შიშს დიდი თვალები აქვს.
(ქართული ანდაზა)
შიში და პანიკა სხვადასხვა ემოციებია. შიში გადარჩენაში გვეხმარება, პანიკა კი სიკვდილის ტოლფასია.
(კ/ფ ტალღების დამმორჩილებელი)
გეშინოდეთ თქვენთვის ჩუმად. შიში ინფექციურია, უცებ გადადის სხვაზე.
(გიორგი პავლიაშვილი, შიშის სუნი)
გაქვავება, ძალის დაკარგვა, გულისცემის გაძლიერება, გუგების გაფართოება, სისხლძარღვების შევიწროება, ფერის დაკარგვა – ეს შიშის თანმხლები ფიზიკური გამოხატულებაა, რაც არაერთი ლექსიკური ერთეულის შექმნის საფუძველს წარმოადგენს ქართულში: შიშისგან გაქვავდა; შიშისგან ენა დაება; შიშისგან სუნთქვა შეეკრა; შიშისგან ფერი დაკარგა; შიშისგან გული გაეპარა; შიშისგან პირი გაუშრა და სხვა. სიტყვები – შეხტომა, შეკრთომა – თავდაპირველად ადამიანის ფიზიკურ მოქმედებას აღნიშნავდა. მოგვიანებით კი, ფიზიკური მახასიათებლის აღნიშვნიდან მივიღეთ სულიერი მდგომარეობის გამომხატველი ლექსიკური ერთეულები.
გრძნობათა ლექსიკის შექმნა ადამიანის ძალისხმევის შედეგია, შეიცნოს საკუთარი თავი (არუთინოვა). ზოგადად, ემოციის შესაცნობად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ ხდება ენაში ემოციის ლექსიკალიზაცია; მეორე მხრივ, თვით ემოციის კონცეპტი გვთავაზობს გასაღებს სხვადასხვა კულტურისა და საზოგადოების შესაცნობად.
კულტურები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ემოციის გამოხატვის წესებით. სხვადასხვაა ენებში ემოციების ფსიქოლოგიური გაგება. „ყოველ ენას (დედაენას) სამყაროს ენობრივი მოდელირების საკუთარი წესი, სამყაროს ენობრივი გადამუშავების საკუთარი „მსოფლხედვა“ აქვს“ (გ. რამიშვილი).
რა არის შიში? როგორია შიშის ქართული გაგება?
შიში არის შემაწუხებელი გრძნობა, გამოწვეული მოსალოდნელი ან თავსდატეხილი საფრთხის განცდით. შიში შეიძლება გამოწვეული იყოს სიკვდილის, სიცოცხლის, ცვლილების, სიახლის, ცოდვების, განკითხვის, ტკივილის, გაურკვევლობის … შედეგად.
შიში კომპლექსური გრძნობაა. სულხან-საბა ორბელიანი შიშს შემდეგნაირად განმარტავს: „ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად: მცონარებად, კდემულებად, სირცხვილად, განკვირვებად, განცვიფრებად და უღონოებად. მცონარება ვიდრემდე არს შიში მყოფადისა მოქმედებისა; ხოლო კდემულება – შიში მოლოდებითა ძაგებისათა და კეთილ არს ესე ვნება; ხოლო სირცხვილი – შიში ბილწებისა რისამე საქმესა ზედა და არცა ესე უსასო არს ცხოვრებისაგან; და განკვირვება – შიში დიდისა ოცნებისაგან; ეგრეთვე განცვიფრება – შიში უჩვეველისა საოცრისაგან; ხოლო უღონოება – შიში განვრდომილებისა; რამეთუ შეგვეშინის რა ყოფასა უღონოებითა“.
სირცხვილიც ერთგვარი შიშია. ეს უცხო არც სხვა კულტურებშია. ცვაიგის ნოველაში „შიში“ საყვარლისგან დაბრუნებული ირენე განიცდის სირცხვილის გრძნობას: სირცხვილი „ესეც ხომ თავისებური შიშია… თუმცა უფრო ამაღლებული… შიში არა სასჯელი წინაშე…“
იოანე საბანისძესთან ვკითხულობთ, რომ შიში არის სულის სამოსელი: ,,ჯერს არს ჩემდაცა დღესა ამას, რათა განვიძარცვო შიში ხორცთა ამათ ჩემთა, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა, და შთავხდე, ვითარცა სიღრმესა ზღვისასა, შორის ქალაქსა ამას და ნათელვიღო სისხლითა ჩემითა და ცეცხლითა და სულითა, ვითარცა ქადაგა წინამორბედმან იოვანე“.
ძველ ქართულ ლიტერატურაში შიში გვხვდება ღვთის შიშის მნიშვნელობით. გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ ღვთის შიშს შემდეგნაირად განმარტავს: ,,შიში ღმრთისა თავი არს სათნოებისა, ვითარცა მოსე იტყვის: ,,რასა ითხოვს ღმერთი შენგან, ჰო ისრაელ, არამედ რათა გეშინოდეს მისა“, ,,რამეთუ შიშმან უფლისამან შესძინის დღეთა…“. „თავი ყოველთა კეთილთა ღმრთის–მოშიშება არს და სიმდაბლე“, – ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“ (ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე). ბასილი ზარზმელის მიხედვით, როგორც ღორისთვის უცხოა მარგალიტი, ასევე უკეთური სულისათვის უცხოა ღვთის შიში: „სულსა შინა უკეთურსა შიში ღმრთისა არა დაემკვიდრების, არცა ჯერ იყო მარგალიტსა დასხმად წინაშე ღორთა“.
ღვთის შიში კომპლექსური გრძნობაა, შიშის და პატივიცემის ერთგვარი ერთიანობა; შიში, ჩადენილი ცოდვების გამო მოვლენილი სასჯელისა, ხოლო, პატივისცემა, მოკრძალება უფლის მიმართ – მოშიშება, ღვთისმოშიშება. ღვთის შიში ღმრთისკენ სავალი გზის დასაწყისია. ზურაბ კიკნაძე საღმრთო შიშს რელიგიური შემეცნების დასაბამად მოიხსენიებს (ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია).
ზოგადად შიში ქართულში უარყოფითადაა შეფასებული და სირცხვილად ითვლება: მშიშარა ადამიანს ქართულში მხდალს, ლაჩარს უწოდებენ, ხოლო უშიშარს – გულადს, ვაჟკაცს: „ცამდინ აჰყავდათ გულადნი, თავგადადებულნი ვაჟკაცნი, მაშინ, როდესაც მასხარად იგდებდნენ მშიშარებს და ლაჩრებს“ (ალ. ყაზბეგი, მამის მკვლელი).
დავით გურამიშვილი მშიშარას დედალს ადარებს: „…დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდენ მამლადა…“
შიშის დაძლევა გმირობად ითვლება: ,,შიშის დაძლევა და ტკივილის მოთმენაა სწორედ ვაჟკაცობა, თორემ, არაფრის შიში თუ არა გაქვს და არავითარი გრძნობა არ გაგაჩნია, არც ადამიანი ყოფილხარ და, აქედან გამომდინარე, არავისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენ, გულადი იქნები თუ მხდალი“ (ოთარ ჭილაძე, მარტის მამალი).
შიშს სხვა ემოციებთან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს. ეს მახასიათებელი ხშირად გამოიყენება გაყიდვებში, საჯარო გამოსვლებისას.
შიშის ფაქტორი ფართოდ გამოიყენება მარკეტინგში. რატომ? შიში კარგი მოტივატორია და გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მაგალითად, ფოტო სიგარეტის კოლოფზე. ის აჩვენებს მწეველს მოწევის შესაძლო შედეგებს. მსოფლიოს ველური სიცოცხლის ფონდის კამპანია „შეწყვიტე კლიმატის ცვლილება, სანამ ის შეგცვლის შენ“ დაფუძნებულია შიშის ფაქტორზე. ადამიანის სახე, რომელიც მუტაციას განიცდის, გვაფრთხილებს იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებამ.
ერთი მხრივ, შიში ეხმარება ადამიანს, საფრთხე აღიქვას და მოემზადოს, ხოლო მეორე მხრივ, შიში ადამიანს ხელს უშლის სინამდვილის ადეკვატურად აღქმაში. შიშს დიდი თვალები აქვს; შიშს დიდი ყურები აქვს, – გვეუნება ქართული ანდაზები. ეს იმას ნიშნავს, რომ შიშის გავლენით ადამიანს უჭირს საგნები და მოვლენები ისე აღიქვას, როგორც არის სინამდვილეში. ეს უფრო ძლიერი, პანიკური შიშია, თვზარი, შიშის ზარი, რაც ადვილად ვრცელდება და საყოველთაო არეულობას იწვევს. „გეშინოდეთ თქვენთვის ჩუმად. შიში ინფექციურია, უცებ გადადის სხვაზე“, – მოგვიწოდებს გიორგი პავლიაშვილის პიესის „შიშის სუნი“ გმირი.
შიშიდან პანიკამდე . . . სივრცე, რომელიც „დაღუპვის განჭვრეტასა და თავად დაღუპვას შორის განრთხმულა“ (ერნსტ იუნგერი, შიშის ზარი).