენ თვითონ როგორ ხარ, ამ უხალხო და უმანქანო რეალობაში? ნეტა თუ გენატრება ის ურბანული ხმაური, რომლის გამოც თავის დროზე ბევრი გაგექცა.
არა მგონია. ალბათ, ამ ათწლეულების მანძილზე პირველად ამოისუნთქე, ასე ღრმად და მშვიდად. მართლა ისე ისუნთქები, რომ შენს ჰაერს ბახმაროსას ადარებენ.
ხომ ხედავ, ამ კორონასაც ჰქონია დადებითი მხარე.
მე უშენობას მისამართებად განვიცდი. წელს ვერ ვნახე აყვავებული გლიცინიები კოჯრის ქ. #3-ში და აბესაძის ქ. #17-ში. მართალია აბესაძეზე ნახევარი აჩეხეს, მაგრამ იმ ბებერ და დაგრეხილ ტანს მაინც ურყევად უჭირავს ალაყაფის ჭიშკარი.
უჩემოდ აყვავდა ფილარმონიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში მოქცეული კომში, რომელიც ყოველ წელს ისე და იმდენს ისხამს, გეგონება ვინმე მებაღის ბაღში ხარობდეს.
მე ხომ სულ გეუბნები, რომ შენი მთავარი ხიბლი დეტალებშია („ტფილისი დეტალებშია“ სხვებმაც აიტაცეს, უკვე). ხოდა, წინამძღვრიშვილის #49-ის კიბეზე დამსვა, ახლა (გლიცინია იქაც არის). რუსთაველის #30-თან ლადოს ჭადართან გამაჩერა (ანიკო ვაჩნაძის გამოჩენას საათობით რომ ელოდებოდა, თვითონ). გალაკტიონის #3/5-ს ლუნეტიდან გადმომახედა. ასათიანის 42ა-ს ეზოში ბოტანიკური ბაღიდან გამომავალი წყაროს წყალი დამალევინა. მერე გუდიაშვილზე ჩამარბენინა… დედა, რამდენს ვივლიდი.
ისე, უნდა ითქვას, რომ ჩვენი, ადამიანების მიზანმიმართული მავნებლობის მიუხედავად მაინც კარგად გამოიყურები. და, ეს სიხალვათე გიხდება, კიდეც.
რადგან წერილს გწერ და არ ვიცი, ამის საშუალება კიდევ როდის მომეცემა.. აქვე უნდა მოგიბოდიშო და გითხრა, რომ როგორც შემეძლო ისე გიცავდი, რაც რა თქმა უნდა საკმარისი არ იყო. ამიტომ თუ რამე (თუ კიარა, რაც) დაგაკელი.. მაპატიე. ვიცი, რომ შენთან ვალში ვარ და ისიც ცხადია, რომ ამ ვალს ვერასდროს გადაგიხდი. რასაც გპირდები ის არის, რომ ბევრს მოვუყვები შენზე, იმაზე მეტს გადაგიღებ, ვიდრე აქამდე გადამიღიხარ.. კვლავ უმანქანოდ ვივლი, შენს ქუჩებში. ვივლი ფეხით, ვივლი დიდხანს – უმისამართოდ..
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ უკლებლივ შევცოდეთ, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მზერა გაგისწორონ და თავისუფლად ჩაგხედონ თვალებში – პოეტები. პოეტებს არ უღალატიათ შენთვის! ლადოს ფრაზა: „რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი, ნუ მომიშალოს ღმერთმა..“ ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. რამდენის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ რაც გალამ გითხრა, არავის უთქვამს აქამდე და ვერავინ გეტყვის აწი:
„და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე ტფილისი ავირჩიე ბებერი….“
გესმის, რა გითხრა?
ხოდა, ჩემო ბებერო თბილისო, უფრო „გოლგოთავ“, ვიდრე „იერუსალიმო“, ხან „რევმატიზმი“ რომ გტეხავს და ხან უჟანგბადობა გაწუხებს. შუა წელს გადაცილებულ გაუპარსავ კაცს, რომ მაგონებ, ერთ დროს ძვირად ნაყიდ, მაგრამ ახლა იდაყვებზე გაცვეთილ პიჯაკში გამოწყობილს…………. მაგრად იყავი!
ხვალ, ან ზეგ მანქანების ღმუილით ისევ შლეგებივით გამოვვარდებით შენს ქუჩებში. აგახრჩოლებთ და დაგბინდავთ. ამ ფერადოვან სიჭრელეს ნაცრისფრად ჩავაქრობთ.. და უნდა გაგვიძლო, უნდა გვაპატიო, როგორც აქამდე..
ძალიან რომ გაგითამამდებით, ისევ პლანეტა გადაწყვეტს შენს დასვენებას და შეგვყრის რამე ახალს, გვირგვინოსან-კორონულს, ოღონდ სხვა სახელით…
და, მაშინაც გამოჩნდება „კიროვის ნაყინივით“ მყინვარი.. მანამდე, კი მე ცინუკის მოვუყვები შენზე… და როცა გამოვალ, სულ ეზო-ეზო დაგივლი..
ერთი კიდევ, რაც აუცილებლად უნდა გითხრა: 7 მაისს უნდა იწვიმო! გესმის?!
ხომ გახსოვს, 2015-ში მშრალზე რომ დაგვტოვე, 13 ივნისს რა ქენი…
ბოდიში და შარშანაც არ გიწვიმია და ა, ბატონო, ვართ საკუთარ სახლებში გამოკეტილნი. ხოდა, წელს გვეყო ამდენი ზაფრა! ერთი-ორი წვეთი, სადაც გინდა და როგორც გინდა, ოღონდ 7-ში! დედას გაფიცებ, არ მომატყუო!
მიყვარხარ და მენატრები, „გაპარსულიც“ და „გაუპარსავიც“, დაწმენდილიც და დაბინდულიც, ნაღალატევიც და დაფასებულიც..
მარად შენი,
ცირა ელისაშვილი.
თვითიზოლაციის მე-40 დღე.
თბილისი. 2020 წ.