ცისანა ხუნდაძე: COVID-19, საქართველო და მსოფლიო რიცხვებში

By | ბლოგი

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან მოყოლებული ყველა სახის საინფორმაციო სივრცე ამ ვირუსის შესახებ ახალი ამბებით არის ოკუპირებული. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება რიცხვები იქნება ეს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დაღუპულთა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, თუ კონტაქტების რაოდენობა და ა.შ. არსებობს ვებ გვერდები, რომლებზეც ყოველი დღის ბოლოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახლებული მონაცემების ნახვაა შესაძლებელი. ამ სახის სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და საერთო სურათისთვის და დინამიკისთვის თვალის მიდევნების საშუალებას იძლევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ემოციურ შედეგს იწვევს, ვიდრე ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ რეალურად რას ნიშნავს ეს რიცხვები საქართველოსთვის. თუნდაც რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სხვა ქვეყნებთან შედარება საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, რომ გარკვეული თვალსაზრისითსაქართველო უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგი მაჩვენებლის მიხედვით სხვა ქვეყნებს დიდად ჩამოვრჩებით. საბოლოო შედეგი და დინამიკა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დამოკიდებულია არა ერთ, ორ, არამედ ათეულობით სხვადასხვა ფაქტორის ურთიერთქმედებაზერომელთაგან ნაწილი ცალკეული ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც დაიყვანება.

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების დროში დინამიკას თუ დავაკვირდებით, ცხადი გახდება, რომ დაავადებულთა რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში სტაბილურად, მცირედით იზრდებოდა (იხ. დიაგრამა 1). სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე ქვეყნებს თუ შევადარებთ (იხ. დიაგრამა 2), ცხადი გახდება, რომ საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, თუ მხედველობაში მოსახლეობის რაოდენობას მივიღებთ, ვნახავთ, რომ საქართველო სხვა 200 ქვეყანას ან ტერიტორიას შორის, სადღაც შუაშია.

გარდა შემთხვევების საერთო რაოდენობისა, ასევე ყურადღების ღირსია ზოგადად შემთხვევების ზრდის დინამიკა. ჩინეთის, იტალიის და აშშ-ს მაგალითებიდან ჩანს, რომ შემთხვევების რაოდენობის თავდაპირველი მცირე, მაგრამ სტაბილური ზრდა შესაძლოა რამდენიმე დღეში გეომეტრიული პროგრესიით ზრდამ შეცვალოს. ამ სამი ქვეყნის მაგალითიდან ასევე ნათელია, რომ არ არსებობს ზუსტი დრო ან კვირა, როცა გარდატეხა ხდება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ღონისძიებებზე და სავარაუდოდ, სტატისტიკის წარმოებაზეც. 

ფაქტორების ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, კავშირშია ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, ჯანდაცვის სისტემის ზოგად მახასიათებლებს უკავშირდება. მაგალითად, საქართველოს თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ ყოველ 1000 კაცზე  ექიმების და საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობით, ვნახავთ, რომ COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევების მქონე ქვეყნებთან მიმართებაში არც საქართველო დგას სახარბიელო ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ იმ ყველა ქვეყანას შორის, რომელზეც მსოფლიო ბანკს აღნიშნული მონაცემი აქვს, საქართველო პირველ ადგილს იკავებდა 2015 წელს ყოველ 1000 კაცზე ექიმების რაოდენობით (დაახლოებით 5 ექიმი), განსხვავებული სურათი გვაქვს საწოლების რაოდენობის თვალსაზრისით (იხ. დიაგრამა 3). მეორე მხრივ, მშპ-ში ჯანდაცვის ხარჯების წილს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საქართველოში ამ მხრივ საშუალო მონაცემები გვაქვს.

საინტერესოა ასევე აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარება (იხ. დიაგრამა 4). მათთან მიმართებაშიც, მხოლოდ ექიმების რაოდენობით გვაქვს უკეთესი მდგომარეობა. სხვა მხრივ, საშუალო ან საშუალოზე დაბალ მაჩვენებლებს ვაფიქსირებთ.

მართალია აღნიშნული დიაგრამები გვიჩვენებს, რომ რაღაც თვალსაზრისით საქართველო უკეთეს პოზიციაში, ხოლო ზოგი მაჩვენებლით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, ეს მონაცემები რეალურად, მხოლოდ მშრალი რიცხვებია, ხოლო მოვლენების განვითარების მათგან გამომდინარე წინასწარმეტყველება – შეუძლებელია. მაგალითად, აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ გერმანია საშუალოზე მაღალ პოზიციაზე დგას სამივე მაჩვენებლის მიხედვით, მაგრამ COVID-19 შემთხვევების რაოდენობით მოწინავე ადგილასაა. იგივეს თქმა შეიძლება იტალიასა და ესპანეთზე, რომლებიც მხოლოდ საწოლების რაოდენობის მიხედვით არიან საშუალო პოზიციაზე, მაგრამ დომინირებენ როგორც ვირუსის შემთხვევების, ასევე – სიკვდილიანობის მაჩვენებლებით.

ამრიგად, ნათელია, რომ მდგომარეობის განვითარების წინასწარმეტყველება რთულია არამხოლოდ მარტივი შემთხვევების სტატისტიკიდან, არამედ დამატებითი სისტემური ფაქტორების გათვალისწინებითაც კი. COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების დინამიკა სხვა ქვეყნებში, აჩვენებს, რომ შესაძლებელია სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალოს. ამასთანავე, აღნიშნული ვირუსი სხვადასხვა კრიტერიუმებით საშუალოზე მაღალ პოზიციაზე მდგარი ჯანდაცვის სისტემისთვისაც კი სერიოზული გამოწვევაა. 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტუაციის აღწერა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომელთაგან გარკვეული ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშაც შეიძლება იყოს. თითოეული დამატებითი ცვლადი და მონაცემი იმაზე მიანიშნებს, რომ სიტუაციაზე გავლენას ფაქტორების მთელი რიგი ახდენს. შესაბამისად, სიტუაციის დასაძლევადაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ყველაზე მარტივი კი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაკეთოთ, რაც ყველაზე კარგად შეგვიძლია – დავრჩეთ სახლში, დავიბანოთ ხელები და გავამხნევოთ ერთმანეთი.


ცისანა ხუნდაძე – GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი / სასწავლო პროექტის დიზაინი


Leave a Reply