ნიკოლოზ აბუაშვილი: გაუმარჯოს კორონავირუსს – შესაძლებლობების წყაროს … ბიზნესებისთვის, მთავრობისათვის და ა.შ.

By | ბლოგი

როცა ვფიქრობ, რა არის ბიზნესების განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი, პირველი რაც თავში მომდის არის „ყოველდღიურობა“.  „ყოველდღიურობაში“ იმდენად დაკავებულები ვართ სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხებით, რომ არ გვრჩება დრო ვიფიქროთ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯები განვითარებისკენ. ეს შეიძლება იყოს შედარებით მარტივი , იმ ბიზნეს პროცესების დალაგება, რომლებიც არ გვაძლევდნენ აქამდე საშუალებას მაქსიმუმი გამოგვეწურა ჩვენი ბიზნესიდან, ან უფრო რთული, სტრატეგიული მიმართულების არჩევა. 

კორონავირუსს გაუმარჯოს არა იმიტომ რომ არსებობს. მისი არსებობა არაფერს ცვლის ბიზნესების უმეტესობისათვის. ყველაფერს ცვლის ჩვენი რეაქცია კორანივირუსზე. სწორედ ამ რეაქციამ გააქრო, ან მნიშვნელოვნად შეზღუდა „ყოველდღიურობა“ ბიზნესების უმეტესობისათვის და გააჩინა დრო და ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ შევწყვიტოთ ტაქტიკურად, ანუ „ყოვედღიურობაზე“ ორიენტირებულად, ფიქრი და მოქმედება და დავიწყოთ ფიქრი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მოქმედება სტრატეგიულად, გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით. 

მენეჯერებო და ბიზნეს ლიდერებო, აჰა, თქვენ დრო, რომელიც გჭირდებოდათ, რომ გეფიქრათ მომავალზე. ოღონდ ერთი პირობით, მარტო კი არ იფიქრებთ, არამედ იმოქმედებთ კიდეც. შესანიშნავი დროა, ვინაიდან მთელი ინტელექტუალური რესურსი თქვენი თანამშრომლებისა, კლიენტებისა და გარე მრჩევლებისა თუ კონსულტანტებისა თითქოს „გაჩერდა“ და ელოდება, როდის ჩაისუნთქავს ღრმად, მიმოიხედავს გარშემო და დაიწყებს ახალ მარათონს. მოიგებს არა ის, ვინც უმოქმედოდ დაელოდება, როდის გადაივლის კორონავირუსი, არამედ ის ვინც ამ პერიოდს გამოიყენებს შესაცვლელად და მომზადებული შეხვდება შეცვლილ გარემოს. დიდი მადლობა კორონავირუსს.

გაუმარჯოს კორონავირუსს იმისთვის, რომ მან გააჩინა „ყოველდღიურობა“  მთავრობისათვის. უბიძგა მოქმედებისკენ, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ (ზოგი მართებული, ზოგიც მცდარი, თუმცა მაინც საკითხების გადაწყვეტისკენ) და რაც მთავარია, მთავრობას მისცა შანსი ჩააქროს დღევანდელი ხანძრები სტრატეგიულად, ანუ გრძელვადიანი ეფექტის შექმნით. ერთ მაგალითს მოვიყვან. 

მაგალითად, უკვე ბევრი წლის (უფრო სწორი იქნება ათწლეულების) განმავლობაში საყვარელი სამთავრობო „სპორტია“ გადასახადის გადამხდელთა ფულის ჩუქება, გრანტები იქნება თუ სუბსიდიები, სხვადასხვა ბიზნესებისთვის. ამ მიდგომამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო დამწყები მეწარმეები.  სახელმწიფო დახმარების მიმღები სტარტაპერების უმეტესობა გახდა ჩვეულებრივი გრანტიჭამია, რომლებიც ერთი გრანტიდან მეორე გრანტამდე ცხოვრობენ, ნაცვლად იმისა, რომ მოახდინათ საკუთარი იდეების სწრაფი კომერციალიზაცია და მაშტაბირება, (და არ დალოდებოდნენ „იდეალური“ პროდუქტის შექმნას), რაც ნებისმიერი დამწყები ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა იმ ბიზნესების უმეტესობა, რომლებსაც სახელმწიფო შეეხიდა იაფი  სესხების მოზიდვის თუ გრანტების/სუბისიდიების მიღების საქმეში. ინვესტიციები ჩაიდო ბევრი ისეთი აქტივის შექმნაში, რომლის ბაზარიც ბუნდოვანი იყო. რა აზრი აქვს ისეთი ბიზნესის საფუძვლის შექმნას, რომელმაც არ იცის სად უნდა გაყიდოს ნაწარმოები პროდუქტი. თუმცა, ეს საკითხი ბევრ ბიზნესს დიდად არც აწუხებდა, ვინაიდან ამ მოდელს (როგორც მე ვუწოდებ “ცალმხრივი მეგობრობის“ მოდელს) ერთი ფუნდამენტური ხარვეზი ჰქონდა. ინტერესები არ იკვეთებოდა ისე, რომ ერთიანი ჯაჭვის ყველა რგოლი მოწადინებული ყოფილიყო შეექმნა წარმატება. ამ მაგალითში სუსტი რგოლი ძირითადად ბიზნესი გამოდიოდა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამებით არ ექმნებოდა საკმარისი მოტივაცია, შეექმნა სტრატეგიული (ანუ გრძელვადიანი) წარმატება.

ახლა საუბარი დაიწყო ახალ ორმილიარდიან სტიმულირების პაკეტზე, რომელმაც ეკონომიკას უნდა მისცეს ბიძგი. იმედს ვიტოვებ, რომ ფოცხზე ფეხის მრავალჯერადი დადგმა ჩვენი დიდი მეზობლების ეროვნული „სპორტია“ და არა ჩვენი. „კორონავირუსმა შეცვალა მსოფლიო“ და ამ შეცვლილ მსოფლიოში, კორონავირუსის პრიზმაში, ნათლად ვხედავ გრანტებისა და სუბსიდიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობა როგორ ახორციელებს ინვესტიციებს ბიზნესებში მათი წილების შესყიდვის გზით მათი მხარდაჭერისთვის. ბიზნესებიც, რომლის „დროებითი“ პარტნიორიც ხდება მთავრობა, უფრო მოტივირებულია ჩქარა გამოასწოროს სიტუაცია, განავითაროს ბიზნესი და დროულად გამოისყიდოს საკუთარი ბიზნესის წილი, რომელსაც სხვა შემთხვევაში მთავრობა გაყიდის თავისუფალ ბაზარზე მოგვიანებით. ანუ ძველი მოდელით სუსტ რგოლს გაუჩნდება უკეთესი მოტივაცია შექმნას წარმატება. შედეგად, მთელი ეკონომიკა მიიღებს ბიზნესის წილების ყიდვა-გაყიდვის უკეთეს (და რეალურად ამოქმედებულ) მექანიზმს, განვითარდება დაფინანსების მოზიდვის ალტერნატიული წყარო, რაც ბიზნესების თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, სახელდობრ, ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას წაადგება ფრიად. ჰმ, მგონი კორონავირუსმა გვასწავლა ოცნება. 

მაშ, გაუმარჯოს კორონავირუსს, შესაძლებლობების წყაროს – ბიზნესებისთვის, მთავრობისათვის და თითოეული ჩვენგანისათვის – რომ ვიყოთ უკეთესები და სტრატეგიულად წარმატებულები.

გისურვებთ „ნეტა“ მალე გამხდარიყოს „იქნებ“

ალავერდი ვარ ჩვენ მთავრობასთან…

ნიკოლოზ აბუაშვილი – GIPA-ს პროფესორი / ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი / ბიზნეს მოდელირება და ანალიზი, მარკეტინგი



Leave a Reply