1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესთან ახლოს მდებარე ქალაქ ლანუსის ერთ გარეუბანში, ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. ბიჭს მამის სახელი, დიეგო დაარქვეს.
სულ სამი წლის ყოფილა, ბურთი პირველად რომ ჩაუვარდა ხელში და თურმე მაშინვე შეიყვარეს ერთმანეთი. ასე ჰყვებიან, ძილის დროს მაისურის ქვეშ ჰქონდა ამოდებული, ვინმეს რომ არ მოეპარა და დაეშორებინაო.
7 წლის ასაკში უბნის ბავშვებთან მოთამაშე ბიჭი კლუბ ,,არგენტიონოს ხუნიორსის’’ სკაუტმა შეამჩნია და საფეხბურთო სკოლაში მიიწვია. 12 წლისამ გუნდთან ერთად სხვადასხვა ტურნირზე ზედიდედ 140 მატჩი რომ მოიგო, პრესამ პირველად დაწერა მასზე, თუმცა გვარი შეშლიათ და ,,კარადონად’’ მოიხსენიეს.
არგენტინის ჩემპიონატის მატჩების შესვენების დროს, საბავშო გუნდები თამაშობდნენ ხოლმე და სულ პატარა მარადონა უკვე აღაფრთოვანებდა ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ტალანტის გაზრდას.
15 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ამ ლიგაში უთამაშია და პირველივე შეხვედრაში შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს.
მისი პროგრესი შეუმჩნეველი არც არგენტინის ნაკრების მწვრთნელებს დარჩენიათ. თანაც მალევე შეამჩნიეს და ეროვნულ გუნდში დებიუტი 1977 წელს, 16 წლის ასაკში ჰქონდა. 1978 წელს არგენტინამ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა ,,გამარჯვებულს მაინც ასამართლებენ’’ და ტრიუმფატორ მწვრთნელს, სესარ ლუის მენოტის დღემდე არ პატიობს საფეხბურთო სამყარო, 17 წლის მარადონა რომ დატოვა განაცხადს მიღმა.
1979 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით რომ მოიგო, აი იქ უკვე არამხოლოდ არგენტინაში, მთელ მსოფლიოში ალაპარაკდნენ ტალანტზე, რომელსაც სულ მალე საფეხბურთო სამყაროს ტახტი უნდა დაეკავებინა.
,,არგენტინოს ხუნიორსის’’ ვარსკვლავს არგენტინული ფეხბურთის გრანდებმა დაადგეს თვალი. ,,რივერ პლეიტმა’’ ძალიან მომხიბვლელი პირობები შესთავაზა, მაგრამ დიეგოს ოცნება ,,ბოკა ხუნიორსი’’ იყო. თუმცა საოცნებო კლუბში სულ ერთი თუ ორი სეზონი დაჰყო.
მისი გენია ევროპაშიც შენიშნეს და ,,ბარსელონამ’’ იმ დროისთვის სარეკორდო სატრანსფერო ფასად, 7.6 მილიონ დოლარად შეიძინა.
დიეგო მარადონა გახდა ,,ბარსელონას’’ პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ისტორიულად მეტოქე კლუბის, მადრიდის ,,რეალის’’ ქომაგებმა მადრიდში დაუკრეს ტაში და ფეხზე წამომდგარი ოვაციებით გააცილეს მოედნიდან. ხშირი ტრავმიანობის გამო, ესპანეთში ბევრი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა და 1984 წელს კიდევ ერთხელ დამყარდა მისი ტრანსფერით რეკორდი: 10 მილიონ დოლარად გადავიდა იტალიურ ,,ნაპოლიში’’.
იმ დროის SERIA A საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი იყო მსოფლიოში. ტურინის ,,იუვენტუსს’’ ოქროს ბურთის ზედიდედ სამჯერ მომგები მიშელ პლატინი, პოლონელი ზბიგნევ ბონეკი და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი, პაოლო როსი ჰყავდა. სილვიო ბერლუსკონის ,,მილანი’’ ძალებს იკრებდა, სანამ საფეხბურთო ისტორიის უძლიერესი კლუბი გახდებოდა. ევროპის ჩემპიონთა თასი პენალტების სერიაში დათმო ,,რომამ’’, ბელგიელ და გერმანელ ვარსკვლავებს იმატებდა მილანის ,,ინტერი’’…
ამ საფეხბურთო გიგანტებთან ჭიდილში მოკრძალებულმა ,,ნაპოლიმ’’ ორჯერ, 1986-87 და 1989-90 წლების სეზონში მოახერხა ჩემპიონატის მოგება, იმ პირობებში, როცა ,,მილანს’’ ჰოლანდიური ტრიო ჰყავდა: ფრანკ რაიკარდი, რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენის შემადგენლობით. ,,ინტერს’’: ენცო შიფო, ლოთარ მათეუსი, იურგენ კლინსმანი.
იტალიაში მარადონას წინააღმდეგ საფეხბურთო ისტორიის უდიდესი მცველები თამაშობდენენ : კლაუდიო ჯენტილე, ფრანტო ბარეზი, გაეტანო შირეა, ჯანიტო ფაკეტი… თუმცა, ვერაფერს აკლებდნენ.
მარადონას უმთავრესი ტრიუმფი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ტურნირზე საფეხბურთო ისტორიის ბევრმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. საფრანგეთის ნაკრები წინა მუნდიალზე ნახევარფინალში დასანანი მარცხის გამო, რევანშისტული განწყობით ჩავიდა მექსიკაში. მას ჰყავდა მიშელ პლატინი, ალენ ჭჟირესი, ჟან ტიგანა … გაბრაზებული იყო ბრაზილიაც თავისი ზიკოთი, სოკრატესით, ფალკაოთი და ძალიან შემოქმედებითი გუნდით. ფინალში დამარცხებული გერმანია მექსიკაში რუმინეგე, მათეუსი, ბრემე, ფიოლერის ვარსკვლავური შემადგენლობით ჩავიდა. მწვრთნელად კი ფრანც ბეკენბაუერი ჰყავდა, რომელსაც უნდოდა გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში ექნებოდა მოგებული.
ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობდა დანია, მიქაელ ლაუდრუპით, ელკიერ ლარსენით და ,,ოქროს ბურთის’’ მფლობელი ალან სიმონსენით. ურუგვაის ენცო ფრანჩესკოლი ჰყავდა. ინგლისმა კი ტრიმფიდან 20 წლის შემდეგ მოახერხა ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბება და გარი ლინეკერის ლიდერობით, იმედებით ეწვია მექსიკას.
აი არგენტინას კი მხოლოდ მარადონა ჰყავდა. ამდენ ვარსკვლავურ გუნდში ფავორიტად ძნელად თუ ჩათვლიდა ვინმე, მაგრამ მარადონა გასათვალისწინებელი ძალა იყო.
ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან მატჩი 1-1 დასრულდა, ბულგარეთს და კორეას ადვილად მოუგო და ფრანჩესკოლის ურუგვაიც დაამარცხა მერვედფინალში. აი შემდეგ კი ინგლისთან მატჩის დროც მოვიდა. არგენტინა-ინგლისის დაპირისპირებას არასაფეხბურთო კონტექსტიც ახლდა თან. ფოლკლენდის ომი ჯერ ისევ ახალი ამბავი იყო და მატჩისწინა დაძაბულობაც ძალიან დიდი.
ამ მატჩში გავიდა ის ორი გოლი, რომელსაც ყველაზე ხშირად ახსენებენ მარადონაზე საუბრისას. პირველი ხელით გაიტანა და არ უნდა ჩათვლილიყო. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში სამართლიანი თამაშის პრინციპებისთვის დიეგოს არ სცხელოდა. მაკრიტიკებლების საპასუხად კი რამდენიმე წუთში გაიტანა მსოფლიო საფეხბურთო ისტორიის საუკეთესო გოლი. მოედნის ცენტრიდან დაწყებული დრიბლინგით მოატყუა რამდენიმე ფეხბურთელი, მსაჯი, ელისაბედ II, უილიამ შექსპირი და მხოლოდ ამის შემდეგ შეაგდო ბურთი პიტერ შილტონის კარში.
ამ მატჩში ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა მომდევნო მატჩი: ბელგიასთან ნახევარფინალიც დაჩრდილა ისტორიულ მეხსიერებაში. არადა, აქაც ბრწყინავდა დიეგო და აქაც მარტომ მოუგო ბელგიას, რომლის კარს პფაფი იცავდა და ნახევარდაცვას ახალგაზრდა ენცო შიფო ლიდერობდა.
მოვიდა ფინალის და მარადონას მთავარი გამოცდის დროც. ფრანც ბეკენბაუერის გაწვრთნილი გერმანიის ნაკრები არაფრის დამთმობი არ იყო. მარადონას ჯადოქრობებით არგენტინა 2-0 დაწინაურდა. მაგრამ გერმანელები რისი გერმანელები არიან ? მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და უკვე დიეგოს ზებუნებრივი უნარების ჩართვა გახდა საჭირო. ერთი პასით რამდენიმე ფეხბურთელი გააქრო მოედნიდან და ხორხე ბურუჩაგამაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
მარადონამ ჩემპიონატი მოიგო. გერმანელებმა და ბეკენბაუერმა კი მომდევნო მუნდიალზე იძიეს შური. ფინალი განმეორდა, მარადონა მარტო აღარ იყო: კლაუდიო კანიჯა მის პასებს გოლებად აქცევდა. მაგრამ ბუნდესმანქანამ მარადონას ჩაკეტვა მოახერხა და დიეგოც ატირდა.
აი 1994 წლის მუნდიალზე კი მარადონასთან ერთად არგენტინის ნაკრები ა.შ.შ.-ს მართლაც ვარსკვლავური შემადგენლობით ეწვია: მას ახლდნენ გაბრიელ ბატისტუტა, დიეგო სიმეონე, ფერნანდო რედონდო.
საბერძნეთთან გოლიც გაიტანა. ნიგერიასთან მატჩის ბოლოს კი მოედნიდან ექიმებმა გამოაბუნძულეს. ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩნდა და ზღაპარიც დასრულდა.
ფეხბურთის მოყვარულებს ხშირად გვიწევს ხოლმე ,,ნორმალურებისთვის” ახსნა, რომ ეს არ არის მხოლოდ თამაში და მოედანზე იმის გარდა, ვინ რამდენ გოლს გაიტანს, კიდევ ძალიან ბევრი რამ წყდება და ბევრი რამ ხდება.
დებულებების: ფეხბურთი რომ ხელოვნებაა, ფეხბურთი რომ პოლიტიკაა, ფეხბურთი რომ უმძლავრესი სოციალური მოვლენაა და ა.შ. ამ ყველაფრის უმთავრესი დამადასტურებელი სწორედ აწ განსვენებული, დიეგო არმანდო მარადონა გახლდათ.
მისი თამაშის ცქერისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბურთი ფუნჯია, მარადონა მხატვარი, მოედანი კი დიდი პალიტრა.
ეს არის კაცი, რომლის სიცოცხლეშივე ააშენეს მისი სახელობის ეკლესია. ამ ადამიანების ფსიქიურ მდგომარეობაზე მსჯელობა კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის თამაშით მოახდინა ასეთი გავლენა ადამიანთა ცნობიერებაზე.
საყოველთაოდ ცნობილია არგენტინაში ,,ბოკა ხუნიორსისა” და ,,რივერ პლეიტის” მტრობის ამბავი. ,,რივერი” კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მარადონას გამოემშვიდობა. ძალიან ამაღელვებელი იყო ,,ბოკასა” და ,,რივერის” ფანების ერთობლივი გლოვა. ჩვეულებრივ, ეს ადამიანები ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან ერთმანეთს.
მისი ფენომენი ამ ყველაფერზე მაღლა დგას.
დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც შეუძლებელი შეძლო და მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
იტალიურ ,,ნაპოლიში” ბევრ ადგილობრივ ვარსკვლავს უთამაშია. ახლა კი აპირებენ, სტადიონს დიეგოს სახელი დაარქვან. არ არსებობს და გამორიცხულიც კია სხვა შემთხვევა, საფეხბურთო არენას უცხოელი ფეხბურთელის სახელი ერქვას.
ბევრი ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა ეპითეტით რომ შეუმკიათ : ,,პროფესორი”, ,,აკადემიკოსი”, ,,მეფე”, ,,კაიზერი” თუ სხვა. მაგრამ ,,ღმერთი” მხოლოდ ერთი იყო და სხვას არავის შეეძლო გაეკეთებინა ის და ისე, რაც და როგორც დიეგო არმანდო მარადონას.