რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და თანამედროვე საერთაშორისო სამართალი – თინათინ ერქვანია

By | ბლოგი

გაერთიანებული ერების (გაერო) წესდება ავალდებულებს ყველა წევრ-სახელმწიფოს, თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებისგან ან ძალისმიერი მუქარისაგან, რომელიც მიმართულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან სხვაგვარად შეუთავსებელია გაერთიანებული ერების მიზნებთან (მუხლი 2, პუნქტი 4, გაეროს წესდება). რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე არღვევს საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო-სამართლებრივი წესრიგი.

უკვე საუკუნეა საერთაშორისო სამართლის ცენტრალური მიზანია სახელმწიფოთაშორისი მშვიდობის უზრუნველყოფა, მაგრამ ამის საუკეთესო გზები სულაც არ არის მკაფიო და ისინი სავარაუდოდ სცილდება გაეროს 2(4) მუხლის ფარგლებს. 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგი „ხანგრძლივი მშვიდობის“ წინაპირობა გაეროს წესდების მიღებამდე იყო 1928 წლის კელოგ-ბრაიანის პაქტი, რომლითაც აიკრძალა ომი, უფრო სწორად, რომელსაც უკავშირდება ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს დაარსებამდე, აგრეთვე, თავის მხრივ რომლის წინამორბედია ერთა ლიგის ფარგლებში ძალის გამოყენების საკითხთან დაკავშირებული შეზღუდვები. ომის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით, ერთადერთი აქცენტი მე-20 საუკუნის დასაწყისზე და შუა ხანებზეა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონის ომების შემდეგ ევროპაში დიდ სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდა. მე-19 საუკუნის ხანგრძლივი მშვიდობა ვარაუდობს, რომ ურთიერთობა საერთაშორისო სამართალსა და სახელმწიფოთაშორის ომს შორის უფრო რთული (და მყიფეა), ვიდრე ამას სტანდარტული ნარატივი აღიარებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია ახალი მიდგომების განვითარება და რეფორმატორული პროცესების წარმართვა საერთაშორისო სამართალში, მათ შორის, თუნდაც გაეროს რეფორმირების გათვალისწინებით. ახალი გამოწვევები ახალ პოლიტიკურ პლატფორმებს ითხოვს პასუხებად. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაიწყოს საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტიტუციების რეფორმირების პროცესები ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნორმების უპირატესობის აღიარებით. გაეროს მუშაობა ფოკუსირებული უნდა იყოს სახელმწიფოთაშორის მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. განსავითარებელია ახალი მიდგომები საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. 1815 წელს ჩამოყალიბებული ე.წ. „ევროპის კონცერტის“ სტანდარტით (ეს პენტარქია მოიცავდა საფრანგეთს, ავსტრიას, დიდ ბრიტანეთს, რუსეთს და პრუსიას) შექმნილი არსებული ძალაუფლებრივი წესრიგი შესაძლოა არის საუკეთესო მონაპოვარი, ვიდრე აქამდე არსებულა, მაგრამ აუცილებელია ახალი პოლიტიკური ფორმატების შექმნა, რომელიც გააერთიანებს დამოუკიდებელ ქვეყნებს ახალ ფორუმზე, თავის მხრივ რომელიც უფრო მეტ სივრცეს შექმნის რეალური დიალოგისთვის, ვიდრე ამას, ამ ეტაპზე, გაეროს უშიშროების საბჭო ახერხებს. 

რაც შეეხება თანამედროვე საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს: ზოგადად, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არღვევს გაეროს წესდებას და არ შეიძლება იყოს გამართლებული საერთაშორისო სამართლის მიხედვით, როგორც თავდაცვის ან ჰუმანიტარული ინტერვენციის აქტი. ზოგადად, ჰუმანიტარული ინტერვენცია არის შეიარაღებული ჯარების შეყვანა სხვა სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების დაცვას ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციებში, მაგალითად, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების შემთხვევაში. ვიწრო გაგებით, ჰუმანიტარული ინტერვენციები ეხება ადგილობრივ მოსახლეობას და არა ინტერვენციის განმახორიელებელი ქვეყნების მოქალაქეების დაცვას (საკუთარი მოქალაქეების დაცვა). ჰუმანიტარული ინტერვენციისას ივარაუდება, რომ შესაბამის სახელმწიფოს არ შეუძლია ან არ სურს უზრუნველყოს დაცვა რისკის ქვეშ მყოფთათვის. ჰუმანიტარული ინტერვენცია არ არის აღიარებული სამართლებრივ ინსტრუმენტად გაეროს წესდებაში და ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს, რის გამოც ჰუმანიტარული ინტერვენციების დასაშვებობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით სადავოა. ჯერჯერობით, მხოლოდ გაერთიანებული სამეფო და ბელგია გამოხატავს მოსაზრებას, რომ ჰუმანიტარული ინტერვენცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე დასაშვებია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია 1999 წელს NATO-ის ინტერვენცია კოსოვოში, რომელიც განხორციელდა გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე, ჩინეთის და რუსეთის სავარაუდო ვეტოს გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული ინტერვენციის საკითხი სადავოა საერთაშორისო სამართალში, რუსეთის თავდასმა უკრაინაზე არ აკმაყოფილებს არც იმ სტანდარტებს, რომელსაც ჰუმანიტარული ინტერვენციის დოქტრინა ითავისებს…

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სხვა რუსი ოფიციალური პირების პოზიციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ძალის გამოყენება გამართლებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით, არ აქვს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. გაეროს წესდების 51-ე მუხლი ადგენს, რომ „წინამდებარე ქარტიაში არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას, თუ შეიარაღებული თავდასხმა ხორციელდება გაერთიანებული ერების წევრის წინააღმდეგ“. უკრაინა არ დამუქრებია და არ დასხმია თავს რუსეთს ან გაეროს რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოს. იმ შემთხვევაშიც, თუ რუსეთს შეეძლო ეჩვენებინა, რომ უკრაინა თავს დაესხა რუს მოსახლეობას (ან გეგმავდა თავდასხმებს) დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, გაეროს წესდების 51-ე მუხლი არ არის გამოყენებადი რუსეთის მიერ, რადგან დონეცკი და ლუგანსკი, მიუხედავად რუსეთის მიერ მათი სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებისა, არც კი კვალიფიცირდებიან სახელმწიფოებად საერთაშორისო სამართლის მიხედვით. შესაბამისად უკრაინის ამ რეგიონებს არ აქვთ უფლება, მიმართონ მესამე სახელმწიფოს კოლექტიური თავდაცვის თხოვნით. 

ვლადიმერ პუტინის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინა დონეცკსა და ლუგანსკში რუსების წინააღმდეგ „გენოციდს“ ახორციელებს, არ არის გამყარებული ფაქტებით და არავითარ შემთხვევაში არ ანიჭებს რუსეთს რაიმე სახის სამართლებრივ მანდატს შეიჭრას უკრაინაში. ზოგადად, გენოციდის შესახებ კონვენცია განსაზღვრავს გენოციდს, როგორც ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით. ამ კონტექსტში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა ჩართული იყო რომელიმეში ამ ქმედებათაგან და რა თქმა უნდა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჰქონდა განზრახვა აღმოსავლეთ უკრაინაში რომელიმე ზემოაღნიშნული ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურებისა. უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას თუნდაც დაერღვია ადამიანის უფლებები რუსების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, გენოციდის შესახებ კონვენცია და გაეროს წესდება არ ანიჭებს უფლებას ამავე კონვენციის მხარეებს ან გაეროს წევრ-ქვეყნებს გამოიყენონ ძალა გენოციდის ან ადამიანის უფლებების დარღვევათა გამოსასწორებლად.

გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი მოითხოვს სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და არ ანიჭებს სახელმწიფოთა ცალკეულ რეგიონებს შესაძლებლობას, გამოაცხადონ დამოუკიდებლობა და განახორციელონ სეცესია.  საერთაშორისო სამართლის მხოლოდ ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ე.წ. Remedial Secession დასაშვებია, როგორც ultima ratio, როდესაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ და ვერ ხერხდება ხალხთა პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლების (ამ უფლების შიდა განზომილება, ე.წ. Internal Self-determination) რეალიზაცია შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკურ სისტემაში. მაგრამ ეს უმცირესობის შეხედულებაა. არსებითად, საერთაშორისო სამართალში აღიარებულია მოსაზრება, რომ არ არსებობს ე.წ. „სეცესიის უფლება“ ხალხთა პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლების სახელით იმ სოციალური თუ ეთნიკური ჯგუფებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ კონკრეტულ სახელმწიფოში (“There is no right of secession, in the name of self-determination, for groups living within a State”). თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ხალხთა პოლიტიკური თვითგამორკვევის უფლება, როგორც ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი (სეცესიის გათვალისწინებით), მოქმედებს მხოლოდ დეკოლონიზაციის კონტექსტში. 

რუსეთი, როგორც ჩანს, აპირებს გაიმეოროს ის ქმედებები, რომელსაც მოჰყვა ყირიმის ანექსია 2014 წელს. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი მიერთება ე.წ. „დამოუკიდებელი რეფერენდუმით“ რუსეთისადმი, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა და ცალსახად ანექსიად არის შეფასებული. 2016 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაგმო ყირიმის ანექსია და მისი „დროებითი ოკუპაცია”. სადღეისოდ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის შემადგენლობაშია. არ არის გამორიცხული, რუსეთის ხელისუფლებამ იგივე გაიმეოროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც. 

რუსეთის მიერ ისეთი საერთაშორისო პოლიტიკური შეთანხმებების დარღვევით, როგორიცაა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი (უკრაინის არსებული საზღვრების პატივისცემის შესახებ), 1975 წლის ჰელსინკის აქტები, 1990 წლის პარიზის ქარტია და 1997 წლის ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტები, წლებია უკრაინაში ადგილი აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ კრიზისს (უკრაინის რუსეთთან მეგობრობის ხელშეკრულება, რომელიც 2008 წელს გაგრძელდა, ასევე, უზრუნველყოფდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას).

გარდა ამისა, რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ – ე.წ. სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი) და აფხაზეთი, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრისა და 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის შედეგად. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს მიმართ ღია აგრესია განახორციელა, მოტივით – „სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა“. ამ ომის შედეგად საქართველომ ზემო აფხაზეთად წოდებული კოდორის ხეობა, ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი დაკარგა. გაეროს მხოლოდ ოთხი წევრი ქვეყანა, კერძოდ, ნაურუ, ნიკარაგუა, სირია და ვენესუელა ცნობს ამ რეგიონებს დამოუკიდებლად. („ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს 2008 წლის კანონით ეს რეგიონები რუსეთის მიერ ოკუპირებულად არის გამოცხადებული). ამის საპირისპიროდ, რუსეთმა უარყო 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. აშშ და მრავალი ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ამტკიცებს, რომ მისი მდგომარეობა უნიკალურია (sui generis) და რომ მას არ შეუქმნია პრეცედენტი სხვა სეპარატისტული მოძრაობებისათვის მსოფლიოში. გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ 2010 წლის დასკვნაში კოსოვოს მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დაადასტურა, რომ ეს ფაქტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ არ უთქვამს არაფერი, ზოგადად, სეცესიის შესახებ. შესაბამისად, თანამედროვე საერთაშორისო სამართალში სეცესიის უფლება არ არის აკრძალული, მაგრამ არც დაშვებულია. 

აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ ორმხრივად დაწესებული ფინანსური სანქციების გარდა, რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში, სავარაუდოდ, იზოლაციაში აღმოჩნდება. ძალიან ცოტას მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებები დასაშვებია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ევროპის საბჭომ საკუთარი წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად, რუსეთს უკვე  შეუჩერა სტატუსი მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში. ესკალაციის მომდევნო საფეხურისათვის შემდეგი ნაბიჯია ევროპული საბჭოდან გასვლის იძულება ან გარიცხვა. ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა სავალდებულო რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და მოითხოვდა რუსეთისაგან სამხედრო მოქმედებების შეწყვიტას  და უკრაინიდან გასვლას. მაგრამ რუსეთმა, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტო დაადო რეზოლუციას.

კვირას, უშიშროების საბჭომ 11-1-ის წინააღმდეგ (რუსეთი წინააღმდეგი იყო, სამმა წევრმა თავი შეიკავა) დაუჭირა მხარი არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა გაეროს გენერალურ ასამბლეას საგანგებო სესიის გამართვისაკენ უკრაინაში რუსეთის ქმედებების განსახილველად. უშიშროების საბჭოს ეს რეზოლუცია შეესაბამება გაეროს გენერალური ასამბლეის 1950 წლის 377(V) რეზოლუციას (ე.წ. გაერთიანება მშვიდობისათვის), რომელმაც გაითვალისწინა, რომ უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს გამო ჩიხში მყოფი გენერალური ასამბლეა „დაუყოვნებლივ განიხილავს საკითხს. გაეროს წევრებისათვის კოლექტიური ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მიცემის მიზნით“.

2 მარტს, გასულ სამშაბათს გაეროს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უმკაცრესად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ. გაეროს 141-მა წევრმა ქვეყანამ ნიუ-იორკში შესაბამის რეზოლუციას მისცა ხმა (მინიმალური მიზანი იყო 100 ხმა – როგორც ამავე ასამბლეის 2014 წლის რეზოლუციის მაგალითზე, რომელმაც ყირიმში რუსეთის რეფერენდუმი ბათილად გამოაცხადა). 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორისაა ჩინეთი. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა ხუთი, მათ შორის რუსეთი და სირია. საინტერესოა, რომ ეს არის შედეგი, რასაც ოპტიმისტი დიპლომატებიც არ ელოდნენ: გაერომ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელმაც დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ტექსტში გენერალურმა ასამბლეამ დაგმო რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში და ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება ბირთვული იარაღის სპეციალურ მზადყოფნაში მოქცევის შესახებ. ასამბლეამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და თავი შეიკავოს შემდგომი უკანონო მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან რომელიმე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ქვეყანამ რეზოლუციას საერთოდ არ მისცა ხმა, როგორიცაა ვენესუელა და უზბეკეთი. დანარჩენებმა თავი შეიკავეს, მაგალითად, ინდოეთმა და ირანმა. სერბეთმაც კი რეზოლუციას მხარიც დაუჭირა.

გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს განცხადებას სახელწოდებით – “აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”. ეს იყო  მეთერთმეტე მსგავსი სხდომა გაეროში 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი – ათწლეულების განმავლობაში: გენერალურმა ასამბლეამ გამართა ერთ-ერთი იშვიათი „გადაუდებელი საგანგებო სხდომა“ მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსეთის მიერ, როგორც უშიშროების მუდმივმოქმედი წევრის მიერ ვეტოს გამოყენების გამო. 

უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია არ არის სავალდებულო საერთაშორისო სამართლის მიხედვით და უფრო სიმბოლური ხასიათის მატარებელია. მიუხედავად ამისა, მას განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. 

ზოგადად, გაეროს გენერალური ასამბლეა ფლობს შესაძლებლობას დაავალოს გაეროს შესაბამის ორგანოებს გამოიძიოს რუსეთის ქმედებები, მოუწოდოს წევრ-ქვეყნებს რუსეთისადმი სანქციების დაწესებისაკენ და გაუწიოს რეკომენდაცია რუსეთის გაძევებას გაეროს გარკვეული ორგანოებიდან ან მისი სტატუსის შეჩერებას გაეროს გარკვეულ ორგანოებში.  

რუსეთი ყოველთვის განიხილავდა გაეროს, როგორც მიკერძოებულს. პუტინმა რამდენჯერმე ცხადყო, რომ არ არის კმაყოფილი მთელი საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემით. რუსეთი ხშირად იყენებს ვეტოს უფლებას და უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალს – ცდილოს გადაწეროს საერთაშორისო ურთიერთობების დადგენილი წესები. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, კვირას უკრაინამ შეიტანა კიდევ ერთი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ). უკრაინა ამ უკანასკნელით ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა გენოციდის შესახებ კონვენციისა, უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ICJ უკვე განიხილავს უკრაინის მიერ 2017 წელს შეტანილ ორ საჩივარს ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. 

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი და სხვა რუსი ოფიციალური პირები შესაძლოა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიების წინაშე აღმოჩნდნენ უკრაინაში წარმოებული სამხედრო ოპერაციების დროს ჩადენილი ომის ან ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო დანაშაულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის მხარე, რომლითაც დაარსდა ICC, უკრაინამ უკვე აღიარა ICC-ის იურისდიქცია მის ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებზე 2013 წლიდან.

გარდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა, საერთაშორისო დანაშაულია, აგრეთვე, აგრესია, რომელიც იწვევს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას მაღალი პოლიტიკური ან სამხედრო თანამდებობის პირებისას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურნბერგისა და ტოკიოს სასამართლო პროცესებზე ბრალდებულებს აგრესიის გამო აკისრებდნენ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. ზოგადად, აგრესიის დანაშაული განიმარტება, როგორც აგრესიის აქტის დაგეგმვა, მომზადება, წამოწყება ან განხორციელება პოლიტიკური ან სამხედრო ლიდერის მიერ, რომელიც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას. თავად აგრესიის აქტი კი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენებას, რომელიც არღვევს სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან ეწინააღმდეგება პოლიტიკურ დამოუკიდებლობას  ან სხვაგვარად არ შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას. 

ICC-ის წესდებით (მიღებულ იქნა 1998 წელს) ღიად დატოვებული საკითხი აგრესიის დანაშაულის შესახებ მოგვარდა 2010 წელს, როდესაც წევრმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს დანაშაული დეფინიცია და იურისდიქციის განხორციელების წესი. ICC-ს შეუძლია აგრესიის საქმეებზე იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავდამსხმელი და მსხვერპლი სახელმწიფოები ICC-ის წევრები არიან და თან რატიფიცირებული აქვთ აგრესიის დანაშაულის დეფინიცია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი არ არის ICC-ის წევრი. უკრაინამ აღიარა ad hoc იურისდიქცია, მაგრამ არ მოახდინა სასამართლოს წესდების რატიფიცირება. შესაბამისად, პუტინს და მაღალჩინოსნებს, სამწუხაროდ, არ უნდა ეშინოდეთ სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე ამ დანაშაულისთვის (იგულისხმება აგრესიის დანაშაული). 

ცოტა ხნის წინ ჩრდ. ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ უკვე ICC-ს მიმართა. ამით ICC-ს შესაძლებლობა ექნება, გამოძიება დაიწყოს 1998 წლის რომის სტატუტით გათვალისწინებულ საერთაშორისო დანაშაულებზე (ომის დანაშაული, გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ), გარდა აგრესიის დანაშაულისა. 

ზოგადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი შედეგი შესაძლოა რუსეთის მოულოდნელი დასუსტება აღმოჩნდეს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რეგიონზე და რეგიონში არსებულ de facto დამოუკიდებელ პოლიტიკურ რეჟიმებზე/სეპარატისტულ მოძრაობებზე. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველო მზად უნდა იყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისათვის (ე.წ. სამხრ. ოსეთი) ტერიტორიული მოწყობის კონკრეტული მოდელის შესათავაზებლად. ნიმუშის სახით შესაძლოა რელევანტური იყოს ესპანური და იტალიური ასიმეტრიული რეგიონალიზმის მაგალითები (ავტონომიური რეგიონები – კატალონია ან სამხრ. ტიროლი). ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ფედერაცია, როგორც ტერიტორიული მოწყობის მოდელი, საქართველოსთვის ირელევანტურია. განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფედერალური ერთეულის ტიპის მაღალი ხარისხის ავტონომია მიღწევადია რეგიონალიზმის ფარგლებშიც (იხ. რამდენად ძლიერია კატალონიის ავტონომიის უფლებამოსილებები ესპანეთის სამეფოში). 

საინტერესოა, რომ 2010 წელს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილემა კატალონიის 2006 წლის სტატუტის (კატალონიის ავტონომიური უფლებამოსილებების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი, რომელიც მტკიცდება ესპანეთის პარლამენტის კონსტიტუციური კანონით) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლოებში კატალონიელ ხალხს მითითებული სტატუტის მიხედვით „ერად“ (Nation) მოხსენიების შესაძლებლობა მიანიჭა, მაგრამ, ამავდროულად, განსაზღვრა, რომ ეს არავითარ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს. ზოგადად, ესპანეთის კონსტიტუციის მე-2 მუხლი აღიარებს, რომ ის „ეფუძნება ესპანელი ერის განუყოფელ ერთობას, ასევე, ყველა ესპანელისათვის საერთო ქვეყნის განუყოფლობას; ცნობს და უზრუნველყოფს იმ ეროვნებებისა და რეგიონების ავტონომიურ უფლებებს, რომელთაგანაც იგი შედგება და აღიარებს, ამ თვალსაზრისით, მათ შორის სოლიდარობის პრინციპს.“ ამ მოდელის საქართველოზე განვრცობის შესაძლებლობა გულისხმობს, რომ ქართველი ერი აღქმულ იქნება ერთიან და განუყოფელ „ერად“ (აქ ეთნიკური შემადგენლობა არ მოიაზრება, მოქალაქეობრვი ერთობა მოიაზრება), საქართველოში არსებული ეროვნებების ავტონომიური უფლებების და იდენტობის აღიარების, აგრეთვე, მათ მიმართ სოლიდარულობის პრინციპის გათვალისწინებით.

შესაბამისად, ფედერალიზმის იდეა საქართველოსთვის, მისი ტერიტორიული კონფლიქტების ისტორიისა და მასშტაბების გათვალისწინებით, უკვე ზედმეტად ხელოვნური ჩარევა და ირელევანტური სტანდარტია, ჩემი მოსაზრებით. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რაც შეიძლება მალე მზად ჰქონდეს ტერიტორიული მოწყობს კონკრეტული მოდელი, როგორც ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების სამართლებრივი კონცეფცია, რომელიც შეთავაზებადი იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის. ამ თვალსაზრისით, ყველაზე რელევანტურ მოდელად მიმაჩნია უნიტარიზმი ასიმეტრიული რეგიონალიზმის ელემენტებით (საქართველოს უნიტარული, განუყოფელი სახელმწიფო სამი რეგიონით: ძლიერი ავტონომია აფხაზეთს, აჭარა – არსებული status quo-ით, ცხინვალის რეგიონი – აფხაზეთის მსგავსი ან მასზე სუსტი ავტონომიით). საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სტანდარტზე გამოყენებად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკად ესპანური ან იტალიური რეგიონალიზმის მაგალითები მიმაჩნია (კატალონია ან სამხრ. ტიროლი. უფრო მეტად კატალონია, მაღალი ხარისხის ავტონომიის გამო). აფხაზი და ოსი ერის დათანხმება ამ მოდელზე, რუსეთის გავლენის შესუსტების პირობებში, რეალისტურია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლ. 2005 წელს სერგეი შამბა ერთ ქართველ პოლიტიკოსთან ერთად სამხრ, ტიროლს სტუმრობდა, ადგილობრივი ავტონომიის შესასწავლად. შესაბამისად, სამომავლოდ: არა ფედერალიზმს საქართველოსთვის, კი – უნიტარიზმს რეგიონალიზმის ელემენტებით. 

თინათინ ერქვანია – GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით. სამართლის დოქტორი. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ვიზიტორი მკვლევარი.


Comments are closed.