„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (Nord-Stream 2) ერთ-ერთი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტია, რომელსაც რუსულ გაზპრომთან (Gazprom) ერთად სხვადასხვა ევროპული, მათ შორის, გერმანული (Uniper; Wintershall) და ბრიტანული (Royal Dutch Shell) კომპანიები ახორციელებენ. კერძოდ, ახალი გაზსადენი, რომელიც რუსეთიდნ ბალტიის ზღვის გავლით ჩრდილოეთ გერმანიის სანაპიროს დაუკავშირდება, 1230 კილომეტრის (764 მილი) სიგრძის იქნება და მისი მეშვეობით ევროპაში ორჯერ მეტი მოცულობის რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.
ამრიგად, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს, გარდა ენერგეტიკული დანიშნულებისა, თან ახალვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტებიც, რაც ერთ-ერთი აქტუალური დისკუსიის საგანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის.
რუსეთის გავლენის ზრდა
უპირველესყოვლისა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელებას განსაკუთარებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით:
ა) ეკონომიკური სარგებელი
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ფუნქციონირების შედეგად, რუსეთისთვის შესაძლებელი გახდება ორჯერ მეტად გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში. კერძოდ, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მეშვეობით, რომელიც 2011 წელს ამუშავდა, 55 მილიარიდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი იყო შესაძლებელი. „ჩრდოლეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით კი დამატებით ამავე მოცულობის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი (მთლიანობაში 110 მილიარდი კუბური მეტრი), რაც თავისთავად ბევრად ზრდის ბუნებრივი აირის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს.
ბ) ევროპის ენერგოდამოკიდებულების ზრდა
გარდა ეკონომიკური სარგებლისა, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტიც. კერძოდ, ბუნებრივი აირის ექსპორტის ზრდის შედეგად, ევროპის ქვეყნები უფრო მეტად გახდებიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, რაც მას შემდგომში საშუალებას მისცემს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს არსებული ვითარება და ზეგავლენა მოახდინოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე. ცნობისთვის, ევროპის იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომელიც ბუნერბივი აირის 50%-ზე მეტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებენ, 14-ს შეადგენს.
გ) უკრაინის იზოლაცია
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის ამოქმედებამდე, ევროპისათვის მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის დაახლოებით 2/3-ის ტრანსპორტირება უკრიანის ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა. თუმცა, რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა დაპირისპირებამ აღნიშნულ ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულა. მაგალითად, 2009 წელს სატარიფო ფასზე შეუთანხმებლობის გამო, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება 13 დღით შეჩერდა, რაც ნეგატიურად აისახა რუსეთის ეკონომიკაზე. ამასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის კრიზისი გააღრმავა დონბასში განვითარებულემა მოვლენებმა და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ, რამაც კიდევ უფრო გაართულა აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მეშვეობით, რუსეთი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდებას ევროპისთვის ბალტიის ზღვის გავლით, ხოლო, მეორე მხრივ, საყურადღებოა უკრაინის იზოლაცია, ვინაიდან რუსული გაზის ტრანპოსტირება უკრაინის გვერდის ავლით მოხდება, რის შედეგადაც ის ვეღარ მიიღებს იმ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც იღებდა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით.
გერმანია
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გერმანიის ფედერაციისთვისაც. კერძოდ, მისი ინდუსტრიული ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგეტიკულ რესურსებზე, ვინაიდან იგი შედარებით ღარიბია ასეთი რესურსებით. შესაბამისად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელება გერმანიას საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს მოთხოვნა ენერგეტიკულ რესურსზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის შეასრულებს სატრანსპორტო დერეფნის როლს და უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, რისთვისაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს. აქედან გამომდინარე, გერმანია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გერმანიის ამგვარი პოზიციის მიმართ, ვინაიდან მათთვის მიუღებელია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდა, რაც თავისთავად ნიშნავს მისი პოლიტიკური გავლენების ზრდასაც.
ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია
ზემოთ თქმულის საფუძევლზე, ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რის გამოც მან არაერთი სანქცია დაუწესა პროექტის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია რუსული გაზის ექსპორტის ზრდა ევროპის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოების საკითხს. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპა უფრო მეტად ენერგოდამოკიდებული გახდეს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე, რასაც შემდგომში ერთ-ერთ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ასევე ეკონომიკური ასპექტიც. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატები თხევადი გაზის (LNG) ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია მსოფლიოში. შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია კონკურენცია გაუწიოს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს და გაზარდოს თხევადი გაზის ექსპორტი ევროპის ბაზარზე, რაც ასევე შეამცირებს ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.
აღმოსავლეთ ევროპა და სკანდინავია
გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელება მიუღებელია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთვისაც, მათ შორის უკრაინისთვის, პოლონეთისთვისა და სლოვაკეთისთვის. კერძოდ, სწორედ აღნიშნული სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით ხდებოდა რუსული გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის ტარნსპორტირება ცენტრალურ ევროპაში, რასაც აღნიშნული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოჰქონდა. ახალი მილსადენი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გვერდს აუვლის ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს, რის გამოც ისინი ვეღარ მიიღებენ იმ შემოსავალს, რასაც იღებდნენ რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისათვის.
ასევე, საყურადღებოა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი სკანდინავიის ქვეყნები. კერძოდ, გაზსადენის მშენებლობა მოიცავს ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოების განხორციელებასაც. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნები ყუარდღებას ამახვილებენ უსაფრთხოების საკითხებზე, ვინაიდან, მათი პოზიციით, რუსეთმა შესაძლებელია არსებული ვითარება საკუთარი სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენოს და გაზარდოს საზღავო ძალების რაოდენობა ბალტიის ზღვაში.
დასკვნა
ამრიგად, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური წინააღმდეგობისა და პროექტში მონაწილე კომპანიებისათვის დაწესებული სანქციებისა, ახალი გაზსადენის მშენებლობა მაინც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს და ამჟამად, სამუშაოები უკვე დანიის ტერიოტრიულ წყლებში ხორციელდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, პოლონეთი და ხორვატია, მნიშვნელოვნად ზრდიან თხევადი გაზის იმპორტს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც ერთ-ერთ მასშტაბურ ენერგოპროექტად რჩება, რომლის ამოქმედებამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეგიონში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე.
გამოყენებული წყაროები:
2) https://www.dw.com/en/nord-stream-2-us-warns-companies-to-immediately-abandon-work/a-56920315