ჟან პოლ სარტრს აქვს ერთხელ ნათქვამი, თუკი მაშინ მოიწყინეთ, როცა მარტო ხართ, ე.ი. ცუდ საზოგადოებაში ბრძანდებითო. არ მახსოვს, რომელიმე წიგნიდანაა ციტატა თუ ლექციიდან. მაგრამ მარტოობა რომ ცალსახად უარყოფითი მოვლენა არ არის, მაგას კი კარგად უსვამს ხაზს.
სოციალური პასუხისმგებლობები და ყოველდღიურობა ხშირად გვაშორებს საკუთარ თავს. მისთვის დრო აღარ გვრჩება ხოლმე.
კორონავირუსი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგიკული მოვლენა და გამოწვევაა. თუმცა ოპტიმისტებს შეგვიძლია, მასში ახალი შესაძლებლობებიც დავინახოთ.
მან მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი : დრო. ეს არის შესაძლებლობა, შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს. არის კი ის ყველაფერი, რასაც აქამდე ვაკეთებდით, საქმე, რომელიც თავს განგვახორციელებინებს, თუ ეს ყოველივე ყოველდღიურობის შემბოჭველი მარწუხები იყო ცნობიერში დამალული ,,მეს’’-თვის.
იქნებ მეს სულ სხვა რამ უნდა. იქნებ სულ სხვა ვინმეა და არა ის, ვისაც ამდენი ხანი ჯიუტად ვაძალებდით, ყოფილიყო.
საკუთარი თავის შეცნობის ერთ-ერთი (მაინც დავიზღვიოთ თავი 😊 )ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა ხელოვნებაა. ყოველდღიურობა ბევრ დროს გვართმევდა და სულ ვჩიოდით, რამდენი წიგნია და რა ცოტა დრო მათ წასაკითხადო. ჰოდა აი, იდეალური დროა ფაქტიურად სამუდამოდ გადადებული სქელტანიანი რომანები თაროებიდან გავათავისუფლოთ და უფლება მივცეთ, საკუთარი თავი გვაძებნინონ. სიტყვა ძებნა იმიტომ ვიხმარე, რომ საეჭვოა, პოვნა მთლად ეგეთი მარტივად მისაღწევი ამბავი გამოდგეს.
კარგად კი დავიღვარე ქადაგად, მაგრამ მე პირველი ორი კვირა NETFLIX-ის ზოგი კარგი და უფრო მეტი ცუდი სერიალის ყურების მეტი არაფერი მიკეთებია. არა მოვიტყუე, ,,ბორჯიები’’ Showtime-მა გადაიღო 😊.
ამასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახდა უამრავი საგანმანათლებლო კურსი. შესანიშნავი შესაძლებლობაა პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად, ან ჩვენთვის საინტერესო ახალი საკითხების გასაცნობად.
აი მე, ჭადრაკი სულ მაინტერესებდა, მაგრამ თამაშის სწავლა პირდაპირ ვთქვათ და, მეზარებოდა😊. ერთი კვირაა, ყოველდღე ვთამაშობ და ვიდეო გაკვეთილებს ვუსმენ. ვნახოთ, იქნებ მართლა ვისწავლო თამაში. სულ მინდოდა, მცოდნოდა. და აი, იდეალური დროც მოვიდა სწავლისთვის.
ერთია, რომ ეს საკუთარ თავთან დაბრუნების და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის ცუდ დროს დაემთხვა. პანდემიისთვის კარგი დრო არ არსებობს, მაგრამ ახლავე განვმარტავ.
ერის ისტორიას საერთო გამარჯვებები და მარცხები ჰქმნის. ქართველები კი მარცხით დავიღალეთ, ბევრი პრობლემა დაგროვდა, რის აღმოსაფხვრელადაც დიდი საერთო გამარჯვება გვჭირდება.
ფეხბურთი სპორტის შესანიშნავ სახეობასთან ერთად, უნიკალური სოციალური მოვლენაა. საფეხბურთო არენამ უკვე დიდი ხანია დაიტია ერების სიამაყის, თვითგამორკვევის, ეროვნული ხასიათის თვითგამოხატვის საკითხები. საფეხბურთო მოედანი იქცა იმ არენად, სადაც დაპყრობილ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლა შეეძლო, ეს გამოცდილება ჩვენც გვაქვს.
იმედია მომიტევებთ, თუ ცოტა გრძლად მოვყვები ფეხბურთსა და მის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, თბილისის ,,დინამო’’ დაპყრობილი ხალხის უპირველესი ეროვნული სიმბოლო იყო. ამას ხელი სპორტში პოლიტიკის ჩარევამ და ,,დინამოს’’ მიზანმიმართულად ჩაგვრამაც შეუწყო. წართმეული ჩემპიონობა, მიკერძოებული მსაჯობა, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა შოვინიზმი, ა.შ. და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურიც იყო, რომ 1990 წელს ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას, მერე საქართველო – საბჭოთა კავშირს. ჯერ ქართული ფეხბურთი გახდა დამოუკიდებელი, შემდეგ – საქართველო. ეგრე მოხდა.
2020 წლის 26 მარტს უნდა გამართულიყო მატჩი, რომლამდეც ქართულმა ფეხბურთმა, მისმა გულშემატკივარმა და ზოგადად საქართველომ დიდი გზა განვლო. სტადიონზე ისეთი ამბავი დატრიალდებოდა, ისეთი ერთობა და სიხარულის გაზიარება შედგებოდა, თაობებს რომ არ გვღირსებია.
ეს იქნებოდა დიდი, საყოველთაო დღესასწაული. გადაჭედილი სტადიონი და ტელევიზორს მიჯაჭვული ექვსი მილიონი თვალი ერთად გაიმარჯვებდა და იზეიმებდა. მერე ამ ენერგიით, ერთობაში გამარჯვებულები ეკონომიკურ გამოწვევებსაც სხვანაირად გავუმკლავდებოდით, ოკუპაციასაც და ბოლოსდაბოლოს, წელგამართულნი ,,დავდგებოდით ერად სხვა ერთა შორის.’’
ჰოდა, ეს ყველაფერი გადაიდო. დავიბენით, მაგრამ კი არ გაუქმდა, გადაიდო ! ეს დღე დადგება და მისკენ მავალ გზაზე წინაღობა სახელად ,,კორონავირუსი’’ უნდა დავამარცხოთ.
აუცილებელია, კომპედენტურ ადამიანებს დავუჯეროთ და სახლში დავრჩეთ. წავიკითხოთ, ვისწავლოთ, განვვითარდეთ და უფრო კარგად შეიარაღებულნი დავუხვდეთ ახალ გამოწვევებს, რომლებიც აუცილებლად დაგვხვდება.
თუ მოვიწყინეთ, ე.ი. ცუდები რომ ვართ, ხომ გახსოვთ ?
დღესასწაულიც შედგება, მერე.
ჩემი სიზმარიც იქნებ ახდეს : ლორიას ბურთი თამაშში შეჰყავს, მარჯვენა ფლანგზე ოქრიაშვილი იღებს ბურთს, ერთ კაცს ადგილზე ატყუებს და ცენტრში გახსნილ ჩაკვეტაძეს აწვდის პასს. ჩაკვეტაძე სიჩქარეს კრეფს, ატყუებს ერთ ფეხბურთელს, უსწრებს მეორეს, წაიწევს მარჯვენა ფლანგისკენ და საჯარიმოში აწვდის ბურთს. საჯარიმოში ქვილითაია იცდის, მარჯვენა ფეხს მოიქნევს და ბურთს დაუშვებლად უშვებს კარისკენ. მეკარე ადგილზე რჩება, ბურთი კი კარის მარცხენა მხარეს ეხვევა ბადეში. მე წამოვხტები და ღრიალით ჩავიკრავ წინა რიგში მჯდომ უცხო ადამიანს. რომელიც თან ყველაზე ახლობელიც იქნება.დავამთავრებ აწი, თორემ ტაქიკარდია არ ვარგა იზოლაციაში. 😊