საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია: რეგიონალიზმი თუ ფედერალიზმი? – თინათინ ერქვანია

By | ბლოგი

დიდი ალბათობით (და დიდი იმედია) წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონი უნდა დაუბრუნდეს „ისტორიულ სამშობლოს რუსეთს“ და რომ საამისოდ გადაიდგმება შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები. საერთაშორისო სამართალი ამ პროცესს ანექსიას უწოდებს და ანატოლი ბიბილოვის ეს იდეა რომც განხორციელდეს, ცხინვალის რეგიონი de iure მაინც საქართველოს შემადგენლობაში დარჩება, თუმცა გართულდება საოკუპაციო რეჟიმთან კომუნიკაცია და მისი საქართველოსთან შემოერთების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვან კონტურებს შეიძენს… 

ამასობაში, როგორც მოსალოდნელი იყო (აფხაზებში ნაციონალიზმი ბევრად ძლიერია, ვიდრე ოსებში და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში) აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უარს ამბობს რუსეთთან ასილიმაციაზე და რეფერენდუმის ჩატარებაზე რუსეთისადმი შეერთების მოთხოვნით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საერთაშორისო დონეზე რუსეთის სრული იზოლაციის გამო მისი როლი რეგიონში, ეტაპობრივად, სუსტდება, აგრეთვე, იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც, რომ აბსოლუტური გარდაქმნის პროცესშია ჩრდილოატლანტიკური და ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთთან და ჩვენს რეგიონთან მიმართებით, აუცილებელია საქართველომ ისარგებლოს ამ რეალობით და წამოაყენოს კონკრეტული ინიციატივები უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ახალ პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი როლისა და ამ კონტექსტში, ტერიტორიული კონფლიქტების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით… 

ამ თვალსაზრისით, ასევე, დროა დაიწყოს დიალოგი, უპირველესად, აფხაზებთან აფხაზეთის რეგიონის კონსტიტუციურ სტატუსთან დაკავშირებით. 

დროა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან კონკრეტული შეთავაზებები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მისამართით, ამ რეგიონების კონსტიტუციური სტატუსის შესახებ!

ტერიტორიული მოწყობის კონტექსტში, ეს შეიძლება იყოს უნიტარიზმი რეგიონული ავტონომიებით (რეგიონალიზმის ახალი ფორმა) ან ფედერალიზმი. პირველ შემთხვევაში, აფხაზეთს შესაძლოა მიენიჭოს ძლიერი პოლიტიკური ავტონომია მსგავსად კატალონიისა თუნდაც ესპანეთის მაგალითზე. მსგავსი პოლიტიკური ავტონომია, მაგრამ შედარებით სუსტი, შესაძლოა მიენიჭოს ცხინვალის რეგიონს; მეორე შემთხვევაში (ფედერალიზმი) საქართველო უნდა გაერთიანდეს ორი ფედერალური სუბიექტის ფარგლებში: აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო. ამ უკანასკნელის ფარგლებში არსებობას დაიწყებს/განაგრძობს ორი პოლიტიკური ავტონომია: უცვლელად დარჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და ცხინვალის რეგიონს მიენიჭება სუსტი პოლიტიკური ავტონომია შესაძლოა თუნდაც ე.წ. სამხრ. ტიროლის მაგალითზე (იტალია). ის, თუ რომელი მოდელია რელევანტური საქართველოსთვის (უნიტარიზმი რეგიონული ავტონომიებით თუ ფედერალიზმი) საქართველოს სახელმწიფომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგად (საერთაშორისო ჩართულობით) თავად უნდა გადაწყვიტოს. ამასთან, ფედერალიზმი უნდა იყოს მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაიღოს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ რეგიონების ავტონომიური უფლებების აღიარებისათვის… და ზოგადად, ეს სამართლებრივი კონცეფცია უნდა იყოს საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი. 

რაც უფრო დასუსტდება რუსეთი, ეს იდეა უფრო რელევანტური გახდება და ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის de facto ანექსიის პროცესი მიმდინარეობს, დროა დაიწყოს საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ახალ სამართლებრივ კონცეფციაზე მუშაობა. რუსეთის მზარდი პოლიტიკური იზოლაციის პირობებში ყოველივე ამის განხორციელება, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ადრე თუ გვიან შესაძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად შეუძლებელ და უტოპიურ პოლიტიკურ პერსპექტივად ისახება დღეის მდგომარეობით… 

გარდა ამისა, რუსული აგრესია პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ ბოლო ათწლეულებია მხოლოდ უკრაინის მაგალითზე, კერძოდ, 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა, დაიწყო და გრძელდება ჯერ კიდევ 2008 წლის 7 აგვისტოდან, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. ამ თვალსაზრისით, მართალია გეოგრაფიული მასშტაბები სხვაა, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი იგივეა: აგრესორი აგრესორია და მას ყველა უნდა მოეპყრას თანაბრად, ორივე შემთხვევაში, იქნება მსხვერპლი საქართველო თუ უკრაინა. შესაბამისად, უკრაინისადმი რუსული აგრესიის კონტექსტში, აუცილებელია 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობების და შედეგების გადააზრებაც. და ამ თვალსაზრისით, იგივე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნა რუსეთისათვის, რომელიც მას სამომავლოდ აუცილებლად დაეკისრება უკრაინაში შეჭრის გამო. თუ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად რაიმე ტიპის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინის გამო შეიქმნება, ამ კონტექსტში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ზოგადად, საქართველოსადმი რუსული აგრესიის საკითხიც რელევანტური უნდა იყოს. ამ საკითხზეც მუშაობა აუცილებელია. 

თინათინ ერქვანია – GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. სამართლის დოქტორი. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიზიტორი მკვლევარი.


Comments are closed.