რიცხვები და ომები – ნიკა ხოფერია

By | ბლოგი

რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, XX საუკუნის შემდეგ, უდიდესი სამხედრო კონფლიქტია ევროპაში, უდიდეს საყოველთაო ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით, სამხედრო პირებში, მოყვარულებსა თუ პროფესიონალ სამხედრო ისტორიკოსებში. ფართო საზოგადოებაც, გატაცებით და ინტერესით კითხულობს ომის ყველა სიახლეს. ძნელია, არ იყო მხარე იმ დროს, როდესაც, საკუთარ ქვეყანას, რამდენიმე წლის წინ, თვითონ აქვს გამოცდილი თავის თავზე ძლიერი მეზობელი ქვეყნის თავდასხმა და მისგან ტერიტორიების ოკუპაცია. თითქმის, მთელი შეგნებული მსოფლიო გულშემატკივრობს უკრაინელებს, რომელთა სიმამაცე, ბრძოლისუნარიანობა და სამშობლოს სიყვარული, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ობიექტურობა რთულია, მაგრამ აუცილებელი, რადგან, სხვაგვარად, გაგვიჭირდება რეალური სურათის დანახვა, ვიქნებით ცალკეული, სხვადასხვა მიზნით, მოტივაციითა და ინტერესებით დადებული ინფორმაციის ტყვეობაში. თანამედროვე ომების შესწავლისა და გაანალიზებისთვის, მრავალფეროვანი, ინტერდისციპლინური მიდგომა და ღრმა და საფუძვლიანი კვლევაა აუცილებელი.

დღეს, ისევე, როგორც გასულ საუკუნეში, ომის მკვლევარები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დაპირისპირებულ მხარეთა ძალების რიცხოვნობასა თუ დანაკარგებს, რომელიც, სხვადასხვა წყაროებით, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს საკითხი, მართლაც, მრავალ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. ერთი მხრივ, რუსეთი უარყოფს დიდ დანაკარგებს და დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების იმდენად მცირე რიცხვს ასახელებს, რომელიც ყველანაირი ლოგიკით, ძალიან შორსაა რეალობისგან; მეორე მხრივ, უკრაინაც ასახელებს დახოცილი და დაჭრილი რუსების რეალურთან შედარებით გაბერილ რიცხვს. ასევე, არაა დაზუსტებული არც ერთი მხარის სამხედრო ძალების რიცხოვნობა და ინფორმაცია აქაც განსხვავებულია. ერთი შეხედვით, თანამედროვე ომში, თითქოს, ყველაფერი თითქოს ხელის გულზეა გაშლილი, რაზმების შემადგენლობა, სამხედრო ტექნიკის რაოდენობა გაწერილია, ეფექტიანი დაზვერვა სწრაფად და ოპერატიულად მუშაობს, საერთაშორისო ორგანიზაციები ფლობენ წევრების არსენალზე ინფორმაციას, მაგრამ, ზუსტი და ზოგჯერ, მიახლოებითი რიცხვების დადგენაც კი, არც ისე ადვილია.

გერმანელი სამხედრო ისტორიკოსი, ჰანს დელბრუკი, ომების შესწავლისას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რიცხვების დადგენას: „სამხედრო-ისტორიული კვლევა – იმ შემთხვევებში, როდესაც ამის საშუალებას წყაროები იძლევა, – უმჯობესია დავიწყოთ ჯარების რიცხოვნობის დადგენით. რიცხოვნობა გადამწყვეტ როლს ასრულებს არა მხოლოდ ძალთა ბალანსის გასასაზღვრად არამედ ზოგადადაც. 1000 კაციანი რაზმის მოძრაობა ადვილია, 10 ათასის გაცილებით რთული, ხელოვნების ნიმუშია 50 ათასისთვის და ფაქტობრივად, შეუძლებელი 100 ათასისთვის. არმიის რიცხოვნობის გასაზრდელად, მისი მომარაგების ამოცანები უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სტრატეგიაში. ამიტომაც, ჯარის რიცხოვნობაზე განსაზღვრული წარმოდგენის გამო, შეუძლებელია ისტორიული გადმოცემის და თვითონ მოვლენის ანალიზი“. სხვადასხვა ეპოქის სამხედრო საქმის შესასწავლად, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებაა აუცილებელი. ფრანგი სოციოლოგის, რაიმონ არონის მიხედვით „დიდი არმია” სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა – მარათონის ბრძოლაში ალბათ მონაწილეობდა 3-5 ათასამდე ათენელი. ალექსანდრემ აზიის დაპყრობა წამოიწყო იმ დროისათვის უზარმაზარი არმიით, რომელიც შედგებოდა 40 ათასი მეომრისგან, ნაპოლეონმა ათჯერ მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა, რომ გადაელახა 1812 წელს რუსეთის საზღვრები. 1941 წელს, იმავე ღონისძიების განსახორციელებლად შეკრებილი ჰიტლერის არმია ითვლიდა მილიონობით, და არა ასი ათასობით ადამიანს. ქრისტეს შობის დროს დედამიწაზე დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, XVII საუკუნეში – 600 მილიონი, 1960-იანი წლებისთვის, 3 მილიარდი. იცვლება დრო, მოსახლეობის რაოდენობა, მმართველობის ფორმები, იქმნება ახალი საზოგადოებები, შეიარაღება, უწყვეტია ტექნოლოგიური პროგრესი. ამ ყველაფერმა შეცვალა სამხედრო ხელოვნება, სამხედრო ხელოვნებამ კი შეცვალა ეს ყველაფერი.

დელბრუკის შემდეგ დასავლურ ისტორიოგრაფიაში სამხედრო ისტორიული კვლევა კიდევ უფრო განვითარდა. სამხედრო საქმის მკვლევარები ედვარდ ლუტვოკი, მარტინ ვან კრეველდი და ჯონ ლინი აღნიშნავენ, რომ სამხედრო ისტორიკოსები არ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას ლოგისტიკის მნიშვნელობას ომებში, სანამ ჩვენი, ტექნოკრატიული ეპოქა არ დადგა. გარდამტეხი გამოდგა 1977 წელს, მარტინ ვან კრეველდის ნაშრომის – „სამხედრო მომარაგება: ლოგისტიკა ვალენშტაინიდან პატონამდე” – გამოცემა. ის საკვანძო აღმოჩნდა სამხედრო ისტორიისთვის და ლოგისტიკა მეორეხარისხოვანი საკითხიდან, ცენტრალურად აქცია. ლოგისტიკის შესწავლის გარეშე, ჩვენთვის რთულია, არმიების რეალურთან მიახლოებული რიცხვების დადგენა ომებისას და იმისა, სამხედრო პოტენციალის რა ნაწილის გამოყენება შეუძლია ომში მებრძოლ მხარეს, რადგან, სამხედრო პოტენციალი არასდროს ნიშნავს იმას, რომ ეს ძალა პირდაპირ ბრძოლის ველზე აღმოჩნდება. ამას უკვე მიზნები, შესაძლებლობები, ეკონომიკა, მასშტაბები, სოციალური წყობა, საზოგადოებრივი განწყობა და რა თქმა უნდა, კარგად გამართული ლოგისტიკა განსაზღვრავს. ასე რომ, ლოგისტიკა, როგორც ძველ ისტორიაში, ისე თანამედროვეობაში, სამხედრო საქმის მკვლევართა უდიდეს ყურადღებას უნდა იმსახურებდეს.

რაიმონ არონი, თავის ნაშრომში, „ომი და მშვიდობა ერებს შორის“, ცალკე თავს უძღვნის რიცხვების პრობლემას პოლიტიკასა და სამხედრო საქმეში. ამ ფრანგი ავტორის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი ის განმსაზღვრელია, რომლის არსიც ადამიანებისათვის გაუგებარია და ამ მიზეზით მას მისტიკური ხასიათი ენიჭება. ის ანონიმური და მოუხელთებელია. მის პერსონიფიცირებიას, ტრანსფორმაციას კეთილ ან ბოროტ ღვთაებაში ხმელეთის ან ზღვის ძალებით, ჰაერით ან წყლით, ნავთობით ან ქვანახშირით, სოციალიზმით ან კაპიტალიზმით, ტრესტებით ან სახალხო მასებით ახდენდნენ.

ამას არონი „სიმრავლის ილუზიას” უწოდებს. „ანგარებიან ფალსიფიკაციად” კი მიაჩნია ისეთი მოვლენები, როდესაც ამბის მიმომხილველი გარკვეული ინტერესებისდა მიხედვით ცვლის. ასევე შესაძლებლად მიიჩნევს სიმრავლის ილუზიისა და ანგარებიანი ფალსიფიკაციის კომბინირებას – „მართლაც, სჯეროდათ ბერძნებს იმ რაოდენობის რეალობისა, რომელსაც მიაწერდნენ ქსერქსეს ჯარს, თუ მათ საკუთარი ღირსებების გაზვიადება სურდათ? 1940 წლის ზაფხულში, ცნობები გერმანული ტანკებისა და თვითმფრინავების უზარმაზარი რიცხვის შესახებ მართლაც აუცილებელი იყო უკანდახევის გასამართლებლად, თუ ფრანგები დარწმუნებულნი იყვნენ ამ ციფრების სინამდვილეში, რაც თითქოს მათ ალიბს აძლევდა და იმავდროულად შეესაბამებოდა მათ უშუალო შთაბეჭდილებებს?” არონის მიხედვით, რაოდენობაზე მინიშნება მოვლენათა ინტერპრეტირებისას ყველაზე ხშირად უყვართ მათ, ვისაც სურს დემისტიფიკაცია მოახდინოს. ეს მაჩვენებელი ასევე ქმნის საფრთხეს უიმედო გახადოს ან მდგომარეობიდან გამოიყვანოს ისინი, ვინც უარს ამბობს საკუთარი ამბიციები შეუსამაბოს საკუთარ რესურსებს.

რაიმონ არონი ეძებს შეცდომების და არასწორი ინფორმაციის გადმოცემის სხვა მიზეზებსაც, განსაკუთრებით XX საუკუნეში, როდესაც ბევრად უფრო ადვილი იყო ყველაფრის სწორად აღრიცხვა და სათანადო მონაცემები არსებობდა – „1940 წელს ფრანგებს სწამდათ რომ გერმანიაში პარაშუტისტების, ტანკების, თვითმფრინავების რიცხვი უზარმაზარია. სინამდვილეში საქმეში ჩაბმული იყო რამდენიმე ათასი პარაშუტისტი (4500 სათანადოდ მომზადებული), ტანკების რაოდენობა, რომლებმაც გაარღვიეს საფრანგეთის თავდაცვის ხაზები, არ აღემატებოდა 2580-ს, თვითმფრინავებისა, რომლებიც ბრძოლის ველის ზურგს ბომბავდნენ – 3000-ს. ასევე ნორმანების, ჰუსიტებისა და მონღოლების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა დროს ევროპის ტერორიზებას ახდენდნენ, რამდენიმე ათასს არ აღემატებოდა. 1940 წლის ზაფხულის ბრძოლების დროს ბრიტანელები თვლიდნენ რომ 185 გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს ერთ დღეში, სინამდვილეში კი 46 აღმოჩნდა. სიმრავლის ილუზია ჩნდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული მოწმე გრძნობს, რომ მის წინ მსმენელთა ბრბოა, არამედ იმიტომაც რომ თითოეული მოწმე საკუთარ წარმოსახვაში ხედავდა მტრის უფრო დიდ რაოდენობას.

გასული საუკუნის და ასევე, უახლეს ომებში, ბევრ შემთხვევაში არ გვაქვს ზუსტი მონაცემები და სხვადასხვა ვერსიიდან, ყველაზე სარწმუნოს ამორჩევა გვიწევს. 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ს) სამხედრო პოტენციალს, ერთი წყარო, 20 000-დან 31 500 მეომრამდე განსაზღვრავდა; ორი წლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს 2 წლის მანძილზე ISIS-ს 50 ათასამდე მებრძოლი გაუნადგურებიათ. 1979-89 წლებში, ავღანეთში, 620 ათასმა საბჭოთა პირმა იმსახურა (ჯარი, სასაზღვრო ძალები, KGB-ს რაზმები და ა.შ.), მაგრამ უცნობია, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი ყავდა ერთდროულად შეყვანილი საბჭოთა კავშირს ავღანეთის ტერიტორიაზე და ის 80 ათასიდან 104 ათასამდე მერყეობს. 2001-2021 წლებში, ავღანეთში, სხვადასხვა მონაცემებით, ყველა მეომარი მხარის მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 106 000-დან 170 000-მდე აღწევს. ვიეტნამის ომში (1955-75) დაღუპულ ჩრდილოეთ ვიეტნამელ და ვიეტკონგის სამხედროთა რიცხვი, განსხვავებული გამოთვლებით, 600 ათასიდან, თითქმის 1 მილიონამდე ადის; დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეთა რიცხვი კი, სხვადასხვა წყაროებით, 30 ათასიდან 170 ათასამდე მერყეობს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, სამხედრო ზარალისა და დაღუპულ სამხედროთა რიცხვი რუსულ და ქართულ ვერსიებში თავიდანვე სხვადასხვანაირი იყო. ომის დროს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რიცხვი, განსხვავებული წყაროებით, 4-დან 21-მდე მერყეობს. ეს მონაცემები, ამ კონფლიქტების შემდეგაა შეჯამებული, ხოლო უშუალო მიმდინარეობისას, საზოგადოებაში, კიდევ უფრო ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობდა.

ის, რასაც უშუალოდ ომის დროს (ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის) მეომარ მხარეთა მოყვანილ მონაცემებში ვხედავთ, არონისეულ „ანგარებიან ფალსიფიკაციასთან“ არის ახლოს. თავისთავად, ეს პროპაგანდისა და სამხედრო მიზნების შესრულებისთვის, ჯარისკაცებისა თუ მოსახლეობის ფსიქოლოგიური განწყობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, როგორც რუსები, ისე უკრაინელები, ომის სტატისტიკის თავისებურ ვერსიას გვთავაზობენ. ყველა წყარო, რომელიც უკრაინის ომის წინ, რუსული არმიის რიცხოვნობას განიხილავდა, სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობდა – 150 000, 100 000, 200 000 და ა.შ. განსხვავდებოდა ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავების, ხომალდების რიცხვიც. დაზუსტებით არ ვიცით, რამდენი რაკეტა ისროლა რუსეთმა ომის განმავლობაში ან რამდენი დარჩათ არსენალში. გასათვალისწინებელია, ურბანულ ზონაში, მოსახერხებელ, თავდაცვით პოზიციებზე განლაგებული ძალების უპირატესობები, რომელთაც ზურგს უმაგრებს ადგილმდებარეობის იდეალური ცოდნა და ლანდშაფტის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა. აუცილებლად აღსანიშნავია, ქალაქებში ბრძოლის (urban warfare) სირთულეებიც შემტევი მხარისთვის, რომელიც, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა, რესურსებით, სამხედრო პოტენციალით, მრავალფეროვანი არსენალით. მას ხელს უწყობს რიცხობრივი უპირატესობა ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკაში, განსაკუთრებით კი, საჰაერო ძალებში, არტილერიასა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებში.

თუმცა, მიუხედავად ინფორმაციის მრავალფეროვანი წყაროებისა და სამხედრო ანალიზის ფართო გასაქანისა, რეალობასთან მიახლოებული (და არა უზუსტესი) რიცხვების იმედი, მხოლოდ, წლების შემდეგ, ნეიტრალურ სამხედრო მკვლევართაგან, ომზე არსებული საარქივო დოკუმენტების, დაზვერვის ინფორმაციის, ჩანაწერების, აუდიო-ვიდეო მასალის შესწავლითა და ობიექტური ანალიზით შედგენილ ნაშრომებში უნდა გვქონდეს.

ნიკა ხოფერია – GIPA-ს პროფესორი


Comments are closed.