ახალი აჩრდილი – ნიკა ხოფერია

By | ბლოგი

„როდესაც ნაპოლეონი ერთი წელი ბულონში იდგა თავისი ბრტყელძირიანი ნავებითა და დიდი არმიით, მას ვიღაცამ უთხრა: ინგლისში, ბევრი სარეველაა. და მართლაც ბევრია, მას შემდეგ, რაც ბრიტანული საექსპედიციო ძალები დაბრუნდნენ“ – ასე დაიწყო 1940 წელს, პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, თავისი ცნობილი მიმართვა ბრიტანელი ხალხისადმი, საფრანგეთის დაცემამდე და ბრიტანეთში ნაცისტური გერმანიის მოსალოდნელ აგრესიამდე მცირე ხნით ადრე. ჩერჩილი მტერს შეპირდა რომ ინგლისელები იბრძოლებდნენ სადაც და როგორც შეძლებდნენ: საფრანგეთში, ოკეანესა და ზღვებზე, სანაპიროებზე, დასაფრენ ბილიკებზე, მინდვრებსა და ქუჩებში. ევროპა დაცემის პირას იყო, გერმანელები მის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდნენ, საფრანგეთი ბლიცკრიგის მსხვერპლი გახდა, ბრიტანელთა სახმელეთო ძალები კი, დანკერკში იყო კუთხეში მოქცეული. მაგრამ, ბრიტანელებმა, დიდი მსხვერპლის ფასად, საფრანგეთშიც იომეს, სანაპიროებზეც, ზღვაზეც, დასაფრენ ბილიკებზეც, მინდვრებსა და ქუჩებშიც და არმიაც გადაარჩინეს, გერმანელებიც დაამარცხეს „ბრიტანეთისთვის ბრძოლაში“ და დაიცვეს თავიანთი კუნძული.

მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად არასდროს მიყვარდა ისტორიული პარალელების გავლება სხვადასხვა ეპოქაში მომხდარ მოვლენებს შორის, რადგან, ხშირად, მთლიანობაში, შინაარსი, კონტექსტი, მნიშვნელოვნად განსხვავდება; ძნელია, მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოს (great power), რუსეთის, უკრაინაში შეჭრამ და უკრაინელების ძლიერმა და თავდაჯერებულმა წინააღმდეგობამ, ისტორიიდან მსგავსი მონაკვეთები არ გამახსენოს. უკრაინელები ხომ მართლაც, გეოგრაფიულად ალყაში მოქცეულები, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფები, იბრძვიან ზღვასა თუ ხმელეთზე, დასაფრენ ბილიკებზე, მინდვრებსა და ქუჩებში და პრეზიდენტიც სწორედ ისე მოუწოდებს მოქალაქეებს, როგორც, თავის დროზე, ბრიტანეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრი, ნისლიანი ალბიონის მოსახლეობას.

ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  მსგავსი მასშტაბური შეჭრა და (როგორც არ უნდა უწოდოს რუსულმა პროპაგანდამ, გამათავისუფლებელი ომი, სპეცოპერაცია თუ რა) დაპყრობითი ომი, არ ყოფილა. არც ჰიტლერის ფსიქოლოგიასთან ასე მიახლოებული ლიდერი გამოჩენილა დიდი ხანია. ბუნებრივია, ამ უპრეცედენტო მოვლენებს მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რუსეთის იმპერიის მეზობელი, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის კი, კიდევ უფრო დიდი. 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის გამოცდილება, კვლავ გვახსენებს თავს. ჩვენზე უკეთ, ბევრი ვერ გაუგებს ამ ომში უკრაინელებს, რადგან, სამი ათეული წლის მანძილზე, რაც დამოუკიდებლები ვართ, მუდმივ წნეხში ვართ ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელმაც უშუალოდ თუ სეპარატისტული ძალების გამოყენებით, რამდენიმე ომში ჩაგვითრია, ტერიტორიები წაგვართვა და არ მოგვცა პოლიტიკური არჩევანისა და ქვეყნის განვითარების საშუალება. რუსეთის იმპერიის მეზობლობის მწარე გამოცდილება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე ფინეთსა და პოლონეთსაც აქვთ, მაგრამ ჩვენ, ეს ომი, ყურისძირში, ათწლეულის წინ გვქონდა აქვე და ახლაც ყურისძირში გვაქვს, ნებისმიერ მომენტში საფრთხეს ველით. თითქოს, მიჩვეულები ვართ უკვე საოკუპაციო ძალების რამდენიმე ათეულ კილომეტრში დგომას. არის ხალხი, ვინც ზედ ფრონტის ხაზზე ცხოვრობს, იტაცებენ და ზოგჯერ, ცოცხალსაც არ გვიბრუნებენ. ამას დასავლეთ ევროპელები, რა თქმა უნდა, ისე ვერ გაიგებენ როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია; რადგან ისინი აქ არ არიან და საფრთხეც, რომელიც ჩვენ დაგვემუქრა, მათთვის მაშინ ნაკლებ შემაშფოთებელი იყო. სამწუხაროდ, ასე გამოზარდეს და გაათამამეს საბჭოთა ნანგრევებზე ახალი რუსული იმპერია. ჩვენ შეგვაჩეჩეს ომი, რომელზეც პირდაპირ ეთერში ყვებოდა რუსეთის ფიურერი ჯერ კიდევ ომამდე დიდი ხნით ადრე და ომის შემდეგაც. 2008 წელს, ჩვენ გაგვამტყუნეს, დაგვსაჯეს, დაგვჩაგრეს და ომსა და მილიტარისტულ პროპაგანდაშიც დაგვადანაშაულეს. ახლა კი, ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ტერიტორიულად უდიდესი ევროპაში, 40 მილიონი მოსახლით, ჩვენზე უარეს ჯოჯოხეთს გადის, ხოლო იმპერია, უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ჩვენ, მკაცრ რეალობას ვიყავით შეგუებული და მუდმივ ომის საფრთხეში ვიყავით, ევროპაში კი, ფუკუიამას „ისტორიის დასასრულში” იყვნენ. მაგრამ ფუკუიამას „ისტორიის დასასრული” ილუზია აღმოჩნდა. ლიბერალური დემოკრატია ვერ იქცა სამყაროში უალტერნატივოდ, დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები კვლავ არსებობენ, ცივილიზაციები კი კვლავ იბრძვიან. რეალობამ დასავლეთს, იმ სივრცესაც უწია, რომლისკენაც საუკუნეებია მივიწევთ და ყოველთვის უნდა მივიწევდეთ (ის რუსული გზის ძიებაც, დასავლეთთან შეხების წერტილის პოვნისთვის გადაწყვიტეს ქართველმა მეფეებმა, როცა გადაწყვიტეს). ომის დაწყების დღეს, ვკითხულობდი ერთ წერილს, უკრაინა დასავლეთს არ აინტერესებს, გაწირავენ, ბრიუსელს ამის გამო რაკეტებს არავინ ესვრის, საფრთხე არ ემუქრებათ მაინც და ა.შ. რუსეთის დიქტატორის გამოსვლის და ამ მოქმედებების შემდეგ, თუ მართლა ამის იმედი აქვთ დასავლეთში, წარმოუდგენელი ბრიყვები ყოფილან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არაა; ევროპაში შეინიშნება სერიოზული გამოფხიზლება და არის იმედი, რუსეთის იმპერიის საფუძველი ძლიერად შეირყეს. ევროპამ დაიწყო ზრუნვა, მესამე მსოფლიო ომის გამოწვევის გარეშე შეაჩეროს რუსეთის იმპერია მათგან კბილებამდე შეიარაღებული და მომარაგებული უკრაინის ხელით. ძალიან ცუდია ომი, საშინელებაა, მაგრამ, ერთი მხრივ, კარგია მკაცრი რეალობის აღქმა რომ დაბრუნდა ევროპული ცივილიზაციის ცენტრებში. გაჩნდა მცირედი იმედი, რომ „მსოფლიო წესრიგი“ გადაეწყობა და ჩვენნაირი მცირე ერებისთვის, მასში ადგილი ჯერ კიდევ იქნება.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და შეიჭრა პროპაგანდის საფარველქვეშ: „ეს სპეცოპერაციაა დონეცკსა და ლუგანსკში“; რეალურად კი, „ბლიცკრიგით“ გადაწყვიტა კიევის დამორჩილება და იქ მარიონეტული ხელისუფლების დასმა. დიქტატორმა ვრცელი კონსპირაციული თეორია გადმოულაგა პროპაგანდით გაჯერებულ მოსახლეობას,  შემდეგ კი ჯარს უბრძანა უკრაინაში შეჭრა. ამას, მალევე მოყვა „გამათავისუფლებელი ომის“ ხსენება, ის, რომ უკრაინელები რუსებს ემხრობიან, კიევს ნაცისტური ხელისუფლება ყავს და რუსეთი მშვიდობას და სიკეთეს მოუტანს უკრაინას. კლასიკური მოდელი, ხშირად გამოყენებული მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. აშკარაა, რომ რუსეთმა წინასწარ, საკმაოდ დიდი ხნით ადრე მოამზადა ეს ომი. მისი მოგების შანსები გაზარდა ყირიმის დაპყრობით, შემდეგ კი, ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების შექმნით, იქ არმიის ჩაყენებით, ბელარუსის ვასალად ქცევით და კიევამდე სულ 100 კილომეტრით დაშორებული საზღვრიდან ჯარების შეყვანის შესაძლებლობით. მაგრამ „ბლიცკრიგი“ არ გამოვიდა. ე.წ. “სპეცოპერაციის” სახე უკრაინის ომმა პირველივე დღეს დაკარგა და სრულფასოვან, სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ისეთში, როგორიც 1945 მერე არ ყოფილა ევროპაში, დიდი დანაკარგებით და ნგრევით. უკრაინა არ დანებდა, იბრძვის და დაუდგა პირველ, ორ ტალღას. უკეთ დაუდგა, ვიდრე ჰაინც გუდერიანის ტანკებს საფრანგეთის რესპუბლიკა 1945-ში. ეს ფსიქოლოგიურად, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იყო და საბრძოლო სულისკვეთებაზეც სათანადოდ იმოქმედა. რუსეთის დიქტატორი, თითქოს, წაუგებელ თამაშს იწყებდა: 200 ათასი ჯარისკაცი, მრავალი ტანკი, საბრძოლო მანქანა, ბევრად აღმატებული საჰაერო ძალები, ფლოტი, სარაკეტო სისტემები, ალყაში აქცევდნენ და ყველა მხრიდან უტევდნენ უკრაინას. მაგრამ ომი, გაცილებით რთული გამოდგა რუსებისთვის, უკრაინელებმა კი როგორც ჩანს, სათანადო ტაქტიკა აირჩიეს მტერთან გასამკლავებლად. აქ, ადამიანს კვლავ ისტორიული მომენტები გახსენდება, XIII საუკუნეში, მძლავრმა ხორეზმშაჰმა არასწორი სტრატეგია აირჩია, ქალაქებში გამაგრებული დაუხვდა მონღოლთა ურდოებს, როცა ველზე შეეძლო მათთან ბრძოლა და გამარჯვების მეტი შანსიც ჰქონდა; სინამდვილეში, ცალკეული ქალაქების ალყაში მოქცევამ, დააჩქარა და გარდაუვალი გახადა მისი მარცხი. მართალია, დროც სხვაა, იარაღიც და მოტივაციაც, მაგრამ უკრაინელებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ალყაში არ უნდა მოქცნენ, ცალკეულ ქალაქებში არ უნდა გამოიკეტონ, რადგან მათ სჭირდებათ მუდმივი მომარაგება, კომუნიკაცია ერთმანეთთან, მტრის სადესანტო ძალების დევნა, ძლიერ პოზიციებზე მათი შეჩერება, საფარების მოწყობა. ასე რომ, უკრაინა, ველზეც იბრძვის, ქალაქებსაც აკონტროლებს, ფლანგებსაც იცავს და ყველაფერს აკეთებს რაც მის ძალებს არ აღემატება, გაცილებით მძლავრი სამხედრო მანქანის წინააღმდეგ, რომელსაც კიდევ აქვს რესურსები. მნიშვნელოვანი ქალაქების დაცემა, ფსიქოლიგიურადაც მძიმეა.

საქალაქო ბრძოლები, ნებისმიერი არმიისთვის რთულია. ხშირად, ურბანულ ომებს დიდი არმიები და მეთაურებიც ვერ გამკლავებიან, ლეგენდარული ეპირელი მეფის პიროსის დაღუპვიდან ქუჩაში სახურავიდან ნასროლი კრამიტით (არგოსში), 30 წლიან ომში შვედების გამოცდილი მეომრების მარცხით პრაღაში და აქედან კიდევ თანამედროვეობამდე. თვითონ კიევი და ხარკოვი მოსწრებიან სასტიკ, სისხლისმღვრელ და გამანადგურებელ საქალაქო ბრძოლებს მეორე მსოფლიო ომის დროს. უკრაინა აგრძელებს მტრის მოგერიებას და რუსების ახალი და ახალი ტალღები ეხლება მათ თავდაცვით ზღუდეებს. პუტინისთვის წაგება ფსიქოლოგიურად და შეიძლება ფიზიკურადაც, დასასრულს ნიშნავს და ის, მაქსიმალურად შეაწყვეტს ჯარს და რესურსებს სანამ შეძლებს, ვიდრე უკან დაიხევს. ამიტომ არის ატომური ომის შიშის სუნიც მსოფლიოში. ყველა აცნობიერებს რომ არაადეკვატური ავადმყოფი საღ გონებაზე არ არის. ატომური მშვიდობა და მეტნაკლები ბალანსი, რომელიც, თითქოს, ატომურმა იარაღმა მოიტანა, ცალმხრივ ატომურ შანტაჟად იქცა. ამ იარაღმა ვერ შეძლო მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნება. ახლოს ვართ ატომური მშვიდობის დასასრულთან და მავნე პრეცედენტებიც სახეზეა, რომელსაც შეუძლია იქამდე მიიყვანოს მსოფლიო, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში რაციონალური ძალები შედარებით გააქტიურდნენ და ნორმალური კომენტარების გაკეთება დაიწყეს ომზე, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ, უმეტესად, დამუშავებულები არიან არანორმალური პროპაგანდით. რაც არ უნდა გული გაიმაგრონ „ველიკოძერჟავული“ აზრებით, ხედავენ დაბომბილ ქალაქებს, დანგრეულ სახლებს, გაუბედურებულ ადამიანებს და გამორიცხულია ამან გარკვეული თანაგრძნობა მაინც არ აღძრას იმ ხალხისადმი, რომელთან ერთადაც ამდენი ხანი ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. ამას ემატება მძიმე სანქციები, შიმშილი და სიღარიბე (კარტოფილსა და მჟავე კომბოსტოზე ვერ და არ გადაივლის მთელი რუსეთი, ეს დიდწილად, სტერეოტიპია და გარკვეული ფენის ხალხს ერგება); მარაგების ამოწურვის შიში. გამარჯვება და უკრაინის ვასალად ქცევა, ცოტათი გააუფერულებს ამ სინანულს, კვლავ „ველიკოძერჟავულად” აუძგერდებათ გული და დახოცილი ადამიანებისადმი წუხილსაც წარსულს ჩააბარებენ, მაგრამ ეს მაინც დატოვებს მნიშვნელოვან კვალს არამხოლოდ ფსიქოლოგიურს, არამედ ფიზიკურსაც, რადგან არც რუსეთის სამხედრო რესურსია ამოუწურავი.

ვიღაც იტყვის, ნამეტანი ოპტიმიზმია, ომი ხომ სულ ახლახან დაიწყო, რამდენიმე დღეა და როგორ დასრულდება არავინ იცისო. მაგრამ, თანამედროვე სრულმასშტაბიანი ომის კვალობაზე, განსაკუთრებით, უკრაინის ლანდშაფტის, ურბანიზაციის; რუსეთის, ერთი შეხედვით, დიდი სამხედრო უპირატესობის; თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და სამხედრო ტექნიკის სისწრაფის გათვალისწინებით, რამდენიმე დღიანი ომიც კი, შეგვიძლია საკმაოდ ხანგრძლივად ჩავთვალოთ და ის ჯერ კიდევ არ დასრულდება. უკრაინამ შეაჩერა რუსული აგრესია, იბრძვის მომდევნო ტალღების შეჩერებისთვისაც. რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დემორალიზებულია, ტექნიკის ნაწილი განადგურებული, უკრაინელთა ხელში ჩავარდნილი ან საბრძოლოდ უვარგისი. რუსული არმიის უძლეველობისა და დაუმარცხებლობის მითს წყალი შეუდგა. ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი დაცულია, მოქალაქეები არმიასთან ერთად იბრძვიან. ამიტომ აქვს ბევრს იმედი, რომ მოვესწრებით იმპერიის დაცემას და მისი ლიდერების ნიურბერგის პროცესის მსგავს საერთაშორისო სასამართლოზე წარდგენას, ბევრი კითხვების გარეშე, რადგან დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული მისი პრესმდივნით და დამთავრებული ბელარუსის პრეზიდენტით; ყველა ისეთივე დამნაშავეა როგორიც იყო ნაცისტური გერმანიის ელიტა. 2004 წელს, გერმანელებმა, გადაიღეს ძალიან კარგი ფილმი, „Der Untergang” და კარგად აჩვენეს მესამე რაიხის შემოქმედის დაცემა, სიგიჟე და სიკვდილი. თუ მსგავსი აღსასრული მოუახლოვდება, გაბედავს ფიურერის ეპიგონი იმგვარად სიცოცხლის დასრულებას, როგორც წარსულში მან შეძლო?

1964 წელს, ჯონ ტოლკინმა, „ბეჭდების მბრძანებლის“ ამბის გაგრძელება გადაწყვიტა, ჩაფიქრებულ წიგნს „ახალი აჩრდილი“ უწოდა და მასში საურონისა და მორდორის სამეფოს დაცემის შემდეგ, ადამიანებში ჩამოყალიბებულ ახალ, ბნელ კულტსა და ბოროტი ძალის ხელახლა ზრდაზე დაიწყო წერა, მაგრამ სულ 13 გვერდი დაწერა, შემდეგ კი, ჩათვალა რა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ამბის დასასრული დამაკმაყოფილებელი იყო და ის გაგრძელებას აღარ საჭიროებდა, თავი დაანება და ჩვენ ვეღარ მივიღეთ წიგნი სახელად „ახალი აჩრდილი“. იმედია, წარსულს ჩაბარებული საბჭოთა კავშირის აჩრდილის გამოჩენა თანამედროვე რუსული იმპერიალიზმის სახით, ასევე დასრულდება, საქართველოს კი ახალ მსოფლიო წესრიგში თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცემა.

ნიკა ხოფერია – GIPA-ს პროფესორი


Comments are closed.