ვანო ცერცვაძე: გადაწყვეტილებითი არჩევანი: დავრჩეთ სახლში თუ გავიდეთ გარეთ

By | ბლოგი

ქრისტიანული მოწამეობრივი ცხოვრება, როგორც ეს არაერთ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებშია აღწერილი, უკავშირდება არჩევანს ორ ალტერნატივას შორის – უარის თქმას რწმენაზე ან ქრისტესამდმი თავდადებას. ასეთი არჩევანი იდგა შუშანიკის და ქეთევან დედოფლის, ასი ათასი მოწამის, გარეჯის მეუდაბნოე ბერების წინაშე და მათ აირჩიეს ის, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. 

ეპიდემიის გავრცელების პირობებში, ჩვენს დღევანდელობაში, გადაწყვეტილებითი არჩევანი სახლში დარჩენასა და  წირვა-ლოცვაზე დასწრებას შორის არ გადის რწმენისა და ქრისტიანობის უარყოფაზე. დღეს არჩევანი კეთდება მოყვასის დასნებოვანებასა და მის ჯანსაღად ყოფნას შორის, სხვის ჯანმრთელობასა და შენს ცხონებას შორის, სოლიდარობასა და პატივმოყვარეობას შორის. 

საქმე იმაში კი არაა რომ ერთი კოვზით ზიარება საფრთხის შემცველი ან არ შემცველია, საქმე იმაშია, რამდენად სოლიდარულები ვართ ერთმანეთისადმი, რამდენად ვიზიარებთ ქცევის საერო წესს, ვრჩებით სახლში, არ ვშლით 10 კაციან სუფრებს, ვირჩევ ფიზიკურ (და არა სოციალურ) დისტანცირებას და ამით ზრუნავთ როგორც საკუთარ თავზე, ასევე ახლობლებზე და მთლიანად საზოგადოებზე. არჩევანის ზღვარი გადის იმაზე თუ რამდენად ვიწროა ან ფართოა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის სოციუმის საზღვრები – ვისზეა პასუხისმგებელი და რა მანძილზე და რა რადიუსში ვრცელდება მისი ნდობა და მზრუნველობა იმ არეალში, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი ჰქვია. 

ეპიდემიისთვის დროს ეკლესიაში წირვა ლოცვაზე დასწრება ზოგიერთი მორწმუნესთვის პრინციპული გადაწყვეტილებაა. საეკლესიო ლიტურგიაში მონაწილება წარმოადგენს სულიერ საზრდოს. ეკონომიკურ ტერმინებში შესაძლებელია ამ საზრდოს სარგებელი ვუწოდოთ და განვიხილოთ იგი სხვა ალტერნატივასთან მიმართებაში, რომელსაც წარმოადგენს სახლში დარჩენა. 

თუ უფრო შორიდან დავიწყებთ რწმენის გადაწყვეტილებითი ანალიზის განხილვას, აუცილებელია ვახსენოთ პასკალის დილემა უნდა გვჯეროდეს თუ არა ღმერთის არსებობის. ადამიანი დგას ორი არჩევანის წინაშე: 1. იცხოვროს რწმენის გარეშე, ან 2. იცხოვროს რწმენით. თითოეულ შემთხვევას პასკალი განიხილავს ორ მდგომარეობაში. 

პირველ შემთხვევაში, თუ ღმერთი არსებობს, ურწმუნო ადამიანს საბოლოო ჯამში საუკუნო ტანჯვა ელოდება. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანი იღებს სარგებელს ცხოვრებიდან, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დათვლადი, გაზომვადი და სასრული სიდიდეა.

მეორე შემთხვევაში, ცხოვრება რწმენით, მორჩილებაში ყოფნა, უარის თქმა ამქვეყნიურ ცდუნებებზე მართალია ძნელია, მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, ასეთი ადამიანი ჯილდოდ საუკუნო ცხონებას იღებს, ხოლო თუ ღმერთ არ არსებობს, მაშინ თავშეკავებული ცხოვრებით მიღებული სარგებელი შესაძლოა უფრო ნაკლები იყოს ვიდრე ურწმუნო ადამიანის. ასეთ შემთხვევაშიც, ეს სარგებელი ასევე დათვლადი სიდიდეა.

ეს გადაწყვეტილებითი დილემა შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი მატრიცის სახით:


ღმერთი არსებობსღმერთი არ არსებობს
მორწმუნე+ უსასრულო ნეტარებაგარკვეული გაზმოვადი სარგებელი
ათეისტი– უსასრულო ტანჯვაგარკვეული გაზმოვადი სარგებელი

როგორი უნდა იყოს ადამიანის არჩევანი? პასკალის აზრით, თუ არსებობს სულ მცირედი ალბათობაც იმისა, რომ ღმერთი არსებობს, მაშინ რაციონალურია ვიცხოვროთ რწმენით, იმიტომ რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში უსასრულო ტანჯვა გველოდება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში აღემატება ცხოვრების განმავლობაში დაგროვებულ სარგებელს. 

ამგვარად, რაციონალურობის ფარგლებშიც კი გადაწყვეტილება იცხოვრო რწმენით ლოგიკურად დასაბუთებულია.

თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს საკითხი არ დგას მორწმუნეობასა და ათეიზმს შორის. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია განვიხილოთ გადაწყვეტილებითი დილემა სახლში დარჩენასა და გარეთ გასვლას შორის მორწმუნეთა პოზიციის გათვალისწინებით.

რა თქმა უნდა, თუ თითოეულ საეკლესიო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა წამოადგენს აუცილებელ წინაპირობას იმისთვის, რომ მორწმუნე ცხონდეს, მაშინ ყველა ასეთ მსახურებაზე დასწრება ძალიან მაღალი სარგებლის მქონეა და იგი გადაწონის სხვა ალტერნატივების ღირებულებას. 

თუმცა მსახურებაში მონაწილეობის სარგებელი არაა უსასრულო. ის რომ უსასრულო იყოს, მაშინ საკმარისი იქნებოდა ერთ საეკლესიო ლიტურგიაზე დასწრება. ამგვარად ეს სარგებელი შეიძლება გაზომვადი იყოს და ასახავდეს მორწმუნის სულიერ, ფიზიკურ თუ სხვა მდგომაროებას. 

მეორეს მხრივ, ცხონებისთვის აუცილებელი წინაპირობა არაა AND ლოგიკით ყველა წირვა-ლოცვაზე დასწრება. ანუ თუ ერთ მსახურებაზე დასწრება არის A1, ხოლო ყველა მომდევნოზე A2, A3 და ა.შ., მაშინ AND(A1, A2, … , An) არ არის ჭეშმარიტების მიღწევის მხოლოდ ერთადერთი პირობა. ჩვენ ვიცით ახალი აღქმიდან, რომ პირველი ვინც ცხონდა, ავაზაკი იყო. მაშასადამე, თუ ამ დაშვებას ავიღებთ ცხონება და საუკუნო ნეტარების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა პირობებში – უშუალოდ სიკვდილის წინ მონანიებით, მცდარი გზიდან ჭეშმარიტ გზაზე შედგომით (სავლე იქცა პავლედ) და ა.შ. ანუ ქრისტიანობა უშვებს OR ლოგიკას იმ პირობით თუ მცდარი ქმედებების თანმიმდევრობა საბოლოოდ ჭეშმარიტი ქმედებით სრულდება.

თუ ეს მსჯელობა სამართლიანია, მაშინ ეკლესიის ერთ ერთეულ წირვა-ლოცვაზე დასწრება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც სარგებელი, რომელიც მიისწრაფვის უსასრულობისკენ და შესაძლებელი ხდება მისი შეფასება გაზომვად ფარგლებში.

ეს მსჯელობა არ განსხვავდება სხვა გადაწყვეტილებითი მსჯელობისაგან. მაგალითად, უამინდობაში, თავსხმა წვიმის პირობებში სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით თუ რამდენად დიდია ერთი ან მეორე ქცევით მიღებული სარგებელი. თუ გადაუდებელი საქმე არაა, ადამიანი ელოდება წვიმის გადაღებას და შემდეგ გადის სახლიდან. მეორეს მხრივ ადამიანი გადის სახლიდან თუ ამ საქციელით მიღებული გადაწყვეტილება აჭარბებს თავიდან ფეხებამდე დასველების ზიანს. 

თუ სარგებლად დავასახელებთ საეკლესიო მსახურებაზე დასწრებას, ხოლო ბუნების მდგომარეობად განვიხილავთ არა წვიმას, არამედ ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას მაშინ არჩევანი შეიძლება წარმოგვიდგეს შემდეგი ალტერნატივის სახით: 


ეპიდემია გავრცელდებაეპიდემია არ გავრცელდება
ვრჩები სახლშიAB
მივდივარ წირვაზეCD

მორწმუნის არჩევანის ანალიზის დროს არ გამოგვადგება მაქსიმაქს/მინიმაქს მატრიცის განხილვა, ვინაიდან მორწმუნე არანაირი ალბათობით არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ეკლესიის მსახურებაში მონაწილეობით მოხდება ვირუსის გავრცელება და მისი არჩევანი ერთმნიშვნელოვანია – ის მიდის წირვაზე.

გაცილებით უფრო საინტერესოა არჩევანის ანალიზი საზოგადოების სხვა წევრების არჩევანთან მიმართებაში თამაშთა მატრიცის ფარგლებში, რომელსაც თამაშთა თეორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში აღმოაჩენთ.

დავუშვათ საზოგადოებაში შედგება ორი სუბიექტისგან – მორწმუნე და ათეისტი ადამიანისგან. თითოეულის წინაშე დგას ორი არჩევანი. 

მორწმუნე: დარჩეს სახლში ან წავიდეს ეკლესიაში

ათეისტი: დარჩეს სახლში ან გაერთოს სახლის გარეთ. 

როგორი იქნება მათ მიერ მიღებული სარგებელი და რა შემთხვევაში იხეირებს ორივე ყველაზე მეტად?

თუ მორწმუნე ადამიანი დარჩება სახლში, ხოლო ათეისტი გარეთ ივლის, ბუნებრივია ეს უთანასწორობა უარყოფითად იმოქმედებს მორწმუნის სარგებელზე. ეს დაახლეობით მაშინ მოხდება თუ საზოგადოების ნაწილი იძალადებს მორწმუნეებზე, დაკეტავს ეკლესიას, ან სხვა იძულებითი ფორმით მიაღწევს მორწმუნეთა სახლში დატოვებას, მაშინ როცა საზოგადოების სხვა წევრები კვლავ თავისუფლად იმოძრავებენ სახლის გარეთ. ასეთ შემთხვევაში სახლში დარჩენილი მორწმუნის სარგებელი პირობითად შევაფასოთ -10-ით. მეორეს მხრივ ათეისტი კმაყოფილია, ვინაიდან მორწმუნე სახლში დარჩა, ხოლო თვითონ გარეთ სეირნობით სარგებელს იღებს. შევაფასოთ მისი სარგებელი 10-ით (კვადრატი B). 

თუ მოხდება ისე, რომ მორწმუნე არ დარჩება სახლში და ეკლესიაში დაესწრება წირვა ლოცვას, ეს მის სარგებელს გაზრდის 10-მდე, თუმცა ვინაიდან ათეისტი რჩება სახლში და თან განიცდის იმას, რომ მორწმუნის სახლიდან გარეთ გასვლამ შეიძლება მას ზიანი მოუტანოს ვირუსის გავრცელების ალბათობის გაზრდით, ათეისტის სარგებელი მცირდება და უარყოფითი ხდება (-10, კვადრატი C). 

D ვარიანტში, არც მორწმუნე და არც ათესიტი სახლში არ რჩებიან, ორივე კმაყოფილია – ერთი ეკლესიაში ლოცულობს, მეორე გარეთ სეირნობს, თუმცა იმის გამო, რომ იზრდება ვირუსის გადადების ალბათობა, ორივეს საქციელს 0-ვანი სარგებელი მოაქვს. 

ორივე ადამიანი მოგებაში რჩება მაშინ თუ ირჩევს A ვარიანტს. მორწმუნესა და ათეისტისთვის ლოგიკური და რაციონალურია დარჩნენ სახლში ვინაიდან ამ შემთხვევაში ვირუსის გადადების ალბათობა ნულამდე მცირდება. ამასთან, ერთიც და მეორეც განიცდის ურთიერთნდობის შედეგად დამდგარ სარგებელს, რომელიც მართალია მორწმუნესთვის მცირეა ვიდრე ეკლესიაში წასვლის სარგებელი, თუმცა გარკვეულწილად კომპენსირდება ნდობის ფაქტორით (5). ასეთივეა ათეისტის სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში რჩება, ის მაინც კმაყოფილია, ვინაიდან საზოგადოების მეორე წევრიც სახლში დარჩა და მას უკვე აღარ ემუქრება ვირუსის გავრცელების საშიშროება (5).

ამგვარად, ლოგიკური მსჯელობა აჩვენებს, რომ საზოგადოება მოგებული დარჩება თუ მისი წევრები ერთმანეთის მიმართ გამოიჩენენ ნდობას და რაციონალურად აწონ-დაწონიან ალტერნატივებს მისაღებ ზიანსა და სარგებელს შორის და სახლში დარჩებიან. 

ეს მსჯელობა არამც და არამც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც არჩევანი რწმენასა და ურწმუნოებას შორის. ეს მსჯელობა არის იმის შესახებ თუ როგორი სარგებელი დგება სხვადასხვა გადაწყვეტილების კომბინაციის პირობებში.

ვანო ცერცვაძე – GIPA-ს პროფესორი / ინფორმაციის დამუშავების ტექნიკა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ბიჰევიორისტული ეკონომიკა



Leave a Reply