როგორ შეიძლება გასამართლდეს რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის? – გიორგი ტომარაძე

By | ბლოგი

რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შემდგომ, ევროპის ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფაქტობრივად ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრად იქცა. გარდა იმისა, რომ  რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა შეცვალა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს უსაფრთხოებას, მნიშვნელოვნად დაირღვა საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა. 

რუსეთის მიერ დარღვეულ საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მიმართებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პასუხისმგებლობის დაკისრებისა და აღსრულების ნაწილი. კერძოდ, ერთია თუ რა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს სახელმწიფო, მაგრამ მეორეა თუ როგორ ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება დანაშაულის ჩამდენ სუბიექტთა მიმართ.

განსხვავება ჰააგის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს შორის

პირველყოვლისა უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მექანიზმი სამართალწარმოებისა და სუბიექტთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების მხრივ არის: „საერთაშორისო მართლმსჯულების სასამართლო“ (International Court of Justice – ICJ) და „საერთაშორისო სისხლის სასამართლო“ (International Criminal Court – ICC). იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სასამართლო ჰააგაში მდებარეობს და ორივე წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოს, ხშირად ხდება მათი გაიგივება ერთმანეთთან და შესაბამისად მათი კომპეტენციების აღრევაც. ამიტომ, საჭიროა, მოკლედ განიმარტოს თუ რა ძირითადი განსხვავება არსებობს აღნიშნულ ორ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტს შორის. 

„საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო“ (ე.წ. ჰააგის სასამართლო) გაეროს  ექვსი ორგანოთაგან ერთ-ერთია, რომელიც 1945 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, ყველა სახელმწიფოზე, რომელიც გაეროს წევრია, ვრცელდება აღნიშნული სასმართლოს წესდება. ჰააგის სასამართლო არის ის მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განიხილოს სახელმწიფოთა შორის დავები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევების შესახებ. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არა ცალკეული ინდივიდების მიმართ, არამედ კონკრეტულ სახელმწიფოსთან მიმართებით.

რაც შეეხება „საერთაშორისო სისხლის სასმართლოს“, ის 2002 წელს დაარსდა რომის სტატუტის საფუძველზე. განსხვავებით ჰააგის სასმართლოსგან, ICC-ი უფლებამოსილია გამოიძიოს და პასუხისმგებლობა დააკისროს ცალკეულ ინდივიდებს გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით, როგორებიცაა: ომის დანაშაული, გენოციდი, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და აგრესიის აქტი. 

რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, როგორც ჰააგის, ასევე ICC-ის როლი, ვინაიდან ორივე სასმართლოს უკვე აქვს სამართალწარმოება დაწყებული რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. 

ჰააგის სასმართლო (ICJ)

საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, უკრაინამ სარჩელი შეიტანა ჰააგის სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკანონოდ  ცდილობს გაამართლოს მის მიერ ძალის გამოყენება, როდესაც უთითებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის გენოციდის შესახებ. ამასთან, რუსეთი მიზანმიმართულად ახდენს არასწორ ინტერპრეტაციას „გენოციდის შესახებ კონვენციასთან“ დაკავშირებით. ამასთან, უკრაინის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იარსებებდა გენოციდის ფაქტი, ეს არ წარმოადგენს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამამართლებელ საფუძველს. 

ჰააგის სასმართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს რუსეთი შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, ასევე აქვს შესაძლებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას ფულადი კომპენსაცია უკრაინის სასარგებლოდ. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰააგის სასამართლო ვერ დააკისრებს პასუხისმგებლობას ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ის გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფოს მიმართ. 

საერთაშორისო სისხლის სასამართლო (ICC)

რაც შეეხება საერთაშორისო სისხლის სასამართლოს, მან დაიწყო გამოძიება რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებთან მიმართებით, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმების დროს. თუმცა, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს მიერ ცალკეული ინდივიდებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია ისეთი საკითხი, როგორიცაა იურისდიქცია. 1998 წლის რომის სტატუტის მე-13 მუხლი განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძვლებს, თუ რა შემთხვევებში აქვს ICC-ის შესაძლებლობა დაიწყოს გამოძიება:

ა) თუ მას მიმართა წევრმა სახელმწიფომ ზემოთ ხსენებული რომელიმე დანაშაულის, მათ შორის ომის დანაშაულის, გამოძიების მოთხოვნით;

ბ) თუ მას მიმართა გაეროს უშიშროების საბჭომ;

გ) საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორის  ინიციატივით, თუ მან მიიღო  ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 

უკრაინა და რუსეთი არ წარმოადგენენ რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებს (რუსეთმა 2016 წელს დენონსაცია გაუკეთა რომის სტატუტს, რითაც თავიდან აირიდა ICC-ის იურისდიქცია), რაც ხელს უშლიდა სასამართლოს გამოეყენებინა იურისდიქცია მათ მიმართ. თუმცა, უკრაინამ 2015 წელს ოფიციალურად აღიარა ICC-ის იურისდიქცია, ხოლო კონფლიქტის დაწყების შემდგომ, 39-მა სახელმწიფომ, რომლებიც არიან რომის სტატუტის წევრები, მიმართეს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რითაც ICC-ის მიეცა სამართლებრივი საფუძველი გაევრცელებინა თავისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ. გარდა ამისა, მიუხედავად რუსეთის მიერ რომის სტატუტის დენონსაციისა, ICC-ის იურისდიქცია, როგორც ზემოთ აღინიშნა, შესაძლებელია გავრცელებულიყო ასევე იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვდა გაეროს უშიშროების საბჭო. თუმცა ამ შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ რუსეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა გამოეყენებინა ვეტოს უფლება.

საერთაშორისო სასამართლოების გარდა, აღსანიშნია ასევე ადგილობრივი სასამართლოებიც. თუმცა, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია იმუნიტეტის საკითხი, ვინაიდან ისეთი მაღალი თანამდებობის პირები, როგორებიცაა სახელმწიფოს მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი, სარგებლობენ იმუნიტეტით, რის გამოც, ადგილობრივი სასმართლოები მოკლებულინი არიან მათი გასამართლების შესაძლებლობას სანამ აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამის თანამდებობებზე. თუმცა, ისინი ვეღარ სარგებლობენ იმუნიტეტით, როდესაც აღნიშნული პირები ტოვებენ თანამდებობებს, რის შემდეგაც შესაძლებელია საკუთარი ქვეყნის სასამართლოს მიერ მოხდეს მათი გასამართლება ან მათზე გავრცელდეს უნივერსალური იურისდიქცია და სხვა სახელმწიფოებს მიეცეთ დამანაშავეთა გასამართლების შესაძლებლობა. 

ასევე, უნდა აღინიშნოს სპეციალური ტრიბუნალები, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში იქმნება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც 1993 წელს შეიქმნა გაეროს რეზოლუციის საფუძველზე და სწორედ აღნიშნული ტრიბუნალის მეშვეობით მოხდა იუგოლსავიის კონფლიქტში ომის დანაშაულისთვის ბრალდებულ პირთა გასამართლება. 

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ცალკეულ ინდივიდთა გასამართლების მექანიზმს წარმოდგენს, როგორც გაეროს რეზოლუციის საფუძველზე შექმნილი სპეციალური ტრიბუნალი, ასევე ადგილობრივი სასამართლოები და საერთაშორისო სისხლის სასმართლო, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტები და გაასამართლოს შესაბამისი პირები. 

დასკვნა

ამრიგად, საერთაშორისო სასმართლოები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო სამართალწარმოების პროცესში და შესწევთ ძალა დააკისრონ პასუხისმგებლობა იმ სუბიექტებს, რომლებმაც დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ნორმები. განსახილველ შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სისხლის სასამართლოს (ICC) მიერ დაწყებული გამოძიება, რომელსაც შეუძლია ცალკეულ ინდივიდთა გასამართლება ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, ხოლო არანკლებ მნიშვნელოვანია ჰააგის სასმართლოს (ICJ) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც უფლებამოსილია დააკისროს რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევისთვის. 

გიორგი ტომარაძე: GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი. 

Comments are closed.